იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, პანელური დისკუსია სახელწოდებით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის უფლებების დაცვა საქართველოში“ გაიმართა.
ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონაწილეებს სიტყვით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ მიმართეს. ასევე, შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას არსებული პრაქტიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს უფროსმა, იამზე ზამდარაძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, ბათუმის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა, რუსუდან სალუქვაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ გააცნეს.
„პანელურ დისკუსიას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსია მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ 14 ივნისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი აღნიშნულ ამ ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა. იურიდიული დახმარების სამსახური შექმნის დღიდან კანონით დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, სრულად ემსახურება შშმ პირებს. ამ დროიდან მოყოლებული, უფასო იურიდიული დახმარებით 3678-მა შშმ პირმა ისარგებლა. საზოგადოებრივი ადვოკატები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე ემსახურებიან მათ, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. სუსტი მხედველობისა და მხედველობის არმქონე პირთათვის ადაპტირებულია სამსახურის ვებგვერდი www.legalaid.ge, ხოლო საბავშვო ვებგვერდი www.children.las.ge ადაპტირებულია ასევე სმენადაქვეითებულთათვის, რომლებიც ჟესტურ ენას იყენებენ. სახელმწიფო მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტერიტორიული სამსახურებისა და დანაყოფების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მომსახურების ხელმისაწვდომობას. დღესდღეობით ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებულია სამსახურის რამდენიმე ოფისი და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. იურიდიული დახმარების სამსახურში დაგეგმილია სხვა რეფორმებისა და პროექტების განხორციელებაც, რომელიც საქართველოში შშმ პირთა უფლებების სამართლებრივ დაცვას უფრო მეტად გააუმჯობესებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"