შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, შეცვალოს ხელისუფლება და ამას არგებს მის ყველა ანგარიშს

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, შეცვალოს ხელისუფლება. შესაბამისად ამას არგებენ ყველა თავის ანგარიშს, რომ აჩვენონ, რამდენად შესაცვლელია ხელისუფლება. ყველა ასეთი ანგარიში არათუ მიკერძოებულია, არამედ მანიპულაციური და დეზინფორმაციულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის ბოროტი განზრახვა, რომ რამენაირად დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად ხდება უცხოური დაფინანსების დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრისთვის გამოყენება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამის კლასიკური მაგალითია. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მდუმარე დეპუტატები არიან, ქმნიან იმის აღქმას, თითქოს, პლენარულ სხდომაზე ყველა დეპუტატი ყველაფერზე უნდა საუბრობდეს. შეისწავლონ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ნახონ, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ნახონ, შვედეთის პარლამენტში ყველა დეპუტატი ლაპარაკობს თუ არადა და გამოდის თუ არ სიტყვით პლენარული სხდომის დროს. ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის ბოროტი განზრახვა, რომ რამენაირად დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ. აქ არის დონორების პასუხისმგებლობა, როდესაც მათი დაფინანსებით ხდება სხვა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია. მოვუწოდებ ყველა დონორს, ჩახედონ ასეთ ანგარიშებს, ნახონ, რატომ ხდება მანიპულაციური ფაქტების გავრცელება. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, შეცვალოს ხელისუფლება. შესაბამისად ამას არგებენ ყველა თავის ანგარიშს, რომ აჩვენონ, რამდენად შესაცვლელია ხელისუფლება. ამიტომაცაა, რომ ყველა ასეთი ანგარიში არათუ მიკერძოებულია, არამედ მანიპულაციური და დეზინფორმაციულია. სამწუხარო არის ის, რომ უცხოური ფულით ხდება საქართველოში ასეთი დისკრედიტაციული კამპანიების წარმოება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება დაუსაბუთებლად, პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ეზღუდებოდათ. ანგარიშის მიხედვით, სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 იყო უმრავლესობის, ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს