ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ცესკოს თავმჯდომარემ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლის მკვლევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის დაგეგმილი ტექნოლოგიური ინტერვენციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მათივე ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიღწევებზე, ინსტიტუციის სტრატეგიაზე, დაგეგმილ აქტივობებსა და არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეებს მან სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მოსამზადებელი პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ 2024 წელს არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატები არ იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება, ასევე დაგეგმილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო პროცესში.
„შეხვედრის ფარგლებში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო სკოლის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარეს მადლიერების სერტიფიკატი გადასცეს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო სკოლის გლობალური პერსპექტივების რეზიდენტურის პროგრამის 15 მკვლევარს საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)“ მასპინძლობს. პროგრამის მიზანია მკვლევრებს სხვადასხვა ქვეყნის ინსტიტუციები და მათი სამუშაო სტრატეგიები გააცნოს.
დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ნათია ზოიძე და პაატა ყვავაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.