გია ხუხაშვილი - “რუსეთი საქართველოს სტატუსით პირიქით ისარგებლებს და საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყენებს"
სამი ინციდენტი ერთ დღეში - ვართ თუ არა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე
დავით უსუფაშვილი - “ქართული ოცნება” ჩამდგარია პოზაში და აშანტაჟებს ევროპას!”
რატომ დაიწყო საუბარი უკრაინელთა კონტრშეტევის შენელებაზე - სისხლისმღვრელი ბრძოლის ორი კვირა და მოსალოდნელი სცენარები
ვახტანგ მეგრელიშვილი - “სააკაშვილი, მისი პარტია, მხარდამჭერი ტელევიზიები და ჟურნალისტები რასაც ამ ხნის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, ტყუილი და ფარსი ყოფილა!”
* * *
გია ხუხაშვილი - “რუსეთი საქართველოს სტატუსით პირიქით ისარგებლებს და საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყენებს"
“ხელისუფლებას აქვს ასეთი კონცეფცია, ფაქტობრივად, უნდა ატარონ კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი პოლიტიკა, მაგრამ მიუხედავად ამ ევროსტანდარტის გაგებით ცუდი საქციელისა, თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ეს უკვე კარგია, ცუდი რატომ არის? თუ არაფერს გააკეთებ და მაინც მიგიღებენ, რატომაც არა და ამის წინააღმდეგი არც რუსეთი იქნება, პირიქით, ისარგებლებს კიდეც, საქართველოს ამ სტატუსს საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყენებს. აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილი ცდილობს, დადის, ჰპირდება. თუმცა მეეჭვება ჩვენმა ხელისუფლებამ რამე გააკეთოს, პირობას კი იძლევა. ევროპა თვითონაც არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ინტეგრაცია გაგრძელდეს, კიდევ უფრო მეტად არ უბიძგოს საქართველოს რუსეთისკენ და ამიტომ ინარჩუნებს ამ ურთიერთობას, ამით კი ესენი თითქოს სარგებლობენ”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ევროპას ეუბნებიან, კი ვარ ცუდი ბიჭი, მაგრამ უნდა მიმიღოთ, თუ არადა, წავალ, აი, ლოთი მეზობელი რომ მყავს, იმას მოვურიგდებიო”.
“პოლიტიკის ინფანტილურ გაგებას, რომ უცხოეთში მკვეთრი განცხადებები აკეთო, აქ კი რადიკალურად საწინააღმდეგო თითქოს იმ განცდით, შორს არიან და მაინც ვერ გაიგებენო, მიჩვეული ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ევროსკეპტიციზმს აღვივებ და მერე ევროპაში გაკვირვებული თვალებით საუბრობენ, თითქოს აქ არაფერი ჰქონდეთ ნათქვამი. ასეთია ამ ხელისუფლების ბუნება. სტატუსის მიღება ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა და ამ ეტაპზე თუნდაც ამ მცირედით უნდა დავკმაყოფილდეთ... “დეოლიგარქიზაციის შესახებ” შანტაჟის ენით ლაპარაკობენ - თუ ბიძინას თავს გაანებებთ, მაშინ ამოვიღებთ, თუ ბიძინაზე აპელირებას გააგრძელებთ, მაშინ მივიღებთ ისეთ კანონს, რომ ბიძინას გარდა, ყველას შეეხოსო - ეს არის კონტექსტი. კობახიძის განცხადება რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად გულწრფელი იყო, ფაქტობრივად, იგივე თქვა, როდესაც განაცხადა, ბიძინას მოეშვით და ეს პირობა ამოიღეთ, თუკი დარჩება, მაშინ ისეთ კანონს მივიღებთ, რომლითაც ბიძინას გარდა ყველას და პირველ რიგში პოლიტიკურ ოპონენტებს ნებისმიერ დროს დავიჭერთო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ვფიქრობ, ევროკავშირი ამ ეტაპზეპოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. ისინი დაიღალნენ და დაიბნენ, მათთვის წარმოუდგენელია ასეთი თამაში, როდესაც თვალებში გიყურებს და გპირდება, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, კარგი ბიჭი ვარ, შენთან მეგობრობა მინდა და გამოდის შენი სახლიდან და თავის სახლში ყველას გასაგონად დედას გაგინებს. ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რა უნდა ჩვენს ხელისუფლებას, სინამდვილეში საით მიჰყავს ქვეყანა. კი ენანებათ საქართველოს გაშვება, მაგრამ რა ქნან?! ასეთი გაორებული მდგომარეობაა. ვფიქრობ, ევროკავშირს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ ჯერ მიღებული არა აქვს. ჯამში ყველაფერი ისევ უკრაინაში მიმდინარე ომზეა დამოკიდებული. ამ გლობალური ომიდან გამომდინარე ერიდებიან ხისტ დამოკიდებულებას ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნებაზე ვართ მიშვებული”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“იმის იმედი, რომ ხელისუფლება რამეს შეცვლის, არ უნდა გვქონდეს. არც არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. ხომ ვხედავთ, ჩავიდა ღარიბაშვილი და გერმანიის კანცლერმა რამდენიმე კვირა მისცა, შედეგები ვნახოთო, მაგრამ მას შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა და რამე ამოძრავდა? იქ ჩადიან, თავს უქნევენ, მერე ჩამოდიან და არაფერსაც არ ცვლიან... რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ ევროპას ვჭირდებით, მაგრამ თანაცხოვრება უპირობოდ არ ხდება. მაგალითად, თქვენ ვიღაცას ეუბნებით, მე მინდა შენთან ცხოვრებაო. იმასაც აწყობს, ამაში სარგებელს ხედავს, უნდა მიგიღოს და გეუბნება, კი ბატონო, მიგიღებ, მაგრამ ჩემს სახლში სიგარეტს არ ეწევიანო. თქვენ ჰპირდებით, კარგი, აღარ მოვწევო, მაგრამ მერე მიდიხართ, კარზე უკაკუნებთ და სიგარეტს ცხვირში აბოლებთ. ის გეუბნებათ, ხომ შემპირდი, სიგარეტს გადავაგდებო, შენ კი პასუხობ, შენ ვინ გეკითხება, გადავაგდებ თუ არაო. აი, ამას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება - სიგარეტის მოწევას ეროვნულ ტრადიციად, რელიგიურ მოთხოვნილებად ასაღებს. ქმნიან ვითომ საფრთხეებს და მერე ამ საფრთხეებისგან ვითომ ხალხს იცავენ”, - ამბობს ანალიტიკოსი.
“თითქოს ჩვენს რელიგიას ემუქრება ევროპა, ან თითქოს ერთსქესიანთა ქორწინებას ითხოვენ - ამით ურეცხავენ ტვინს. ვინმემ სადმე ევროპისგან ეს მოთხოვნები მოისმინა? ვინმეს ამის დამადასტურებელი უნახავს? თუმცა ხელისუფლება ამ სპეკულაციური თემებით თვითონ ქმნის ფსევდოსაფრთხეებს და მერე ”წარმატებით ებრძვის”. ასეთია ამ ხელისუფლების ბუნება - ამ უტიფარი მეთოდების გამოყენებით ცდილობენ ხალხისთვის ტვინის არევას. ვისთანაც გამოუვათ, აურევენ! მიზანი ერთადერთია - ძალაუფლების შენარჩუნება. ჩვენი ხელისუფლება არ არის არც პროდასავლური და არც პრორუსული. მისი მიზანი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა და მეტი არაფერი. დასჭირდებათ წითელი დროშა, გამოფენენ, დასჭირდებათ ნატოს დროშა, ნატოს დროშას გამოფენენ, პრობლემა არა აქვთ. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ევროპა, მაგრამ ურჩევნიათ თავის პირობებზე მორგებული და არა ისე, რომ ევროპის თამაშის წესები აღიარონ. ევროპას ეუბნებიან, კი ვარ ცუდი ბიჭი, მაგრამ უნდა მიმიღოთ, თუ არადა, წავალ, აი, ლოთი მეზობელი რომ მყავს, იმას მოვურიგდებიო”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “თუ არ მოგვცეს სტატუსი, რა მოხდება?” - პასუხობს:
“ამით ცხოვრება არ მთავრდება. რა თქმა უნდა, აჯობებს, მოგვცენ. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, სტატუსის მიღებას ხელისუფლება თავის გამარჯვებად გააფორმებსო. გააფორმოს, რა პრობლემაა. ქვეყნისთვის ხომ იქნება კარგი, გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამიტომ თუ მივიღებთ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში კარგი იქნება, ვინც რა უნდა თქვას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა და ჩვენ გავიმარჯვეთ. ასე თურქეთი ოცი წელია, კანდიდატია და ერთი ნაბიჯით არ წაუწევია წინ. ეს დიდი გზის დასაწყისია. ევროკავშირი ამით თავის მოთხოვნებს კი არ შეცვლის, უფრო ინტენსიურად მოითხოვს”
“თუ სტატუსს არ მივიღებთ, რა თქმა უნდა, ეს გაამწვავებს პოლიტიკურ რადიკალიზაციას ქვეყანაში და ხელისუფლებას ამის ეშინია. სტატუსი კი არ სჭირდებათ, შიდაპოლიტიკურ პრიზმაში უყურებენ ამას. თუმცა ასეც რომ მოხდეს, ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, შიდა სამზარეულო ქვეყანაში ჩვენი დასალაგებელია. ჩვენ ეს პირობები ევროკავშირისთვის კი არ გვინდა, ჩვენთვისვე გვჭირდება. ამიტომაც ეს პირობები იმიტომ კი არ უნდა შევასრულოთ, რომ ევროკავშირში მიგვიღონ, როგორც ხელისუფლებაც და ოპოზიციის დიდი ნაწილიც ამბობს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის გვჭირდება. ევროპა ჩვენთვის გეოგრაფიული კი არა, ფასეულობითი არჩევანია. ისიც ცხადია, თუ არ მოგვცეს, ხელისუფლება შეეცდება ევროსკეპტიციზმი გააღვივოს, მაგრამ რისთვის ხარ ოპოზიცია? თუ არსებობს პროპაგანდა, არსებობს კონტრპროპაგანდაც. თუ ხელისუფლება უსინდისოდ თამაშობს და სპეკულირებს ყალბი თემებით, კონტრპროპაგანდამ ხომ უნდა მოახერხოს რეალობის აღწერა? ამაშია საქმე, მხოლოდ ხელისუფლება კი არა, ოპოზიციის სისუსტეც პრობლემაა, რომელიც ვერ ახერხებს საზოგადოებისთვის ახსნას, თუ როგორია რეალობა”, - დასძენს ხუხაშვილი.
სამი ინციდენტი ერთ დღეში - ვართ თუ არა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე
“ამ უქმეებზე რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეებს შორის. ანალიტიკოსებს ამის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, რადგან, მათი შეფასებით, ძალადობის ასეთი აფეთქებისათვის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. თუმცა, “რეზონანსთან” საუბრისას პრაქტიკულად გამორიცხავენ, რომ ეს რაიმე მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების დასაწყისი იყოს. შაბათს “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გორში, “სმარტთან” დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მან დაზიანება თვალის არეში მიიღო. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ჯაფარიძე რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. თავდამსხმელი კი იმავე დღეს დააკავეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამი ინციდენტი ერთ დღეში - ვართ თუ არა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე.
“17 ივნისს ასევე მოხდა ინციდენტი სტუდენტებს შორის თსუ-ში, სადაც ერთმანეთს სტუდენტები დაუპირისპირდნენ. უნივერსიტეტში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის და თსუ-ს ლექტორის ირაკლი კობახიძე ლექციის ჩატარების დროს ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. მოგვიანებით კი თსუ-ს ინციდენტს ხეჩინაშვილის კლინიკაში მოჰყვა გაგრძელება, სადა ჩხუბისას დაშავებული ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე გადაიყვანეს. თუმცა, ამ ინციდენტზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება. შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს ლუკა შველიძე და მისი ახლობლები დაესხნენ. ამის გამო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. თუმცა, თავად ლუკა შველიძე აცხადებს, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“17 ივნისს დილით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ბორჯომში. “გირჩი - მეტი თავისუფლების” პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვების სროლა დაიწყო. პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ. ტრენინგის მონაწილეთა თქმით, ამ თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელიც ახლახანს დაარსებული მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ერთ-ერთი ლიდერია. მათივე ინფორმაციით, პოლიცია თავდასხმის ადგილზე მხოლოდ 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და არავინ დაუკავებია. თავად შაქარაშვილმა ქვების სროლის ფაქტი უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ ინციდენტში მისი მოძრაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.
“არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობა მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები”, - განაცხადა თავდასხმის ადგილას მყოფმა ვატო შაქარიშვილმა. შსს-ს ინფორმაციით, ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია ს/ს კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 18 ივნისს კი იგივე ვატო შაქარაშვილი და მისი ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში, “კოკა-კოლას” ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც “ფრანკლინის კლუბის” მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობდა, თუმცა, ამჯერად საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა”, - დასძენს გამოცემა.
“რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამ ინციდენტებს იმით ხსნის, რომ ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს მოთმინების ფიალა აევსოთ. თუმცა, მისი შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს რაიმე მასშტაბურ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ ასეთი დაპირისპირებები, როგორც წესი, არჩევნების პერიოდს ემთხვევა ხოლმე. 17 ივნისის ინციდენტები კი, მისი შეფასებით, შესაძლოა ხელისუფლების მიერ იყოს პროვოცირებული, რათა საზოგადოებაში შში და დაბნეულობა შემოიტანოს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ეს მიანიშნებს, რომ მხარეებს მოთმინების ფიალა ევსებათ და უკვე თავს ვეღარ იკავებენ იქ, სადაც წესით თავის შეკავებაა უპრიანი. თითქოს ახალი არაფერი ხდება, ყველა იქცევა ისე, როგორც ადრე იქცეოდა, მაგრამ ახლა, რადგან გაჩნდა ეს რეაციები, ეტყობა მოთმინების ფიალა ნელნელა აევსოთ. სიმბოლურად ჯაფარიძის შემთხვევა რომ ავიღოთ, გარკვეული პროცესების მონაწილე მხარეები არიან ისინი, ვისთვისაც მისაღებია ჯაფარიძის მოქმედება ბოლო პერიოდის განმავლობაში და ვისთვისაც მიუღებელია. ახლა ვერ ვიტყვით, რომ შარვლის ჩახსნა ყველასთვის მისაღები იყო და ვერც იმას ვიტვით, რომ ყველასთვის მიუღებელი იყო. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ აქამდე ეს რეაციები ფიზიკური ანგარისშსწორებისა არ იყო. რაც შეეხება თსუ-ში დაპირისპირებას, ადრეც იყო მსგავსი დაპირისპირება და, ასე ვთქვათ, არ გადაზრდილა ძალადობაში. ახლა რომ გადაიზარდა და უფრო მძაფრი გახდა, იქაც მემგონი მოთმინების ფიალა ივსება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ჩვენ გვინახავს სამოქალაქო დაპირისპირებაც და სამოქალაქო ომიც ვნახეთ. ეს გულისხმობს, რომ არსებობს საზოგადოების ორი თანაბრად დიდი ნაწილი, რომელიც შეუგუებელი უნდა გახდეს ერთმანეთის მიმართ და ა.შ. მემგონი ასეთ ფორმატს არ მიიღებს ეს პროცესები ბევრი მიზეზის გამო. თუნდაც იმიტომ, რომ იმ მასშტაბის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ იყო, ისტორიის ამ ბოლოს საფეხურზე აღარავის უნდა და სტაბილური ქვეყანა ბევრისთვის უფრო სასურველია, ვიდრე ადრე. თუმცა არიან არასტაბილურობის მოსურნეებიც, ისინი, ვინც პროვოცირებას უკეთებენ არასტაბილურობას და ვინც ამაზე იძლევიან რეაქციას და რაც მთავარია, მეორე მხარე, ვისაც სტაბილურობა უნდა, სწორედ არასტაბილურობას უწყობენ ხელს. იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არასტაბილურობას ქმნის”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
“პერმანენტულად ასეთი დაპირისპირებები მეორდება ყველა ხელისუფლების პირობებში. როდესაც ხელისუფლება შედის ჩიხში, შემდეგ ჩნდება ასეთი დაპირისპირებები. ასეთი რამ საარჩევნო პერიოდს უფრო ემთხვეოდა ხოლმე. არც მანამდე იყო გამორიცხული, მაგრამ უფრო აქტიური ხდებოდა საარჩევნო პერიოდში. ახლა სრულიად გაუგებარია ასეთი ინტენსივობა. საკმაოდ დიდი დროა არჩევნებამდე და გაუგებარია ამ ინტენსივობით ამ დაპირისპირების გამოვლენა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, ხელისუფლება ასეთ პროცესებს იწყებს მაშინ, როდესაც მოსახლეობაში კარგავს რეიტინგს და ცდილობს რამენაირად საზოგადოებაში შიშისა და დაბნეულობის ელემენტი შემოიტანოს. დაახლოებით ასე იყო 2011 წელს. პოლიტიკაში ივანიშვილის მთავარი დამსახურება, დღევანდელი გადასახედიდან, იყო ის, რომ მან სამოქალაქო დაპირისპირებას აგვაშორა თავიდან. რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” ალბათ არჩევნებს გააყალბებდა და მოიგებდა. მაშინ ვიდექით სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე, რადგან ისეთი განწყობა იყო მოსახლეობაში, რომ წარმოუდგენელი იყო მაშინდელ ხელისუფლებას შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ქაოტური პროცესები დაიწყებოდა. დღევანდელი შეფასებით კი, ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას ის სხვაგვარად ვერ შეძლებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
დავით უსუფაშვილი - “ქართული ოცნება” ჩამდგარია პოზაში და აშანტაჟებს ევროპას!”
“ევროპელი ლიდერების განცხადებები და მოქმედებებიც ნათლად მეტყველებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად წარმოუდგენიათ. ევროპელი ლიდერების ხედვებში ასეთი ცვლილება განპირობებულია რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესიითა და გაზრდილი მადით, აღადგინოს საბჭოთა იმპერია. ევროპელებმა დაინახეს თავისუფალი სამყაროს გაფართოებისა და კავკასიის ევროპის ნაწილად გადაქცევის აუცილებლობა. ეს არის ძალიან სერიოზული, გლობალური, გრძელვადიანი ამოცანა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა დედამიწის რაც შეიძლება დიდ ნაწილში. ჰაჯა ლაჰიბმისა და ოლაფ შოლცის განცხადებები ნიშნავს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა უპრეცედენტო და პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღეს საქართველოს შესახებ - მათ სურთ საქართველო ევროპაში, ამასთან, ევროპული სტანდარტებით. ამიტომ დახარჯეს ამდენი დრო და რესურსი”, - აცხადებს პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართული ოცნება” ჩამდგარია პოზაში და აშანტაჟებს ევროპას!”
“ჯერ კიდევ შარლ მიშელის თბილისში ვიზიტებმა და მისმა დაუღალავმა შრომამ ცხადყო, რომ საქართველოში დემოკრატიის წარმატება მათთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და გლობალური კატასტროფის შემდგომ ეს უფრო თვალსაჩინო გახდა. ამიტომ არ გვითხრეს მთლად უარი კანდიდატის სტატუსზე, თორემ შარშან სრულიად გაუგებრად, მიუღებლად მოიქცა საქართველოს ხელისუფლება. გარდა იმისა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება გააუქმა, კანდიდატის სტატუსის მოლოდინში სრულიად არაადეკვატურად მოიქცა. მერე იყო 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, ამხელა ყურადღება და დახმარება. საქართველოს უზარმაზარი ისტორიული შანსი გაუჩნდა. გაეროს წევრები რომ ვართ, ამაში არაფერია განსაკუთრებული, მთელი მსოფლიოა ამ ორგანიზაციის წევრი. არც ევროსაბჭოს წევრობაა მნიშვნელოვანი, მთელი ცენტრალური აზია ევროსაბჭოს წევრია. ძალიან ძნელია იმის ყურება, როგორ ნაძალადევ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, როგორი აშკარა ანტიამერიკული და ანტიევროპული რიტორიკა აქვს, როგორ ემთხვევა ჩვენი ხელისუფლების პოზიციები რუსეთისას იმაზე, თუ რა მოხდა უკრაინაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.
“ჩვენი ხელისუფლება ცდილობს გაავრცელოს მოსაზრება, რომ თურმე უკრაინას ნატოს წევრობა რომ არ მოენდომებინა, რუსეთი არ შეიჭრებოდა. ზუსტად ამას ეუბნება პუტინიც საკუთარ მოსახლეობას. ჩვენი ხელისუფლების ასეთი რიტორიკა უკიდურესად ამცირებს ჩვენს შანსს. კარგი ის არის, რომ ევროპას ხელი არა აქვს ჩაქნეული. შესაძლებლობის ფანჯარა ღიად აქვს დატოვებული... 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების და ახალი ხელისუფლების იმედი მაქვს. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ასეთი იყო 2020 წელსაც, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს არ ან ვერ დაინახა. იმედია, ახლა დაინახავს. ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსი. კიდევ უკეთესი იქნებოდა, შარშან რომ მოეცათ, მაგრამ სტატუსი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გვიშველის. ამიტომ ხელისუფლების შეცვლას ალტერნატივა არა აქვს!”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“ლელოს” აქვს მწყობრი და მკაფიო პროგრამა - მარშალის გეგმა, რომლითაც 2022 წლის არჩევნებზე წარვდექით. მოგეხსენებათ, საიდან მოდის ტერმინი “მარშალის გეგმა” და იცით, რომ ეს იყო ევროპის აღდგენის გეგმა. რუსული ოკუპაციის დასრულების შემდგომ საქართველოს სწორედაც მარშალის გეგმის მსგავსი სერიოზული პროექტი სჭირდება. როდესაც ჩვენ ამ წინადადებით გამოვედით, ყველა გაოცებული გვიყურებდა, ვინ აპირებს ჩვენთვის ასეთი მასშტაბური დახმარების გაწევასო. აგერ ახლა, საუბრის დასაწყისში თქვენ თავად მოჰყევით, რომ დასავლეთი მზად არის ჩვენს დასახმარებლად და მხარს გვიჭერს. ჩვენი აზრით, თუ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოში ძალიან სწრაფად დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა. “ლელომ” სათანადოდ მიიტანა ეს ყველაფერი საზოგადოებამდე?! ვერა! ჩვენც შეცდომებზე ვსწავლობთ. შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებისთვის ყველაფერს უკეთ დავანახვებთ ამომრჩეველს. ნათლად წარმოვადგენთ ქვეყნის წინსვლისა და სამშობლოდან გაქცევის ნაცვლად სამშობლოში დაბრუნების სქემას. ამის დასტურად წალენჯიხის მაგალითი გვაქვს. რაც შეეხება ომსა და მშვიდობას, ხელისუფლებას სურს ჩვენ მუდმივად თავს ვიმართლებდეთ. არადა, ვისაც ამ ქვეყანაში ჭკუა მოეკითხება, ყველას შეუძლია დანახვა, რომ “ლელოზე” მშვიდობისმოყვარე პოლიტიკური ჯგუფი არავინ არის, გინდა გუნდურად და გინდა ინდივიდუალურად!” - ამბობს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი.
“ომის საფრთხის თემა ხელისუფლების შემოგდებულია და ზედმიწევნით იმეორებს კომუნისტური პერიოდის კლიშეებს. თურმე მხოლოდ კომუნისტური პარტია იყო მშვიდობის მოყვარული და გარანტი, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ომზე იყო გაგიჟებული! სინამდვილეში, თვითონ ჰყავდა მეზობელი თხუთმეტი ქვეყანა დამონებული და კიდევ აზიასა და აფრიკაზე ეჭირა თვალი. ახლა საქართველოში არც ერთი საღად მოაზროვნე არ ფიქრობს, რომ საქართველოს ომი სჭირდება ან შეუძლია... ძალიან გთხოვთ, შემახსენეთ, 1989 წელს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა გაცხადებული ჰქონდა? არა, ხომ? რატომ გლეჯდა და ანაწევრებდა რუსეთი საქართველოს? როდის ლაპარაკობდა უკრაინა ნატოში გაწევრებაზე, რუსეთი ყირიმში რომ შევარდა და გამოაცხადა, ჩემიაო?! 2008 წელს რუსეთმა რომ დაიპყრო საქართველო, ვისი ან რისი დამსახურება ჰგონია ამ ხალხს, მართლა ფიქრობენ პუტინს შევეცოდეთო? ნუთუ ამ ხალხმა არ იცის, რომ შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ხომალდების შემოსვლამ გადაგვარჩინა?! სამხედრო ხომალდებს თბილისის ცაზე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ამერიკული თვითმფრინავები მოჰყვა და მოსკოვი გააფრთხილეს, რომ თუ რომელიმე ვერტმფრენს რამე დაემართებოდა, ეს აღიქმებოდა აშშ-ზე თავდასხმად!” - ამტკიცებს დავით უსუფაშვილი.
“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ფაქტების, ისტორიის გაყალბებით, ყველაფრის პირიქით წარმოჩენით და ტყუილებზე დაყრდნობილი პროპაგანდით არის დაკავებული. იცით, ეს ყველაფერი რისთვის სჭირდებათ? კაზინოს მოთამაშეებივით არიან - ხედავენ, რომ ევროპა დაინტერესებულია საქართველოს ევროპის ფარგლებში მოქცევით, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი ინტერესები არ შელახონ. მათი ინტერესებია: ერთპარტიული მმართველობა, კონტროლი სასამართლოზე, მედიაზე, პარტიებზე, საარჩევნო კანონის მორგება. ვა-ბანკზე მიდიან, ფიქრობენ, სად წავა ევროპა, აბა, რუსეთს ხომ არ ჩააბარებს საქართველოსო. კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და ჩვენებურადაც გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას... ფიქრობენ, ვა-ბანკზე კი მივდივართ, მაგრამ ვაითუ არ მოგვცენ სტატუსიო, და ამისთვისაც უნდა ჰყავდეთ ადგილზე აგენტები, უნდა ჰყავდეთ მომზადებული “გლობალური ომის პარტია”, რომელთაც ერთად შეფუთავენ და ეტყვიან ხალხს, ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, მაგრამ მაგათ სხვა რამ უნდოდათ ჩვენგან. ბიძინას იმიტომ ართმევენ ფულებს, რომ ვერ დაითანხმეს რაღაცაზეო. ბიძინას უყვარდა ტერმინი “ხელწერა”. ახლა აშკარად ჩანს მისი ხელწერა - კაზინოში მოთამაშის”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“როცა შეიმუშავეს პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, ყველა ვეუბნებოდით, რომ ეს არ იყო ის, რასაც ევროპა ითხოვს ჩვენგან. არაო, მოიკლეს თავი, მიიღეს პირველი მოსმენით და გაგზავნეს ვენეციის კომისიაში. იქიდან კი მოვიდა დასკვნა - ბატონებო, ამ კანონში რაც გიწერიათ, დეოლიგარქიზაციისკენ კი არ არის მიმართული, უფრო მეტ პრობლემას შექმნისო. რა ქნეს? გააქანეს და მეორე მოსმენით მიიღეს კანონი. ამ ფაქტიდან თავად გამოიტანეთ დასკვნა, “ქართული ოცნება” ზედმიწევნით მიჰყვება რეკომენდაციებს, თუ ჩამდგარია პოზაში და აშანტაჟებს ევროპას! მეორე მაგალითი, შეიკრიბებიან ბრიუსელში ევროპარლამენტარები და 80-90%-იანი მხარდაჭერით მიიღებენ რეზოლუციებს, რომლებშიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებენ. გამოდიან მერე “ოცნების” ლიდერები და ამბობენ, ევროპარლამენტარები რეალობას არიან აცდენილი, მოსყიდული არიან, გლობალური ომის პარტიას წარმოადგენენ, ქართველობას გვართმევენო. რას ამბობენ, “ქართული ოცნების” წევრები? ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტი უნდა დავიცვათ, ყველა პირობით კი არ შევალთ ევროკავშირშიო. ეს ხომ თვალთმაქცობაა?! ევროკავშირი რა ტიპის ორგანიზაციაა და როგორ იმართება, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით. `ოცნებამ~ სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრება ჩვენი მთავარი ამოცანაა. ახლა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამბობენ, თითქოს ევროკავშირი ჩვენს დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხე”, - განმარტავს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი.
“მაგალითისთვის მოვიყვანოთ მალტა. ეს პატარა, კუნძულოვანი ქვეყანა ისევე მონაწილეობს დიდი ევროკავშირის საკითხების გადაწყვეტაში, როგორც დიდი გერმანია. ანუ საქართველო ევროკავშირის წევრი თუ გახდება, სუვერენიტეტს კი არ დაკარგავს, მთელ ევროპაზე გავრცელდება ჩვენი გავლენა და ჩვენი მთავრობის მეთაური სხვებთან ერთად მიუჯდება ევროსაბჭოს მაგიდას და მისი თანხმობის გარეშე ერთი ევროც ვერ განიკარგება ევროკავშირის მასშტაბით! ეს ფაქტებია! მივაწოდოთ ფაქტები ხალხს და ყველაფერი თავად განსაჯონ. მე მწამს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს და ამ დიდი კავშირის წევრი გახდება. საკითხავი ის არის, რა ფასად დაგვიჯდება ეს. ჩვენ ადრეც შეგვეძლო ევროკავშირის წევრად გახდომა, ისიც შეგვეძლო, რომ არ გავხვეულიყავით სამოქალაქო ომში, ერთმმართველობისა და ავტორიტარიზმის ჭაობში, მაგრამ... ყველა უბედურება დავმართეთ ქვეყანას. იმის მაგივრად, ახლა მაინც მოვიქცეთ გონივრულად და გამოვიყენოთ ისტორიული შანსი, როდესაც ევროპა აქეთ არის ჩვენით დაინტერესებული, ჩვენ ისევ შიდა იწილო-ბიწილოთი ვართ დაკავებული!”, - დასძენს დავით უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “სააკაშვილმა ისევ დააანონსა, რომ ბრუნდება აქტიურ პოლიტიკაში...” - პასუხობს:
“სააკაშვილი რამდენჯერაც დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, იმდენჯერ თავიც წააგო და ქვეყანაც აზარალა”
რატომ დაიწყო საუბარი უკრაინელთა კონტრშეტევის შენელებაზე - სისხლისმღვრელი ბრძოლის ორი კვირა და მოსალოდნელი სცენარები
“უკრაინელთა მიერ კონტრშეტევის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ფრონტის ხაზზე მნიშნელოვანი ცვლილებები ჯერ არ მომხდარა. უკრაინულ არმიას ზოგიერთ მონაკვეთზე წინსვლა აქვს და რამდენიმე დასახლებული პუნქტიც გაათავისუფლეს, თუმცა რუსების ფრონტი ჯერ გარღვეული არ არის. ზოგიერთი დასავლური მედია კი იუწყება, რომ უკრაინის სარდლობამ რამდენიმე მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციები შეაჩერა და ვითარების გაანალიზების შემდეგ, კონტრშეტევის გეგმაში გარკვეული კორექტივების შეტანას გეგმავს. დასავლური მედიის ცნობით, ბოლო ორი კვირის ბრძოლების შემდეგ ორივე მხარეს საგრძნობი დანაკარგი აქვს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით. თუმცა, მხარეთა რესურსებიდან გამომდინარე, უკრაინელთა დანაკარგებს დასავლეთში უფრო საყურადღებოდ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ეს გარკვეულწილად შესაძლოა ომის მსვლელობაზეც აისახოს. მათი შეფასებით, ბოლო ორ კვირაში გამოიკვეთა, რომ რუსებს საგრძნობი უპირატესობა აქვთ ჰაერში და არტილერიის თვალსაზრისით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ დაიწყო საუბარი უკრაინელთა კონტრშეტევის შენელებაზე - სისხლისმღვრელი ბრძოლის ორი კვირა და მოსალოდნელი სცენარები.
“უოლ სტრიტ ჯორნალი” წერს, რომ უკრაინა “მთელი ძალებით ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსების რუსების უპირატესობას ჰაერში და არტილერიაში, რაც აფერხებს მათ შეტევას აღმოსავლეთსა და სამხრეთში”. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო დღეების “არაერთგვაროვანი შედეგების” გამო, უკრაინის სარდლობამ პრაქტიკულად შეაჩერა შეტევითი მოქმედებები და ამჟამად საკუთარ სტრატეგიას აანალიზებს. “ვაშინგტონ პოსტის” შეფასებით, რუსებს 7 თვე ჰქონდათ უკრაინის კონტრშეტევისათვის მოსამზადებლად. მათ დაცვის ხაზში, რომელიც ზაპოროჟიედან ბელგოროდამდეა 900 მილზე გადაჭიმული, არის სუსტი წერტილები, თუმცა რუსებმა უკვე მოახერხეს უკრაინელთა შეტევის შენელება. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად კი, უკრაინის სამხრეთის ნაწილში რუსული არმია ეფექტურ თავდაცვით ოპერაციებს აწარმოებს. მათივე შეფასებით, დაპირისპირების ხაზზე მძიმე ბრძოლა გრძელდება, მათგან ყველაზე ინტენსიური კი - ზაპოროჟიეს ოლქში, დონეცკის ოლქის დასავლეთ რაიონებსა და ბახმუტთან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ყველა ამ მიმართულებით უკრაინა აგრძელებს შეტევით ოპერაციებს და მიაღწია მცირე წარმატებას”, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში. უკრაინელთა წარმატებას რუსული მხარეც აღიარებს. კვირას ზაპოროჟიეს ოლქის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ როგოვმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრძოლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში დასახლებული პუნქტი პიატიხატკა დაიკავეს. “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოქცევა მოახერხეს. მტრის შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო”, - წერს როგოვი “ტელეგრამზე”. მისი შეფასებით, თუ უკრაინა პიატიხატკში გამაგრდება, შეეცდება ჟერებიანკას მიმართულებით დარტყმის განხორციელებას და ეს გამოიწვევს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვასილევკას შეუტევენ. ყოველივე ამის ფონზე, ევროკავშირმა უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების დაჩქარება გადაწყვიტა, რათა კონტრშეტევის ტემპი არ შენელდეს. ამის შესახებ შიდა პოლიტიკისა და სამხედრო მრეწველობის ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა ისაუბრა “ლე პარიზიენთან” ინტერვიუში”, - დასძენს გამოცემა.
“ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავააქტიუროთ ჩვენი ძალისხმევა შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდების თვალსაზრისით. ეს მაღალი ინტენსივობის ომია, სადაც ამას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს”, - აცხადებს ბრეტონი. ქართველი ანალიტიკოსები უკრაინელთა კონტრშეტევის შეჩერებაზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევენ. როგორც პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, უკრაინას არ უნდა ჰქონოდა იმის ილუზია, რომ მათ კონტრშეტევას რუსები მოუმზადებელი დახვდებოდნენ. უკრაინული არმიის მთავარი მიზანი კი ამ ეტაპზე არა სწრაფი წინსვლა და ტერიტორიების გათავისუფლება, არამედ მოწინააღმდეგის გამოფიტვაა”, - წერს სტატიის ავტორი.
„ყველა იმ ანალიტიკოსს, ვისაც ეგონა, რომ ორ კვირაში უკრაინა წარმატებებს მიაღწევდა, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს სამხედრო საქმის შესახებ. ეს არის გრძელვადიანი ომი, რომელიც ძირითადად როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან გამოიხატება გამოფიტვითი ბრძოლის წარმოებაში. უკრაინის კონტრშეტევა პირველ ეტაპზე არ ისახავს მიზნად მაინც და მაინც ტერიტორიის დაკავებას. ეს გულისხმობს წნეხის გაზრდას რუსულ ქვედანაყოფებზე, რომ ისინი გამოიფიტონ. არ მგონია უკრაინელებს იმის იმის მოლოდინი ჰქონოდათ, რომ რუსეთი მათ კონტრშეტევას მოუმზადებელი დახვდებოდა. რა თქმა უნდა, რუსეთი მომზადებული დახვდა და ამ ომში სწრაფი შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ეს არის გრძელვადიანი ომი. ახლა ჩვენ რასაც რეალურად ვხედავთ და ვაკვირდებით, თუკი აქამდე უკრაინა სტრატეგიულ და თავდაცვით ოპერაციებს ამზადებდა, ახლა ნელ-ნელა გარკვეულ მიმართულებაზე ინიციატივა აიღო თავის თავზე. მაგრამ ეს არის მცირე ზომის შეტევები ყველა მიმართულებით. მათ შორის ჩვენ ვნახეთ რეიდი ბელგოროდის ოლქში და ასევე შეიძლება ვნახოთ კურსკის ოლქში. ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ რუსებმა რაც შეიძლება ბევრი მიმართულებით გადაანაწილონ თავისი რესურსი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“რუსეთს საკმაოდ ჰყავს ავიაციაც და არტილერიაც, თუმცა მათი სუსტი მხარე ამ ომში არის მომზადებული ცოცხალი პირადი შემადგენლობა, რომელიც უკვე არ ჰყავს საკმარისი რაოდენობით. ეს ომი რაც უფრო გაგრძელდება, მით უფრო გაუჭირდება ამ დანაკარგების შევსება. სწორედ ამიტომ ააფეთქეს ნოვო კახოვკის კაშხალი, რითაც ფაქტობრივად ის მიმართულება დიდი ხნით გადაკეტეს და მცირე ძალებით შეუძლიათ მისი დაცვა. პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი კი გადმოიყვანეს სამხრეთის მიმართულების აღმოსავლეთ ნაწილში, რათა გაამაგრონ თავდაცვითი ზოლი. გაგრძელება ექნება ამას ზუსტად ისეთი, როგორც ვამბობ - გარკვეულ მიმართულებაზე უკრაინა შეუტევს, გარკვეულ მიმართულებაზე გაგრძელდება კონტაქტური ბრძოლები, ჩვენ კიდევ ვიხილავთ რეიდს ბელგოროდის ოლქში და კურსკის ოლქშიც, რათა რუსებმა მაქსიმალურად გადაიტანონ ყურადღება სხვადასხვა მიმართულებაზე. პარალელურად უკრაინა დაელოდება ახალი შეიარაღების ეტაპობრივად მიწოდებას. მაგრამ ომი სწრაფად არ დამთავრდება, ამის მოლოდინი არ აქვთ არც უკრაინელებს და არც არავის”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ძალიან ძნელი სათქმელია უკრაინელები შეცვლიან თუ არა ტაქტიკას და სტრატეგიას. სტრატეგია არ შეიცვლება, მაგრამ ტაქტიკური ცვლილებები იქნება სხვადასხვა სახით და ალბათ უკრაინა კიდევ უფრო მოუმატებს შეტევის ტემპს. როგორ წარმოგიდგენიათ კონტრშეტევის შეჩერება. ამ ომის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ დღესდღეობით ამის ალბათობა ნულის ტოლია. სანამ პუტინია რუსეთის ხელისუფლებაში, ისინი არ აპირებენ უკრაინის ტერიტორიის იოლად დატოვებას. უკრაინა კი აპირებს, რომ ახლა დაამთავროს ყველაფერი და ეს კონფლიქტი მომავლისთვის არ გადადოს. ყველანაირი რესურსი აქვს უკრაინას, რომ ბოლომდე გავიდეს და გაიმარჯვოს და რატომ გაჩერდება?!”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.
ვახტანგ მეგრელიშვილი - “სააკაშვილი, მისი პარტია, მხარდამჭერი ტელევიზიები და ჟურნალისტები რასაც ამ ხნის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, ტყუილი და ფარსი ყოფილა!”
“მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, რომ რასაც ევროპელი პარტნიორები ჩვენგან ითხოვენ, ნამდვილად გვჭირდება. 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან შეიძლება ყველა ერთნაირად არ გვჭირდება, მაგრამ მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მმართველობის სისტემა, რომელიც ჩვენთან არაევროპულია, და სასამართლო სისტემა, რომელიც საერთოდ არა გვაქვს. დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ გულწრფელი იყავითო, არ ვუჯერებთ. პრობლემა ის არის, ის პირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ, პრინციპულ შეხედულებებსა და ბიუროკრატიულ ვალდებულებებს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. “ქართულ ოცნებას” ევროკავშირის ლიდერების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომუნისტურ პარტიას ჰქონდა კრემლის მიმართ”, - აცხადებს “გირჩის” ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “როგორც ჩანს, “ოცნების” ჯანდაცვამ ისე “მაგრად” იმუშავა, რომ მიშა არა მარტო გამოაჯანმრთელა, პოლიტიკაში გააქტიურების სურვილიც კი გაუღვიძა”.
“ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს “ზემოდან” რაღაც დაგვავალეს და მთავარია, ჩვენ ეს ქაღალდზე შევასრულოთ. ესე იგი, იმ ხალხის მოტყუებას ვცდილობთ, ვის კლუბში შესვლაც გვინდა. ეს სიტუაცია ჩვენთვის ძალიან სარისკოა, რადგან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მეგობრებს ვერ ცნობს და არ თანამშრომლობს მათთან, არეულია და თავის მართლების მიზნით მოსახლეობას ატყუებს. პრემიერი და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები გვეუბნებიან, რომ ომი აირიდეს თავიდან, ქვეყანა პროვოკაციაში ჩართვას გადაარჩინეს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ 21-ე საუკუნეა, ეს განცხადებები ითარგმნება და დასავლელი პარტნიორებისთვის ცნობილი ხდება ის რიტორიკა, რომელიც “ქართულ ოცნებას” შიდა აუდიტორიისთვის აქვს გამიზნული. ამიტომ გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, რომ ორ სკამზე ჯდომას თავი დავანებოთ და გადავწყვიტოთ, რა გვინდა! მაშინ ასე თუ ისე გასაგები იქნება ჩვენი მოძრაობის ტრაექტორია, შეცდომების გამოსწორებაში კი მეგობრულად დაგვეხმარებიან. დასავლელ პარტნიორებს ვერ დაუჯერებიათ, როგორ შეიძლება ხელისუფლება, რომელიც ოფიციალურად ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, მეორე მხრივ რუსულ ნარატივს ავრცელებდეს. აი, ეს აცდენა აბნევთ და აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მეგრელიშვილი.
“ჩვენ გვაქვს ვერტიკალი, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას, მერე მოდის მასთან დაახლოებული ვიწრო წრე, მერე ფორმალურ თანამდებობებზე დასაქმებული “ქართული ოცნების” ათასობით მაღალჩინოსანი. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ იმ მაღალჩინოსნებმა იციან, თუ რა სურვილები აქვთ სინამდვილეში ივანიშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ მთელი “ქართული ოცნება” პრორუსულია. ვფიქრობ, ის მაღალჩინოსნები ისევე მუშაობენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებული პატრიოტი ხალხი. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ამ ხალხს უნდა ხელისუფლების შენარჩუნება და თავგამოდებით იბრძვის ამისთვის. რაზე არიან წამსვლელი მიზნის მისაღწევად, ამის დატესტვა მხოლოდ ცხოვრებას შეუძლია, მე ვერ მივხვდები. ერთადერთი, რასაც, მგონი, სწორად ვხვდები, ის არის, რომ ეს ხალხი შეცვლილ გარემოში აპირებს იმ ტაქტიკის გამოყენებას, რასაც პოლარიზება ჰქვია და რამაც 11 წელი გაატარებინა “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“შეცვლილ გარემოში გულისხმობ იმას,რომ მთელი 11 წლის განმავლობაში ხელისუფლების რიტორიკა სააკაშვილის სიძულვილს ეყრდნობოდა და ხალხს ეუბნებოდა, თუ მე არ ვიქნები, ის გიჟი მოვა ხელისუფლებაში და დაგერევათო. ეს მექანიზმი ამ დრომდე მართლა კარგად მუშაობდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” მიაწებეს “დასავლური, გლობალური ომის პარტია”. ესე იგი, გვეუბნებიან, რომ სააკაშვილსა და მის პარტიას “გლობალური ომის პარტია” უჭერს მხარს, ოღონდ არც კობახიძეს და არც სხვა ვინმეს, ვინც ამაზე ლაპარაკობს, არ შეუძლიათ თქვან, ეს ორგანიზაცია ვის ან რას წარმოადგენს. მგონი, ეს ყველაფერი ხელისუფლების შესანარჩუნებლად ხდება, ხოლო ვექტორი დასავლურია თუ რუსული, მეორეხარისხოვანია მმართველი გუნდისთვის და პრობლემაც ეს არის. “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის სურვილს სწირავს ქვეყნის დასავლურ ვექტორს”, - მიიჩნევს “გირჩის” ლიდერი და შეკითხვაზე - “ სააკაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ დემენცია, კახექსია და კიდევ მრავალი სხვა დაავადება ჰქონდა, ახლა პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნებას აპირებს...” - პასუხობს:
“რამდენჯერ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში?! თქვენი თქმის არ იყოს, ამ კაცს იმდენი დაავადება აქვს, წესით, დღეს ცოცხალი არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” ჯანდაცვამ ისე “მაგრად” იმუშავა, რომ სააკაშვილი არა მარტო გამოაჯანმრთელა, პოლიტიკაში გააქტიურების სურვილიც კი გაუღვიძა. ხომ ხვდებით, რამხელა სიყალბესთან გვაქვს საქმე?! აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი, მისი პარტია, მისი მხარდამჭერი ტელევიზიები და ჟურნალისტები რასაც ამ ხნის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, ტყუილი და ფარსი ყოფილა! “ქართული ოცნების” ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სააკაშვილი ბოროტებისა და სიყალბის განსახიერებაა! ჩემი აზრით, ამ ამბავმა ხელისუფლების ელექტორატი კიდევ ერთხელ დარაზმა და შეკრიბა ამ პოლიტიკური ჯგუფის გარშემო. აბა, ამაზე მეტი სამსახური რაღა უნდა გაუწიოს “ნაცმოძრაობამ” “ოცნებას”?! ხომ ვყოფილვართ მართალი, როდესაც ვამბობდით, ეგენი შეკრული არიან-მეთქი. მე თუ მკითხავთ, “ნაცმოძრაობა” პარტია არც არის, ამ ორგანიზაციაში პოლიტიკოსები არ არიან. ეს არის სააკაშვილის ფანკლუბი”!
“ამას ვგულისხმობდი, რომ გითხარით, საქართველოში მმართველობის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს-მეთქი. ჩვენ იდეას კი არა, მეფეს ვირჩევთ, რომელმაც მერე ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს, როგორი ღირებულებებითა და იდეალებით უნდა ვიცხოვროთ დანარჩენებმა. არის საზოგადოების მეორე ნაწილიც, რომელსაც სხვა მეფე მოსწონს და დარაზმულია იმისთვის, რომ “ნაციონალების” საყვარელი მეფე არ მოუშვას ქვეყნის სათავეში. არ ვიცი, რამდენად კარგად იციან ეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მაგრამ მგონი, ამაზე ჰქონდა აქცენტი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის, როდესაც გვითხრა, სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავში გაერკვიეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათო. ასე არ უნდა ცხოვრობდნენ იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეებსაც სურთ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებსაც ასეთი სურვილი აქვთ, ხელისუფლებები მშვიდად უნდა იცვლებოდეს, საპარლამენტო კრიზისი ქაოსს არ უნდა ქმნიდეს და უნდა არსებობდეს ისეთი ინსტიტუციები, რომელთაც სააკაშვილის მსგავსი გიჟებისა და ავტორიტარული მმართველების შეკავების საშუალება ექნებათ. სანამ ჩვენს აბსურდულ რეალობას არ შევცვლით, არაფერი გამოვა”, - დაასკვნის ვახტანგ მეგრელიშვილი.
“ყველა, ვისაც ფული აქვს, პოლიტიკოსის როლის შემსრულებლებს ქირაობს. დღეს უფულო ხალხი დახლზეა გამოფენილი და ვინც მეტს გადაუხდის, იმას მიეყიდება. დღეს ფული აქვს “ლელოს”, მიშას, კეზერაშვილის სახით, და ბიძინა ივანიშვილს. აი, ამ სამი ფულის წყაროს გარშემო ჯგუფდებიან პოლიტიკოსის როლის შემსრულებლები. ეს არ არის 5%-იანი ბარიერის გამო დაწყებული გადაჯგუფება რაიმე იდეის მიზნით. რომც არაფერი ხდებოდეს, ეს ხალხი მაინც გადაჯგუფდებოდა. პოლიტიკოსის როლის შემსრულებელთა შორის ზოგი ვერ ხვდება - ესენი შეიძლება იყვნენ ისინი, ვინც დატოვა “ნაცმოძრაობა” ან სხვებიც, მაგრამ პრობლემა ის არის, სადისკუსიო სივრცე არ არსებობს. ერთადერთი, ვინც მისი შექმნა სცადა, “გირჩია”. ჩვენ გვინდა ხალხს დავანახოთ, რომ არიან ნამდვილი პოლიტიკოსები, რომლებსაც მართლა სჯერათ იმის, რასაც ლაპარაკობენ. მედიის ნაწილი პარტიულია და იქ განსხვავებული აზრი არ მიიღება. ეს თამაშგარე მდგომარეობაში აქცევს იმ დამოუკიდებელ, ნამდვილ პოლიტიკოსებს, რომელთაც დაბალი ბარიერის გადალახვა შეეძლოთ. ეს კიდევ ერთი სტიმულია, რომ პოლიტიკოსის როლის შემსრულებლები ფულიანების გარშემო შეგროვდნენ. შეიძლება მათ არც უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ საარჩევნო გარემო და პოლიტიკური დღის წესრიგი აიძულებს. ეს ხალხი ვერ ხედავს საკუთარ მომავალს ფულიანი პატრონის გარეშე. ფულიანი პატრონი ერთპიროვნულ მმართველობას ნიშნავს”... - დასძენს "გირჩის” ლიდერი.