საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიაუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, გადაწყვეტილება აკადემიურმა საბჭომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წარდგინებით მიიღო. სტუ-ის აკადემიურ საბჭოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ესწრებოდა.
“უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ პროფესორ კავალიაუსკასის საქმიანობას უმაღლესი შეფასება მისცა და ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობების განვითარების მხრივ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გარდაცვლილ პროფესორს უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მიანიჭა.
როგორც სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, პროფესორ კავალიაუსკასის გარდაცვალება დიდი დანაკარგია არა მხოლოდ ლიეტუვური კულტურის, ენისა და განათლების ცენტრისათვის, არამედ მთლიანად უნივერსიტეტისათვის. ცენტრის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოდან 300-ზე მეტ სტუდენტს საშუალება მიეცა ლიეტუვური ენა უფასოდ შეესწავლა, ზოგიერთმა ახალგაზრდამ კი, ენის დაუფლების შემდეგ, სწავლა ლიეტუვის უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელა.
რექტორის განცხადებით, „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრმა და მისი დამაარსებლის, პროფესორ კავალიაუსკასის საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორმხრივი აკადემიური მობილობის გაღრმავებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც გააგრძელებს ცენტრის სრულ მხარდაჭერას, რადგან მისი აქტიური მუშაობით ლიეტუვასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირები ძლიერდება“.
ელჩმა ანდრიუს კალინდრამ სიტყვით მიმართა აკადემიური საბჭოს წევრებს. მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საზოგადოებას ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მუდმივი მხარდაჭერისა და პროფესორ კავალიუსკასის ხსოვნის პატივსაცემად მიღებული გადაწყვეტილებისთვის. „ახალგაზრდების აკადემიური გაცვლა, ორი ქვეყნის კულტურის, ენისა და ტრადიციების გაცნობა საუკეთესო ინვესტიციაა ლიეტუვისა და საქართველოს შორის ურთიერთობების მომავალსა და საერთო ევროპულ მომავალში“, - აღნიშნა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.
ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობა ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.