გია ხუხაშვილი - “რუსეთის იმპერია შუშის ფეხებზე დგას და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება...”
რა მოხდება, თუ რუსეთში არეულობა ისევ დაიწყო - “აფხაზებსა და ოსებს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენს გარდა მათი ბედი არავის ანაღვლებს”
ლაშა ბერიძე - “ამ ჩაშლილი თუ ინსცენირებული ამბოხით რუსეთის იმიჯი გაცამტვერდა”
უკრაინის კონტრშეტევა - რუსი მიმომხილველები დნეპრის შესაძლო ფორსირებაზე ალაპარაკდნენ
ირაკლი მელაშვილი - “ძალადობა ბუმერანგივით უკან ბრუნდება”
* * *
გია ხუხაშვილი - “რუსეთის იმპერია შუშის ფეხებზე დგას და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება...”
“ის, რაც რუსეთში მოხდა და რაც, ჩემი აზრით, გარკვეული პროცესების მხოლოდ დასაწყისია, განპირობებულია ისტორიული კანონზომიერებით. ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი ერთგვარ მითზე დგას - ეს არის საკუთარი უძლეველობისა და შეუმცდარობის მითი. როგორც კი ის ნგრევას იწყებს, ეს საბოლოოდ გადადის სისტემის შიგნით დაპირისპირებაში, ანუ როგორც კი მსახურები უზენაესის უძლეველობაში შეიტანენ ეჭვს, თავის გადარჩენაზე ზრუნვას იწყებენ და ვისაც ამის რესურსი აქვს, ამ პროცესის ინიციატორიც ის ხდება. ამ ეტაპზე ეს აღმოჩნდა პრიგოჟინი, მან ბრძოლა დაიწყო თავის გადარჩენისთვის. გვინდოდა ეს დაპირისპირება ყოფილიყო უფრო მასშტაბური და რუსეთისთვის უფრო მეტად დამაზიანებელი, მაგრამ ჯერ ეს არ მოხდა მხოლოდ ერთი მიზეზით _ როცა ორივე მხარე ნაძირალაა, მათ შორის გარიგების შანსი ყოველთვის არსებობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის იმპერია შუშის ფეხებზე დგას და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება...”.
“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიის დასასრული არ არის მოახლოებული. თუნდაც პრიგოჟინის ეს ბუნტი და “ვაგნერის” რეიდი მოსკოვამდე აჩვენებს, რომ იმპერია უკვე შუშის ფეხებზე დგას და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება. როდესაც სისტემა ზრდის ურჩხულს, ის ბოლოს აუცილებლად შეჭამს თავის შემქმნელს. პუტინის რეჟიმი სწორედ ამ გზას ადგას და პრიგოჟინმა სწორედ ეს აჩვენა. ყველაზე მეტად ის მიკვირს, საქართველოს პრორუსულ ბანაკში პუტინის ამ დროებით გადარჩენის გამო სიხარულის ჟივილ-ხივილი რომ ატყდა. როგორ უნდა დაეცეს ქართველი ისე, რომ უხაროდეს საქართველოს უპირველესი მტრის, ოკუპანტის გადარჩენა. თუ მაგათ ლოგიკას გავყვებით, თურმე მთელი ეს არეულობა: ვერტმფრენების ჩამოყრა, მოსკოვში სანგრების შენება, ქალაქის შესასვლელების ჩახერგვა და ასე შემდეგ, გამოწვეული იყო “ვაგნერის”, როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ფორმირების ბრძოლის ველიდან გამოყვანის, დაშლის ან არმიაში ინტეგრირების მიზნით. მე ამ აზრს კატეგორიულად არ ვიზიარებ. ამ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა აჩვენა, რომ რუსეთი ძალიან დასუსტებულია. უკვე რუსეთშივე საეჭვო გახდა პუტინის უძლეველობა და ამის მერე კიდევ ძნელად დასაჯერებელი იქნება, რომ პუტინი ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“მან ჯერ მოღალატედ გამოაცხადა პრიგოჟინი, მერე კი იძულებული გახდა “მოღალატესთან” გარიგებულიყო. დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მიუხედავად ომისა, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ახლა დაუცველობის განცდა გაუჩნდებათ. გასაგებია, ქართველი პუტინისტები შეეცდებიან, რომ პუტინის უძლეველობის მითი კვლავაც განავითარონ, მაგრამ ამ მითმა თვითონ რუსეთში დაიწყო მსხვრევა. ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშკარად გამოჩნდა, რა დიდი დაძაბულობაცაა რუსეთის არმიაში, ეს კი უკრაინის წისქვილზე ასხამს წყალს. მათ დაიწყეს კიდეც გარკვეული მიმართულებებით კონტრშეტევა, რაც მისასალმებელია. დიახ, რაც მოხდა, სწორედ რუსეთის სისუსტის დასტურია. შესაძლოა იმ სცენარით არ წარიმართა, როგორითაც ჩვენ გვსურდა და რასაც ველოდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ამის შედეგად რუსეთის ხელისუფლება აშკარად უფრო დასუსტდა. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ რუსული იმპერია სასტიკ მარცხს განიცდის ამ გლობალურ ომში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“როდესაც ასეთ ვითარებაში ხელისუფლება თავშეკავებულია, ცუდი არ არის, საკითხავი სხვა რამეა: რა არის თავშეკავების რეალური საფუძველი? შეფასებებში სიფრთხილის გამოჩენა იმ დროს, როდესაც ვითარება ნაკლებად პროგნოზირებადია, ცუდი არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სიფრთხილე კი არ იყო, არამედ უფრო დაბნეულობასა და დემორალიზებას ჰგავდა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა ლამის ფატალური შეცდომები, როდესაც ფსონი დადო რუსეთის უძლეველობაზე და შესაბამისად, ამის გასამართლებლად დაიწყო ანტიდასავლური კამპანია. პრინციპში, ახლა ამ არასწორად აწყობილი პოლიტიკის მძევალია. ეს, რა თქმა უნდა, მას მანევრირების არეალს უზღუდავს. ახლა ცდილობენ ოდნავ სხვა ტალღაზე გადმოლაგდნენ, მაგრამ ბრიყვი არავინ არის და ყველას კარგად ესმის რა და როგორ არის. ვთქვათ, რუსეთში ამ დაპირისპირებას მასშტაბური ხასიათიც რომ მიეღო, “ქართულ ოცნებას” მაინც ძალიან გაუჭირდებოდა საკუთარი პოზიციის გამოხატვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“დღეს “ქართული ოცნების” ტრაგედია ის არის, რომ მან მშვიდობისა და კეთილდღეობის სახელით უღალატა საკუთარ მეგობრებს და ამის ასახსნელად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რა აღარ დააბრალა, თან გეზი კოლაბორაციონიზმისკენ აიღო. მეგობრები და პარტნიორები უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღეს და თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს, რომ იძულებული არიან ასეთ სიტუაციებში მტერს უგულშემატკივრონ. არადა, ჩვენ რუსეთიდან მომდინარე რისკებისა და საფრთხეების შეფასება მუდმივად გვჭირდება. ჩვენთან მდგომარეობა ძალიან გართულებულია - დაახლოებით 150 000 რუსი ჩამოსახლდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, ქვეყანა ეკონომიკურად რუსეთს მიება და ეს კავშირები ათას მამაძაღლობაშია გადასული... მეტასტაზებივით არის მოდებული რუსეთის ინტერესები ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ამისგან გათავისუფლება უცებ და ნაციონალურ უსაფრთხოებაზე ფიქრი კრემლის კარნახის გარეშე ჩვენს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომც მოინდომოს. ფაქტობრივად, თავისივე არასწორი პოლიტიკის მძევლად იქცა”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.
“რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებას, წარმოუდგენელია “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკა - ადამიანმა გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ხომ შეიძლება პოლიტიკური სიბრმავე ახლა მაინც არ გამოიჩინო და დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი? თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ადამიანი ღირსეულად მოიქცა. მან სახელმწიფო ინტერესები დააყენა პირად ბოღმაზე, შურისძიებაზე, მეტიც, საკუთარ თავმოყვარეობაზე მაღლა. როგორ შეიძლება ეს არ დაუფასო პოლიტიკოსს?! როდესაც ამაზე მწვავე რეაქცია აქვს “ქართულ ოცნებას”, ეს გასაგებია, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” აგრესია და შეთქმულებების თეორიების განვითარება ყოვლად მიუღებელია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთი მენტალიტეტის პოლიტიკური ძალებია, რომლებსაც ყველაფერი აგებული აქვთ მითოლოგიაზე. პოლიტიკური რაციო არ ფიგურირებს სამყაროს მათებურ აღქმაში. მათთვის პოლიტიკური პროცესი გარკვეულწილად რელიგიური ბრძოლაა ჭეშმარიტი მესიის გამოსავლენად. ფაქტობრივად, ეს ორი პარტია ერთმანეთს იმისთვის ებრძვის, რომ დადგინდეს, ბიძინაა მესია თუ მიშა”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“მსოფლმხედველობით ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს - ორივე მიიჩნევს, რომ ვინც მათთან არ არის, მათი მტერია. ეს არის მათი მოქმედების მთავარი ალგორითმი. დღეს სახელმწიფოებრივად აზროვნების ფორმულა იცით, როგორია? - თუ “ქოცისთვის” “ნაცი” ხარ და “ნაცისთვის" "ქოცი", აი, მაშინ აზროვნებ სახელმწიფოებრივად. ნიკა გვარამიას შეწყალება ევროინტეგრაციის გზაზე შესაძლოა გადამწყვეტი არ იყოს, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენთან შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი იცვლება. საქმე ის არის, რომ ეს არის ერთჯერადი აქტი, ამით არც მართლმსაჯულებისა და არც მედიის პრობლემები არ მოგვარდება. ვფიქრობ, არც პოლარიზაციას შეამცირებს - თუ ქვეყანაში არ იქნება სამართალი, ვერც მშვიდობა იქნება და ვერც პოლარიზაცია შემცირდება. პრეზიდენტის ერთი გადაწყვეტილება სამართლიანობას ვერ დაამკვიდრებს. თუმცა ევროკავშირი მზად არის ავანსად რაღაცები მოგვცეს, უფრო სწორად, მისცეს ქართულ სახელმწიფოს და არა მის ხელისუფლებას. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი და არა ევროპასთან ფასეულობათა სისტემის დაახლოების თვალსაზრისით”, - დასძენს გია ხუხაშვილი.
რა მოხდება, თუ რუსეთში არეულობა ისევ დაიწყო - “აფხაზებსა და ოსებს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენს გარდა მათი ბედი არავის ანაღვლებს”
“23-24 ივნისის მოვლენებმა და სამხედრო გადატრიალების მცდელობამ რუსეთში აჩვენა, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი ქვეყნის მეზობლობა საქართველოს დამატებით გამოწვევებს უქმნის, რომელთა პრევენციასა და აღკვეთაზე ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა. ამ შაბათ-კვირას რუსეთი სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. ამჯერად ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ, რა მოხდება მსგავსი მოვლენების გამეორების შემთხვევაში, თუკი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობის შემდეგ რუსი სამხედროების ნაწილი იარაღს საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავს, როგორც ერთხელ უკვე მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ რუსეთში მასშტაბური არეულობის დაწყება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდება, თუ რუსეთში არეულობა ისევ დაიწყო - “აფხაზებსა და ოსებს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენს გარდა მათი ბედი არავის ანაღვლებს”.
“პირველ რიგში ასეთ დროს მოსალოდნელი იქნება ლტოლვითა დიდი ნაკადი რუსეთიდან, რომლის გასაკონტროლებლადაც დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. შაბათს ეს ტენდებცია აშკარა იყო, როდესაც შაბათს რუსეთში პრაქტიკულად მთლიანად გაიყიდა უახლოესი დღეების ავიაბილეთები და მათი ფასიც ასტრონომიულ ნიშნულს მიუახლოვდა. უშუალოდ ლარსის საბაჟოზე, საქართველოს საზღვართან რიგი არ დამდგარა, თუმცა შეიძლება ეს იმით აიხსნას, რომ დაძაბულობა და გაურკვეველი მდგომარეობა რუსეთში მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. კიდევ ერთი პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთში დაწყებული არეულობა შესაძლოა ძალიან მტკივნეულად შეეხოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სწორედ ოფიციალურ თბილისს ეკისრება. შესაბამისად, ხელისუფლებამ უკვე ახლა უნდა დაიწყოს მათთან დიალოგი და აუხსნას, რომ რეალურად “აფხაზებისა და ოსების ბედი საქართველოს გარდა არავის ადარდებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შაბათს რუსეთში ევგენი პრიგოჟინის “ვაგნერის” აჯანყებას საქართველოდან პირველი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და საზღვარზე მკაცრი კონტროლის დაწესება მოითხოვა. “ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით”, - დაწერა პრეზიდენტმა “ტვიტერში”. მმართველ პარტიაში ეს მოსაზრება არ გაიზიარეს. “რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი. ჩვენ ვერ ჩავერევით ვერც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის, ვერც რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სწორედ ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება”, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ანალიტიკოსი პაატა დავითაია ფიქრობს, რომ რუსეთში არეულობის დაწყების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პირველი ნაბიჯი სწორედ საზღვრის ჩაკეტვა უნდა იყოს. ხოლო რუსეთში არეულობის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება იზრუნოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაზე, რომელთაც ეს არეულობა შესაძლოა უშალოდ შეეხოთ. ანალოგიურად მიიჩნევს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი“, - დასძენს გამოცემა.
“მოვუწოდებ მთავრობას, რომ როგორც კი შეხედავენ, რომ სიტუაცია უკიდურესად იძაბება, საზღვრის ჩაკეტვა დაიწყონ, ხოლო აქ ვინც იმყოფებიან რუსები, მათი ტოტალურ კონტროლზე აყვანა უნდა მოხდეს. დაიწყოს პოლიციამ იმ ადგილების შემოწმება, სადაც ისინი იკრიბებიან - რა აზრებს გამოხატავენ, ვინ არიან, რა კატეგორიის ხალხია. მოსკოვში თუ დაიწყო ბრძოლები, ხვალ და ზეგ ლარს მოაწყდებიან. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ... არავის ჰქონდეს ილუზია, რომ თუ პრიგოჟინმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მისი მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენა არ იქნება. ეს ძალაუფლება კი შეიძლება გაამაგროს საკმაოდ მძიმე შედეგებით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან. ასეთია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ვისაც ჰგონია, ამით რომ რუსეთი დასუსტდება და ჩვენც გვეშველება, უნდა ვუთხრა, რომ ასე არ არის, რადგან რისკები კიდევ უფრო იზრდება. სოხუმი როცა დაეცა, შუა მოსკოვში ტანკებით ბომბავდნენ და ესროდნენ რუსეთის სათათბიროს. მეორე ჯარი კი სოხუმზე შტურმით მოდიოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა დავითაია.
“ორი რუსეთი არ არსებობს, არსებობს იმპერიალისტური რეჟიმი და ამბიციები. ეს ორი მხარე იმისთვის იბრძვის, რომ უფრო ტოტალური იმპერიის შექმნა სურთ. ამიტომ არსებობს დიდი საფრთხე, რომ თუკი პრიგოჟინი ხელთ იგდებს ძალაუფლებას, ის საით გაიწევა და რა იქნება მისი ინტერესები, კაცმა არ იცის. შესაძლოა მის მიზნებში კიევის და თბილისის მიმართულებით წამოსვლა შედიოდეს. სირაქლემას პოზიციაში არ უნდა დავდგეთ. 1921 წელი გავიხსენოთ - რევოლუცია, რომელიც პეტერბურგში იყო, ბოლოს თბილისამდე მოვიდა. ძალიან მძიმე სამეზობლო გვყავს და სასწრაფოდ რისკების შეფასება უნდა დაიწყოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რუსეთში არეულობის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება იზრუნოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაზე, რომელთაც ეს არეულობა შესაძლოა უშალოდ შეეხოთ. ჩვენი უსაფრთხოება ისედაც ძალიან მოწყვლადია. აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებითაც საკმაოდ სახიფათო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას და იქიდან გაურკვეველმა ხალხმა დაიწყოს გადმოსვლა. ჩვენ აფხაზებს და ოსებს უკვე უნდა ველაპარაკებოდეთ, თუ რა საფრთხის წინაშე არიან ისინი და რომ ჩვენს გარდა მათი ბედი არავის ანაღვლებს. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი გეგმა - თუ იქ სიტუაცია უკონტროლო გახდა, რას ვშვრებით, რით ვეხმარებით ამ ხალხს. დღე-დღეზე შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც მივიღოთ და ეს კიდევ დამატებით ბერკეტი იქნება ჩვენს ხელში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს იმედი მივცეთ და აქეთ გამოხედვა დაიწყონ“, - დაასკვნის დავითაია.
“არეულობის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ საქართველოს მიმართულებით ლტოლვილთა ნაკადი დაიძრას. აქეთ წამოვლენ არა მხოლოდ შემოსავლიანი და ფინანსურად ძლიერი რუსები, არამედ ე.წ. „ბომჟები“, დამნაშავეები და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ათასი ჯურის ადამიანმა შეიძლება საქართველოში გამოქცევა გადაწყვიტოს. ამ რისკების შეფასება ხელისუფლების მხრიდან უშიშროების საბჭოზე უკვე უნდა ხდებოდეს, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება და ყველა სცენარისთვის მზადება. თუ საზღვარზე უცბად დიდი ნაკადი წამოვიდა, მათი გაკონტროლება ძალიან გაჭირდება და ეს გარკვეული სამხედრო და საპოლიციო ძალების მობილიზებას მოითხოვს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანაშვილი.
“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთან კომუნიკაცია უნდა დავიწყოთ და შევიმუშაოთ გეგმა, რა შემთხვევაში რას ვაკეთებთ. რაც შეეხება ასევე რისკებს ჩრდილო კავკასიიდან, რა თქმა უნდა, ეს რისკებიც არსებობს. მართალია, კადიროვმა მხარი პუტინს დაუჭირა, მაგრამ არავინ იცის. ხვალ და ზეგ მან შეიძლება დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. ასევე საფრთხეა დაღესტანი, სადაც არაა გამორიცხული პროცესები აფეთქდეს და ამან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. ყველა მხრიდან სხვადასხვა რისკებია გასათვალისწინებელი და მთლად გულხელდაკრეფილებმა სეირს არ უნდა ვუყუროთ“, - დასძენს ზურაბ ბენდიანიშვილი.
ლაშა ბერიძე - “ამ ჩაშლილი თუ ინსცენირებული ამბოხით რუსეთის იმიჯი გაცამტვერდა”
“შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ეს ამბავი რუსეთში არ ადარდებთ, მაგრამ ასეც არ არის. პუტინს თუნდაც ელექტორატზე გავლენისთვის ძალიან სჭირდებოდა თავის ძლიერ მმართველად წარმოჩენა, რადგან თავისი ხალხის მენტალიტეტს იცნობს - რუსებს “ძლიერი, მრისხანე მმართველები” მოსწონთ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ პუტინი ასეთი აღარ არის და უფრო პოპულარულია პრიგოჟინი, რომელიც ისეთი ტაშითა და ოვაციებით გააცილეს ბელარუსში, აშკარაა, რომ მხარს უჭერენ. ამ ჩაშლილი თუ ინსცენირებული ამბოხით მსოფლიოში რუსეთის ხელისუფლების იმიჯი გაცამტვერდა. “ვაგნერელები” ინტენსიურად აქვეყნებდნენ ტყვეებისა და ზოგჯერ თავისიანების წამების ვიდეოებს და ამბობდნენ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავა, ყველას ეს ელოდებაო. რუსული პროპაგანდა მათგან ლეგენდას ქმნიდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს მათი სასტიკი, კრიმინალური, ნეონაცისტური და ტერორის შემცველი იდეოლოგია მოსწონდა. შესაძლოა იმიტომაც, რომ პუტინის მმართველობით რუსები იმედგაცრუებული არიან - მიხვდნენ, რომ “დიქტატორი დასუსტდა”, - აცხადებს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ ჩაშლილი თუ ინსცენირებული ამბოხით რუსეთის იმიჯი გაცამტვერდა”.
“მოკლედ, მთელი დღის განმავლობაში უმეტესობას, მათ შორის მეც, მჯეროდა, რომ ეს ტახტისთვის ბრძოლა იყო, თუმცა შემდეგ პრიგოჟინმა ყველაფერი აურია, მაგრამ ძალაუფლებისთვის ბრძოლა ასე ადვილად არ მთავრდება. მაინც მგონია, რომ ეროვნული ლიდერის მანტიის მორგებას ცდილობდა, რომელმაც თავისი ხალხის გამოსაფხიზლებლად თავი გადადო. ყველაფერი, რაც ილაპარაკა: არმიაში, ბრძოლის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, სიმართლე იყო. რუსეთის არმიაში, გენერალიტეტში მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, მართვის, კონტროლის მექანიზმი მოშლილია, ამუნიციის, კვების, წესრიგის თუ სხვა ბევრი უმძიმესი პრობლემაა. პუტინს ატყუებენ, სინამდვილეში როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მოსალოდნელზე 3-4 ჯერ დიდი დანაკარგი აქვთ. თუ რა მოხდა, რამდენიმე ვერსიის განხილვა შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, რა პირობებით დაიხია უკან პრიგოჟინმა. თუ პუტინმა შოიგუ და გერასიმოვი დასაჯა და მათ პოსტებზე ახალი კადრები, პრიგოჟინის მენტალიტეტის პირები დანიშნა, ძალიან ცუდი იქნება ყველასთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“რადგან თუ აქამდე რუსეთის მოქმედებები არაპროგნოზირებადი იყო, ახლა უარესი გახდება - მათ აქვთ რესურსი თუ არა, მაინც ცდილობენ თავიანთი “უძლეველობის” დამტკიცებას. ომი თავის გადასარჩენად სჭირდებათ. თუ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვი დასაჯა, ესე იგი, ისევ აქვს ძალაუფლება, გადაწყვეტილებებს ისევ ერთპიროვნულად იღებს და თავისი ყოვლისშემძლეობის დამტკიცებასაც შეეცდება. მას აწყობს კიდეც შოიგუ-გერასიმოვის ან რომელიმე მათგანის დასჯა, ომში მარცხს მათზე გადატეხს. თუ ასე მოხდა, ამას მოჰყვება ფარული დაპირისპირებები, შიდა წმენდები, ტერორი. პუტინს ისედაც ჰქონდა პარანოია (ამას მისი გუნდიდან გაქცეული პირებიც ამბობენ), ამის შემდეგ კი უფრო გაუმწვავდება, რადგან ასეთ ადამიანს ყველგან მოღალატე ელანდება. მათ, ვისაც შოიგუს ან გერასიმოვის ადგილას დანიშნავს, ფრონტის ხაზზე ყველანაირი ინიციატივა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეეზღუდებათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამ ამბოხებამ აჩვენა, რომ ყველა თავის სარგებელზე ფიქრობდა - ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვიც კი, რომელიც ისე წარმოაჩენს, თითქოს მისთვის მზე პუტინის მხარეს ამოდის, მხოლოდ რამდენიმე ნეიტრალური განცხადებით შემოიფარგლა და მოვლენების განვითარებას დაელოდა. თავისი ქვედანაყოფები უკრაინიდან კი გამოიყვანა, მაგრამ როსტოვთან შეყოვნდა, თუ საქმე სამოქალაქო ომისკენ წავიდოდა, თავის ჯარს ჩეჩნეთში წაიყვანდა და იქ გამაგრდებოდა. არც ისე ბრიყვია, როგორც ვიღაცებს ჰგონიათ, ძალიან კარგი თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს - იცის, მისი დანაყოფების მოსკოვში შესვლა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რადგან რუსებს “კადიროველების” მიმართ უკრაინელებზე მეტი აგრესია აქვთ. მოკლედ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბები, ნებისმიერ შემთხვევაში პუტინის იმიჯი შეილახა. ეს უფრო შეასუსტებს მის მმართველობას, დასავლეთის თვალში კი რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაფლავდა. პრიგოჟინმა, მისი გუნდის წევრმა, რომელსაც ოფიციალური სტატუსიც კი არა აქვს, წითელი ხაზები გადაკვეთა, მაგრამ აპატიეს”, - მიიჩნევს ვიცე-პოლკოვნიკი.
“არ მჯერა თეორიის, რომ ეს პუტინის ინსცენირებული სამხედრო ამბოხი იყო, რათა დაენახა, რეალურად ვინ უჭერს მხარს და ვინ არის მოღალატე. იმდენს კი გათვლიდა, რომ ეს მის რეპუტაციაზე ცუდად აისახებოდა. ვფიქრობ, პუტინი უკვე ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, რაზეც ბევრი რამ მიანიშნებს, თუნდაც ის, რომ რამდენიმე დღით ადრე შოიგუმ პატაკის ჩაბარებისას უთხრა, ივნისის ბოლომდე სარეზერვო არმია გვეყოლებაო, რაც შეუძლებელია, ამის არავითარი რესურსი არა აქვთ. ეს ამბოხი რეალური იყო და დიდი ხნის წინ ჰქონდათ დაგეგმილი, ლიდერებად ვინ როგორ გადანაწილდებოდა, ალბათ პროცესების განვითარებისდა კვალად გამოჩნდებოდა. ვითარება დროებით ჩაწყნარდება, მაგრამ დუღილი გაგრძელდება. ცენტრისტული ძალები, რომლებიც ამ დღეებში გააქტიურდნენ, აშკარა მოქმედებაზე გადავლენ, რადგან ყველა მიხვდება, რომ “მეფე შიშველია” და ქვეყნის მართვა აღარ შეუძლია. ამიტომაც ყველა თოკის თავისკენ გადაქაჩვას დაიწყებს, რადგან დაინახეს პრიგოჟინი ძალიან ადვილად ჩავიდა თითქმის მოსკოვამდე - ანუ ცდად ღირს, თუ გადატრიალებას ვერ მოაწყობ, მოლაპარაკებაც შეიძლება”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.
“თუ ამ პრეცედენტს არაფერი მოჰყვა და ყველა მიჩუმდა, პრიგოჟინი გამასხარავდება, მისი “ვაგნერი” კი, რომელიც რეგულარულ არმიაზე მეტად პრივილეგირებული იყო და ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, პატივაყრილი და დამცირებული დარჩება. იქ არიან ისეთი პირები, რომლებიც იოლად არაფერს დათმობენ. ისინი მართლა მზად იყვნენ ბრძოლისთვის, ტყუილად არ აჰყვებოდნენ პრიგოჟინს. ისეთი პირი უჩანს, რომ პრიგოჟინი გაერიდება “ვაგნერელებს”, მაგრამ მაინც ვერ გადარჩება მშვიდობიანად, ამას არ აპატიებენ. მართალია, მისი დაჯგუფების დიდი ნაწილი უკრაინის ომს შეეწირა, მაგრამ დარჩნენ ისეთები, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მას უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები თავის ქვედანაყოფში, მხარდამჭერებში, “გადაგვაგდოო”, ამბობენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა, ეს მხოლოდ დასაწყისია. იმ 25 ათას კაცს სულ რამდენიმე საათში არაერთი ბატალიონი და ბრიგადა შეუერთდა - ანუ უკმაყოფილება, რომელიც რუსულ ჯარში, მოსახლეობაში პუტინზე, თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვან სტრუქტურებზე არის, არსად წასულა”, - განმარტავს რესპონდენტი.
“არმია უკიდურესად დემორალიზებულია. რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდნენ, ვინ იყო მათი მეთაური, ვისი ბრძანება უნდა შეესრულებინათ, აღებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე უნდა ეზრუნათ თუ არა... ახლა მათ თავდაცვის ხაზზე უფრო მეტი ნაპრალი გაჩნდება. ის აზრი, რომ “ვაგნერელების” ნაწილი უპრობლემოდ ინტეგრირდება თავდაცვის ძალებში, უსაფუძვლო მგონია. რუსულ არმიაში ისედაც არ იყო “სამოთხე”, ყველა ერთმანეთს ჩაგრავს, იქ კი პრიგოჟინის ბიჭების მისვლა, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ მათ ესროდნენ, კარგად არ დამთავრდება. ამასთანავე, “ვაგნერელები” აგდებით უყურებენ რეგულარულ არმიას, მობილიზებულებს, თუნდაც მათი ძალიან დაბალი ანაზღაურების გამო. ეს ხალხი პრივილეგირებულ ვითარებაში ყოფნას არიან მიჩვეული, სამხედრო კონტრაქტორებთან შედარებით სამჯერ მეტი ანაზღაურება ჰქონდათ. მათი ყოველდღიურობა სრულიად განსხვავდებოდა არმიის ყოფისგან. მეთაურობა ისედაც ვერ მართავს იქ ვითარებას და გასამხედროებული კომერციული ორგანიზაციიდან მისული მეომრების გაკონტროლება მით უმეტეს გაუჭირდებათ. “ვაგნერელებში” არიან სამხედრო ვეტერანები, არაერთი უმძიმესი წარსულის მებრძოლი, მათ შორის ბევრია რეციდივისტი, რომლებიც პრიგოჟინის წყალობით გამოვიდნენ ციხეებიდან და კოლონიებიდან. ამიტომაც შეიძლება ახალი ლიდერის ძებნა დაიწყონ, მაგრამ ეს გამოსავალი ვერ იქნება”, - დასძენს ლაშა ბერიძე და შეკითხვაზე - “რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა რეაბილიტაციისთვის უკრაინაში უფრო ძლიერი იერიშები წამოიწყოს?” - პასუხობს:
“შესაძლოა პუტინმა და პრიგოჟინმა ერთმანეთში მოაგვარონ გაუგებრობა, მოსახლეობასაც თვალში ნაცარი შეაყარონ, როგორც მანამდეც უქნიათ და ვითარება დროებით ჩაფარცხონ, მაგრამ უკრაინის ომში მიღებულ შედეგებს ვერაფერს მოუხერხებენ. ომში გარდატეხა რომ ვერ შეაქვთ, ხალხი ეხოცებათ და წინსვლა რომ არა აქვთ, იმიტომაც დაერივნენ ერთმანეთს. ახლა უკრაინა რამდენიმე მიმართულებით გადავიდა კონტრშეტევაზე და ასეც უნდა გააგრძელოს. მართალია, გახანგრძლივდება, მაგრამ ომის ბედი უკვე გადაწყვეტილია - რუსეთი მარცხდება, ახლა უნდა გაირკვეს, როგორ... არც დასავლეთსა და არც ჩინეთს არ აწყობთ მისი დაშლა, რადგან ატომური იარაღი აქვს და, ალბათ, ურჩევნიათ, პუტინის რეჟიმი შიდა რყევებით დაემხოს.
უკრაინის კონტრშეტევა - რუსი მიმომხილველები დნეპრის შესაძლო ფორსირებაზე ალაპარაკდნენ
“24 ივნისს რუსეთში დაწყებული სამხედრო გადატრიალების ფონზე, უკრაინის არმიის აღმოსავლეთის დაჯგუფებამ ახალი შეტევა წამოიწყო. ამის შესახებ განცხადება კიევში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა გააკეთა. პარალელურად რუსი სამხედრო მიმომხილველები იუწყებიან, რომ შაბათს უკრაინულმა ძალებმა დნეპრის ფორსირება სცადეს და ქალაქ ხერსონთან, მწყობრიდან გამოსული ანტონოვის ხიდის მახლობლად, მდინარის მეორე ნაპირზე 3 ტანკი და ცოცხალი ძალის გარკვეული რაოდენობა გადაიყვანეს. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქში არც ისე წარმატებული შეტევის შემდეგ უკრაინელების სარდლობამ კონტრშეტევის მიმართულება შეცვალა? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ აღმოსავლეთში უკრაინის არმიის გააქტიურება კონტრშეტევის ახალ ფაზად, ან ახლა სამხედრო ოპერაციად არ უნდა განვიხილოთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინამ აღმოსავლეთში ახალი შეტევა დაიწყო, რუსი მიმომხილველები დნეპრის შესაძლო ფორსირებაზე ალაპარაკდნენ.
“უბრალოდ, უკრაინელები უტევენ ყველა მიმართულებით, სადაც კი შეუძლიათ და შესაძლოა, სწორედ აღმოსავლეთში გააჩინეს ბზარი რუსების დაცვაში, რის შედეგადაც ამ მიმართულებაზე დაწოლა გააძლიერეს. დნეპრის ფორსირების დაწყება კი ახლანდელ პირობებში, როდესაც კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ მდინარის ნაპირები დაჭაობებულია, მათ შეუძლებლად მიაჩნიათ. ანა მალიარის ცნობით, 24 აგვისტოს უკრაინის არმია აღმოსავლეთში 6 ახალი მიმართულებით გადავიდა შეტევაზე. ესენია ბახმუტი, ორეხოვო-ვასილევკა, ბოგდანოვკა, იაგოდნოე, კლეშჩიევკა და კურდიუმოვკა. მისივე ცნობით, სამხრეთში ასევე გრძელდება მძიმე ბრძოლები. გარდა ამისა, 24 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს დონეცკის ოლქის სოფელ კრასნოგოროვკას მახლობლად მდებარე ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ 2014 წლიდან კონტროლდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ბრიტანული დაზვერვა კი თავის ტრადიციულ ანგარიშში წერს, რომ უკრაინელებმა ძალების გადაჯგუფება მოახდინეს და სამხრეთსა და აღმოსავლეთში სამი მიმართულებით დაიწყეს დიდი შეტევითი ოპერაცია. “უკრაინის ძალებმა გაითვალისწინეს კონტრშეტევის პირველი ორი კვირის გამოცდილება, რათა შეემუშავებინათ რუსების ღრმა და კარგად ორგანიზებულ დაცვაზე იერიშის ახალი ტაქტიკა”, - წერია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. მათივე ცნობით, უკრაინელები თანდათანობით აღწევენ “განუხრელ ტაქტიკურ წარმატებას” ყველა საკვანძო მიმართულებაზე. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, კრემენნაიასთან მდებარე ე.წ. ვერცხლის ტყეში წამოიწყეს შეტევა და გარკვეული წარმატებაც აქვთ, თუმცა უკრაინელებმა მათ აქ ფრონტის გარღვევის საშუალება არ მისცეს. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ თუ ადრე სამხრეთის მიმართულება იყო პრიორიტეტული და ახლა აღმოსავლეთით დაიწყეს სვლა უკრაინელებმა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვა მიმართულებებზე არ იბრძვიან. ისინი დაიწყებენ ფრონტის გარღვევას იქ, სადაც რუსების სისუსტე გამოჩნდება. კაპანაძე დნეპრის ფორსირებას არ გამორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე დნეპრის მარცხენა ნაპირი დატბორილია, რაც უკრაინელი მოიერიშეებისათვის დაბრკოლებას ქმნის”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამას ახალ კონტრშეტევას ვერ დავარქმევთ. ალბათ, სადაც ნახეს უკრაინელებმა მოწინააღმდეგის სისუსტე, იქ გააძლიერეს დაწოლა, მოახდინეს კონცენტრირება და ბახმუტის დაბრუნებას ცდილობენ, რომელიც უკვე საკრალური მნიშნელობის გახდა. იქ თუ გავიდნენ, შეიძლება სამხრეთისკენ რუსების რაღაც დანაყოფი მოაქციონ ალყაში, ჯერჯერობით ასეა. უკრაინელები აღმოსავლეთით რამდენიმე მიმართულებით უტევდნენ, მაფორმირებელ ოპერაციას ახორციელებდნენ, ანუ ამზადებდნენ კონტრშეტევას. შესაბამისად, ჩათვალეს, რომ ამ მიმართულებაზე მათ გარკვეული უპირატესობა აქვთ, რუსეთის თავდაცვა ამ წერტილებში სუსტია და კონცენტრირდნენ ამ მიმართულებაზე. სევერსკი დონეცკის ერთი ნაპირი გაწმინდეს რუსებისაგან, რაც ნიშნავს, რომ დარჩა მდინარის აღმოსავლეთის ნაპირი, ბახმუტის მიმართულებაზე გადადიან და მიიწევენ წინ. დიდი წინსვლა, როგორც მე ვიცი, არ აქვთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისის ვახტანგ კაპანაძე.
“ყველაფერს დრო გვაჩვენებს. მიმდინარეობს და თუ უკრაინელებმა სადღაც მოახერხეს გარღვევა, შემდეგ მოიმატებს შეტევის ტემპიც. თუ გარღვევას ვერ მოახერხებენ, იქნება თანდათანობით მეთოდური შეტევები. რაც შეეხება დნეპრის ფორსირებას, ძალიან რთული საკითხია. დნეპრზე დასჭირდებათ საპონტონე გადასასვლელების მოწყობა, ჯერჯერობით დატბორვის შემდეგ დნეპრის მარცხენა ნაპირი დაჭაობებულია. თუ გადავლენ დნეპრზე, შეუტევენ ხერსონის ოლქის დარჩენილ ნაწილს. ძალიან კარგი მიმართულება ექნებათ დამატებით ზაპოროჟიესთან ერთად”, - დასძენს კაპანაძე.
ირაკლი მელაშვილი - “ძალადობა ბუმერანგივით უკან ბრუნდება”
“ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არა მარტო ხელს აფარებს, არამედ აქეზებს ძალადობრივ ჯგუფებს. კარგად ჩანდა, რომ ჯერ ზურა გირჩი ჯაფარიძის ცემა და შემდეგ ბორჯომის ინციდენტი, ორგანიზებული იყო, ამიტომაც არავის მოუთხოვია პასუხი მოძალადეებისთვის. მხოლოდ ის თქვეს, ჩვენთვის ძალადობა მიუღებელიაო, მაგრამ ხელისუფლებას აქვს ქმედითი მექანიზმები, რომ მოძალადე მისცეს პასუხისგებაში. თუ ამას არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ახალისებს ძალადობას. ხელისუფლებამ რომელიმე მოძალადე რომ დასაჯოს, მეორედ არავის მოუვა თავში ამის გაკეთება. ვისაც იმის მართლა სჯერა, რომ ადამიანები ჯიბეებში კვერცხებჩალაგებული დადიან, იქნებ სადმე ბერძენიშვილს გადავეყაროო, და სჯერა, რომ ასეთი თავდასხმები წინასწარ არ არის დაგეგმილი, ძალიან მეცოდება”, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ძალადობა ბუმერანგივით უკან ბრუნდება”.
“ხელისუფლება იმ შეცდომებს იმეორებს, რასაც უშვებდა თითქმის ყველა წინა ხელისუფლება - ოპონენტებზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა და ეს ყველას ძვირად დაუჯდა. მათ, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, არ გააჩნიათ პოლიტიკური მეხსიერება, არასდროს ყოფილან ოპოზიციაში და აქედან გამომდინარე, არ იციან, ეს პროცესები როგორ ვითარდება. არ აკვირდებოდნენ ამას, რადგან მთელი ცხოვრება კონფორმისტები იყვნენ, ცხოვრებაში არაფერი გაუპროტესტებიათ და ამიტომ ვერ იგებენ, ახალგაზრდები რატომ არიან ასე განწყობილი. მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდებს ვიღაც მართავს, თუ არადა, რატომ უნდა მოუნდეთ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვერ ხვდებიან, ეს ძალიან წამგებიანია თავად ხელისუფლებისთვის. როდესაც ხელისუფლება ძალადობაზე იწყებს ფიქრს და მას ხელს უწყობს, ცოტა ხანში ეს ბუმერანგივით უბრუნდება უკან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“არის საშიშროება მოქალაქეებმა, უპირველესად, ახალგაზრდობამ, სამართლის ძებნა ქუჩაში დაიწყონ რადგან ხედავენ, რომ სახელმწიფო არ იცავს მათ უფლებებს. აგერ, შუა უნივერსიტეტში სცემენ. სხვათა შორის, პირველი შემთხვევაა, როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამარცხვინოდ გაჩუმდა, როდესაც უნივერსიტეტის შენობაში ახალგაზრდებს გაუსწორდნენ ვიღაცის დაცვის წევრები. ასეთი რამე 80-იან წლებშიც არ მომხდარა. მე მახსოვს, 1988 წლის 18 თებერვალს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტები რომ დაგვარბიეს, რა რეაქცია მოჰყვა ამას - თავად პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და კომკავშირმაც კი ბოდიში მოიხადა. ძალადობის ორგანიზატორებზე ისეთი დიდი პრესინგი იყო, რომ მათ წლების განმავლობაში აღარ მიეცათ საშუალება ან პოლიტიკაში, ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოფილიყვნენ. თუ ვინმეს ჰგონია, რადგან სახელისუფლებო პარტიაა, ამ სიტუაციაში უფრო დაცული იქნება, ძალიან ცდება, რადგან როდესაც ამგვარი პროცესი იწყება, მერე მტყუან-მართლის გარჩევა და იმის ძიება, პირველმა ვინ დაიწყო და ვინ ვის უპასუხა, მეორეხარისხოვანი ხდება”, დაასკვნის ექსპერტი.
“ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც პირადი ბოღმით მოქმედებენ, ცდილობენ მათთვის არასასურველი პირები დასაჯონ. ჰგონიათ, რომ ამით ვიღაცას შეაშინებენ. ლევან ბერძენიშვილი საბჭოთა რეჟიმს არ შეუშინდა და ახლა ღარიბაშვილის ან კობახიძის შიშით შეიცვლის აზრს?! ინგლისში დედოფალ ვიქტორიას მოღვაწეობა რომელიმე ისტორიკოსმა ან რიგითმა მოქალაქემ კრიტიკულად რომ შეაფასოს და ამის გამო მოღალატედ გამოაცხადონ, ხომ წარმოუდგენელია? ასეთი რამ დემოკრატიულ საზოგადოებებში არ ხდება. წარმოუდგენელია, დასავლეთში ვინმეს ვინმე პირადად არ მოსწონდეს და ასეთი რამე გაუკეთოს, მაშინვე მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუ სისხლისსამართლებრივი არა. ჩვენდა სავალალოდ, საქართველოში ინსტიტუტები არ მუშაობს, პირველი პირების პირადი დამოკიდებულებები წყვეტს, თუ როგორ მოიქცევა სახელმწიფო მანქანა. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურებიც ემორჩილებიან არა კანონს, არამედ პირველი პირების განწყობებს”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.