ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023

პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ევროპარლამენტში და შეფასებები თბილისში

“ოცნება” მუშაობს “ნაცმოძრაობის" დაშლაზე”

ევროპა უვიზო რეჟიმის მონიტორინგის გამკაცრებას იწყებს

კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ ივნისის N2 (286) ნომრის მიმოხილვა

* * *

პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ევროპარლამენტში და შეფასებები თბილისში

“საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას, თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა - ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რადგან ზურაბიშვილს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას შეწყალებაზე არაფერი უთქვამს, თუმცა, თვლიან, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სწორი აქცენტები ჰქონდა. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ წინა გამოსვლებთან შედარებით, ახლა პრეზიდენტს შერბილებული ტონი ჰქონდა, რაც “ხალხის რეაქციამ უზრუნველჰყო”. შეწყალების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გააკეთებს იმას, რასაც თვლის საჭიროდ და “არანაირი ზეწოლა არ უნდა იყოს”. მისი თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს და მას ალტერნატივა არ აქვს. ზურაბიშვილმა უკრაინას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ევროპარლამენტში და შეფასებები თბილისში.

“როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოში თავისი გავლენა გააძლიეროს, რაც გამოიხატება თავისუფალ სავიზო რეჟიმსა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, დაბნეულობა და ესკალაცია გამოიწვიოს, კანდიდატის სტატუსი კი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში. რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან, “რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას ფრუსტრაციასა და ესკალაციას”. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში გამოსვლისას ჰქონდა შედარებით შერბილებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო. მისი აზრით, ზურაბიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში გაკეთებული განცხადებებიც ისევე გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც ბრიუსელში გაკეთებული განცხადება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიოციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, ზურაბიშვილის სწორი გზავნილები ჰქონდა, თუმცა, “რჩება უკმაყოფილების გრძნობა”, რადგან “შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება და ეთქვა, რომ “იწყალებს გვარამიას”. “ყველა განცხადება უკრაინის სოლიდარობასთან დაკავშირებით, რუსეთის რეჟიმის შეფასების კუთხით, ხელისუფლების კურსის ცვლილებაზე და სხვათა შორის, ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენების ჩათვლით, სწორი გზავნილები აქვს და ეს გზავნილები გადატანილი იყო ამ მაღალ ტრიბუნაზე, თუმცა, რჩება უკმაყოფილების გრძნობა, რადგან შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიყვანდა საქართველოს ისტორიაში პოზიტიურად, შეეძლო დღესვე ეთქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თუ მას შეიწყალებს მაშინ, როცა სტატუსის მიღების საკითხი მოახლოვდება და თუ მას უნდა, თავის აგური დადოს ამ ქმედებით, ეს იქნება ცუდი, რადგან უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა არის არაჰუმანური და მას ამას არავინ დაუფასებს, რადგან იქნება დაგვიანებული”, - განაცხადა გოცირიძემ, რომლის თქმით, “მთლიანობაში დადებითად აფასებს მის გამოსვლას, მაგრამ იყო მეტი მოლოდინი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ევროპარლამენტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ჰიმნის ფონზე დახვდა, ტრიბუნასთან კი ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ წარადგინა. მან საქართველოს პრეზიდენტს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის ნაწილში პირადი თავდადებისთვის მადლობა გადაუხდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, რომ გახდეს გაერთიანების განუყოფელი ნაწილი. ასევე სააკაშვილის საკითხზე შეშფოთება გამოთქვა. “გვინდა, უფრო მეტად ერთად ვიმუშაოთ, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველომ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა. ამისათვის უნდა დავინახოთ ხელშესახები ნაბიჯები დემოკრატიის მიღწევის კუთხით, ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, ზოგადად მართლმსაჯულების კუთხით... ევროკავშირი მზად არის სხვადასხვა კუთხით მხარდაჭერა შესთავაზოს ამ ტრანსფორმაციულ, გარდამტეხ გზაზე... საქართველოს შესაძლებლობა აქვს საკუთარი მომავალი აირჩიოს და მინდა, აღვნიშნო თქვენი სიძლიერე და გისურვოთ წარმატებები”, - განაცხადა რობერტა მეცოლამ. სალომე ზურაბიშვილმა კი ევროპარლამეტში პოლიტიკურ ჯგუფებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს მოქალაქეების სახელით აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ეს ისტორიული არჩევანია. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს. თუმცა, ქართველმა ერმა უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ არა, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას გავაკეთებ უწყვეტად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს მთავრობები პროევროპულ პლატფორმებს წინ აყენებდნენ და ყველას მუდმივი პროგრესი მოჰქონდა ამ გზაზე, “ანტიევროპულ კამპანიებს კი მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ”, - წერს სტატიის ავტორი.

“2012 წელს ”ქართული ოცნების” მთავრობა პროევროპული დღის წესრიგით იქნა არჩეული, და ამ მხრივ ზოგიერთ საკვანძო მომენტს მიაღწია ამ მხრივ. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა-ლიბერალიზაცია თავის დროზე იქნა მიღწეული. კონსტიტუცია 2016 წელს შეიცვალა, რათა ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოეცვა და ეს ისეთი რამეა, რაც არავის არ უნდა დაგვავიწყდეს. გამოწვევებისა და უცხოური აგრესიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არ ყოყმანობდა, უარი არ უთქვამს და არ შეძრწუნებულა. ის თავის პოზიციაზე იდგა. ხალხი პროევროპული კურსის ხერხემალი იყო, მხარს უჭერდა და ხანდახან წინ უძღვებოდა ან თავის მთავრობას აძალებდა, როდესაც მიყვებოდა ევროატლანტიკური ინტეგრაციამდე გზას. გამოკითხვებმა ევროპული ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერა აჩვენეს და სამართლიანია ვთქვათ, რომ ევროპაში ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროპული ენთუზიაზმის ასეთი დონის შეშურდებოდა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ იმას აკეთებს, რასაც ფიქრობს და რაც საჭიროდ მიაჩნია. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ უმრავლესობა პრეზიდენტისთვის კანონით მინიჭებულ ვეტოს უფლებას უგულებელყოფს, პრეზიდენტს ხალხის იმედი ექნება, რადგან, მისივე თქმით, მისი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეფუძნება, რომლებსაც ყველა ეთანხმება”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს. მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია...” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით 12 რეკომენდაციიდან ნაწილი შესრულდა, თუმცა მეტი შეიძლება, რისთვისაც მუშაობაა საჭირო, რათა ქვეყანამ ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას. კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში, რადგან რუსეთი ცდილობს, რომ თავისი გავლენა გააძლიეროს და ევროპის შეასუსტოს. მისი განმარტებით, ე.წ. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა. “ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინა არამხოლოდ იცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სისხლს ღვრის თითოეული ჩვენგანისთვის, ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის. მსურს, აქ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისადმი და მისი ხალხის მიმართ”, -განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელიც `დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში, აქ, ამ დარბაზში ჩვენი ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ იხილავს~, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ოცნება” მუშაობს “ნაცმოძრაობის" დაშლაზე”

“პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დაპირისპირება ენმ-ის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის კულმინაციას აღწევს. ოპოზიციონერი დეპუტატების რომან გოცირიძისა და ხატია დაკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი პირველი მოსმენით უმრავლესობამ იმ იმედით დაუჭირა, რომ ეს კანონპროექტი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას ხელს შეუწყობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ოცნება” მაქსიმუმს გაკეთებს იმისთვის, რომ უფრო მეტად წაახალისოს “ნაცმოძრაობის” დაშლა პარლამენტის რიგებში. “ნაციონალური მოძრაობა” ვერ აკონტროლებს ვითარებას, არის შიდა კონფლიქტები, უკმაყოფილება საერთო ვითარების მიმართ. “ნაცმოძრაობა” პარლამენტში შემოვიდა 36 დეპუტატით და ახლა მათ ფრაქციაში 20 დეპუტატი რჩება. მათი რიგების კლება არის მათი რეიტინგის კლების პირდაპირპროპორციული. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ "ნაცმოძრაობის" დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” მუშაობს “ნაცმოძრაობის" დაშლაზე” - ვახტანგ ძაბირაძე.

“პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში ახალი ფრაქიების შექმნა შეარყევს “ნაცმოძრაობას”. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ფრაქციის დაშლას შეიძლება ბიძგი მისცეს ენმ-ის ახალმა საპარლამენტო სიამ, სადაც დღევანდელ დეპუტატებს მოხვედრის შანსი აღარ ექნებათ და დაიწყებენ ახალი პარტიის ძებნას. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობის” დაშლა მარტივი არ არის, რადგან მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. ხოლო პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “ნაცმოძრაობის” წევრებს მოუწოდებს, რომ პარტია არ დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიის დაშლის საფრთხე რეალურად დადგება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობის” დაშლის საფრთხე გაჩნდა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ. ხაბეიშვილის არჩევამ ბიძგი მისცა პარტიის დაშლას ჯერ პარტიაში, შემდეგ ფრაქციაში. დიდი ალაბთობით საბოლოოდ ფრაქცია არ დაიშლება, მაგრამ კიდევ ვინ დატოვებს, ძნელი სათქმელია, რადგან არ ვიცი რა დამოკიდებულება აქვთ ფრაქციაში დარჩენილ ადამიანებს პარტიის ახალ ხელმძღვანელობასთან. სავარაუდოა ისიც, რომ ფრაქცია დატოვონ იმ დეპატატებმა, რომლებსაც ნაკლები შანსი აქვთ მოხვდნენ ენმ-ის ახალ საპარლამენტო სიაში და დაიწყონ ახალი პარტიების ძებნა, ანუ რომელ პარტიაში გადავიდნენ. “ოცნება” მუშაობს “ნაცმოძრაობის” დაშლაზე, მას აწყობს “ნაციონალების” დანაწევრება, ჯგუფებად დაყოფა, ვიდრე ერთად აღებული კონსოლიდირებული “ნაცმოძრაობა” - ცალკეულ ჯგუფებთან მოლაპარკება ადვილია. “ოცნებას” აქვს თავისი ინტერესები და უნდა ამ ინტერსების მაქსიმალურად დაკმაყოფილება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მეეჭვება, რომ “ნაცმოძრაობა” დაიშალოს, ასე ადვილი არ არის პარტიის დაშლა, ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები და ის ამ ბოლო ხანებში გააქტიურდა. ნაადრევი მეჩვენება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ახალი ფრაქციების გაჩენამ პარლამენტში შეარყიოს “ნაცმოძრაობა”. ასევე შეიძლება მოხდეს, დღევანდელი დეპუტატების გადინება ფრაქციიდან, იმ მოტივით, რომ აღარ აქვთ შანსი მოხვდნენ 2024 წლის საპრლამენტის სიაში. ჩერჩილს, რომ უნდოდა გამხადარიყო პრემიერ მინისტრი, პარტია შეიცვალა და მართლაც გახდა პრემიერ- მინისტრი”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“პარტიის თუ ფრაქციის დაშლის საფრთხე არის. “ოცნებას” დიდი ხანია აქვს მცდელობა, რომ “ნაცმოძრაობა” დაიშალოს, რაც ოპოზციას კიდევ უფრო დაასუსტებს. აქედან გამოსავალი არის, რომ პარტია არავინ დატოვოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ევროპა უვიზო რეჟიმის მონიტორინგის გამკაცრებას იწყებს

“ოთხშაბათს, 31 მაისს ევროკომისიამ დაიწყო კონსულტაციები ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონიტორინგის შესახებ, რათა გაუმჯობესდეს არსებული წესები მესამე ქვეყნების უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და შესაძლებელია უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს კიდეც არალეგალური მიგრაციის საფრთხეების გამო. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ევროკომისიისგან გარკვეულ შეზღუდვებს ელოდებიან, თუმცა, სავიზო რეჟიმის დაწესებას არ ვარაუდობენ. ვიზის შეჩერების მექანიზმი გათვალისწინებულია სავიზო რეგულაციის მე-8 მუხლით. მისი მთავარი მიზანი ვიზისგან გათავისუფლების დროებით შეჩერებაა არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკების უეცარი და არსებითი ზრდის შემთხვევაში. 2023 წლის 20 მარტის წერილში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ “კომისია გააძლიერებს სავიზო პოლიტიკის მონიტორინგს და წარადგენს ყოვლისმომცველ ანგარიშს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა უვიზო რეჟიმის მონიტორინგის გამკაცრებას იწყებს / “ქვეყნებს, რომლებიც არ ითანამშრომლებენ ევროკავშირთან, შეუჩერდებათ გარკვეული ხნით უვიზო რეჟიმი”.

“უვიზო მიმოსვლას მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მესამე ქვეყნებისთვის. ამავდროულად, გასულმა წლებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი მიგრაცია და უსაფრთხოების გამოწვევები შეიძლება გამოწვეული იყოს უვიზო მიმოსვლით. ქვეყანა, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობს შეიძლება გადაიქცეს სატრანზიტო ცენტრად, ევროკავშირში არალეგალურად მოსახვედრად. დღევანდელი კომუნიკაციით, კომისია იწყებს კონსულტაციების პროცესს ევროპარლამენტთან და საბჭოსთან, რათა დაადგინოს, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის ვიზების შეჩერების მექანიზმი. ამ განხილვის საფუძველზე, კომისია 2023 წლის შემოდგომაზე წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას ვიზების შეჩერების მექანიზმის გადასინჯვის შესახებ. ამჟამად ევროკავშირს აქვს უვიზო რეჟიმი 61 ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან. 25 ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმის შეთანხმება ევროკავშირთან და 8-მ მიიღო ვიზისგან გათავისუფლების უფლება ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შედეგად. გარდა ამისა, 2023 წლის 19 აპრილს, საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ კოსოვოს ვიზისგან გათავისუფლება მიენიჭა, ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ, რომელიც ძალაში შევა არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრიდან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი დიდი ხანია განხილვის თემაა ევროკომისიაში და ახლა სავარაუდოდ მიიღებენ გადაწყვეტილებებს გარკვეული რეფორმების თაობაზე. პოლიტიკის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის მქონე ევროკავშირის ქვეყნებში კონტროლის გამკაცრებაა მოსალოდნელი. თუმცა საქართველოს მიმართ ევროკავშირი ალბათ იქნება გაცილებით ლოიალური იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა ამ ეტაპზე”, - დასძენს გამოცემა.

“აქ ძირითადად საუბარი არის ბალკანეთის ქვეყნებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გახდნენ არალეგალური მიგრაციის წყარო - სხვა ქვეყნებიდან აფრიკიდან მოდიან და ამ ქვეყნების უვიზო რეჟიმს იყენებენ და შემდეგ შემოდიან ევროკავშირის ქვეყნებში, ეს საკითხი დიდი ხანია დგას რეფორმები იყო საჭირო და ახლა მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საჭიროა შეცვლა. პირდაპირ ამ ეტაპზე საქართველოს არ ეხება მაგრამ მომავალში გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მხრიდანაც მიგრაცია საკმაოდ დიდია, შეიძლება ჩვენც შეგვზღუდონ. ქვეყნები რომლებიც ვერ დაიცავენ ამას, არ ითანამშრომლებს ევროკავშირთან ალბათ შეუჩერდებათ გარკვეული ხნით უვიზო რეჟიმი და იმედია რომ თვითონ ეს ქვეყნებიც გაუფრთხილდებიან უვიზო რეჟიმს და გადადგამენ ნაბიჯებს იმისთვის რომ შეაჩერონ ეს პროცესი, უკანონო მიგრაცია მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე, როდესაც მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი არის ევროპაში, ამან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ევროკავშირის ქვეყნების სოციალურ ეკონომიკური სიტუაცია” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ევროკავშირში უკანონო მიგრანტთა რაოდენობა იზრდება. სხვადასხვა მონაცემებით, ევროკავშირში 50 მილიონზე მეტი მიგრანტი ცხოვრობს. მათ შორის მათი ნაწილი არის უკანონო მიგრანტი. ისედაც ცდილობდა ევროკავშირი მუდმივად მიგრანტთა კონტროლს. მაგალითად, აჩერებენ საზღვარზე და ითხოვენ უკან დაბრუნების ბილეთს. შეიძლება დაწესდეს მოთხოვნები, მაგალითად, ინფორმაციის წარდგენა კონკრეტულად, სად იცხოვრებს, რომ შემდგომ გახდეს ეს ადამიანი შემოწმების ობიექტი. ვიცით, რომ ყოველწლიურად 2000-მდე საქართველოს მოქალაქეს აბრუნებენ ევროკავშირის ქვეყნებიდან. არ არის გამორიცხული გარკვეული სავიზო შეზღუდვებიც არსებობდეს, ამ ეტაპზე შეიძლება გარკვეული კონტროლი გამკაცრდეს, თუმცა, არა მგონია რომ სავიზო რეჟიმი დაწესდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ევროკავშირი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. მე ვფიქრობ საზოგადოების წინააღმდეგ არ იქნება ევროკავშირის, ამ შემთხვევაში ევროკომისიის პოლიტიკა მიმართული. იმედია რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება, მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირის ინტერესებს, ასე ვთქვათ ევროკავშირის ეკონომიკას მაინც და მაინც არ დააზიანებს თუკი სავიზო რეჟიმი დაწესდა რიგ ქვეყნებში. შეიძლება ამან კრიმინალი შეამციროს კიდეც. ევროკავშირი სამეზობლო და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს, რომ როგორმე დაამყაროს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყანასთან. ხანდახან ხდება ევროკავშირის ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე ეს ყველაფერი” - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ ივნისის N2 (286) ნომრის მიმოხილვა

ამერიკული F-16-ებით რუსეთი არ დაბომბოთ - აშშ-ის მკაცრი მოთხოვნა უკრაინელებისადმი / რას და ვისთვის აშენებს თავდაცვის სამინისტრო ... / საკონტაქტო საელჩოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველ საზოგადოებას უკეთ გააცნონ ნატო / ომს ლოჯისტიკა იგებს / გაამართლებენ თუ არა ლეოპარდები უკრაინელი ტანკისტების იმედს კონტრშეტევებისას... / სანქცირებული ტვირთი სოხუმის გავლით / JDAM - ჭკვიანი ბომბი თანამგზავრული დამიზნებით / იაპონური ბომბდამშენი გერმანული ფესვებით / ფრანგული ჯავშანავტოტექნიკა უკრაინისთვის / ამერიკული პეტრიოტისა და რუსული კინჟალის დაპირისპირება უკრაინის ცაში / რომელი ქართველი ემიგრანტის ჩამოტყუებას გეგმავდა საბჭოთა დაზვერვა საქართველოში / „მე აქ ჩემი მისია შევასრულე“ - უკრაინის ქართველი მეომარი სამშობლოში ბრუნდება / საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი გაიხსნა / ეს მომზადება ყველამ უნდა გაიაროს - სამი შვილის დედის რჩევა / ომის აღმოჩენა - როგორ გადაიქცნენ კამიკაძე FPV-დრონები ჯავშანტექნიკის რისხვად...

„საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე ბოლოს და ბოლოს დაყაბულება იქცა ამერიკული სამხედრო დახმარების პიკად, რამაც, წესით, მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები როგორც საჰაერო სივრცის დასაცავად, ისე ზუსტი საჰაერო დარტყმების მისაყენებლად რუსი ოკუპანტების სახმელეთო-საზღვაო სამიზნეებზე. ეს ყველაფერი შეუძლიათ F-16 Fightihg Falcon-ის ტიპის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებს, განსაკუთრებით კი მათ თანამედროვე მოდიფიკაციებს, თუმცა თავდაპირველად უკრაინის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, უფრო მოძველებულ F-16-ების ერთ-ორ ესკადრილიას თუ მიიღებენ ნატოს წევრი იმ ევროპული ქვეყნებიდან (ნიდერლანდები, დანია, ბელგია...), რომლებსაც ისედაც ჰქონდათ გადაწყვეტილი ამ მე-4 თაობის ამერიკული F-16-ების ჩანაცვლება თანამედროვე, მე-5 თაობის F-35-ებით“, - წერს კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ 2023 წლის ივნისის N2 (286) ნომერში, სათაურით ამერიკული F-16-ებით რუსეთი არ დაბომბოთ - აშშ-ის მკაცრი მოთხოვნა უკრაინელებისადმი / ბაიდენმა ზელენსკისგან გარანტია მიიღო, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიას არ დაბომბავს...

„მიუხედავად ამისა, შედარებით მოძველებული F-16-ების პარკიც უკრაინელ პილოტებს საშუალებას მისცემს არა მარტო თავისი ქვეყნის ცაში შეებრძოლონ და ჩამოაგდონ რუსი ოკუპანტების ფრთოსანი "კალიბრები" და კამიკაძე-შაჰიდები, არამედ საპასუხო "გასეირნებაც" შეძლონ იმ მეზობელი რუსეთის ცაში, რომელიც მეორე წელია უმოწყალოდ ბომბავს უკრაინის ქალაქებს. და, აი, სწორედ ეს ფაქტორი აღელვებთ თეთრ სახლში და ამიტომაც აჭიანურებდნენ უკრაინელებისთვის ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის გადაცემაზე თანხმობას, სანამ იაპონიაში, ჰიროსიმაში გამართულ "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე სტუმრის რანგში მიპატიჟებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი პირადი შეხვედრისას არ დაარწმუნა, რომ უკრაინის არმია ამერიკულ იარაღს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმებისთვის! ვაშინგტონში, ისევე როგორც ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში ძალზე ფრთხილობენ, რომ უკრაინისთვის დახმარების სახით გადაცემული დასავლური შეიარაღების მორიგი პარტიის გამო რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არაორდინარული ნაბიჯი არ გადადგას, იქნება ეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის ტერიტორიაზე თუ სხვა სერიოზული სამხედრო პროვოკაცია, მიმართული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ასეთ სიფრთხილეს დასავლეთი იჩენდა უკრაინის არმიისთვის ჯერ ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებისა" და საზენიტო "სტინგერების" გადაცემისას, შემდეგ 155 მმ-იანი ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების და თვით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების "ჰაიმარსების" მიწოდებისას და ბოლოს "ლეოპარდისა" და "ჩელენჯერის" ტიპის ტანკების უკრაინაში ჩატანისას. მაგრამ საბრძოლო თვითმფრინავები სულ სხვაა, მათი გამოყენებით ბევრად მტკივნეული დარტყმების მიყენება შეეძლება უკრაინას მოძალადე რუსეთისთვის და კიევში როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო წრეებში ყოველთვის იქნება ცდუნება, რომ უკრაინული ქალაქების მორიგი დაუნდობელი დაბომბვისთვის შურისძიების მიზნით ანალოგიურ პასუხს გასცენ და F-16-ების გამოყენებით საჰაერო დაბომბვების მთელი „სიხარული“ რუსული ქალაქების: ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, როსტოვის ან სულაც თვით მოსკოვის მცხოვრებთაც აგემონ. ეს კი დიდი, მართლაც უდიდესი, მე-3 მსოფლიო ომის დაწყების საწინდარიც შეიძლება გახდეს...“ - განაგრძობს გამოცემა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებში ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიური პირობების შესაქმნელად დაწყებულია ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სამხედროქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებში გათვალისწინებულია ასობით ობიექტის აშენება, რემონტი და მოწესრიგება. თითქმის ყველა ბაზაზე მიმდინარეობს ყაზარმებისა და საყარაულო შენობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ყაზარმებს უტარდება რეკონსტ რუქცია, რაც მოიცავს იატაკების, კედლებისა და ჭე რის განახლებას, კერამიკული ფილებით მოპირკეთე ბას, განათების სისტემებისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას. სპორტული დარბაზები უკვე მოწყობილია ან აღიჭურვება თანამედროვე სპორტული ინვენტარით. რამდენიმე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია მულტიფუნქციური სტადიონის მოწყობა და ყაზარმის მშენებლობა. კიიდევ რა პროექტებზე მუშაობს უწყება, ამის შე სახებ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალს“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესაუბრა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რას და ვისთვის აშენებს თავდაცვის სამინისტრო ...

„საუბარს დავიწყებ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებით - ეს არის მახათას მთაზე უკვე დასრულებული „ჯარის ქალაქი“, რომელიც უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტია. ამ ტერიტორიაზე აშენდა 39 შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 1092 ბინით, რაც ნიშნავს, რომ ამავე რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე ახალ საცხოვრებელს მიიღებს. ბინები განაწილებულია სულადობის მიხედვით, ფართობით 50, 80, 110 კვმ მნიშვნელოვანია, რომ სამხედროებს ერთ კვ მეტრზე, საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ, ოღონდ არა საბანკო გარანტიებით ან პროცენტით, არამედ უპროცენტო, შიდა განვადებით, რაც, ვფიქრობ, ძალიან ხელმისაწვდომია. ეს არის სამხედროებზე ზრუნვისა და დაფასების პოლიტიკის გაგრძელება. ბინების განაწილება მალე დაიწყება, რადგან ქალაქის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მხოლოდ ეზოების კეთილმოწყობაა დარჩენილი. სამხედროებს ბინები ჩაჰბარდებათ თეთრი კარკასის კონდიციაში“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გრიგოლ გიორგაძე.

„მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის კოდექსის პროექტით, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება, კანონმდებლობის დონეზე, სახელმწიფოს ვალდებულება ექნება, სამ წელიწადში ერთხელ სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის ბინათმშენებლობის პროექტი განახორციელოს. ეს სამხედრო სამსახურში მყოფი პირების, როგორც ოფიცრების, ასევე სერჟანტების დაფასებაა“, - ამბობს გიორგაძე და შეკითხვაზე - „–ვიცი, რომ მუხროვანში შენდება ახალი ორსართულიანი ბაზები. რა სტადიაშია მათი მშენებლობა?“ - პასუხობს:

„ ეს არის კიდევ ერთი ახალი, ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის შენდება. ახალი ბაზების მშენებლობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება მომავალი წლის ბოლოს, მაქსიმუმ, 2025 წლისთვის იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდგომ ბაზაში შეიცვლება სპეციალური ძალების დისლოკაციის ადგილი და მუხროვანის ახალ ბაზაში განთავსდება სპეციალური ოპერაციების ძალების თანამედროვე ცენტრი, რომელიც სრულად შეესაბამება ნატოს მოთხოვნებს. პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია. მშენებლობის დასრულების შემდგომ მთლიანობაში 24 ახალი შენობა აშენდება. გეგმაშია სამი ძველი შენობის რეაბილიტაცია“.

„21 მარტს გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოებმა უმასპინძლეს ნატოს საკონტაქტო საელჩოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც დაესწრნენ სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე დაესწრო გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დეივიდ ქუერი და რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დენ ნეკულაესკუ. საელჩოებს აქვთ პატივი შეასრულონ ნატოს საკონტაქტო საელჩოების ფუნქცია საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ამ თანამშრომლობის დამსახურებით საელჩოები გამოიყენებენ შესაძლებლობას, რათა უზრუნველყონ საქართველოს არჩეული ევროატლანტიკური გეზის სარგებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, უკეთ ახსნან შემდეგი ნაბიჯები და მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ამ მიზნების მისაღწევად მუშაობს“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით საკონტაქტო საელჩოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველ საზოგადოებას უკეთ გააცნონ ნატო.

„საქართველოში რუმინეთის ელჩ რაზვან როტუნდუს განცხადებით, ნატოსა და საქართველოს საკონტაქტო საელჩოები ქვეყნის რეგიონებში მეტ მუშაობაზე გაამახვილებენ ყურადღებას. საკონტაქტო საელჩოების მთავარი ფუნქციაა საჯარო დიპლომატიის გამოყენებით უკეთ გააცნოს ქართველ საზოგადოებას ალიანსი. „ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოები, ძირითადად, საჯარო დიპლომატიას იყენებენ. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ნატოსა და საქართველოს საკონტაქტო საელჩოებმა რეგიონებში უფრო მეტი იმუშაონ“, - განაცხადა ელჩმა. რაც შეეხება ალიანსში საქართველოს გაწევრების პერსპექტივას, რუმინელი დიპლომატის თქმით, „ნატოს სტრატეგიული კონცეფცია კიდევ ერთხელ ადასტურებს „ღია კარის” პრინციპს“. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნატო მოქმედებს კონსენსუსის საფუძველზე, ამიტომ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის გაფართოება, ყველა მოკავშირემ უნდა დაამტკიცოს“, - დასძინა რუმინეთის ელჩმა. გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ნატოს საკონტაქტო საელჩოები პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ნატოს საკონტაქტო საელჩოები მხარს უჭერენ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტების და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით. დამოუკიდებელი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ დაარსების დღიდან, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესს... „არსენალი“ დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებთან და სისტემატურად გააშუქებს მათ შემდგომ მოღვაწეობას საქართველოში, რისთვისაც ჟურნალ „არსენალში“ დაფუძნდება ახალი რუბრიკა „საქართველო და ნატო - ერთად მომავლისკენ“, - დასძენს გამოცემა.

„გენერალი ომარ ბრედლი: „მოყვარულები სწავლობენ სტრატეგიას, პროფესიონალები - ლოჯისტიკას“. უკრაინა კონტრშეტევისთვის, რუსეთის არმია კი უკრაინელთა შეტევის მოგერიებისთვის ემზადება. რუსებს საკმარისი დრო ჰქონდათ თავდაცვითი ზღუდეების გასაკეთებლად როგორც ფრონტის ხაზის ახლოს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში. უკრაინის არმიის კონტრშეტევის მთავარი მიმართულებები უცნობია და ჯერ მხოლოდ პროგნოზები კეთდება. უკრაინელი სამხედრო ექსპერტების აზრით, მთავარი დარტყმები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებშია მოსალოდნელი. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსები დარწმუნებული არიან და მოელიან, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი იქნება, საიდანაც უკრაინელი სამხედროები მელიტოპოლზე გასვლასა და ქალაქის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას შეეცდებიან. ამიტომ ყველაზე გამაგრებულად ზაპოროჟიეს ოლქი ითვლება“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ომს ლოჯისტიკა იგებს.

„რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში ააგეს 120 კმ (სხვა მონაცმებით 200 კმ) სიგრძის თავდაცვითი ზონა, რომელიც ერთმანეთისგან 10-20 კმ-ით დაშორებული 3 ზღუდისგან შედგება. ზღუდეების დაცვაში გამოყენებულია საფორტიფიკაციო ნაგებობები, მავთულხლართებიანი ღობურები, ნაღმები, საცეცხლე წერტილები, სატანკო შეტევების შესაჩერებელი განიერი თხრილები და რკინაბეტონის მძიმე კონსტრუქციები. უკრაინელებისთვის დამატებით წინააღმდეგობის შესაქმნელად წყლითაა დატბორილი მინდვრები, არხებში წყლის დონეები ხელოვნურადაა აწეული, ხოლო დამბები დანაღმულია. მელიტოპოლის გარშემო მასობრივად შენდება საფორტიფიკაციო ნაგებობები, თავდაცვითი პოზიციები, ინაღმება მისასვლელი გზები. ასეთი მზადების მიუხედავად, ყველაფერი მაინც ზღუდეების დაცვისთვის გამოყოფილი რუსი ქვეითებისა და არტილერისტების რაოდენობაზე, მათ ბრძოლისუნარიანობაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნავს გამოცემა.

„რუსები არ გამორიცხავენ უკრაინელთა შეტევას ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის ფორსირებით. ამის ასაცილებლად რუსმა სამხედროებმა კონტროლქვეშ აიყვანეს მდინარის შესართავში მდებარე კუნძულების მისადგომები. დანაღმულია დნეპრის მარცხენა სანაპირო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები წყალშიც დააყენეს. თავდაცვითი ზღუდეებითაა დაცული ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთი საზღვარი უკრაინასთან. თებერვალში რუსეთის არმიაში დაიწყო უკრაინელთა „ლეოპარდებსა“ და „ჩელენჯერებთან“, აგრეთვე „აბრამსებთან“ საბრძოლველად სპეციალური ჯგუფების მომზადება. საველე პირობებში ჯარისკაცები დასავლური ტანკების გაბარიტებისა და სილუეტების მსგავს მოდელებზე 200-400 მ-ის სიშორიდან ბრძოლაში ვარჯიშობენ. რუსეთის ჯარების ზურგში ღრმად შეჭრისა და შეტევის სწრაფი ტემპის შესანარჩუნებლად უკრაინის არმიას პირველ რიგში მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზღუდეების დაძლევა მოუწევს – საინჟინრო ქვედანაყოფების დახმარებით ან გვერდის ავლით, იქ, სადაც რელიეფი ამის საშუალებას მისცემს. რუსული ავიაციის უპირატესობა უკრაინელებს დასახული გეგმის შესრულებას გაუძნელებს, ამიტომ ჯარების საიმედო საჰაერო თავდაცვაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული...“ - განაგრძობს გამოცემა.

„უკრაინამ საფუძვლიანად დაამსხვრია მითი რუსული ტანკების უძლეველობაზე, რომლითაც კრემლი ევროპის ქვეყნებს „ცივი ომიდან“ მოყოლებული მუდმივად ემუქრებოდა. თანამედროვე და ძველი მოდელების კოშკურამოგლეჯილი, დამწვარი, მუხლუხებდალეწილი თუ გაშავებული ლულით ცისკენ აშვერილი ათასზე მეტი რუსული ტანკი „უძლეველობის“ თვალსაჩინო დასტურია. უფრო მეტიც, უკრაინელთა წინააღმდეგობისგან შეშინებულმა რუსმა ტანკისტებმა რამდენიმე ასეული გამართული ტანკი მიატოვეს და მოწინააღმდეგეს ალაფად დაუტოვეს. ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი რუსეთის არმიის ტანკების კატასტროფულ დანაკარგს ქვეითთა მხარდაჭერის გარეშე მოქმედებებსა და ეკიპაჟების არაპროფესიონალი ტანკისტებით დაკომპლექტებაში ხედავს. რუსეთის არმია თანამედროვე (Т-90М, Т-72Б3, Т-80БВ) ტიპის ტანკების დეფიციტის შესავსებად ხანგრძლივი შენახვის ბაზებიდან გამოყვანილ ძველი მოდელების (T-54, T-55, Т-62) ტანკებს იყენებს. რუსეთის დიქტატორი პუტინი იხტიბარს არ იტეხს და არმიას 2023-2025 წლებში თანამედროვე, მოდერნიზებულ 1600 ტანკს ჰპირდება, მაგრამ დანაკარგს ისეთი ტემპი აქვს, რომ წელიწადში 500-600 ტანკი საკმარისი არ იქნება. ძველი ტანკების მოდერნიზაციაც ბევრ არაფერს იძლევა...“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით გაამართლებენ თუ არა „ლეოპარდები“ უკრაინელი ტანკისტების იმედს კონტრშეტევებისას...

„არცთუ მცირე დანაკარგი აქვს უკრაინის არმიასაც. ბრიტანული სამხედრო კვლევების ინსტიტუტის ინფორმაციით, ომის წინ უკრაინას დაახლოებით 900 ტანკი (ძირითადად, Т-64 და Т-72) ჰყავდა. ანალიტიკური ცენტრის Oryx-ის მონაცემებით, 2022 წელს უკრაინამ 449 ტანკი დაკარგა. დანაკარგის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოური Т-72-ები იყო. ახლა ევროპაში Т-72-ების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია და ტანკები უკრაინისთვის აფრიკიდან შემოდის. კერძოდ, მაროკოს არმიის Т-72-ები ჩეხეთში მოდერნიზაციის გავლის შემდეგ უკრაინაში იგზავნებიან. კონტრშეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება ტანკების გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამით იყო გამოწვეული უკრაინისთვის ინგლისური Challenger 2-ების, ამერიკული М1 Abrams-ებისა და გერმანული Leopard 1/2 გადაცემის გადაწყვეტილება. იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა თავდაცვის მინისტრს სთხოვა შეესწავლა Leclerc-ების განსაზღვრული რაოდენობის უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„რუსულ ტანკებთან შედარებით, დასავლურები დამიზნების უკეთესი აპარატურის მეშვეობით შორს ისვრიან, თან მოძრაობისას ზუსტ გასროლებს აკეთებენ და სროლის მაღალ ტემპსაც ინარჩუნებენ. კორპუსი-კოშკურა დამზადებულია უფრო მტკიცე ჯავშნისგან და ტანკები დიდი წონა-გაბარიტების მიუხედავად, სამანევრო თვისებებს არ კარგავენ. საბრძოლო შესაძლებლობებით ერთი „ლეოპარდი“ სამი Т-72-ის ტოლფასად განიხილება. ტანკების დაცულობის ასამაღლებლად უკრაინა დასავლურ ტანკებს სამამულო წარმოების დინამიკური დაცვის კომპლექს Нож-ს უმატებს. ჯერჯერობით, 50-მდე Leopard 2-ის, Challenger 2-ისა და პერსპექტივაში М1А1 Abrams-ის მოდერნიზაციაა დაგეგმილი. „ნოჟის“ ბლოკები ტანკის კორპუსის შუბლსა და კოშკურაზე მაგრდება. ბლოკების რაოდენობიდან გამომდინარე, ტანკის წონამ შეიძლება 1.5 ტ-მდე მოიმატოს და სავალ ნაწილზე დატვირთვა გაზარდოს. ამის გამო სავალი ნაწილის ელემენტების მწყობრიდან ადრეული გამოსვლა არ გამოირიცხება. უკრაინა გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით უპირატესობას გერმანულ „ლეოპარდებ“ ანიჭებს. ეს ტანკი NATO-ს წევრი 12 ქვეყნის შეიარაღებაშია, რაც სათადარიგო ნაწილებითა და ჭურვებით მომარაგებასაც ამარტივებს...“ - განაგრძობს გამოცემა.

„სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საბაჟო კომიტეტის ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ტვირთბრუნვა 1 მლრდ 517 მლნ 500 ათასი რუბლით (დაახლოებით 18 მლნ 510 ათასი დოლარი) გაიზარდა და 9 მლრდ 400 მლნ 700 ათას რუბლს მიაღწია (დაახლოებით 114 მლნ 640 ათასი დოლარი), რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 23%-ით ანუ 1 მლრდ 380 მლნ 100 ათასი რუბლით (დაახლოებით 16 მლნ 830 ათასი დოლარი) აღემატება, ხოლო 2018 წელთან შედარებით 1.35-ჯერ არის გაზრდილი. ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია აგრეთვე ეხებოდა რუსეთიდან სოხუმში მატარებლით შემოტანილ და თურქეთში გადასაზიდ 62 კონტეინერს. კერძოდ, ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ადრე ასეთი ტრანზიტით თურქეთში ტვირთების წვრილი პარტიები იგზავნებოდა ანუ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საბაჟო კომიტეტი თურქეთი – აფხაზეთის საზღვაო ხაზის არსებობას აღიარებდა. 62 კონტეინერი უმნიშვნელო რაოდენობაა იმასთან შედარებით, რასაც ფოთისა და ბათუმის პორტები ყოველწლიურად ამუშავებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საყურადღებოა არა კონტეინერების რაოდენობა, არამედ გატანილ-შემოტანილი ტვირთი“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით სანქცირებული ტვირთი სოხუმის გავლით.

„იბადება კითხვა: რუსეთი სოხუმის პორტს თურქეთის გავლით სანქცირებული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ხომ არ იყენებს? ოკუპირებული აფხაზეთის პორტებში უცხო ქვეყნების გემების უკანონო მიმოსვლა დიდი ხანია დაიწყო. ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დამდეგს კერძო თურქულმა გემებმა აფხაზეთის სანაპიროსთან ცურვას მოუხშირეს. ამ გზით მოხვდნენ აფხაზეთში თურქეთისა და სირიის მოქალაქეები, რომლებიც 1992-1993 წლებში სეპარატისტთა შეიარაღებული ფორმირებების რიგებში იბრძოდნენ. 1994 წლის ზაფხულში სოხუმსა და ტრაპიზონს შორის სოხუმის პორტის სასეირნო თბომავალი „რიწა“ კვირაში ორ რეისს ასრულებდა. იმ წლებში თურქული გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ცურვას აფხაზური დროშით არ ერიდებოდნენ, ვინაიდან საზღვაო საზღვრებზე რუსი მესაზღვრეები იდგნენ და ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. 1996 წლის 19 იანვარს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით სეპარატისტულ აფხაზეთს ეკონომიკურ კავშირებზე შეზღუდვები დაუწესდა“, - აღნშნავს გამოცემა.

„ამას მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის N140 ბრძანებულება, რომლის მიხედვით სოხუმის საზღვაო ნავსადგური, პორტპუნქტები, საზღვაო აკვატორია და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი აფხაზეთის (საქართველოს) ტერიტორიის ფარგლებში ყველა სახის საერთაშორისო გადაზიდვებისთვის დაიხურა. გამონაკლისი დაიშვა ჰუმანიტარული ტვირთებისთვის, ოღონდ სათანადო მოთხოვნებისა და პირობების დაცვით. 1996 წელს რუს მესაზღვრეებთან მიღწეული შეთანხმებით თურქეთიდან მომავალი ან თურქეთისკენ მიმავალი გემები საბაჟო შემოწმებას ფოთში, ხოლო დანარჩენები კი სოჭში გაივლიდნენ. 21-22 მარტს უკრაინული გემი Vega საბაჟო შემოწმებისთვის სოჭში, ხოლო თურქული კი ფოთში შემოვიდა. ოფიციალური სოხუმისთვის ამგვარი პროცედურა მიუღებელი იყო და შანტაჟზე გადავიდა – აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ტანკები და არტილერია გამოიყვანეს და რუს მესაზღვრეთა გარნიზონები ალყაში მოაქციეს...“ - განაგრძობს გამოცემა.

რადიოლოკაციური სადგურის საწინააღმდეგო AGM-88 HARM-ის ტიპის რაკეტების შემდეგ, კიევმა ვაშინგტონისგან დადასტურებულად კიდევ ერთი, მძლავრი საავიაციო შეიარაღება - JDAM-ის ტიპის მართვადი ბომბები მიიღო. მათი გამოყენებით უკრაინის საბრძოლო თვითმფრინავები რუსების პოზიციებზე იერიშის მიტანას შორი მანძილებიდან ამ უკანასკნელების კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შეუსვლელად შეძლებენ. დღეს მართვადი ბომბების ორი ძირითადი ტიპი არსებობს – ლაზერული და თანამგზავრული დამიზნებით. ორივეში მაღალი სიზუსტით გამიზვნა-დამიზნების პრინციპია რეალიზებული. კონსტრუქციულად ლაზერული ნიმუში საკმაოდ მარტივია: ჩვეულებრივ უმართავ ბომბზე, კომპიუტერსა და ელექტრონულ ბლოკებთან დაკავშირებული ლაზერული ნახევრად აქტიური თავაკი მაგრდება. თავაკი მიზნიდან არეკლილ სხივს აფიქსირებს და საფრენი აპარატიდან ჩამოგდების შემდეგ ბომბი სწორედ ამ „უხილავ ძაფს“ მიჰყვება“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით JDAM - ჭკვიანი ბომბი თანამგზავრული დამიზნებით.

„სპარსეთის ყურის მოვლენების დროს ამ ბომბების, ერთი მხრივ, მაღალი სიზუსტე-ეფექტურობა, მეორე მხრივ კი გამოყენების შეზღუდული არეალი გამოვლინდა. მტვრით, დაკვამლიანებით, ნისლით განპირობებული ცუდი ხილვადობა ამ ბომბის ზუსტ გამოყენებას ზღუდავდა, ზოგჯერ კი შეუძლებელს ხდიდა. გამიზვნაში თანამგზავრული სისტემის დანერგვა ლაზერულ-მიზნებადი ბომბების სწორედ მოცემულმა ნაკლმა განაპირობა. JDAM-ების შექმნის ისტორია სათავეს 1992 წელს იღებს. სწორედ მაშინ აშშ-ის სამხედრო ავიაციის და ფლოტის ერთობლივი ინიციატივით სპეციალისტებმა ახალი ტიპის მართვად საავიაციო ბომბზე დაიწყეს მუშაობა. მოქმედების მაღალ სიზუსტესთან ერთად მთავარი კრიტერიუმი უნივერსალურობა იყო. ახალი ბომბი ძველი უმართავი მოდელების გადაკეთების გზით უნდა შექმნილიყო. კონსტრუქციულად JDAM-ი (Joint Direct Attack Munition) დეტალებისა და კვანძების ცალკე კომპლექტია, რომელიც სტანდარტულ უმართავ ბომბს ერგება. მთავარი კომპონენტი კუდის ნაკვეთურია, სადაც თანამგზავრული ნავიგაციის აპარატურა, ავტოპილოტი და მართვის ორგანოების ამძრავებია განთავსებული“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ჩამოგდებული ბომბი ამავე ნაკვეთურზე დამაგრებული X-ის მსგავსი მოძრავი სტაბილიზატორით იმართება. ლაზერულისგან განსხვავებით, თანამგზავრული გამიზვნისას ბომბის გამოყენების ეფექტურობაზე ატმოსფერული პირობები გავლენას არ ახდენს. JDAM-ის მოქმედების პრინციპი მარტივია: ჩამოგდების წინ მფრინავს საბორტო კომპიუტერით ბომბში მიზნის კოორდინატები შეჰყავს. ჩამოგდების მომენტამდე მისი დამიზნების სისტემა თანამგზავრებიდან უწყვეტად იღებს მონაცემებს მატარებელი საფრენი აპარატის კოორდინატებზე, ფრენის სიჩქარესა და სიმაღლეზე, ატმოსფერულ პირობებზე, ადგილმდებარეობის ცვლილებაზე სივრცეში მიზანსა და თვითმფრინავს შორის. ჩამოგდების შემდეგ უკვე ავტოპილოტი ამოქმედდება და მიზნამდე ბომბი დამოუკიდებლად მიფრინავს. საჭიროების შემთხვევაში ფრენის ტრაექტორიის კორექცია მართვადი სტაბილიზატორების გადახრით შეიძლება...“ - განაგრძობს გამოცემა.

„მეორე მსოფლიო ომში წყნარ ოკეანეში აშშ-ის ფლოტთან ბრძოლაში იაპონია საზღვაო ავიაციაზე, განსაკუთრებით კი საგემბანო მოპიკირე ბომბდამშენებზე, დიდ იმედს ამყარებდა. საინტერესოა, რომ ამ კლასის თვითმფრინავების განვითარება იაპონიამ გერმანიის ზეგავლენით დაიწყო. ჯერ კიდევ 1931 წელს იაპონიის ფლოტმა გერმანულ ფირმა Heinkel-ს შეუკვეთა მოპიკირე ბომბდამშენი Не 50, რომელსაც იაპონიის საავიაციო ქარხნები სერიულად D1А1 ნიშნულით ამზადებდნენ. მომდევნო მოპიკირე D3A1 Val-შიც ისევ „ჰეინკელის“ Не 70-ის გავლენა იყო შესამჩნევი. ეს თვითმფრინავი გამოცდას გადიოდა, როცა საიმპერატორო ფლოტმა მისი პოტენციური შემცვლელის ძებნა გადაწყვიტა. ამ მიზნით 1936 წელს ფირმა Aichi-სა და 1-ლი საავიაციო-ტექნიკური არსენალის სპეციალისტთა ჯგუფი გერმანიის ქალაქ როსტოკში „ჰეინკელის“ ქარხანაში გაემგზავრა. იაპონელებმა ყურადღება მიაქციეს გერმანელთა ახალ მოპიკირე ბომბდამშენ Не 118-ს, რომელსაც გამანადგურებლის მსგავსი წაწვეტებული ცხვირი და ასაკეცი შასი ჰქონდა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით იაპონური ბომბდამშენი გერმანული ფესვებით.

„გერმანიის ავიაციას მოპიკირე ბომბდამშენად კონკურსში გამარჯვებული Junkers-ის Ju 87 უკვე ჰყავდა შერჩეული, ხოლო დამარცხებული Не 118-ის გაყიდვა, პირიქით, ფირმისთვისაც ხელსაყრელი იყო. 1937 წლის თებერვალში საიმპერატორო ფლოტმა „ჰეინკელის“ საცდელი თვითმფრინავის ეგზემპლარი Не 118V4 ლიცენზიურ წარმოებასთან ერთად იყიდა. 1938 წლის გაზაფხულზე გამოცდის დროს თვითმფრინავს ჰორიზონტალური ფრთასხმულობის გადატვირთვის მიზეზით კატასტროფა შეემთხვა, თანაც ავიამზიდისთვის ის მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა და ამით წერტილი დაესვა თვითმფრინავის ლიცენზიურ წარმოებას. გერმანული თვითმფრინავის კონსტრუქციის დეტალურმა გაცნობამ საიმპერატორო ფლოტის სარდლობას მდიდარი ინფორმაცია მიაწოდა განსჯისთვის, რის საფუძველზეც 1938 წლის ბოლოს ტექნიკური დავალება მომზადდა ორადგილიან საგემბანო მოპიკირე ბომბდამშენზე. მომავალ მოპიკირეს განესაზღვრა: მაქსიმალური სიჩქარე 518 კმ/სთ-ში, ფრენის სიშორე ერთი 250-კგ-იანი ბომბით 1 480 კმ, მაქსიმალური დატვირთვა ბომბებით 500 კგ და თავდაცვისთვის 3 ტყვიამფრქვევი“, - აღნშნავს გამოცემა.

„თვითმფრინავი პირველმა საზღვაო ავიატექნიკურმა არსენალმა დააპროექტა და მას ნიშნული D4Y1 Suisei („კომეტა“) მიენიჭა, ხოლო ამერიკელებმა მეტსახელად Judy შეარქვეს. ლითონისკორპუსიანი D4Y1 Suisei სახელგანთქმულ გამანადგურებელ А6М2 Zero-ს ფრთების გაქანით ჩამოუვარდებოდა, ამიტომ ფრთების დასაკეცი მექანიზმი არ სჭირდებოდა და წონაც შემცირებული ჰქონდა. D4Y1 კომპაქტური ზომების მიუხედავად, D3A1 Val-ის რაოდენობის საწვავს იტევდა, ხოლო ფიუზელაჟის შიდა ნაკვეთურით 500 კგ-იანი ბომბისა და ფრთისქვეშა საკიდებით წყვილი 30 ან 60 კგ-იანი ბომბის წაღება შეეძლო. თავდაცვითი შეიარაღება ორი, 7.7 მმ-იანი Type 97-ისა და შტურმანისთვის განკუთვნილი 7.92 მმ-იანი Type 1-ის ტყვიამფრქვევისგან შედგებოდა. თვითმფრინავი დაფრინავდა გერმანული 12-ცილინდრიანი სითხით გაგრილების Daimler-Benz-ის DB601A ტიპის ძრავით, რომელსაც „კავასაკი“ არმიული ავიაციისთვის, ხოლო ფირმა Aichi (АЕ1А Atsuta21) ფლოტისთვის ამზადებდა. ფირმებმა ძრავის ტექნიკური დოკუმენტაცია თავიანთ ტექნოლოგიებს მოარგეს და ამის გამო, ფაქტობრივად, ორი განსხვავებული ძრავა გამოვიდა...“ - განაგრძობს გამოცემა.

„უკრაინაში აგრესიული ომით რუსეთის დიქტატორ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ომი ნატოში უთანხმოებას გამოიწვევდა და კიევი დახმარების გარეშე დარჩებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს შორის ომთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ნატო ერთსულოვნად იზიარებს და უკრაინის გამარჯვებამდე დახმარების შეწყვეტასაც არ აპირებს. განვლილ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარებმა ჯავშანტექნიკისა და განსაკუთრებით, ტანკების მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, რომლის შესავსებად დასავლეთის ქვეყნები სატანკო კოალიციაში გაერთიანდნენ. ამ ინიციატივის ერთ-ერთი მოთავე საფრანგეთი იყო. პარიზმა დაპირება მალევე საქმედ აქცია და თებერვლის მეორე ნახევარში კიევს მიაწოდა 14 ერთეული AMX-10 RC ტიპის საბრძოლო მზვერავი მანქანა, იგივე ბორბლებიანი მსუბუქი ტანკი. ტერმინი „ბორბლებიანი ტანკი“ გულისხმობს მსუბუქად დაჯავშნულ, მაგრამ ტანკის ტოლფას საარტილერიო შეიარაღების მქონე და ბორბლებიან შასიზე დამზადებულ ჯავშანტექნიკას”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ფრანგული ჯავშანავტოტექნიკა უკრაინისთვის.

„1970-იანი წლების დამდეგს ასეთი ტექნიკის საჭიროება საფრანგეთის არმიის სწრაფი რეაგირების ძალების მსუბუქ საკავალერიო (მოტორიზებულ) დანაყოფებში გაჩნდა. მოტოქვეითები მოწინააღმდეგის ზურგში რეიდებისა და სადაზვერვო ამოცანების შესასრულებლად მობილურ, თანაც ამფიბიური თვისების მქონე ძლიერ საცეცხლე საშუალებას ითხოვდნენ. 1981 წლიდან ოთხ ათეულზე მეტია AMX-10 RC ტიპის მსუბუქი ტანკები საფრანგეთის არმიის შეიარაღებაშია და სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღემდე სამსახურს აგრძელებენ. ბორბლებიან AMX-10 RC-ს ტრადიციულ მუხლუხებიან ტანკთან ბევრი საერთო აქვს. ერთ-ერთია მუხლუხებიანი ტანკის ანალოგიური კომპონირება ანუ წინა ნაწილი მართვის მექანიზმებს, შუა – საბრძოლო განყოფილებას, უკანა კი ძრავა-ტრანსმისიას უკავია. არა აქვს ბორბლებიანი ჯავშანტექნიკისთვის დამახასიათებელი საჭის მექანიზმი და სამივე ხიდი არამართვადია. მობრუნებისთვის გამოიყენება გადაცემათა კოლოფზე დაყენებული დიფერენციალური მექანიზმი, რომელიც ტანკის მობრუნებას მარჯვენა და მარცხენა ბორბლებზე გადასაცემ ბრუნთა რიცხვების სხვაობით არეგულირებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

„სწრაფი რეაგირების ძალების სპეციფიკიდან გამომდინარე, ტანკის ავიატრანსპორტირებისთვის საჭირო გახდა წონა-გაბარიტული პარამეტრების გათვალისწინება. მინიმალური წონის მისაღწევად კორპუსი-კოშკურა ალუმინის შენადნობის ჯავშანფილებითაა დამზადებული და ეკიპაჟს მხოლოდ ტყვიებისგან, ჭურვებისა და ნაღმების ნამსხვრევებისგან იცავს. წყალ-სატყორცნი მაძრავით ტანკს მდინარეებისა და სხვა წყლიან დაბრკოლებათა დაძლევა შეუძლია. ტანკი შეიარაღებულია კომპანია GIAT-ის დაბალიმპულსიანი სატანკო კალიბრის 105 მმ-იანი ქვემეხით. ფრანგული მონაცემებით, ტანკის ქვემეხი ცეცხლის მართვის სისტემით მოძებნილ მიზანს, დიდი ალბათობით, აღმოჩენიდან 10 წამში ანადგურებს. ქვემეხის სუსტი მხარეა სტაბილიზატორის უქონლობა, რის გამოც ზუსტი სროლა გაჩერებული მდგომარეობაში და ისიც სტაციონარულ მიზნებზეა შესაძლებელი. სროლისას ქვემეხის უკუცემის ძალის შესამცირებლად ნატოს სტანდარტული 105 მმ-იანი სატანკო ჭურვების ნაცვლად გამოიყენება შემსუბუქებული ჭურვები, რომლებსაც ნაკლები ჯავშანგამტანობა აქვთ და თან სატანკო მარაგი 38 გასროლითაა შეზღუდული...“ - განაგრძობს გამოცემა.

„უკრაინაში ახლახან ერთობ უნიკალური რამ მოხდა – ამერიკულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა ჩამოაგდო და ორიოდე დღეში ინტერნეტში ჩამოგდებული Кинжал-ის ფრაგმენტების ფოტოებიც გავრცელდა. ერთ მათგანზე ნათლად ჩანს სქელკედლიან საბრძოლო ნაწილის კორპუსზე საზენიტო რაკეტის „კვალი“. დიდი ალბათობით, ჩამოგდებული რაკეტის ქობინი გათვლილი იყო მიწისქვეშა ობიექტების განადგურებაზე - ის სქელკედლიანი საბრძოლო ნაწილით მაღალი სიჩქარით პიკირების ხარჯზე მიწაში ღრმად ჩადის და ფეთქდება. ამერიკულ Patriot-ზე თანამედროვე ვერ ითქმის (თუმცა კომპლექსში შემავალი რაკეტების ნაწილი ვაშინგტონმა კიევს უახლესი მოდიფიკაციის მიაწოდა). საზენიტო სისტემა აშშ-ის არმიამ შეიარაღებაში 1982 წელს მიიღო და საბრძოლო მორიგეობაზე ახალმა MIM-104-მა მოძველებული MIM-14 Nike Hercules-ი ჩაანაცვლა. სტანდარტულად საბაზო მოდიფიკაციის Patriot-ის ბატარეაში 4-8 გამშვები დანადგარი (M901) შედიოდა და თითოეული 4 რაკეტას იტევდა. ეს უკანასკნელი MIM-104A ვარიანტში სიგრძით 5.3 მ-ია და 900 კგ-ზე მეტს იწონის. აქედან 90 კგ მსხვრევად-ფუგასურ საბრძოლო ნაწილზე მოდის. მსხვილი ადმინისტრაციული თუ სამხედრო ობიექტების დაცვაზე გათვლილი კომპლექსი მიზანს მაქსიმალურ 80 კმ-სა და 24 კმ-ის სიმაღლეზე სწვდებოდა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ამერიკული „პეტრიოტისა“ და რუსული „კინჟალის“ დაპირისპირება უკრაინის ცაში.

„Patriot-ის მთავარი კომპონენტი მისი თვალებია - AN/MPQ-53-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგური ფაზირებული ცხაურით, რომელსაც მხოლოდ ორი ოპერატორი მართავს. ამ რადარის განსაკუთრებულობა ისიც არის, რომ შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავებთან წყვილში შეუძლია მუშაობა. საბრძოლო ნათლობა ამ საზენიტო კომპლექსმა სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებების დროს მიიღო. მართალია, იმ კონფლიქტში Patriot-ს მოწინააღმდეგის არც ერთი თვითმფრინავი არ ჩამოუგდია, მაგრამ სწორად ორგანიზებულმა სარეკლამო კამპანიამ ნაყოფი გამოიღო - „უდაბნოს ქარიშხლის“ შემდეგ გაყიდვების მოცულობამ 3 მლრდ დოლარს მიაღწია. სპარსეთის ყურეში კომპლექსს უმთავრესად ერაყის ტერიტორიიდან საუდის არაბეთისა და ისრაელის მიმართულებით გაშვებული ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა SCUD-ების გასანადგურებლად იყენებდნენ. აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით, 1991 წლის 17 იანვრიდან კოალიციურ დანაყოფებს ეს რაკეტა 81-ჯერ ესროლეს. რაკეტსაწინააღმდეგოდ ეფექტური მოქმედებისთვის Patriot-ი თანამგზავრის მხარდაჭერას (ისევე როგორც Кинжал-ი) საჭიროებდა. თანამგზავრი ერაყის ტერიტორიიდან გაშვებული SCUD-ის სტარტს აფიქსირებდა და კომპლექსის გათვლას რაკეტის ფრენის ტრაექტორიას აცნობებდა. ჩვეულებრივ, ბალისტიკურ რაკეტის განადგურება ბატარეის პოზიციიდან 7-15 კმ-ზე 5-10 კმ-ის სიმაღლეზე ხდებოდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ამ ამოცანების შესრულებისას გამოვლინდა Patriot-ის რაკეტის ერთ-ერთი ნაკლი - თვითმფრინავების განადგურებისთვის განკუთვნილი ქობინის სიმძლავრე, რომელიც მიზნის მახლობლად ფეთქდებოდა, ბალისტიკური რაკეტის 100%-იანი ჩამოგდებისთვის ხშირად არ კმაროდა. იყო შემთხვევები, როდესაც საზენიტო რაკეტის აფეთქება SCUD-ს მხოლოდ ფრენის ტრაექტორიას უცვლიდა. მაგალითად, 1991 წლის 25 თებერვალს საზენიტო კომპლექსმა ვერ შეძლო საუდის არაბეთის ქალაქ დაფრანის საავიაციო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტისთვის გზის გადაჭრა. რაკეტა ამავე ბაზაში დისლოცირებულ აშშ-ის ქვედანაყოფების ყაზარმებს დაეცა და დაიღუპა 28 სამხედრო მოსამსახურე. ამიტომაც Patriot-ის მოდიფიკაციებს PAC-1-სა და PAC-2-ს (შესაბამისად მათ რაკეტებსაც MIM-104B და MIM-104C) მოდერნიზაცია ჩაუტარდა: შეიცვალა კომპლექსის პროგრამული უზრუნველყოფა, რაკეტის ამფეთქები, გაიზარდა დამაზიანებელი ელემენტების წონა (2-დან 45 გ-მდე). 1990-იანი წლების ბოლოს PAC-2-მა მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი გაიარა. მოდიფიცირებულ PAC-2 GEM რაკეტებზე MIM-104D შეიცვალა საბრძოლო ნაწილი და რადიოლოკაციური სადგური. 2002 წელს აშშ-ის შეიარაღებაში ახალი PAC-2 GEM შევიდა. რაკეტა თავიდანვე დაბალი რადიოლოკაციური შემჩნევადობის ბალისტიკური და ფრთოსანი მიზნების განადგურებაზე იყო გათვლილი...“ - განაგრძობს გამოცემა.

„მკითხველს შევახსენებ, რომ საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სპირიდონ კედიამ, თბილისიდან 1926 წლის 16 ივნისით დათარიღებული ლევან (ლელი) ჯაფარიძის ვრცელი წერილი მიიღო. ისიც გავიხსენოთ, რომ „ცისფერყანწელი“ პოეტი და ლიტერატორი ლელი ჯაფარიძე პოლიტიკაშიც აქტიურად იყო ჩართული და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) მთავარი კომიტეტის წევრიც გახლდათ. ის, სხვა „ცისფერყანწელებისგან“ განსხვავებით, ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და არა უგვიანეს 1924 წლის შემოდგომისა საქართველოში იმყოფებოდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ლელი ჯაფარიძე ბოლშევიკებთან შესარიგებლად და სათანამშრომლოდ არ დაბრუნებულა სამშობლოში: მისი მიზანი აქ მდგომარეობის შესწავლა და ედპ-ის ხელმძღვანელის, სპირიდონ კედიას ინფორმირება იყო. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ უცხოეთში მყოფ ქართულ ემიგრაციას (მათ შორის ედპ-საც) საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტური და დროული ინფორმაცია არ გააჩნდა, მაშინ გასაგებია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ლელი ჯაფარიძის სადაზვერვო მისია“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაშ, სათაურით რომელი ქართველი ემიგრანტის ჩამოტყუებას გეგმავდა საბჭოთა დაზვერვა საქართველოში.

„ ისიც უნდა ითქვას, რომ „ცისფერყანწელი მზვერავის“ ამოცანა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის მოპოვება და ემიგრაციაში საიდუმლო არხებით გადაგზავნა არ იყო. ანტიბოლშევიკური მუშაობის დასაწყებად ლელი ჯაფარიძეს კავშირი უნდა დაემყარებინა რეპრესიებს გადარჩენილ და ღრმა იატაკქვეშეთში შეფარებულ თანაპარტიელებთან, ამ მხრივ კი მას ძალზე სავალალო მდგომარეობა დახვდა. ზემოაღნიშნულ წერილში ლელი ჯაფარიძე სპირიდონ კედიას ატყობინებს (ავტორის სტილი უცვლელია): „მე ვინახულე მამია და მასთან მქონდა ლაპარაკი, მაგრამ მან მიპასუხა, რომ ამჟამად საჭირო არ არის მუშაობა სრულებით და რომ ერთხანს უნდა გავჩერდეთ და ამავე დროს მოუხერხებელიც არის ის, რაც გოგიამ ითხოვა, რადგან მას არ შეუძლია 6 კაცის შეკრებაც კი და ამავე დროს დიდი გაჭირვებაა, რომ სადმე სამუშაო ფული ვიშოვოთ. ამიტომ უმისოდ მე ვერ ვბედავ ვინმესთან კავშირი გავაბა“. სავარაუდოდ, სახელი “მამია“ ედპ-ის იმ წევრის დაშიფრული სახელია, რომელთანაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაამყარა კავშირი ლელი ჯაფარიძემ, ხოლო „გოგია“ სტამბოლში მყოფი ემიგრანტის ფსევდონიმი უნდა იყოს. ამ მცირე ამონარიდიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში „ფარულად მოქმედ“ ედპ-ს არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსები არ გააჩნდა ანტიბოლშევიკური საქმიანობისთვის“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ამის მიუხედავად, ლელი ჯაფარიძე ოპტიმისტურად იყო განწყობილი და „სამეთვალყურო მუშაობას“ ანუ ინფორმაციის შეკრებასა და ევროპაში გადაგზავნას შესაძლებლად თვლიდა (ავტორის სტილი უცვლელია ): „ჩემის აზრით კი, უკვე შეიძლება ფრთხილი ორგანიზაციის მოწყობა მხოლოდ იმისთვის, სამეთვალყურო მუშაობა ვაწარმოოთ. რას მოვახერხებთ ამ მხრივ ჯერჯერობით არ ვიცი, რომ რამეს შემოუთვლიდეთ თქვენ მას, კარგი იქნება. ჩვენებიდან ციხეში იასონ (იასონ ჯავახიშვილი - რედ.) და მიშას (მიხეილ იშხნელი - რედ. ) გარდა ხუხუც (სიმონ ხოფერია - რედ.) ზის. გამსახურდია გადასახლებულია ტურუხანის მხარეში, ათი წლის ციხე მიუსაჯეს. სხვა ხალხი თავისუფალია. ხელი ყველას აქვს მოწერილი, მაგრამ საბჭოთა პლატფორმაზედ თითქმის არავინ დგას. ეხლა შედარებით რეპრესიები შემცირებულია და ამიტომ ხალხი უფრო მოსვენებით ცხოვრობს და რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ მუშაობა თუ თქვენგანაც მივიღეთ რაიმე ცნობა (ერთი თვის წინ კი დახვრიტეს 6 კაცი სამხედრო პირები – ვერ გავიგეთ ვინ არიან ესენი. მათ შორის ერთი გვარი ვიცით ნაცვლიშვილის“...“ - განაგრძობს გამოცემა.

„2008 წლის აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტის ლამაზი ქართული სოფელი ერგნეთი ომმა ძალიან დააზარალა: დაიწვა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ხოლო სკოლა რუსი სამხედროების შტაბად გადაიქცა, შოთა რუსთაველისა და სხვა ქართველი მწერლების დაცხრილული პორტრეტები, დამტვრეული მერხები და სკამები, „რუსეთი - ეს ძალაა“, - საკლასო ოთახში, დაფაზე დატოვებული წარწერა რუსულად... - ყოველივე ეს რუსი სამხედროების „შემოქმედებად“ შემორჩა ისტორიას სოფელ ერგნეთში. ახლა ამ სკოლის ეზოში გმირთა მემორიალი დგას. იმავე სკოლის ეზოდან მოჩანს ოკუპირებული ცხინვალი და იქ განლაგებული რუსული ბაზა, რომელსაც ძნელია მშვიდად უყუროს აქაურმა კაცმა. ამ სტატიის გმირი, გიორგი კასრაძე, სოფელ ერგნეთში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვი იყო, როდესაც თანატოლებთან ერთად „ლეგიონი“ ჩამოაყალიბა და სოფელ მეღვრეკისში დაბანაკებულ ე.წ. რუს სამშვიდობოებს მოსვენებას არ აძლევდა. როცა წამოიზარდა და ნამდვილი ბრძოლა ისწავლა, არც მაშინ აკლებდა ხელს „სამშვიდობოებიდან“ ოკუპანტამდე სახეშეცვლილ რუსებს”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „მე აქ ჩემი მისია შევასრულე“ - უკრაინის ქართველი მეომარი სამშობლოში ბრუნდება.

„უკრაინაშიც სამშობლოს სიყვარულმა და საერთო მტერთან ბრძოლის ჟინმა წაიყვანა. „ორი დღეა, რაც ჩამოვედი. დოკუმენტაციას ვაწესრიგებ და უახლოეს დღეებში შევუერთდები 93-ე ბრიგადას. მაქსიმუმ, ერთ კვირაში ფრონტის ხაზზე ვიქნები“, - მწერდა გასული წლის 28 ივლისს. რუსეთ-უკრაინის ომმა, ისევე როგორც ბევრ ქართველ მებრძოლთან, გიორგისთანაც დამაკავშირა. მართალია, იქ ვერ შევხვდი, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვეკონტაქტებოდი და ფრონტის სიახლეებსაც მისგან ვიგებდი. 27 აგვისტოს გელა გოგიას დაღუპვის ამბავიც გიორგისგან გავიგე, ისიც, თუ საიდან გამოასვენებდნენ და გმირისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა მომეცა. თავად ვერ დაესწრო მეომრის ცხედრის კიევიდან გამოცილებას, რადგან ფრონტზე იყო. როდესაც ლევან სახელაშვილი დაიღუპა, მომწერა, გული მეწვის, როცა გავიგებ, ქართველი დაიღუპაო. ასე გვეწვის ყველას გული და ამიტომაც გვინდა ყველა ცოცხალი დაუბრუნდეს სამშობლოს. გიორგი კასრაძის დაბრუნება, ისე როგორც სხვების, სიამაყეც იქნება და სიხარულიც. მეათე თვეა, უკრაინაში იბრძვის. სოციალურ ქსელში მის ადგილსამყოფელს ხშირად აწერია „ბახმუტი“ - ლეგენდადქცეული ქალაქის სახელი; ქალაქის, რომელმაც არაერთხელ გამოატარა ჯოჯოხეთი. ბოლო ბრძოლებიც ბახმუტის დამცველებთან ერთად გამოიარა. გაუმართლა და ალყიდან ცოცხალი გამოვიდა, თუმცა ბრძოლაში მიღებული რამდენიმე კონტუზიის გამო რეაბილიტაცია ჰაერივით სჭირდება. სწორედ ამ მიზნით იგი დაბრუნდება უახლოეს დღეებში სამშობლოში“, - აღნიშნავს გამოცემა.

„უკვე სამშვიდობოს იყო, ახლახან გათავისუფლებულ სოფელ ნოვოსელოვკაში, როდესაც სოციალური ქსელით დავუკავშირდი. ვისაუბრეთ უკრაინაში წასვლის მიზეზებზე, იქაურ სიტუაციაზე, საბრძოლო გამოცდილებასა და სამშობლოში დაბრუნებაზე... გიორგი კასრაძე: „წელში რომ გვინდა გადავამტვრიოთ რუსები და საქართველოში აღარ იყოს ომი, ჩვენც ამიტომ ვართ აქ. პროცენტულად ყველაზე მეტი მებრძოლი ქართველებს დაგვეღუპა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ვმონაწილეობდი მოხალისედ. რომ გითხრათ, სასწაულები მოვახდინე-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ ფორმა მეცვა, იარაღი მეკავა და გამოცდილი მეომრების გვერდით ვიდექი. რაც შეეხება უკრაინაში წამოსვლას, ეს ჩვენი ომია, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი. აქ ჩამოსვლა უფრო დააჩქარა ჩემი ბიძაშვილის, არკადი კასრაძის დაღუპვამ. უკვე ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი დავკარგე ამ ომში. მეც არაერთხელ გადავურჩი სიკვდილს. რამდენიმე დღის წინ ლუგანსკის ოლქში გვქონდა წინსვლა, 300 მეტრით, 4 დღის განმავლობაში ვიბომბებოდით, ვინარჩუნებდით პოზიციებს. შემდგომ მოვიდა შეტევის ბრძანება, და პირდაპირ კონტაქტში შევედით მოწინააღმდეგესთან. მე, როგორც ყუმბარმტყორცნელს, არ მქონდა სპეციალური ჭურვები, მაგრამ ორი გასროლით რუსების T-72 მაინც ავაფეთქე...” - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კასრაძე.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიხსნა სასწავლო ცენტრი, რომელსაც რამდენიმე ფუნქცია აქვს. მისი გახსნა მიმდინარე წელს გადაწყდა. როგორც ცნობილია, 2022 წელს საქართველოს კანონში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სასწავლო ცენტრი შეიქმნა და 2023 წლიდან სრულფასოვანი მუშაობა დაიწყო. სასწავლო ცენტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ `სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს~ ექვემდებარება. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო ცენტრს აქვს კურსების ფართო სპექტრი, რომელიც მეხანძრე-მაშველთა კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, იმართება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციის პერსონალისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და უსაფრთხოების სწავლებები“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი გაიხსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებაა. კერძოდ, თუ გასულ წლებში მეხანძრე-მაშველთა მომზადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია უზრუნველყოფდა, ახლა სასწავლო ცენტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაშია. სასწავლო ცენტრში მოეწყო ინფრასტრუქტურა, დაკომპლექტდა თანამედროვე სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაინერგა უმნიშვნელოვანესი სასწავლო კურსები, მორგებული თანამედროვე გამოწვევებზე. სასწავლო ცენტრი უწყვეტ რეჟიმში წარმართავს სხვადასხვა შინაარსის სწავლებებს და ორიენტირებულია მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სიახლეების დანერგვას, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

„სასწავლო ცენტრი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტთან კოორდინაციით, განსაზღვრავს მეხანძრე-მაშველთა პროფესიული განვითარების საჭიროებებს, შეიმუშავებს შესაბამის სასწავლო მოდულებს, ადგენს გადამზადების გეგმას და უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლას. სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ, ფასდება პროგრამის ეფექტურობა და საჭიროების შემთხვევაში მუშავდება რეკომენდაციები. ასევე ფასდება მეხანძრე-მაშველთა ცოდნის დონეც. მეხანძრე-მაშველთა სწავლება შედგება პრაქტიკული და თეორიული სავარჯიშოებისგან. სწავლების მიზანია ტაქტიკური ცოდნის ამაღლება და ხანძრის ქრობის, ასევე, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალი მეთოდების შესწავლა. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველებს სერტიფიკატები გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები სხვა ორგანიზაციებისთვისაც აქვს, მათი ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. სასწავლო ცენტრს, მეხანძრე-მაშველების გარდა, შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლების პროფესიული მომზადება-გადამზადება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში...“, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სსიპ “სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ზაზა ფანცულაია.

„პალიტრამედიის“ ადმინისტრაციული მენეჯერი სოფო ზედგინიძე ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანს შორის, რომელიც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ მოსამზადებელი კურსი გაიარა. ორგანიზაცია 2008 წლის ომის შემდეგ დაარსდა და აპოლიტიკური, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ინდივიდუალური თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანების ჩამოყალიბების იდეიდან საზოგადოებაში პატრიოტული განწყობის ამაღლების, სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ცოდნის ამაღლებისა და სამხედრო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების პოპულარიზაციის მოძრაობად იქცა. ორგანიზაცია ყოველწლიურად ორგანიზებას უკე-თებს რამდენიმეთვიან კურსებს, რომლებიც საბაზისო სამხედრო და სალაშქრო თემატიკის კომპონენტებს აერთიანებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და საველე სწავლებებს. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვით სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, შეხვედრები, სწავლებები და კონსულტაციები“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ეს მომზადება ყველამ უნდა გაიაროს - სამი შვილის დედის რჩევა.

„ამ ორგანიზაციის შესახებ არაფერი ვიცოდი. პირველად მხოლოდ გაცნობითი შეხვედრა მქონდა. ეს არის პირველადი მომზადების საბაზისო-სალაშქრო კურსი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაარსდა, რადგან მიხვდნენ, რომ საომარი ან ექსტრემალური ვითარებისთვის მოქალაქეებს არავითარი მომზადება არ ჰქონდათ. ორგანიზაციის წარმომადგენლები თავიანთი საქმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან და საკუთარ ცოდნას უანგაროდ უზიარებენ მათ, ვინც ამ კურსის გავლას გადაწყვეტს. ჩემს შემთხვევაში, კურსი ორთვიანი იყო. გავიარე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება. ვსწავლობთ რუკის საშუალებით გადაადგილებას, პირველად სამედიცინო დახმარებას, სანგრების გათხრას, იარაღის უსაფრთხო მოხმარებას. ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი მომზადება გავიარეთ, მხოლოდ თეორიული კურსი, პრაქტიკულ გამოყენებამდე ჯერ არ მივსულვართ. ვსწავლობთ იარაღის ბრძოლაში გამოყენების ტექნიკას, იარაღის კონსტრუქციას... აქამდე ჩემთვის ყველანაირი მძიმე სამხედრო ტექნიკა მხოლოდ ტანკი იყო და აქ გავიგე, რომ ყველა მანქანას, ჯავშანტრანსპორტიორს, ტანკს თავისი დანიშნულება აქვს. ასევეა იარაღიც – ჩემთვის ყველაფერი ავტომატი იყო. ახლა კი, კალიბრებით დაწყებული, ყველაფერში გავერკვიე და ეს ძალიან საინტერესოა. ამასთან, ვსწავლობთ საველე პირობებში ყოფნას, შენიღბვას, სწორად ეკიპირებას“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოფო ზედგინიძე.

„სამი შვილი მყავს, მაგრამ დრო მაინც გამოვნახე, რადგან როდესაც თავიდან ამ ორგანიზაციის შესახებ გავიგე, დავფიქრდი, მე წავიდოდი თუ ჩემს შვილს გავუშვებდი. მშობლის თანხმობის შემთხვევაში 17 წლის მოზარდის გაშვება უკვე შეიძლება. ჩემმა თანამშრომელმა, რომლისგანაც `აისის~ შესახებ გავიგე, მირჩია, ჯობს, მხოლოდ საკუთარ თავზე იყო კონცენტრირებულიო. ამიტომ გადავწყვიტე, ჯერ მე გამევლო კურსი და ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემი შვილებიც გაივლიან. უკვე გავიარეთ სრული კურსი და დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. ეს კურსი უფრო ფსიქოლოგიურ გამძლეობაზეა ორიენტირებული, ვიდრე ფიზიკურზე. რა ვარჯიშებიც იქ ჩაგვიტარეს, არასდროს გამიკეთებია, და ვინმეს რომ ეთქვა, ამის გაკეთება მომიწევდა, ვერასდროს დავიჯერებდი, რომ შევძლებდი. თუმცა იქ ყოფნისას მივხვდი, რომ ადამიანის ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იქ ყველას შესაძლებლობებს ითვალისწინებენ, როგორც გამოცდილების, ასევე მისი ასაკის, წონის, ჯანმრთელობის, ფიზიკური აგებულების, სქესის მიხედვით. შესაძლოა ვიღაც ძალიან კარგად იყოს ფიზიკურად მომზადებული და ვიღაც ნაკლებად - ამას ანგარიშს უწევენ...“ - განაგრძობს რესპონდენტი.

„უპილოტო, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, ბოლო პერიოდის ომების განუყოფელ ნაწილად იქცა. მათ გარეშე დღეს საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება უკვე წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ თავად სამხედრო დრონებშიც ერთ-ერთი მათგანი მაინც გამოირჩევა, რამაც ის რუსეთ-უკრაინის ომის „ჩემპიონად“ გადააქცია ზუსტი დარტყმებით განადგურებული სამიზნეების სიმრავლით. ომში დრონები ასრულებენ როგორც სადაზვერვო, ასევე წმინდა საბრძოლო ამოცანებსაც, როდესაც მოწინააღმდეგის ტანკის თავზე ჩამოკიდებული კვადროკოპტერიდან ოპერატორს ზუსტად შეუძლია ჩააგდოს ხელყუმბარა ტანკის ღია ლიუკში, ან ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილ დრონს კამიკაძის როლი შეასრულებინოს, მაგრამ არსებობს დრონის კიდევ ერთი ტიპი, რომელიც განსაკუთრებული საბრძოლო შედეგიანობით გამოირჩევა - ეს არის FPV-დრონი, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი, რომელიც იმართება FPV (First Person View) პრინციპით ანუ „ხედვა პირველი პირისგან“, როდესაც გამოიყენება ვირტუალური რეალობის სათვალე. პრინციპში, ყველა დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი შეიძლება FPV-დრონად ჩაითვალოს, რადგან მასზე დაყენებული მინიატიურული ვიდეო-კამერის გადაცემული სიგნალის დახმარებით იმართება, მაგრამ FPV-დრონებში მაინც სპეციალური გარნიტურით დისტანციურად მართვად სწრაფ კვადროკოპტერებს გულისხმობენ“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ომის აღმოჩენა - როგორ გადაიქცნენ კამიკაძე FPV-დრონები ჯავშანტექნიკის რისხვად...

„ისინი თავდაპირველად უფრო გართობისთვის შეიქმნა - FPV-დრონებით ზოგი საჰაერო რბოლებს მართავდა,ზოგიც დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს იღებდა, მაგრამ დაიწყო ომები და სამხედროებმა FPV-დრონებს, არც მეტი და არც ნაკლები... ყუმბარსატყორცნების კუმულაციური ქობინები „აჰკიდეს“! საქმე ის არის, რომ ლულიდან გასროლილი ჯავშანგამტანი ჭურვისგან განსხვავებით, რომელსაც აუცილებლად დიდი სიჩქარე უნდა ჰქონდეს ჯავშანზე მოხვედრის მომენტში მის გასარღვევად, კუმულაციური ქობინისთვის მნიშვნელობა არა აქვს მიზანში მოხვედრის სიჩქარეს (პირიქით, ძალიან ცუდია, თუკი კუმულაციური ქობინი ფრენისას ღერძის გარშემო სწრაფად ბრუნავს, რადგან ეს ძალზე ამცირებს ქობინის აფეთქებისას წარმოქმნილი მიმართული კუმულაციური ჭავლის ჯავშანგამტანობის უნარს), მთავარია, მოხდეს ინიცირება და წარმოიქმნას კუმულაციური ეფექტი, რომლის ჭავლი ფანტასტიკური სიჩქარით - 10 კმ/წმ-ში არღვევს სქელ ჯავშანსაც. ამიტომაც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნ РПГ-7-ის რეაქტიული ჭურვიდან ამოხრახნილი კუმულაციური ქობინი, კუსტარულად დამაგრებული FPV-დრონზე, ხელის ერთგვარ „მფრინავ ყუმბარმტყორცნელად“იქცა, რომლებსაც უფრო და უფრო აქტიურად იყენებს ორივე მებრძოლი მხარე უკრაინის ფრონტზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

„FPV-დრონების პლუსებია: - ისინი ინტერნეტით ნაყიდი დეტალებისგან შედარებით მარტივად იწყობა და ამიტომაც ქარხნულ დრონებზე ბევრად იაფი ღირს; - მის სამართავად არ არის საჭირო GPS-სისტემის გამოყენება, შესაბამისად, მოწინააღმდეგის რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს არ შეუძლია ხელის შეშლა GPS-ის ჩახშობით, თუმცა შეიძლება შეაფერხონ ვიდეოსიგნალის გადაცემა; - ოპერატორს ვირტუალური ხედვის სათვალის გამოყენებით შეუძლია FPV-დრონი მტრის ჯავშან-ტექნიკის ყველა ნაკლებად დაცულ ადგილას მიმართოს. FPV-დრონის მთავარ მინუსად კი შეიძლება ჩაითვალოს მისი ძალზე რთული მართვა, როდესაც 150-170 კმ-სთ სიჩქარით მფრენი აპარატის მართვა ოპერატორს მუდმივად უწევს, განსხვავებით ჩვეულებრივი კვადროკოპტერებისგან, რომლებსაც ერთ ადგილზე ავტომატურად „ჩამოკიდების“ ფუნქციაც აქვთ. ამიტომაც FPV-დრონის ოპერატორების მომზადება ბევრად რთული და ხანგრძლივი პროცესია. როგორც ჩანს, FPV-დრონებს „ღირებულება-ეფექტიანობის“ კრიტერიუმის გამო დიდი მომავალი აქვთ ომებში, რადგან ვირტუალური ხედვის სათვალით აღჭურვილი თითოეული ოპერატორი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის მრისხანე გამანადგურებლად შეიძლება იქცეს, ისე, რომ სანგრიდან თავიც არ ამოყოს“, - დასძენს გამოცემა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა