ეს განცხადება არ არის საკმარისი - ჩვენ გვინდა, რომ ევროკომისიამ თქვას, რომ აღარ ემხრობა პერსონალიზებულ მიდგომას და თუ 12 პუნქტიდან პერსონალიზებული მიდგომის თაობაზე ჩანაწერს ამოიღებენ, ეს იქნება ჩვენთვის მტკიცებულება ,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომ „ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით“.
კობახიძის თქმითვე, ე.წ. სისტემური მიდგომა პრობლემის გადაწყვეტას არ უზრუნველყოფს.
„ჩვენ გვიჭირდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოღებული იქნეს ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ნიშნავს ამ საკითხის პერსონალური მიდგომით მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო 12 პუნქტის განხორციელებას შეაფასებს. როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც მოწესრიგებულია, ამ შემთხვევაში კანონი გაუქმდება. გვჭირდება 12-პუნქტიანი გეგმიდან იმ ჩანაწერის ამოღება, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას, რათა დავადგინოთ, რომ ევროკომისია მხარს აღარ უჭერს პერსონალიზებულ მიდგომას, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში ამასთან, ეს ე.წ. სისტემური მიდგომა პრობლემის გადაწყვეტას საერთოდ არ უზრუნველყოფს. მაგალითად, კეზერაშვილი ღიად აფინანსებს პარტიებს, NGO-ებს, მედია საშუალებებს. ვერცერთი სისტემური რეფორმა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. თუ პერსონალური მიდგომა არ დანერგე, კეზერაშვილის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში ვერ გადაიჭრება“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სიტყვა დეოლიგარქიზაცია უკვე ნიშნავს პერსონალურ მიდგომას.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე კობახიძე ვენეციის კომისიას არ ეთანხმება, კობახიძე ასე პასუხობს: „მე საერთოდ არ ვეთანხმები არაფერს იმიტომ, რომ ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა ეს დეოლიგარქიზაციის კანონი. არც ის მაინტერესებს არც - ის“.
„ევროკომისიამ თქვა, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, რაც გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. იმიტომ, რომ არიან ოლიგარქები და აღარ უნდა იყვნენ ოლიგარქები. დეკობახიძიზაცია რომ ჩაიწეროს, ეს არის თუ არა პერსონალიზებული მიდგომა? ასევეა დეოლიგარქიზაციაც იმიტომ, რომ ოლიგარქი არის ადამიანი, პერსონა, შესაბამისად დეოლიგარქიზაცია ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება. მე კი არ მაქვს წინააღმდეგობა, ვენეციის კომისიას და ევროკომისიას აქვთ ერთმანეთში წინააღმდეგობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით“.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში.
„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.