საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
- ბატონო ვაჟა, გასულ შაბათ-კვირას დაფიქსირებული ძალადობის ფაქტები ამ კვირაშიც გაგრძელდა. ჭავჭავაძეზე ახალგაზრდა ბიჭი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა ლევან ბერძენიშვილს.
ლევან ბერძენიშვილი და მთელი ოპოზიციური სპექტრი დარწმუნებულია, რომ ძალადობის ფაქტები ორგანიზებულია მმართველი პარტიის მიერ, რის დასტურადაც მათი მხრიდან ოპონენტების მიმართ გამოყენებული რიტორიკა სახელდება.
ხელისუფლების ოპონენტები ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებენ, რომ ევროპულ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მას არგუმენტები არ აქვს და მისივე მხრიდან აქცენტი კეთდება „იდენტობის შენარჩუნებაზე, ლგბტ პროპაგანდაზე, რომელსაც თითქოს ოპოზიცია ხელს უწყობს.
არადა, ევროპული პერსპექტივის საბოლოოდ მისაღწევად საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ისეთი დღის წესრიგი უნდა გვქონდეს, რაც ამ პროცესს შეუწყობდა ხელს და ბევრ არსებულ პრობლემას მოხსნიდა.
ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლება არა თუ არაა ინიციატორი სააზროვნო სივრცის უფრო მეტად გახსნის და გაფართოების, არამედ, თავად არ ავლენს არავისთან დიალოგის რეჟიმში ყოფნას.
რადგან ძალადობა ქართულ საშინაო პოლიტიკაში ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობის ამ ტემპებით ზრდა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ძალადობა პოლიტიკაში - რა საფრთხეების წინაშე აყენებს ქვეყანას, საზოგადოებას?
- გამოქვაბულისკენ გზა აღარ არსებობს. თქვენი ტრადიციულად ვრცელი და მომცველი კითხვის პასუხად, უპირველეს ყოვლისა, ამას გავუსვამდი ხაზს.
საქართველოს და მის დამოუკიდებლობას, მის თავისუფლებას საარსებო საფრთხე შეექმნება, თუ რაღაც მომენტში აღმოჩნდება, რომ ქვეყანას არ აქვს განვითარებაზე და მომავალზე ფოკუსირებული გეზი.
დღევანდელი პოლიტიკური კლასი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თითქოს მოწადინებულია, რომ სწორედ ასეთი ვითარება შექმნას და ამით ქვეყნის თვით არსებობასაც კი შეუქმნას საფრთხე. და ამ ფონზე გამოსავლად და გადარჩენის ერთადერთ გზად ძალაუფლების დღევანდელი ხელისუფლებისთვის უვადოდ დატოვება, ან ხელისუფლებაში უცილობლად და მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება დასახოს.
ქართული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია დედამიწაზე. მოყოლებული კარდუ-ქალდეადან, დიაოხიდან და კოლხადან, კოლხეთიდან, იბერიიდან და ლაზიკიდან ვიდრე დღემდე ცივილიზაციის უწყვეტი ჯაჭვი იმიტომ არსებობდა, რომ ჩვენი წინაპრები, პროტოქართველებიც და საქართველოდ ჩამოყალიბების შემდეგაც, ყოველთვის მომავალზე, პროგრესზე და წინსვლაზე იყვნენ ორიენტირებულები და ადრეული პალეოლითისკენ, გნებავთ ნეოლითისკენ მიბრუნება აზრად არასდროს მოსვლიათ. ამიტომ მისცეს კაცობრიობას ხორბალი, ვენახი, პურ-ღვინო, რკინა, მედიცინა და შესაძლოა, ოქროც...
საქართველო იმიტომაც იყო უკვდავი, რომ თამარს ჰყავდა იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ლაშქარი და მხედართმთავრები - დავით სოსლანი, ზაქარია მხარგრძელი, სხვანი... და უფრორე იმიტომ, რომ შოთა რუსთველი ქმნიდა გენიალურ ვეფხისტყაოსანს, სადაც მანამდელი ცივილიზაციის და აზროვნების ღრმა ცოდნაც გამოსჭვივის და მომავლის ნათელი გაგება და გეზი.
ჩვენი პრობლემა იქნებ უფრო ის იყო, რომ ქართული გონის მიერ შექმნილი ეს შედევრი საუკუნეების განმავლობაში მთელი ერის მიერ გათავისებული და აღიარებული არ ყოფილა. იქნებ ესეც ჩვენი ძნელბედობის გამოც.
ნურც თქვენ და ნურც ჩვენი უაღრესად პატივსაცემი მკითხველი ამ შესავალს უადგილო პათეტიკად ნუ ჩამითვლით. რამეთუ, აქ დევს სწორი გზით სიარულის საიდუმლო. ჯანსაღი კონსერვატიზმი და ტრადიციული ფასეულობების ერთგულება არ უნდა აგვერიოს მომავლისკენ მიმავალი სიახლეების შესაბამისად მიღებასა და დანერგვაში.
კარგად უნდა გავიაზროთ, რომ საქართველო ვერ იქნება ვერც ნაკრძალი და ვერც ეგზოტიკური სამხეცე. ეს ქვეყანა შრომის კულტსა და რაციონალურ ღირებულებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ უნდა იქცეს. აქ კი ყველა ქართველის ძალისხმევის გაერთიანება იქნება საჭირო.
საქართველო ვერ იქნება ვერც ნაკრძალი და ვერც ეგზოტიკური სამხეცე. ეს ქვეყანა შრომის კულტსა და რაციონალურ ღირებულებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ უნდა იქცეს. აქ კი ყველა ქართველის ძალისხმევის გაერთიანება იქნება საჭირო
და რაღა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება შეგვიძლია, დოვლათის შექმნა შეგვიძლია, დრო-ჟამის შესაფერისი ეკონომიკის ჩამოყალიბება, ღირსეული სოციალური პირობების შექმნა თითოეული ადამიანისთვის და ჭეშმარიტების მისაღწევად არა შოლტის და მათრახის გამოყენება, მავანთა მოკვეთა, დაჩაგვრა, ექსორია, არამედ გონივრული, დინჯი განსჯის გზით, განვითარების გეზის დადგენა და ახალი საქართველოს აშენება. ამ გზაზე ძალადობა არ გამოგვადგება ვის მიმართაც არ უნდა განხორციელდეს იგი.
ძალადობას ჰქონდა ადგილი ლევან ბერძენიშვილის მიმართაც და ირაკლი კობახიძის მიმართაც. ლევან ბერძენიშვილი უფრო დაიჩაგრა, რადგან ოპოზიციას წარმოადგენს და ირაკლი კობახიძე, ნაკლებად, რადგან მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.
დაუშვებელია ნებისმიერი პიროვნების მიმართ გამოჩენილი ძალადობა და დევნა. მე ლევან ბერძენიშვილის პოლიტიკური შეხედულებების უმრავლესობას არ ვიზიარებ, მაგრამ როგორც მაღალი რანგის ინტელექტუალს, პატივს ვცემ.
რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმები ერეკლე მეფის ღვაწლის შეფასებაში, არც ლადო ასათიანის პოეზიის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებში და ა.შ. მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, ვაფასებდე მას, როგორც უაღრესად განსწავლულ და გონიერ ადამიანს, რომლის ლექციების ჩანაწერებსაც ხანდახან სიამოვნებით ვუსმენ.
თუ ის ამბობს რაღაცას, რაც ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია, უნდა გამოითქვას სხვა თვალსაზრისი, საპირისპირო და საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს სადაა სიმართლე და სად მიუღებელი პოზიცია.
როცა თელავში მას არ შეუშვებ აუდიტორიაში ლექციის წასაკითხად, მერე ადამიანების სხვა ჯგუფი შეეცდება იგივე გააკეთოს ხელისუფლების წარმომადგენელ პოლიტიკოსებთან მიმართებაში, რასაც ადგილი ჰქონდა ირაკლი კობახიძის შემთხვევაში. მოგეხსენებათ, აქაც პროტესტის ორგანიზატორების მიმართ ძალადობის მომსწრენი გავხდით.
ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოირიცხოს. ძალადობას, მოგეხსენებათ, ახასიათებს ჯაჭვური ეფექტი, მიზეზ-შედეგობრივი სპირალი
ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება ძალადობისა მეცნიერების, ინტელექტუალების მიმართ. გვახსოვს თსუ-ის სააქტო დარბაზში შეყრილი და გამოყრილი ლექტორები... ვთქვათ, მომავალ არჩევნებში „ოცნება“ დამარცხდა და ხელისუფლებაში, ჰოი საკვირველებავ და დაბრუნდნენ „ნაციონალები“.
ცხადია, ამ ცნობიერების საზოგადოებაში ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტიდან გამოაძევებენ... და ასე გაგრძელდება ამ ბედკრულ ქვეყანაში დაუსაბამოდ და უსასრულოდ?.. როდემდე?.. ვიდრე რომელიმე იმპერიის ნაწილად ისევ არ ვიქცევით?..
მოკლედ, ძალადობა დაუშვებელია და მას გამოქვაბულისკენ მივყავართ. თუ ვინმეს მოღვაწეობაში, საქმიანობაში და შეხედულებებში რაიმე საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის მიუღებელია, მართლმსაჯულებამ უნდა განსაჯოს.
მართლმსაჯულებამ, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში გაცილებით სამართლიანია, ვიდრე წინას დროს იყო, მაგრამ რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი არც ჩვენ გვაკმაყოფილებს და რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და არც მისი შემდგომი რეფორმა იქნებოდა ურიგო, რათა მის მიმართ, საბოლოო ჯამში, იოტისოდენა ეჭვიც არ არსებობდეს და ერთმანეთის თუ ინტელექტუალების მიმართ მუჯლუგუნები და ჯიკაობა არ სჭირდებოდეს არავის.
მაგრამ მანამდე და მერეც, ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძველი ცივილიზაციის და დიდი ტრადიციების მქონე ხალხი ვართ. ჩვენ იბერიულ-კავკასიურ მოდგმას წარმოვადგენთ და თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს წამყვანი ნაწილის ნორმები დიდი სიფრთხილით უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს სინამდვილეში, ისე რომ არც ეროვნული ინტერესები დავაზიანოთ და არც იმ სამყაროსთან მოვიდეთ კონფლიქტში, საითკენაც ამ ქვეყნის უმეტესობის ხედვის თანახმად მივდივართ. ძნელია? - დიახ, ძნელია. შეუძლებელია? - არ გახლავთ შეუძლებელი.
ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოირიცხოს. ძალადობას, მოგეხსენებათ, ახასიათებს ჯაჭვური ეფექტი, მიზეზ-შედეგობრივი სპირალი. ძალადობის ვირუსი ნებისმიერ კოვიდინფექციაზე გადამდებია. თუ მასზე ხელი არ აიღო ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა, შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე უფრო მეტიც - გლობალურ კონფლიქტამდე მივიდეთ.
ძალადობის ვირუსი ნებისმიერ კოვიდინფექციაზე გადამდებია. თუ მასზე ხელი არ აიღო ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა, შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე უფრო მეტიც - გლობალურ კონფლიქტამდე მივიდეთ
თვალსაზრისების შეჯერება - ეს უნდა დაბრუნდეს, როგორც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ისე ჩვენს ყველაზე მასობრივ მედია-საშუალებებში, განსაკუთრებით ტელე-ეთერებში, სადაც განსხვავებული თვალსაზრისების შეჯერება, ბოლო წლებში, როგორც წესი, არ ხდება.
- დამკვირვებელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი უმრავლესობის ნაწილი, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის მქონე პოლიტიკოსები და სხვა ცნობადი ადამიანების მიმართ ძალადობას ამართლებს და ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც მონაწილეობს ამ ტიპის პროცესებში.
გვახსოვს 20 ივლისის მოვლენები, რომლის დროსაც ტვ პირველის ოპერატორი დაიღუპა. ამ დარბევის მონაწილეების ნაწილი დაკავებულია, მაგრამ ორგანიზატორები არავის დაუსჯია.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, ხელისუფლება ახლა ისე მოქმედებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არა თუ არავინ აღმოჩნდეს მისი ალტერნატივა, პოლიტიკური ველი ისე მოსუფთავდეს, რომ არჩევნებზე „შუა“ უკვე გაკრეფილი იყოს. ვითარების ამგვარი აღწერა რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?
- ასეა, ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილი თითქოს ამართლებს ძალადობას. თითქოს იმავე წრეზე ვტრიალებთ, რადგან ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილიც ამართლებდა ძალადობას წინა ხელისუფლების წლებში, ოღონდ ახლა მას, და სავსებით სამართლიანადაც, ამ ხელისუფლების მიერ დაშვებული რეციდივები არ მოსწონს... ძალადობას უნდა გაემიჯნოს ყველა, უკლებლივ ყველა. ძალადობის მიმღებლობა ელექტორატმა უნდა დასაჯოს არჩევნებზე ხმის მიცემის შედეგით.
„შუის გაკრეფის“ „გენიალური“ მიგნება საერთოდ ფანტასმაგორიული რემინისცენციაა ქართულ რეალობასთან მიმართებაში. ქართული კოსმოგონიით ჭეშმარიტება არც უკიდურესად მარჯვნივაა და არც უკიდურესად მარცხნივ. ქართველის მსოფლგაგებისთვის ჭეშმარიტება შუაშია („ოქროს შუალედი“).
შუის გაკრეფით, რეალურად, შეიძლება გაწონასწორებული მიდგომები გავაძევოთ და აღმოვფხვრათ ქართული პოლიტიკიდან, რაც ვფიქრობ, არ იქნებოდა გონივრული.
შუის გაკრეფით, რეალურად, შეიძლება გაწონასწორებული მიდგომები გავაძევოთ და აღმოვფხვრათ ქართული პოლიტიკიდან, რაც ვფიქრობ, არ იქნებოდა გონივრული
- ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს ოპონენტებთან დიალოგი, საკამათო საკითხებზე კონსენსუსის მიღება. ამის მსგავსი არაფერი ხდება.
ხელისუფლება მთელ ოპოზიციას „რადიკალურ ოპოზიციად“ მოიხსენიებს, ოპოზიცია ხელისუფლებას „რუსულ ოცნებად“, ან „ივანიშვილის რეჟიმად. არადა, ის სივრცე, მხედველობაში მაქვს ევროკავშირი, რომლისკენაც თითქოს მივისწრაფვით, სწორედ იმით გამოირჩევა, რომ პოლიტიკური ძალები ახერხებენ ურთულეს საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას.
დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ბრიუსელი გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული გაფართოების სასარგებლოდ, რომელშიც საქართველო მოიაზრება.
თუ ეს ასე მოხდა, ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ეს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის დამსახურება არ იქნება, რადგან გაფართოების გზაზე შემდგარ ევროპას სჭირდება საქართველო. როგორც ჩანს, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ახლა ჩვენი ხელისუფლება კოლექტიურ დასავლეთს ევაჭრება და რიგ შემთხვევაში აშანტაჟებს კიდეც.
გაქვთ განცდა, რომ წლის ბოლომდე ხელისუფლება არ შეეცდება ისეთი რამ არ გააკეთოს, ევროპამ ჩვენზე ხელი თავად ჩაიქნიოს?
- გარკვეული თვალსაზრისით, ყველა ყველას ყველაფერს ევაჭრება. პეკინში ჩასული სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სი ძინპინს ტაივანის საკითხით ევაჭრებოდა. თურქეთი ნატოს შვედეთის მიღებაზე თანხმობის სანაცვლოდ იქ ქურთი მეამბოხეების საკითხით ევაჭრება და ასე შემდეგ...
ჩვენი ხელისუფლების „კომერციული უნარები“ არ მგონია გასწვდეს ევროკავშირისგან კანდიდატობის სტატუსის გამოვაჭრებას, თუმცა ბიძინა ივანიშვილი გამჭრიახი პიროვნებაა და საკმაოდ კარგად მანევრირებს, ყოველ შემთხვევაში, დღემდე, თავისი უცხოური აუარებით და საქართველოს გეოპოლიტიკური წონით და მნიშვნელობით. იმდენად კარგად, რომ არ გამოვრიცხავ, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ.
ჩვენი მმართველი ძალა ისეთ ნაბიჯებს დგამს, გეგონება, ამიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯი, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი განცდა არარელევანტურია
მით უმეტეს, როცა ეს სტატუსი ჩვენ პერსპექტივებს მნიშვნელოვნად გვიზრდის, მაგრამ შესაძლოა, კარგა ხნის განმავლობაში ფარატინა ქაღალდის ფუნქცია შეასრულოს, როგორც ეს თურქეთთან მიმართებაში მოხდა 1999 წლიდან დღემდე.
ვფიქრობ, მიუღებელია სერიოზულ პოლიტიკაში იარლიყების მიწებება. თუ მავანნი მმართველ პარტიას „რუსულ ოცნებად“ მონათლავენ, ამით ის ნამდვილად არ ჩამოიშლება. თუმცა, ქართველი ერი ახლომხედველებისგან არ შედგება, მეტაფიზიკა უყვარს და შესაძლოა, რუსულ ოცნებად სულაც ოპოზიციას და მათ პარტიებს მოიაზრებდეს.
არც ისეთი გულუბრყვილოა ვინმე ამ ქვეყანაში, რომ როცა რუსეთის საბაჟო კავშირის ხელმძღვანელი მედიას ეუბნება, რომ ლარსის საბაჟოს მეშვეობით ჩვენზე დაწესებული დასავლური სანქციები გავარღვიეთო, არ დაფიქრდეს კაცი, ვის სასარგებლოდ შეიძლება კეთდებოდეს ასეთი განცხადება... ასეთი მაგალითებიც ბევრია...
ისე კი ზოგჯერ, სულო ცოდვილო, და ჩვენი მმართველი ძალა ისეთ ნაბიჯებს დგამს, გეგონება, ამიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯი, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი განცდა არარელევანტურია.
- იმის ფონზე, თუ რა ტემპებით ხდება საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, აკრძალვის მიუხედავად აღდგენილია ფრენები მოსკოვსა და თბილისს შორის, ყოველ თვე იზრდება რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საქართველოში, რომლებიც საქართველოში იძენენ ბინებს, მიწის ნაკვეთებს, ცდილობენ დამკვიდრებას სარესტორნო და ტურისტულ ბიზნესებში, არაა გამორიცხული ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის მიმართულებით კიდევ უფრო ხელშესახები ნაბიჯების გადადგას.
ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთი ჩვენთვის იცლის და ცდილობს ჩვენი მომღერლები და შემსრულებლები გახადოს მათზე ფინანსურად დამოკიდებული.
დასავლეთში კარგად ესმით, რომ ქართული ეკონომიკა რუსულზეა დამოკიდებული, ამიტომ არავინ გვეუბნება რუსეთთან სანქციების რეჟიმში ვიყოთ, მაგრამ გვთხოვენ რუსეთთან ვაჭრობისას ფრთხილად ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში არ მოხვდეს პროდუქცია, რომელიც რუსულ სამხედრო წარმოებას წაადგება.
მართალია მაისში 50%-ით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან საქართველოში, მაგრამ, ფაქტია, რომ ისეთ ღატაკი და მოწყვლადი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რუსეთზე იმ დოზით დამოკიდებულების ზრდა, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, ჩვენთვის საფრთხეა.
ამ თემაზე მმართველი გუნდის განცხადებები არ ტოვებს იმის განცდას, რომ რუსეთზე დამოკიდებულების მზად ზრდას ხელისუფლება საფრთხედ მიიჩნევს. ასე რომ იყოს, ხელისუფლება ხელს არ შეუწყობდა რუსული საფრთხეების ასეთი მასშტაბებით ზრდას.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ქართულ-რუსულ დაახლოებას უკავშირდება? ამ ურთიერთობებზე სრული ინფორმაცია ექნება ბრიუსელს და სხვა დედაქალაქებს და მათ რა უნდა იფიქრონ?
- ეს საკითხიც მრავალი პლასტისგან შედგება. სხვა ეკონომიკის შექმნის იდეით სასიცოცხლოდ დაინტერესებული სააკაშვილის ხელისუფლებაც კი 2008 წლის ომის შემდეგ, მანამდეც და უფრო მერე, იძულებული გახდა, რუსული ინვესტიციებისთვის კარი ფართოდ გაეხსნა და ბევრი, ადრინდელი გაგებით, სტრატეგიული ობიექტი რუსეთისთვის და რუსული კაპიტალისთვის გადაეცა. ეს მას მერე, რაც ჩვენი ეკონომიკის „სინგაპურიზაცია“ არ გამოვიდა.
ჩვენ, „ნაციონალების“ დროსაც და „ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც, ლამის თურქული ეკონომიკის ნაწილი გავხდით და არც ამას შეუქმნია საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ახლა რუსების და რუსული კაპიტალის განსაკუთრებული ხილული თუ უხილავი მოძალებაა.
არ მივიჩნევ, რომ დღევანდელი ქართულ-რუსული ურთიერთობები რაიმენაირად შესაძლოა დაახლოებად შეფასდეს
ჩემი აზრით, ამ პროცესს არც რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ და არც უნდა წავახალისოთ. თან ეს ყველაფერი უეჭველად უნდა გავზომოთ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების პრიზმაში. ასე იქცევა ყველა ქვეყანა, ევროკავშირის ქვეყნების ჩათვლით, საკუთარი ხალხის და საკუთარი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, ჩვენ ხომ ხელისუფლება მხოლოდ დროშების საფრიალებლად და საპარლამენტო მუშტი-კრივის გასამართად არ გვჭირდება...
ბევრი ტენდენციაა ამ მხრივ ხიფათის შემცველი. აქ ჩვენი მომღერლების და შემსრულებლების ფინანსურ ინტერესებზე მეტად, ჩვენი პატრიოტი მომღერლები, თუ რუსეთიდანაც მიიღებენ ჰონორარებს, სათანადოდ შეირგებენ, სახიფათოა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებზე მიყიდვის მასშტაბები და ისიც, რომ სოფლად მდებარე მიწის ნაკვეთები, შესაბამის კანონმდებლობაზე გვერდის ავლით, დიდი მოცულობით იყიდება რუსეთის მოქალაქეებზე.
სახიფათოა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებზე მიყიდვის მასშტაბები. და ისიც, რომ სოფლად მდებარე მიწის ნაკვეთები, შესაბამის კანონმდებლობაზე გვერდის ავლით, დიდი მოცულობით იყიდება რუსეთის მოქალაქეებზე
რუსულ-ქართული ურთიერთობები სპეციფიკური კონტენტის შემცველია. ამას განაპირობებს რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა. ეს ყველა ხელისუფლებამ, ამჟამინდელმაც და ნებისმიერმა მომავალმაც, უნდა გაითვალისწინოს. ამიტომ, ამ მიმართებით მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, რაც სადღეისოდ არ არსებობს.
ურთიერთობა რუსეთთან უნდა გვქონდეს თანმიმდევრული და რეალისტური. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მიდგომის, რომ რუსებს არ უნდა ველაპარაკოთ და მათ უნდა დაველაპარაკოთ მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მეშვეობით და თანდასწრებით. ასეთმა მიდგომამ, რამდენადაც მოგეხსენებათ, შედეგი არ გამოიღო და არც მგონია გონივრული.
არ მივიჩნევ, რომ დღევანდელი ქართულ-რუსული ურთიერთობები რაიმენაირად შესაძლოა დაახლოებად შეფასდეს.
- რაც არ უნდა იფიქრონ ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ გვახსოვდეს იმ გამოცდილების შესახებ, რაც ჯერ რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობამ და შემდეგ „წითელ რუსეთთან“ ურთიერთობამ შეგვძინა.
მესმის, რომ ვითარებაში, როცა რთულია იმის თქმა, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი, მაგრამ, ფაქტია ისაა, როგორადაც არ უნდა დასრულდეს იგი, რუსეთი ვერც ეკონომიკურად, ვერც რეპუტაციულად ისეთი ვერ იქნება, როგორც ომის დაწყებამდე, ანუ 2022 წლის 24 თებერვლამდე იყო.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს რუსეთთან მიმართებაში სსრკ-ს დროინდელი ნოსტალგია უფრო აწუხებს, ვიდრე ის ისტორიული გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს. ამის მიზეზი სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს?
- ვერც რუსეთი იქნება ის, რაც რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობებიც ახალ კონფიგურაციას მიიღებს. არ მგონია, შესაძლებელი იყოს რაიმე ფორმით „ახალი მსოფლიო წესრიგის“ რეანიმირება. არც ძველი სტატუს-კვოს აღდგენა ჩანს შესაძლებელი, ანუ მსოფლიო შეერთებული შტატების ჰეგემონობის პირობებში.
მით უფრო, არ მგონია, პუტინის ოცნებას ეწეროს ახდენა - მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შესახებ, რაშიც ის მსოფლიოს გადანაწილებას გულისხმობს გავლენის სფეროებად რამდენიმე ძლიერ მოთამაშეს შორის, რომელთა რიცხვშიც ის, ცხადია, რუსეთსაც მოიაზრებს აშშ-ს, ჩინეთს და ინდოეთს და ა.შ.. ევროკავშირი თავისთავად არის გავლენის ცალკე სფერო, სადაც დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გავლენებს გერმანია და საფრანგეთი ინაწილებენ.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დროსთან მიმართებაში ნოსტალგიას, ასეთ ფენომენს მე საქართველოში ვერ ვამჩნევ. უბრალოდ, ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების ნაწილს ნოსტალგია აქვს თავისი ახალგაზრდობის მიმართ.
საბჭოთა კავშირის დროს ხომ ისინი ახალგაზრდები იყვნენ და ხშირად მოგზაურობდნენ, ან სწავლობდნენ, მათ შორის რუსეთში, და როგორც ყველას ახალგაზრდობის წლებში, მათაც ბევრი სასიამოვნოდ მოსაგონარი დარჩა. ეს არის და ეს...
ვერც რუსეთი იქნება ის, რაც რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობებიც ახალ კონფიგურაციას მიიღებს. არ მგონია, შესაძლებელი იყოს რაიმე ფორმით „ახალი მსოფლიო წესრიგის“ რეანიმირება
ისე კი, ჩვენი ისტორიული ძნელბედობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ, საუკუნეების განმავლობაში გვიხდებოდა სხვადასხვა დამპყრობელთან და იმპერიასთან ურთიერთობა.
სპარსელები, არაბები, მონღოლები ოსმალო-თურქები, რუსები. მათთან თავდადებული და სისხლისმღვრელი ბრძოლებიც გვქონია და მათი მპყრობელობის პერიოდში გვიცხოვრია კიდეც.
ძნელია რომელიმე დამპყრობლის პირობებში მიღწეულ პოზიტივზე საუბარი, მაგრამ თუკი ამ პირობითობას დავუშვებთ, მაინც რუსეთის შემადგენლობაში ყოფნისას მიაღწია საქართველომ და ქართველობამ რაღაც პოზიტიურს.
რუსების მიერ ანექსირებულმა საქართველომ (1801 წლის აქტიც ფაქტობრივად ანექსია იყო და დაპყრობა, მაგრამ დაიბრუნა მესხეთი, ჯავახეთი, აჭარა. თუმცა, დაკარგა კიდეც ცალკეული ისტორიული ტერიტორიები. ხოლო საბჭოთა პერიოდში, მიზერული სიმბოლური სუვერენიტეტის არსებობისას, ფაქტობრივად დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველოს კონტურებიც მოიხაზა.
არც ასეთი მომენტები უნდა დავივიწყოთ, თუ გვსურს, საბოლოოდ გავემიჯნოთ ყოფილ მეტროპოლიას.
- რადგან ევროპული პერსპექტივის თემა ახლა ყველაზე აქტუალურია, ამით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ანგარიშის მონახაზები უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილია.
მოლდოვა და უკრაინის შემთხვევაში კომისია ხაზს უსვამს პროგრესის არსებობას. უკრაინამ სრულად შეასრულა 7-დან 2 რეკომენდაცია, დანარჩენებზე კი მიმდინარეობს მუშაობა. საბოლოო შეფასება დადებითია. მომავალში ძირითადი ყურადღება დაეთმობა ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, კორუფციასთან ბრძოლას და ზოგადად, სამართლის უზენაესობას. მოლდოვამ სრულად შეასრულა 9-დან 3 რეკომენდაცია. აქაც პროგრესი პოზიტიურია.
საქართველომ შეასრულა 12-დან 3 რეკომენდაცია - გენდერული თანასწორობა, მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებების ინტეგრაცია და სახალხო დამცველის დანიშვნა. ჩავარდნა გვაქვს დეპოლარიზაციის კუთხით და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. ხაზგასმულია ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ მიმართულებით პროგრესის არ ქონა.
საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში. ბრიუსელში ყველაზე კარგად ინფორმირებული ადამიანები ამბობენ, რომ არსებობს შანსი საქართველომაც მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
თუ დეკემბერში მართლაც მოგვანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც ჩანს, ჩვენი ევროპული პერსპექტივა იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები.
გაქვთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებს ევროპული სტანდარტებით ჩაატარებს?
- სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ რეკომენდაციების შესრულების არითმეტიკა გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნება მთავარი. შეიძლება უმაღლეს მათემატიკამდე სიტუაცია ვერ ავიდეს, მაგრამ ყველაფერი ალგებრისა და ელემენტარული ფუნქციების დონეზე გადაწყდება, ანუ ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ჩვენი მთავრობა მიიჩნევს, რომ 12 -დან 11 პუნქტი შეასრულა. მხოლოდ 1 დარჩა შეუსრულებელი და ისიც შესრულებული იქნება, თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, ან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია და მეორე რადიკალური პოლუსის ლიდერი, შეწყვეტს არსებობას.
2024 წლის არჩევნები კი სერიოზული და მნიშვნელოვანი თემაა. მოდით, პირდაპირ გიპასუხებთ დასმულ კითხვაზე. 2024 წლის არჩევნები ევროპული სტანდარტებით ჩატარდება, ცხადია, ამ სტანდარტების „ოცნებისეული“ გაგებით.
2024 წლის არჩევნები ევროპული სტანდარტებით ჩატარდება, ცხადია, ამ სტანდარტების „ოცნებისეული“ გაგებით
თქვენც და მეც გვახსოვს, ყველა არჩევნები, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ჩატარდა, იყო ლეგიტიმური და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული. ამას იმდროინდელ ხელისუფლებას უდასტურებდნენ ჩვენი დასავლეთელი სტრატეგიული პარტნიორები.
სტანდარტების თემა ამჯერად არასტანდარტულია და არ არის გამორიცხული, არჩევნების ისე ჩატარება, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება აპირებს, ევროკავშირმა და შტატებმა ევროპული სტანდარტების შესაფერისად არ ჩათვალონ.
აი ეს სპეციფიკა ახლავს თქვენს მიერ დასმულ ამ უმნიშვნელოვანეს კითხვას.
- რადგან ევროპულ პერსპექტივას სავარაუდოდ შევინარჩუნებთ. ახლა შეიძლება იმაზეც ფიქრი, ევროატლანტიკური პერსპექტივა რამდენად გვექნება.
ფაქტია, რომ ნატოში გაწევრიანებაზე ხელისუფლება ნაკლებად საუბრობს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ამგვარი პერსპექტივაც რეალისტურად გამოიყურება.
დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით საქართველოს ატლანტიკურ პერსპექტივას?
- როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, ჩვენი ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა ზუსტად იმდენად არის რეალური, რამდენადაც იყო გასული საუკუნის 90-იანებში და 2000 -იანებში, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.
შევარდნაძეს დასავლეთში ნდობის მაღალი ხარისხი ჰქონდა, არც სააკაშვილი უჩიოდა მხარდაჭერას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაპი ვერ მივიღეთ. იმხანად „მაპზე უკეთესზე“ გადაგვატარეს.
ერთხანს, ეგრეთ წოდებული მე-5-ე პუნქტის გარეშე მიღებას გვისახავდნენ რეალურად, ანუ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, რამაც ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
არ არის გამორიცხული, არჩევნების ისე ჩატარება, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება აპირებს, ევროკავშირმა და შტატებმა ევროპული სტანდარტების შესაფერისად არ ჩათვალონ
უკრაინის ომმა თითქოს სხვაგვარად, სხვა რაკურსით წარმოაჩინა პრობლემა. უკრაინის ნატოში მიღება საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს რეალურად მიაჩნია, მხცოვან ჯო ბაიდენს, აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, ნაკლებად რეალურად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადო პირობებს უკრაინა ზედმიწევნით დააკმაყოფილებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი ბოლო პერიოდში საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულებისა და „ოლიგარქის“ თემაზე ჩაციკვლის ფონზე, ასეთი პერსპექტივა თითქოსდა გაფერმკრთალდა.
მოდით, ვიყოთ გულწრფელნი - ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე. თუმცა, ცხადია, ჩვენთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რეგიონის გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ქვეყნის ატლანტიკური პერსპექტივა ბევრ პრობლემას მოხსნიდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი