ლევან ბეჟაშვილი - უკვე აქტიურად იხილება ხელისუფლების სანქცირების საკითხი, როგორც რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე, საუბარია სასამართლო სისტემის პოლიტიკურ მფარველობაზე

უკვე აქტიურად იხილება ამ ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების საკითხი, როგორც რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე, საუბარია სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური მფარველობის განხორციელებაზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტთან 2 ივნისის აქციაზე დაკავებულთა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, სანქციების საკითხი ადამიანის უფლებების სფეროში ხელისუფლების უკანონო ქმედებებთან მიმართებითაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში.

„სახელმწიფო დეპარტამენტში ასეთი განცხადებები კეთდება ისეთ შემთხვევებში, როცა ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გადადის. ამ შემთხვევაში 2 ივნისს, აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტის დროს სამოქალაქო აქტივისტების დაკავება ყველა ზღვარს სცილდება: კანონიერების, მართებულობის, მიზანშეწონილობის. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ადგას ავტოკრატიული რეჟიმის გზას და ბუნებრივია, სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ იყვნენ კონსტიტუციურობის, კანონიერების ფარგლებში. ბუნებრივია, უკვე აქტიურად იხილება ამ ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების საკითხი, როგორც რუსეთის ფედერაციის დახმარებასთან დაკავშირებით, სანქციების თავის არიდებასთან მიმართებით, ასევე, უკვე საუბარია სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური მფარველობის განხორციელებაზე და ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ადამიანის უფლებების სფეროში ხელისუფლების უკანონო ქმედებებთან მიმართებითაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აშშ-ს მოსამართლეებზე დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზეა გათვლილი, შედეგი კი არ ექნება.

„ბატონი პაპუაშვილის განცხადება ულტიმატუმის ფორმით, ნამდვილად სასაცილოა და არ შეეფერება, არ ეკადრება პარლამენტის თავმჯდომარეს. შინაარსობრივად, სამართლებრივად აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 2 ივნისის აქციაზე მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს რომ შეუერთდეს.

„ყურადღებით ვაკვირდებით 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულთა საქმეებს“, - აღნიშნა ვედანტ პატელმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა