„ქართულ ოცნებას“ მოუწევს პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანიის შეჩერება, რადგან საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილების მიმართ განწყობა პოზიტიურია - საზოგადოების უმრავლესობა აცნობიერებს, რომ ეს უკავშირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებით, მედიასთან დაკავშირებული პუნქტი, რომელიც აბსოლუტურად შეუსრულებლად შეფასდა ევროკომისიის მიერ, ნაწილობრივ შესრულებულ კატეგორიაში გადავა.
"ძალიან კარგად ხედავს "ქართული ოცნება", რომ საზოგადოებაში, მათ შორის, მათ მხარდამჭერებში არის პოზიტიური დამოკიდებულება პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების მიმართ. ხოლო ის ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან შეურაცხყოფით, აგრესიით, სოციალურ ქსელში გაჩაღებული აქვთ კამპანია, დაკავშირებულნი არიან ხელისუფლებასთან, რომელიც ცდილობს პრეზიდენტის დისკრედიტაციას და ეს არ არის პირველი მცდელობა. მე ვფიქრობ, ისინი ამას გააგრძელებენ, მაგრამ იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტზე არც ეს მუქარა მოქმედებს, არც ეს კამპანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებაში, ის ამის გარეშეც დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად აცნობიერებს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნისთვის, ევროპული მომავლისთვის და ვერანაირი მუქარა ვერ შეაშინებს და ვერც ვერაფერს დააკლებს. "ქართული ოცნება" ალბათ, გააგრძელებს ამ კამპანიას, მაგრამ მალე მოუწევთ შეჩერება, რადგან საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილების მიმართ განწყობა არის პოზიტიური, რადგან საზოგადოების უმრავლესობა აცნობიერებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს," - განაცხადა სამნიძემ.