თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - თქვენი წერილი სავსე იყო მანიპულაციითა და დეზინფორმაციით - ეს აზიანებს ნატო-ში წევრობის შესაძლებლობას, რაც თქვენ შეგნებულად გააკეთეთ

გუშინ თქვენ მიერ გავრცელებული წერილი სავსე იყო მანიპულაციითა და იმავდროულად დეზინფორმაციით. მიზნად ისახავდა ნატო-ს წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით განწყობების გაძლიერებას, რაც ვფიქრობ, რომ თქვენი კონსტიტუციური მოვალეობის წინააღმდეგ იყო მიმართული, - ასე მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-ში წევრობის ხელშეწყობა არის ყველას კონსტიტუციური ვალდებულება.

„დღეს ვილნიუსში ნატო-ს ისტორიული სამიტი იმართება. ამ ისტორიულ სამიტზე შეთანხმდა შვედეთის საკითხი ნატო-ში წევრობის კუთხით. თურქეთი აღარაა დაბრკოლება, ისევე როგორც უკრაინა, რომელმაც საქართველოსთან ერთად, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღო დაპირება ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით. ეს შეეხებოდა Map -ის გარეშე ნატო-ში წევრობის შესაძლებლობას, რაც არის გზის დამოკლება და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარაა. მინდა გამოვეხმაურო იმ წერილს, რომელიც გუშინ გაავრცელეთ. წერილის შინაარსი, სავსე იყო მანიპულაციითა და იმავდროულად დეზინფორმაციით. მიზნად ისახავდა ნატო-ს წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით განწყობების გაძლიერებას, რაც ვფიქრობ, რომ თქვენი კონსტიტუციური მოვალეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ნატო-ში წევრობის ხელშეწყობა არის ყველას კონსტიტუციური ვალდებულება, როდესაც ვლაპარაკობთ სახელმწიფო ორგანოებზე. თქვენ ამბობდით, რომ ნატო-სთვის საქართველო არის მზად და ახლა ნატო-მ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ნატო-ში წევრობის საკითხი, მაშინ როდესაც თქვენ ღიად უარი განაცხადეთ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელსაც ნატო მიესალმა და უწოდა როგორც ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა. თქვენ არაფერი გააკეთეთ ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ დემოკრატიული რეფორმები წინ წაგეწიათ. ნატო-ს გენერალური მდივანი პრემიერ ღარიბაშვილს მოუწოდებდა დემოკრატიული რეფორმების წინსვლისკენ, მათ შორის კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლებისკენ. 5 მაისს ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა შემაშფოთებელი უწოდა დემოკრატიული რეფორმების მდგომარეობას, როგორც მის შესრულების ტემპს, ასევე შინაარს. ამ ფონზე, როცა თქვენ აცხადებთ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და მზად ვართ, ეს არის დეზინფორმაცია და იმ ფაქტების დამახინჯება, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე უმძიმესია თქვენი შეფასება ნატო-ს პარტნიორების, განსაკუთრებით „აღმოსავლეთ ევროპის“ ქვეყნებისა და ესტონეთთან მიმართებით. მაშინ, როცა თქვენ ამ ქვეყნებს რაცხავთ როგორც არა ქვეყნის, არამედ ოპოზიციის მხარდამჭერად, იმ ფონზე, როცა ისინი არიან საქართველოს ურყევი მეგობრები. დიახ, ესეც აზიანებს ჩვენს ნატო-ში წევრობის შესაძლებლობას, რაც თქვენ შეგნებულად გააკეთეთ. ეს არ არის თქვენი ინიციატივა, ეს არის პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებიდან მოყოლებული მთავრობის საგარეო კურსი, რომელიც გაცხადებულ საგარეო კურსს შორდება. ამ მოცემულობაში მაინტერესებს, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, მაშინ, როდესაც საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ნატო-ში გაწევრიანების გზა შეემოკლებინა MAP-ის ამოღებით, რატომ არაფერი გააკეთა თქვენმა გუნდმა ამისთვის? უარი რატომ უთხარით ჩვენი მოსახლეობის 80%-ს, რომელსაც სურს ნატო-ში წევრობა და ამ მოცემულობაში, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომელიც, სავარაუდოდ, დადგება ამ სამიტიდან გამომდინარე? შეგახსენებთ, რომ ნატო არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო პრიორიტეტი და ნატო-ს წევრობა არის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია, იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს აქვს რუსული ოკუპაცია და საფრთხე, რომ საქართველო რუსული გავლენის სივრცედ კვლავ იქცეს. ასეთ დროს, თქვენი წერილი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ კურსი, სწორედ ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტებს უპირისპირდება და აძლიერებს რუსეთის გავლენებს საქართველოში“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიას მცირე რეპლიკით უპასუხა.

„როგორც მივხვდი, ვერაფერს ვერ მიმხვდარხართ იმ წერილიდან, როგორც სხვა დროს ვერაფერს ხვდებით ხოლმე, ამიტომ ეს არ არის პრობლემა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თაობაზე ღია წერილი გაავრცელა და განაცხადა, რომ „საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“.

პაპუაშვილის თქმითვე, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, ცოტა რამ თუ შეიცვალა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება