პრეზიდენტი ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოქმედებს პარტიული დღის წესრიგით და სურს ისეთი ადამიანების არჩევა ცესკოში, რომლებიც ნებისმიერ ოქმს მოაწერენ ხელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სურს, პარტიული აქტივისტებით დააკომპლექტოს ცესკო.
„ეს საკითხი იყო შეთანხმებული 19 აპრილის შეთანხმებით და ეს საკითხი ახსენა ევროკომისარმაც თავის გამოსვლაში ზეპირი მოსმენის დროს საქართველოსთან დაკავშირებით. შეთანხმება იყო 90 ხმით, კონსენსუსით არჩევა და “ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ პარტიული აქტივისტები უნდა დანიშნოს ცესკოში და მათ შეარჩევს მათი პოლიტსაბჭოს წევრი პაპუაშვილი. იცის „ქართულმა ოცნებამ“ რომ უჭირს და ყველანაირ ოქმს რომ ხელს მოაწერს, ასეთი ადამიანები უნდათ შეიყვანონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პრეზიდენტი ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებს ამ შემთხვევაში, რომ ქვეყანას პრობლემა არ შეექმნას, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოქმედებს პარტიული დღის წესრიგით და სურს ისეთი ადამიანების არჩევა ცესკოში, რომლებიც ნებისმიერ ოქმს მოაწერენ ხელს, მათ შორის, ისეთს, რომელშიც შეიძლება ჩაწერონ რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 70 პროცენტი მიიღო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.