პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტს ვეტოს მისი საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენს.

პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტის როლი იზღუდება და მიღებული კანონპროექტი უკანგადადგმული ნაბიჯია წინა წლებში მიღწეულ პროგრესთან მიმართებით.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს კანონმდებლობის შემდეგი ვერსიით მიღებას სთავაზობს: - ერთის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

“მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ზეპარტიული თანამდებობის პირია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე, მოცემულ ვითარებაში, მმართველი გუნდის წევრი და პარლამენტის უმრავლესობით არჩეული, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში პრეზიდენტის როლის არსებითად შემცირება გაუმართლებლად უნდა იქნას მიჩნეული. შესაბამისად, მიზანშეწონილია ამ ნაწილში კანონის მოქმედი რედაქციის შენარჩუნება.

მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში კონსესუსის საჭიროება შენარჩუნდეს, რათა მათი არჩევა არ მოხდეს ერთპარტიულად - მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და საფრთხე არ შეექმნას დამოუკიდებელი, უპარტიო ინსტიტუტის არსებობას.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად გამოცხადდეს და საკონკურსო კომისია შეიქმნას პრეზიდენტის მიერ და შერჩეული კანდიდატები პარლამენტს წარედგინოს პრეზიდენტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - აცხადებს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, ცესკოს თავმჯდომარესა და შვიდ წევრს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5-წლის ვადით აირჩევს. კონკურსიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით უნდა გამოცხადდეს. საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

რაც შეეხება ვეტოს დაძლევის საკითხს, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება.

კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო