საია-ს თავმჯდომარე - სახალხო დამცველის მოადგილის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროცესისთვის დამაზიანებელია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სახალხო დამცველის მოადგილის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროცესისთვის დამაზიანებელია.

როგორც ქურდოვანიძემ სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია ჟულაყიძის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, ფაქტობრივი უზუსტობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სამუშაო ჯგუფებს ბოიკოტს უცხადებდნენ.

რაც შეეხება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მანდატს, ქურდოვანიძის შეფასებით, ჯულაყიძის განცხადება ამ საკითხზეც პრობლემური იყო, რადგან „სახალხო დამცველს საკმაოდ მაღალი მანდატი აქვს, რათა სასამართლო რეფორმაზე იმუშაოს“.

„სახალხო დამცველის მოადგილის განცხადება რამდენიმე მიმართულებით იყო პრობლემური. პირველი - მან თქვა, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები სამუშაო ჯგუფებს ბოიკოტს უცხადებდნენ, რაც იყო ფაქტობრივი უზუსტობა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩართული იყო იმ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შეიქმნა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ISFED-ი კონკრეტულ სამუშაო ჯგუფში არ დაუშვა, სამუშაო შეხვედრა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ, თუმცა ამის შემდეგ ჩვენი წერილობითი მოსაზრებები პარლამენტს მაინც გავუგზავნეთ. ასევე, რამდენიმე კვირის წინაც, როდესაც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მუშაობა განახლდა, ჩვენი წარმომადგენელი ამ შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილეც. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გაჟღერდა ასეთი ინფორმაცია, როდესაც ადგილი არ ჰქონია ბოიკოტის რეჟიმს.

რაც შეეხება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მანდატის შესახებ გაკეთებული განცხადებას, ესეც პრობლემური იყო. სახალხო დამცველს საკმაოდ მაღალი მანდატი აქვს, რათა სასამართლო რეფორმაზე იმუშაოს. ამას მოწმობს ისიც, რომ ჩართული არიან სამუშაო ჯგუფის მუშაობაზე. თუ მანდატი არ აქვთ, სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში ამ საკითხზე როგორ მუშაობდა და მუშაობს დღემდე?! ამიტომ, მგონია, რომ ეს უზუსტობები არ უნდა გაგრძელდეს და აღმოიფხვრას პრაქტიკა, რომელიც შეიძლება იყოს ამ განცხადების შემდეგ.

ტრიბუნა მაღალი იქნება თუ შედარებით დაბალი, მნიშვნელობა არ აქვს - არასწორი ინფორმაციის გავრცელება სახალხო დამცველის წარმომადგენლის მხრიდან პროცესების დამაზიანებელია“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით სახალხო დამცველი თავის მანდატში შეზღუდულია.

„რაც შეეხება კანონის უზენაესობას, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველი საკმაოდ შეზღუდულია თავის მანდატში. ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული სასამართლო სისტემაზე მუშაობის ზუსტი გზები და მეთოდები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს მანდატში არ შედის, გადავწყვიტეთ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფებში მივიღოთ მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოვამზადეთ. ყველა მათგანის ასახვა არ მომხდარა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ცვლილებებსა და ინიციატივებში, თუმცა რამდენიმე დადებითი ცვლილება შევიდა მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, იყო ასევე პოზიტიური ტექნიკური საკითხები, მაგრამ ჩვენი შეფასებით ეს არ არის საკმარისი მთლიანი სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

„12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი უკავშირდება ამ პროცესში ჩართულობის და მონაწილეობის უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებამ უარი განაცხადა სამუშაო ჯგუფებთან თანამშრომლობაზე და ისინი აღარ არიან ჩართული პროცესში“,- განაცხადა ჯულაყიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება