საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სჭირდება, ასევე, მტკიცე ხასიათი და იმ ზეწოლების თავიდან აცილება, რომელიც როგორც წესი, არის ხოლმე ჩვენს ოლიგარქიულ მმართველობაში - ეროვნული ბანკის და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი არასდროს გამხდარა ამერიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
მან მომხსენებელს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით, მოიაზრება თუ არა ორი კანდიდატურიდან, რომელთა შესახებაც საუბარი საკომიტეტო განხილვის დროს იყო, რომელიმე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად,
გოცირიძე ასევე დაინტერესდა, რატომ „ჩაიციკლა“ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთ კანდიდატზე და ჰქონდათ თუ არა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია.
„მე მაინტერესებს, თქვენი აზრით, რატომ ჩაიციკლა მხოლოდ ერთ კანდიდატზე „ქართული ოცნება“? ჰქონდა თუ არა პრეზიდენტთან საუბარი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას სხვა რამდენიმე ალტერნატიულ კანდიდატთან დაკავშირებით? თუ ჯიუტად ამბობენ, რომ გვინდა თუ არა არა ეს კაცი უნდა იყოს და მერე ეს კაცი გახდება ჩვენი მურუსიძე ფინანსურ სისტემაშიო? დაახლოებით ასე იყო თუ არა საუბარი? თავად პრეზიდენტს ხომ არ ჰქონდა შეთავაზება „ქართული ოცნებისადმი“, საკუთარი კანდიდატისა, რომლის ირგვლივაც შეიძლება შემდეგ შემდგარიყო კონსენსუსი?
საკომიტეტო განხილვაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტი აპირებს ორი კანდიდატურის წარმოდგენას. როგორც ვიცით, ჩატარდა კონკურსი და არც თუ ისე კმაყოფილი ჩანხართ თქვენც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თორემ აქამდე იქნებოდა შერჩეული.
არავითარი საპრეტენზიო იმ ადამიანების პროფესიონალიზმთან ჩვენ არ გვაქვს. რამდენიმე შეიძლება მართლაც იყოს გამორჩეული თავისი პროფესიული უნარებით, მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საჭიროებს კიდევ სხვა რამეს. ეროვნული ბანკის და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი არასდროს გამხდარა ამერიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი. ერთია, გქონდეს აკადემიური ცოდნა და მერეა, გქონდეს ამავე დროს ადმინისტრაციული და სხვა უნარები. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სჭირდება, ასევე, მტკიცე ხასიათი და იმ ზეწოლების თავიდან აცილება, რომელიც როგორც წესი, არის ხოლმე ჩვენს ოლიგარქიულ მმართველობაში. ამიტომ, ორ კანდიდატურაზე როცა საუბარი იყო კომიტეტზე, ესენი მოიაზრებიან რიგით წევრებად, თუ აქ თქვენ ხედავთ რომელიმეს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს?,“ - მიმართა რომან გოცირიძემ გიორგი მსხილაძეს.