ალექსანდრე დარახველიძე შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ბრალდებებზე - გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება

გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, რომელიც 5 წელია სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს, აუდიტი ტარდება.

დარახველიძის თქმით, გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი თანამშრომელი, რომელსაც ამ პროცესმა დისკომფორტი შეუქმნა.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებების დეპარტამენტი 5 წელია, რაც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი და ა.შ. რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. იმისთვის, რომ შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა, სად არის ძლიერი და სუსტი მხარეები, ვთხოვეთ აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა ფუნქციური დატვირთვა, ეფექტიანობა ამ დეპარტამენტის და სწორედ ამის შემდეგ დაგვეგეგმა შემდეგი ნაბიჯები. ამის შესახებ მე პირადად დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს ვესაუბრე, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ მენეჯმენტს და აუხსნეს მეთოდოლოგია და ის ძირითადი საკითხები, თუ როგორ ჩატარდებოდა აუდიტი. მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი დისკომფორტს უქმნის და ცოტა გაუგებარია ჩემთვის, თუ მუშაობ, თუ ყველაფერს კარგად აკეთებ, რა პრობლემაა, რომ ეს ყველაფერი კვალიფიციურმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომუშავე დეპარტამენტმა შეაფასოს და პირიქით, გამოჩნდეს, ვინ აკეთებს საქმეს, სად არის პრობლემა, სად არის გამოსავალი.

სამწუხაროდ, მე ვერ ამოვიკითხე რაში გამოიხატა პრობლემები. დეპარტამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ყველა თანამშრომელი აგრძელებს იმ საქმეების მონიტორინგს, რაც მათ დებულებით ევალებათ. ყველა შეხვედრაში მონაწილეობს თითოეული თანამშრომელი, სადაც კი ამ დეპარტამენტის მანდატია და არანაირი კონკრეტული ფაქტი იმის შესახებ, რომ რამე ზეწოლას ან შევიწროებას ჰქონდა ადგილი, გარდა გოგა რაზმაძის ზოგადი განცხადებებისა, ჩვენ არ მოგვისმენია. როგორც მე ამოვიკითხე მის პოსტში, მას მიუმართავს სახალხო დამცველისთვის და დაველოდოთ შესწავლის შედეგებს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე, სთხოვდნენ თუ არა რაზმაძეს სოციალურ ქსელში დაწერილი იმ პოსტების წაშლას, რომელიც უწყების ინტერესებში არ შედიოდა, დარახველიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა. მან ასევე განმარტა, რომ თანამშრომლებს ზოგადად სთხოვენ ეთიკის დაცვით მოქმედებას.

„ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროში არის ეთიკა და ეთიკის კოდექსი და იმ საქმეებზე, რაზეც თითოეული ჩვენგანი ვმუშაობთ, წინასწარ გამოხატული პოზიციის დაფიქსირება არ არის ეთიკური საქციელი. ჩვენ არავისთვის მიგვითითებია რაიმე პოსტის აღება, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეთიკის კოდექსის შესაბამისად იმოქმედონ.

ამასთან, ბატონმა გოგა რაზმაძემ 6-გვერდიანი მეილი მომწერა მე, მის ხელმძღვანელებს, სადაც ის აღნიშნავდა, რომ მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა ზეწოლა, კონკრეტულ სამართალდარღვევას უთითებდა, ბუნებრივია, ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა გენერალური ინსპექციისთვის და გენერალური ინსპექცია თუ მას სთხოვს მტკიცებულებებს და არგუმენტებს თავისი განცხადების დასადასტურებლად, აქ მე რაიმე შეურაცხმყოფელს ან დამამცირებელს ვერ ვხედავ“, - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ მის მიმართ „დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რაზმაძე წერს, რომ დეპარტამენტის კურატორად ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, „თანამშრომლები ცენზურას დაექვემდებარნენ, დაიწყო მათი საჯარო პოსტების კონტროლი, რის შემდეგაც მან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა უფროსთან, ასევე მოადგილეებთან, ამის გამო კი, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაიწყო“.

რაზმაძის ინფორმაციითვე, ამ მოვლენების ფონზე დეპარტამენტში აუდიტის შემოწმება დაიწყო, რაც, მისივე თქმით, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. რაზმაძე ამ ფაქტს რეორგანიზაციას უკავშირებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით