უმრავლესობის ლიდერის განცხადება პრეზიდენტთან დაკავშირებით ყოვლად მიუღებელია - არც ის იყო სიმართლე, რომ უსაფრთხოების საბჭო არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა, ჩატარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში და დასავლეთის რიგ ქვეყნებში, სადაც ამ სტრუქტურას სხვადასხვა სახელი ჰქვია, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების საბჭო ვალდებულია ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ საფრთხეებზე ანალიტიკური ინფორმაცია მიაწოდოს.
"მოვუწოდებ უმრავლესობას, შეწყვიტოს ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ეს არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს ავნებს, ამან შეიძლება ქვეყანას მოუტანოს დიდი საფრთხე.
თუნდაც, ის განცხადება, რაც გუშინ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა პრეზიდენტთან დაკავშირებით, ყოვლად მიუღებელია. ხელისუფლების შტოებს შორის ნორმალური დამოკიდებულება უნდა იყოს. არც ის იყო სიმართლე, რომ უსაფრთხოების საბჭო არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა. უსაფრთხოების საბჭო ჩატარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში და რიგ დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ ამ სტრუქტურას სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახელი ჰქვია. უსაფრთხოების საბჭო ვალდებულია ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს მიაწოდოს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ საფრთხეებზე ანალიტიკური ინფორმაცია,"- განაცხადა მსხილაძემ.