საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩაატარა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სპეციალურად ორგანიზებულ საუნივერსიტეტო საგამოცდო სივრცეში, მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 210-მა აბიტურიენტმა მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, იმიტირებული გამოცდის ორგანიზატორებმა - სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა და საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრმა, აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული საგამოცდო ტესტების ნიმუშების მიხედვით მომზადებული მათემატიკის იმიტირებული ტესტები შესთავაზეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, მათემატიკის იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სუსტი და ძლიერი მხარეების სათანადოდ შეფასებისა და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადების შესაძლებლობას მისცემს.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მისცა, მონაწილეობა მიეღოთ მათემატიკის მოდელირებულ გამოცდაში, რომელიც ეროვნული გამოცდის სრული ანალოგია. ტესტების მომზადება უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებლებთან ერთად, ჩვენმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა ოფიციალური საგამოცდო ტესტების ნიმუშების მიხედვით უზრუნველყვეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათემატიკა და STEM საგნები უმნიშვნელოვანესი და წამყვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის. პროექტი საშუალებას აძლევს აბიტურიენტებს, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რეპეტიცია გაიარონ, იხილონ ტესტის სრული ფორმატი და შეასრულონ საგამოცდო დავალება განსაზღვრულ დროში, გამოცდის მეთვალყურეთა ზედამხედველობით. ვფიქრობთ, მათემატიკის გამოცდის იმიტაციის საუნივერსიტეტო პროექტში მონაწილეობა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდება აბიტურიენტთა სათანადოდ მომზადებისთვის, იმდენად, რამდენადაც, ისინი შეძლებენ კარგად განსაზღვრონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები და ამასთან ერთად, ფსიქოლოგიურადაც მოემზადონ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ყველა ახალგაზრდას, ვინც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს“, - აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, მათემატიკის იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობისა და ონლაინ რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის 23 მაისს გამოაქვეყნა. დეკანის თქმით, რეგისტრაცია 10 ივნისს დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 347 აბიტურიენტმა გამოთქვა, ხოლო იმიტირებულ გამოცდაზე 210 გამოცხადდა. როგორც თამარ ლომინაძე აცხადებს, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდის შედეგები - გასწორებული ნაშრომები - საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ყველა მონაწილეს ინდივიდუალურად გაუგზავნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში