ანრი ოხანაშვილი - ჩვენ სწორებას ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე ვაკეთებთ, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი მივიღოთ - გვაქვს მოცემულობა, ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის

ჩვენ სწორებას ევროპულ კომისიაზე ვაკეთებთ - სასპეკულაციო სივრცე რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი მივიღოთ, - ეს განცხადება პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა განმარტა, კანონი გამოქვეყნებისთანავე არ ამოქმედდება და თუ ევროკომისია იტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი მოხსნილია, საერთოდ გააუქმებენ.

“ჩვენ ვენეციის კომისიას დასკვნისთვის შესაბამისი ცვლილებების პროექტი გავუგზავნეთ, რომელიც დეოლიგარქიზაციას უკავშირდება. ვენეციის კომისიამ 12 ივნისის თარიღით განახლებული დასკვნა დაამტკიცა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ჩვენი მხრიდან შეტანილია პროექტში, ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით არის ასახული. უბრალოდ, ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პერსონალური მიდგომა, რომელთან დაკავშირებითაც მას ჰქონდა მოსაზრებები, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა და დავაკონკრეტეთ. ახლა ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება ამ პერსონალურ მიდგომაზე საერთოდ უარი ითქვას. ეს არის, ეს ერთი საკითხი. ჩვენ სწორებას ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე ვაკეთებთ - ჩვენ განგვესაზღვრა ეს ერთი პუნქტი შესასრულებლად. ამიტომ, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია, რომ ეს პროექტი კანონად მივიღოთ. შეიქმნა მოცემულობა, რომ ევროპულმა კომისიამ აღნიშნა, რომ ეს პუნქტი არის შესასრულებელი. ევროპულმა კომისიამ უკრაინას, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ პროექტი შევიმუშავეთ, მოუწოდა, რომ მიღებული კანონის აღსრულება დაეწყო. ახლა ვენეციის კომისია, ევროპული სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტული დანაყოფი უკრაინასაც ეუბნება, რომ ის კანონი, რომელზეც ევროპულმა კომისიამ უთხრა რომ აღსრულებულიყო, გააუქმონ. რეალურად გვაქვს მოცემულობა, ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება.

პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება