ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2023

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩვენი საზოგადოების პრობლემა პოლარიზაცია და სრული უიმედობაა”

კრემლი იმუქრება, რომ უკრაინას “სარკისებურად უპასუხებს” - რატომ აღაშფოთა კასეტურ ბომბებზე ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ მოსკოვი

ვახტანგ ძაბირაძე - “სააკაშვილი დღეს “ნაცმოძრაობას” რეალურ მმართველად კი არა, დროშად სჭირდება”

რადიაციის გაჟონვის საფრთხე რუსეთში - “ჩვენამდე ეს ქიმიური ღრუბელი ვერ მოაღწევს”

შეიძლება თუ არა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩვენი საზოგადოების პრობლემა პოლარიზაცია და სრული უიმედობაა”

“ამგვარ სამიტებზე რეალურად არაფერი წყდება. როგორც წესი, მათზე კულუარული მოლაპარაკებისას მიღწეული შეთანხმებების გახმაურება და ოფიციალური გაფორმება ხდება ხოლმე. ახლაც იგივე იყო. კი, უკრაინაზე უფრო მეტი გადაწყვეტილება გაცხადდა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, უკრაინა ახლა ომშია და მის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია, მაგრამ ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებითი წინსვლა არც მას ჰქონია. კი ბატონო, ითქვა, რომ მისი გზა ნატოსკენ მაპ-ის მიღებას აღარ ითვალისწინებს და ალიანსში მისი გაწევრების საკითხი პირდაპირ დადგება, მაგრამ უცნობია, ეს როდის მოხდება. ითქვა, რომ ეს წარმოუდგენელია ომის დასრულებამდე. ღმერთმა ქნას და, ომი მალე უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მერე სხვა რამ იქნება წინაღობა. მაგალითად, ის მასშტაბური კორუფცია, რაც ამ ქვეყანაში ომამდეც იყო და ახლაც არი - არაერთი მაღალჩინოსანი თუ სამხედრო პირი მოხსნეს, ნაწილი დააკავეს, ვინც ამ ურთულეს დროსაც კი ქვეყანას ძარცვავდა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი საზოგადოების პრობლემა პოლარიზაცია და სრული უიმედობაა”.

“იქამდე მივიდა საქმე, რომ უკრაინაში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ. მოკლედ, უკრაინასაც ნატომდე დიდი გზა აქვს გასავლელი, ისევე როგორც საქართველოს, რომლისთვისაც ვილნიუსის სამიტზე, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა - რა მოცემულობაც გვქონდა, იგივე დარჩა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თურქეთის თანხმობა შვედეთის ალიანსში გაწევრებაზე. ერდოღანმა როგორც ბრძანა, ახლა არდადეგებია და ამ გადაწყვეტილების რატიფიკაციას თურქეთის პარლამენტი ოქტომბერში მოახდენსო. ამ გადაწყვეტილებას წინ დიდი მოლაპარაკებები უძღოდა, ძირითადად, აშშ-სა და თურქეთს შორის, თუმცა მათი შინაარსი ფარდის მიღმა დარჩა. ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, რა მოითხოვა და რა მიიღო თურქეთმა ამის სანაცვლოდ. ფაქტია, ერდოღანი იმის ჩიტი არ არის, თავისი აზრი უბრალოდ შეეცვალა და რაღაც სარგებელი არ მიეღო... ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთი ომის შემდგომ. ჩვენ ნატო უპირველესად გვჭირდება იმისთვის, რომ რუსეთისგან დავიცვათ თავი და დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩემი დაკვირვებით, ჩვენი პარლამენტის “მჩქეფარე პატრიოტებისა” და მთავრობის რიტორიკა განსხვავებულია. მთავრობა უფრო თავშეკავებულია და ამბობს, ჩვენში სიტყვის თავისუფლებაა, ვისაც რა უნდა, ამბობს, მაგრამ სხვაგვარია რეალური პოლიტიკაო. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ეჭვი არსებობდა, თითქოს რუსეთი საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლას ახერხებდა, ამის დამადასტურებელი ვერც ერთი საბუთი ვერ მოიძებნა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არა მგონია, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ლაყბობას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს გამოჩნდა ბოლო დროს საქართველოში ვიზიტად მყოფი არაერთი დასავლური დელეგაციის პოზიციაში. მე თუ მკითხავთ, ჩვენს საზოგადოებას სულ სხვა პრობლემა აქვს - ეს არის არნახული პოლარიზაცია და სრული უიმედობა. სამწუხაროდ, ქართველ ამომრჩეველს პოზიტიური არჩევანის საშუალება არა აქვს - ან ვაის უნდა შევეყაროთ, ან უის, ვგულისხმობ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”. საქართველოში დღეს პოლიტიკა კვდება, დარჩენილია სრულიად ტლუ სახეების ანაბარა, რომელთაც არც ერთი ახალი იდეა არ გააჩნიათ”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი კანონის უზენაესობაა და რაც არ უნდა მოხდეს, ის უნდა იყოს დაცული. არ ვიცი, რას ეფუძნებიან ევროპარლამენტარები, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ ხომ ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არ გაიზიარა სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა უკანონობას სჩადის საქართველო? სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დაუსაბუთებლად თქვეს სადმე, რომ ქართულ კლინიკაში მას არასათანადოდ მკურნალობენ? - მე მსგავსი არაფერი მომისმენია. მაშ, რატომ უნდა გადაიყვანონ, რომელიმე სამედიცინო სერვისი სჭირდება და არა აქვს? მსოფლიო ისტორია იცნობს ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის გამოტანილ განაჩენებს და იმასაც, როგორ იხდიდნენ სასჯელს ციხეში. სააკაშვილსაც მოუწევს სასჯელის მოხდა, თან უკვე აღარც ამბობენ, რომ კვდება, მეტიც, პოლიტიკურად გააქტიურდა, დღე ერთია და, ცხრა განცხადებას ავრცელებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მოგეხსენებათ, ახლახან მასთან პოლონელი ექიმები შევიდნენ და რაღა დაგიმალოთ, გამაოგნა იმ ინციდენტმა, რაც მოხდა. როცა ჰქონდათ ყველა ანალიზისა და ნიმუშის ოფიციალურად აღების საშუალება, რატომ უნდა გამოეტანა ვიღაცას ფეხსაცმლით რაღაც მასალა? არ ვიცი, ჩემთვის ეს აუხსნელია, მხოლოდ ეჭვი შემიძლია გამოვთქვა, რომ შესაძლოა ფალსიფიცირება სურდათ, რასაც შემდგომ ისევ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალებდნენ. სხვა რა შეიძლება ვიფიქრო, არ ვიცი... რაღაც აფერასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, ის ექიმები აღარ უნდა შეუშვან სააკაშვილთან. რაც შეეხება რადის მოთხოვნას, არა მგონია, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს... ოპოზიციამ ვერაფერი მოიგონა, გარდა იმისა, რომ იძახოს, “რუსული ოცნებაო”. ამ ყელში ამოსული ფიგურების გადალაგ-გადმოლაგება არაფერს შეცვლის. თვითონ ეს ფიგურები არიან შესაცვლელი. ეს ოპოზიცია გინდა გააერთიანე, გინდა არა, მაგათ რეიტინგს არაფერი ეშველება. 1%-იანი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატობა რა ქულებს მისცემს ოპოზიციას, არ მესმის. ასე თუ გაგრძელდა, შემდეგ არჩევნებში ელექტორატის არნახულად დაბალი აქტიურობა იქნება, შედეგად კი ისევ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“ერთადერთი, ვინც მეტ-ნაკლებად სწორად იქცევა, გიორგი გახარიაა. ის ამბობს, რომ არ აპირებს არავისთან გაერთიანებას და მართალია, რადგან ამით კი არ მოიმატებს ქულებს, არამედ კატასტროფულად დაკარგავს. გახარიას აქვს იმედი, რომ გაწბილებული ამომრჩეველი, რომელსაც არც “ქართული ოცნება” უნდა და არც “ნაციონალური მოძრაობა” მასთან წავა და ეს საკმაოდ რეალურია. სხვა საქმეა, რომ როგორც ჩანს, სუსტი ფინანსური რესურსი აქვს და ჯერ საკმარისად ვერ აქტიურობს, მაგრამ ვნახოთ, როგორ მოემზადება საარჩევნოდ, როგორი იქნება მისი საარჩევნო კამპანია”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თბილისში რუსებისთვის იქმნება ახალი სატრანზიტო ჰაბი, რომლის მეშვეობითაც ევროპაში ფრენა გახდება შესაძლებელი~, - განაცხადა ვნუკოვოსა და აზიმუტის ავიახაზების თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა. გარდა ამისა, გასულ კვირას კიდევ ერთმა რუსულმა კომპანიამ დაიწყო საქართველოს მიმართულებით ფრენა. რას იტყვით, მთელი ეს პროცესი საფრთხეს არ შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის?” - პასუხობს:

“გმადლობთ ამ კითხვისთვის. ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს. მიმაჩნია, რომ მკვეთრად უნდა შეიზღუდოს ქვეყანაში რუსების შემოსვლა. თბილისში ეგენი დიდად ვერ ხარობენ, აქ აშკარად კუდი აქვთ მოჭრილი, მაგრამ ბათუმში საშინელება ხდება. ახლახან ვიყავი და გული გამისკდა იმით, რაც იქ ვნახე!”

“თან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი რუსეთის მოქალაქეების მიმართ უფრო შემწყნარებელია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისადმი. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, არ შეგვიძლია სრულად შევზღუდოთ მათი შემოსვლა, მაგრამ საზღვარზე უნდა დაწესდეს ძალიან მკაცრი კონტროლი. ვიღაცები არ უნდა შემოუშვან და რაც მთავარია, საქართველოში კანონი რუსების მიმართ სრული სიმკაცრით უნდა აღსრულდეს. ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი კონფლიქტი ხდება საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის. მაგალითად, შესახლდებიან სახლში, არ უხდიან ფულს მეპატრონეს და არც ბინას ცლიან. პოლიცია მათ არ ასახლებს, მაშინ, როდესაც ლტოლვილებს ხშირად 24 საათში უბინაოდ ტოვებენ ხოლმე. რუსებმა საქართველოში უნდა იგრძნონ, რომ არაკეთილმოსურნე ქვეყნის ტერიტორიაზე არიან. თბილისში ამას გრძნობენ, თუმცა მიკვირს რიგი ქართველების, მათ შორის აჭარლების, ასე რომ უხარიათ მათი ჩამოსვლა და ამბობენ, ისინი უფრო ბევრ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ქართველებიო. ასე ფიქრი და მოქცევა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ამგვარმა მიდგომამ შეიძლება დაგვღუპოს”, - დაასკვნის თვალჭრელიძე.

კრემლი იმუქრება, რომ უკრაინას “სარკისებურად უპასუხებს” - რატომ აღაშფოთა კასეტურ ბომბებზე ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ მოსკოვი

“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას კვლავ “სარკისებური პასუხით” ემუქრება, ამჯერად მიზეზი ის კასეტური ბომბებია, რომლებიც პენტაგონმა კიევს გადასცა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ომის დასაწყისში ეს იარაღი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე გამოიყენა, პუტინის აღშფოთების მიზეზი კი ისაა, რომ ახლა უკრაინის ხელში საკმაო ძალაა. ამის პარალელურად, რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს, ეს კი ანალიტიკოსთა შეფასებით ნიშნავს იმას, რომ საოკუპაციო ძალები უკრაინის მისამართით უფრო მეტ რაკეტას გაუშვებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლი იმუქრება, რომ უკრაინას “სარკისებურად უპასუხებს” - რატომ აღაშფოთა კასეტურ ბომბებზე ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ მოსკოვი.

“რუსეთი იტოვებს უფლებას მის წინააღმდეგ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას “სარკისებურად” უპასუხოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. “აქამდე ეს არ გაგვიკეთებია, არც გამოგვიყენებია და არც ასეთი საჭიროება გვქონია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი დეფიციტის მიუხედავად და გვაქვს საბრძოლო მასალაც, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ - ჩვენ სარკისებური ქმედების უფლებას ვიტოვებთ”, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთს ასეთი ჭურვების საკმარისი მარაგი აქვს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ეს გადაწყვეტილება საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო მიიღო. “უკრაინის არმია საომარ მოქმედებებში დღეში ხუთ-ექვს ათასამდე, ვთქვათ, 155 მმ კალიბრის ჭურვებს ხარჯავს, ხოლო შეერთებული შტატები თვეში 15 ათასს აწარმოებს. მათ არ აქვთ საკმარისი და ევროპასაც უკვე აღარ აქვს საკმარისი. კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შეთავაზებაზე უკეთესი ვერაფერი გამონახეს”, - განაცხადა პუტინმა. ამასთან, რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის არის ორი რაკეტების მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 “კალიბრის” გასროლა შეუძლია. 13 ივლისს პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა კიევს კასეტური ბომბები გადასცა და უკვე უკრაინაშია განთავსებული. კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული. 2008 წლის შესაბამის კონვენციაზე ხელი არ აქვს მოწერილი არც აშშ-ს და არც უკრაინას. გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, რომლებიც ამ შეთანხმებაში არიან, ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ეწინააღმდგებიან. აღნიშნული იარაღი შორ მანძილზე გატყორცნის დიდი რაოდენობით მცირე ზომის ჭურვებს, რომლებსაც ადამიანების დასახიჩრება და მოკვლა შეუძლია თვეებისა და წლების შემდეგაც, მაშინაც კი თუ ომი უკვე დასრულებულია და დიდ საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ამიტომაც თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 7 ივლისს განაცხადა, აშშ მიაწოდებს უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალებს იმ დათქმით, რომ უკრაინამ ის არ უნდა გამოიყენოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინამ ამის საპასუხოდ 5 პრინციპი შეიმუშავა: 1. უკრაინა ამ საბრძოლო მასალას გამოიყენებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული თავისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის და არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე; 2. არ იქნება გამოყენებული ქალაქებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. კასეტური საბრძოლო მასალა გამოყენებული იქნება მხოლოდ მოწინააღმდეგის თავდაცვითი ხაზის გასარღვევად რუსეთის სამხედრო ძალის თავშეყრის ადგილებში; 3. უკრაინა მკაცრად აღრიცხავს ამ იარაღის გამოყენების ზონებს; 4. უკრაინის დეოკუპაციის შემდეგ პრიორიტეტული იქნება ამ აღრიცხული ტერიტორიების განაღმვა; 5. უკრაინა ანგარიშს ჩააბარებს პარტნიორებს ამ საბრძოლო მასალების გამოყენების და მის ეფექტიანობის თაობაზე... გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთმა კასეტური ბომბები უკრაინასთან ომში საწყის ეტაპზე უკვე გამოიყენა, პუტინის გაღიზიანების მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინის ხელში მნიშვნელოვანი ძალაა ამ იარაღის სახით”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთის სარკისებური პასუხი ის იქნება, რომ ისიც კასეტური ბომბებით უპასუხებს, ეს იარაღი არსენალში უკვე ორივე მხარეს აქვს. კასეტური ბომბების არგამოყენების თაობაზე შეთანხმებას არც ერთს არ მოუწერია და არც მეორეს. თუმცაღა, აღსანიშნავია, რომ რუსეთმა კასეტური ბომბები ომის საწყის ეტაპზე გამოიყენა და ახლა ეს საკითხი ასეთი სენსიტური რატომ გახდა ვერ გეტყვით. ეტყობა უკრაინის ხელში საკმაო ძალაა. ეს გადამწყვეტი იარაღი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ძალა არის. რუსეთის მიერ შავ ზღვაში “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობის გაზრდა, ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინის მისამართით მეტ რაკეტას გაუშვებს. „საბრძოლო დაპირისპირება ჩვეულებრივ გრძელდება. კასეტური ბომბები ფორსიფიცირებული დაცვისთვის, როგორიც რუსეთს აქვს იმდენად ეფექტური არაა, ეს უფრო გაშლილ არეალში განლაგებული დაჯავშნული და ქვეითი დანაყოფების საწინააღმდეგოა, თუმცა უკრაინელები მას არტილერიის ჭურვებზე არანაკლები ეფექტიანობით გამოიყენებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე”რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ახლა იძულებული არა რუსეთი, არამედ უკრაინაა, რომ მოსკოვს სარკისებურად უპასუხოს კასეტური ბომბების გამოყენებაზე. “პირიქით, უკრაინაა იძულებული, რომ სარკისებურად უპასუხოს, რადგან რუსეთი კასეტურ ბომბებს იყენებდა და დღესაც იყენებს, რომელიც საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია. მოსკოვმა ეს ბომბები 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენა. უკრაინა იძულებულია, რომ საპასუხო ზომებს მიმართოს, პუტინის აღშფოთების მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთი თანდათან სამხედრო უპირატესობას კარგავს, არა მხოლოდ ტერიტორიების დათმობის, არამედ შეიარაღების თვალსაზრისითაც. “კასეტურ ბომბებს თავისი სამხედრო ეფექტი აქვს, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. რაც შეეხება მათგან საპასუხო ქმედებებს, ისედაც ვიცით, რომ რუსეთის საჰაერო თუ სარაკეტო დარტყმების 80%-ზე მეტი დასახლებულპუნქტებზე მოდის, რაც ჟენევის 1949 წლის კონვენციის დარღვევაა”, - განაცხადა ჩიტაძემ. მისი აზრით, "არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა შეტევები გაზარდოს, მათ შორის საჰაერო და საზღვაო. ის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რაღაცნაირად შეაჩეროს", - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - “სააკაშვილი დღეს “ნაცმოძრაობას” რეალურ მმართველად კი არა, დროშად სჭირდება”

“ თავისთავად ის, რომ ოპოზიციური სპექტრის გამსხვილება მიდის, კარგია, მაგრამ როდესაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთიანდებიან, ეს ისევ ამ პოლუსის გაძლიერება ან შენარჩუნებაა. დღეს მთავარია, საარჩევნო გარემო არ დარჩეს ორპოლუსიანი, რადგან ამით პოლიტიკური პროცესები ზარალდება, და წამგებიანია ქვეყნისთვისაც და თვით ოპოზიციისთვისაც. არსებულ ვითარებაში გამსხვილებისკენ აღებული გეზი სწორია, რადგან ცალ-ცალკე ამ პარტიებს­ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ნაკლებად აქვთ. თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ორპოლუსიანი სივრცე აღარ იყო”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილი დღეს “ნაცმოძრაობას” რეალურ მმართველად კი არა, დროშად სჭირდება”

“ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიასთვის ყველაზე სწორი იქნებოდა, ამ სამეულს გაერისკა, ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბებულიყო და 5%-იანი ბარიერის გადასალახად ებრძოლა, მაგრამ, რადგან არ გამოსდის და “სტრატეგია აღმაშენებელმა” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია დაიწყო, მაშინ დანარჩენების აქ გაერთიანებაც ლოგიკური იქნება. კარგი იქნებოდა, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არიან, ცალკე ჯგუფი შეექმნათ, გახარიასთან ერთად ან მის გარეშე, და ებრძოლათ ბარიერის დასაძლევად. დღეს ასეთი ცენტრების შექმნაა აუცილებელი და არა ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება.. მელიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც პარტიას მაშინვე არ გაემიჯნა. ვფიქრობ, შემოდგომისთვის მას “ნაცმოძრაობაში” სერიოზული მხარდაჭერა ექნება. აქ არის ორი ვარიანტი - მოახერხოს, რომ პარტიაში რიგგარეშე არჩევნები ჩაატარებინოს და ისევ თავმჯდომარე გახდეს, ან თუ ეს არ გამოსდის, ცალკე პოლიტიკური ჯგუფი შექმნას. რას გადაწყვეტს, მისი საქმეა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შემოდგომაზე მაინც უნდა მიიღოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ კანდიდატი იქნება ვაშაძე ან სხვა ვინმე და არა ხაბეიშვილი, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ხაბეიშვილი უკანა პლანზე გადავა. ვფიქრობ, მთელი ეს პროცესიც სწორედ ამისთვის დაიწყო. შესაძლოა პოლიტიკური პროცესის განვითარების კვალობაზე ეს ყველაფერი შეიცვალოს. ფაქტია, ხაბეიშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე და, ბლოკის თუ გაერთიანების ლიდერი - ვაშაძე ან სხვა ვინმე. გვარამიაზე ჯერ რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ არ გამოვრიცხავ. აქ უკვე სააკაშვილის მხარდაჭერა იქნება მთავარი. თუკი საკითხი დადგება ასე, გვარამია თუ ვაშაძეო, წესით, ალბათ, გვარამიას სააკაშვილის მეტი მხარდაჭერა ექნება. სააკაშვილი ციხიდან თავს როცა დააღწევს, მერე გამოჩნდება, რას იზამს, მაგრამ მისი ხასიათიდან და განვლილი პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, ეცდება ყველგან ფიგურირებდეს. ამიტომაც, თუ უკრაინაში წავა, მისი გავლენა პარტიაში მაინც იქნება, მაგრამ როგორ გამოიყენებს, ეს სხვა თემაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სააკაშვილი “ნაცმოძრაობისთვის” გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. დღეს ის “ოცნებისთვის” საფრთხეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, როცა დასჭირდება, მედიასივრცეს შეავსებს და ყურადღებას მასზე გადაიტანს, რათა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ამით იყოს დაკავებული, აი, სააკაშვილი ცუდად არის, კლავენ, ევროპარლამენტარებმა ეს თქვესო და ა.შ. ამიტომაც, სანამ ხელისუფლება ამ აზრზეა, ეყოლებათ იქ, სადაც ჰყავთ. “ოცნებას” ურჩევნია მუდმივად სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ლაპარაკობდნენ და არა იმ ძალიან მწვავე პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანაშია და რაზეც პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა. სააკაშვილი დღეს “ნაცმოძრაობას” რეალურ მმართველად კი არა, დროშად სჭირდება. უფრო მეტიც, გარეთ გამოშვებული სააკაშვილიც არ სჭირდება. როგორც ჩანს, კეზერაშვილი და მერაბიშვილი თავად ალაგებენ აქ სიტუაციას. ან გვარამიას უნდა? სააკაშვილის პოლიტიკური ფაქტორი აღარ არის ისეთი ძლიერი, თუნდაც მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

"ლელო" იქნება თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფი, აუცილებელია გამსხვილება, რათა 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული იყოს. ცალკე “ლელოს” 5%-იანი ბარიერის დაძლევა ძალიან გაუჭირდება. აუცილებელია არანაციონალური და არაოცნების წარმოშობის პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდნენ და შექმნან ერთიანი ძლიერი გუნდი. ამას უნდა დაემატოს სწორად გააზრებული სტრატეგია, პროგრამა და, რა თქმა უნდა, ლიდერი, რომელსაც ეს ჯგუფები გამოკვეთენ და შემდეგ მისცენ საშუალება, რომ საზოგადოებას ელაპარაკოს. ლიდერის თემა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია წვრილი პარტიებისთვის. ყოფილ ლიდერებზე ფსონის დადება სარისკოა. პრაგმატულად იფიქრონ, ავანსცენაზე ახალი ლიდერის გამოსვლაა საჭირო”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “არის ინფორმაცია, რომ გახარიასთან აპირებს გაერთიანებას “ოცნების” რამდენიმე ყოფილი წევრი, მათ შორის, სერგეენკო. ეს რამდენად შესაძლებელია და რას მოუტანს ოპოზიციურ სპექტრს ან გახარიას პარტიას?”, - პასუხობს:

“ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ არა მგონია, სერგეენკომ ეს ნაბიჯი გადადგას. ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან და მათ შორის, არც გახარია. ის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერის დაძლევის ყველაზე დიდი შანსი აქვს, მაგრამ სიტუაცია მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ სერგეენკოს შემატება გახარიასთვის ცუდი არ იქნება, თუმცა, ვფიქრობ, თავად სერგეენკო არ გადადგამს ამ ნაბიჯს.

რადიაციის გაჟონვის საფრთხე რუსეთში - “ჩვენამდე ეს ქიმიური ღრუბელი ვერ მოაღწევს”

“14 ივლისს რუსეთში, ურალის ელქტროქიმიურ კომბინატში ურანის შემცველი რეზერვუარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა რეზერვუარის ჰერმეტიზაციის დარღვევამ გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი კუბური მეტრის მოცულობის კონტეინერი გასკდა. ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია “როსატომი” აცხადებს, რომ ინცინდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და საამქრო გაწმენდილია. ფედერალურ სამედიცინო-ბიოლოგიურ სააგენტოში ადასტურებენ, რომ ტერიტორიაზე ქიმიური და რადიაციული დაბინძურების საფრთხე არ არსებობს”- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რადიაციის გაჟონვის საფრთხე რუსეთში - რა მოხდა სინამდვილეში ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში: “ჩვენამდე ეს ქიმიური ღრუბელი ვერ მოაღწევს”.

“ინცინდენტის გამო საწარმოში მყოფმა პერსონალმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და არცერთ მათგანს ჯანმრთელობის გაუარესება არ აღენიშნება. გამოცემა "E1" იუწყება, რომ ექსპერტების თქმით, ურანის ჰექსაფტორიდის შემცველი კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს არა რადიოლოგიური, არამედ ქიმიური საფრთხეა. ნოვოურალსკის ხელმძღვანელმა, სადაც ქარხანა მდებარეობს, ვიაჩესლავ ტიუმენცევმა მოუწოდა ქალაქის მცხოვრებლებს, “პანიკას არ აყვნენ” და “არ გაავრცელონ შეტყობინებები მესინჯერების საშუალებით”. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, “რეზონანსთან” აცხადებს რომ ამ ეტაპზე გლობალური საფრთხეები არ არსებობს, ლოკალურ დონეზე კი იქნება რადიაცია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ურალში ბირთვულ ელექტროსადგურზეა საუბარი, ეს არის მესამე კატეგორიის. აქ არის ორი ტიპის ელექტრონული მოწყობილებობის მწყობრიდან გამოყვანა, რომლის აღდგენა რთული საკითხი არ არის, მაგრამ, გამოიწვია სერიოზული საფრთხე და მაინც თავი დაიზღვიეს. ეს არის მესამე კატეგორიის ტიპის კრიზისული სიტუაცია, ლოკალიზება მაინც და მაინც რთული არ არის, ის, რომ ეს უფრო არის ბირთვული ელემენტის გაჟონვაზე საუბარი, ლოკალური ტერიტორიის ფარგლებში, ეს არ იქნება მასობრივი ხასიათის. ბირთვული რადიაციის გაჟონვის მესამე კატეგორიის საფრთხე, ანუ მოხდა რეაქტორის გადახურება, დროზე არ ჩაირთო გამაგრილების სისტემა, დააგვიანა და მოხდა ლოკალურ დონეზე ბირთვული რადიაციის გაჟონვა... ამ ეტაპზე ლოკალური ტიპის საფრთხე არსებობს, გლობალურ დონეზე საშიში არ არის, მაგრამ ლოკალურ დონეზე გარკვეულწილად შეიძლება მოხდეს რადიოლოგიური დაბინძურება. დაახლოებით საუბარია 5-დან 10 კილომეტრის ზონაში” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

შეიძლება თუ არა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა

“პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ვაზიანის აეროდრომზე საერთაშორისო აეროპორტის აშენების იდეა განიხილება, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პრემიერი აქცენტს ეკონომიკურ ასპექტზე აკეთებს, რადგან მთავრობის “ამბიციური გადაწყვეტილების”, საქართველო “რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახდეს, შესასრულებლად საერთაშორისო დონის აეროპორტის აშენებაა საჭირო და ამისთვის “იდეალურ ადგილად” ვაზიანის აეროდრომს ასახელებს. ვაზიანში შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზაა. აქვეა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი. რა საფრთხეებს ქმნის ვაზიანის ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის განთავსება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამ საკითხებზე სამხედრო მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და ავიაციის ექსპერტს იასე ზაუტაშვილს ვესაუბრეთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით შეიძლება თუ არა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.

“აეროპორტი და აეროდრომი არ უნდა იყოს სამხედრო ბაზის ახლოს, სადაც სწავლებები მიმდინარეობს. დღესაც კი, როდესაც ვაზიანში სწავლება მიმდინარეობს, აფრთხილებენ “საქაერონავიგაციას”, რომ მიიღოს ზომები და გაითვალისწინოს არსებული ვითარება, სწავლების დრო, პერიოდი და ა.შ. ამდენად, დგება საკითხი, თუკი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო აეროპორტი, მაშინ ვაზიანის პოლიგონი, სასწავლო ცენტრი სად გადაგვაქვს? არ დაგვავიწყდეს, რომ ამჟამად იქ ფუნქციონირებს ამერიკელების დახმარებით ჩამოყალიბებული სკოლა, სადაც კონვენციური უზრუნველყოფისთვის ქართული ბატალიონები ემზადებიან. ვიმეორებ, თუკი შენდება აეროპორტი, მაშინ დგება საკითხი, თუ სად გადაგვაქვს პოლიგონი, სასწავლო ცენტრი, ეს ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის რამდენად იქნება მომგებიანი, ასეთი დიდი ბაზა თუ დაიკარგება. აღმოსავლეთ საქართველოში ასეთი დიდი ბაზა არა გვაქვს, სადაც შესაძლებელი იქნება ფართომასშტაბიანი სწავლებების ჩატარება. იმხელა პოლიგონიც კი არა გვაქვს, რომ ბატალიონის ზომის დანაყოფის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩავატაროთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ვაზიანში იმ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, რაც ნატოს სტანდარტებთან არის თავსებადი, შესაძლებელია ბატალიონამდე დანაყოფების სწავლების ჩატარება თავისი ყველა კომპონენტით. ამიტომ პირველ რიგში დგება საკითხი, თუ სად უნდა გადავიდეს. მეორე საკითხია, თუ სად გვექნება სამხედრო აეროდრომი. საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ სამხედრო აეროდრომის გაკეთება დიდ პრობლემებს წარმოქმნის. სამხედრო აეროდრომს აქვს თავისი ინფრასტრუქტურა - თვითმფრინავები უნდა იდგნენ ანგარებში, მორიგე პერსონალისთვის უნდა არსებობდეს საცხოვრებელი, უნდა იყოს სარემონტო მოწყობილობები... არ შეიძლება საერთო იყოს რამე სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომებისთვის. სამხედრო აეროდრომს სხვა სპეციფიკა აქვს. ამავე დროს, თვითმფრინავების საბრძოლო აღჭურვილობა, რომელიც მორიგე თვითმფრინავებს სჭირდება, სამხედრო ბაზაში უნდა ინახებოდეს, სამოქალაქო აეროპორტის ახლოს კი სამხედრო ბაზის არსებობა დაუშვებელია. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვაა - თუ არის გადაწყვეტილი, რომ სამხედრო ბაზა და სამხედრო აეროდრომი იქნება მარნეულში იმ ბაზაზე, რაც ახლა არსებობს, ეს სხვა თემაა. თუ პოლიგონის გადატანაა გადაწყვეტილი სადღაც სხვაგან, მაშინ ესეც უნდა ითქვას. მოკლედ, ძალიან ბუნდოვანი ჩანაფიქრია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “სასწავლო ცენტრის, პოლიგონის, სამხედ­რო ბაზის გადატანა სხვა ადგილზე შესაძლებელია?” - პასუხობს:

“შეუძლებელი არაფერია, მაგრამ დაუშვებელია პოლიგონის გვერდზე იყოს სამოქალაქო და მით უმეტეს, საერთაშორისო აეროპორტი. გარნიზონი, რომელიც იქ არის დისლოცირებული, ამას ხელს არ შეუშლის. აეროდრომი და სამხედრო ბაზა ერთმანეთზე მიდგმული არ არის, მაგრამ სასწავლო ცენტრის საკითხი ბადებს ბევრ კითხვას. თანხებს გავანებოთ თავი, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. პრობლემა ის არის, თუ სად უნდა გაიწვრთნას ჯარი, რადგან სამოქალაქო აეროპორტის ახლოს სამხედრო წვრთნები ვერ ჩატარდება. ვაზიანის ტერიტორიას ვიყენებთ მანევრების სწავლებისთვის, მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ის სად გადადის? საჭიროა დანაყოფების, ტანკების გადაადგილება, ჯავშანტექნიკიდან სროლა, საარტილერიო სროლა, ავიაციით დაბომბვის შესწავლა და ა.შ., ამას სად ჩაატარებენ?”

“ვაზიანი უდაბურია და მოსახლეობისგან ძალიან დაშორებული. მაგალითად, ჭურვი რომ გაისროლო და მიზანს ასცდეს, სადმე ხომ უნდა დავარდეს? ვაზიანი სპეციალურად შერჩეული ტერიტორიაა. ასეთივე ტერიტორია იყო გარეჯთან და მაშინ ერთი ამბავი ატყდა, რადგან ისტორიული ძეგლი ზიანდებოდა. ახლაც ვერ გადაიტან სწორედ ამ მიზეზით და მეორეც, ეს უკვე სასაზღვრო ტერიტორიაა და სწავლებებს ვერ ჩაატარებ. საქართველო შეზღუდულია სამხედრო სწავლებისთვის საჭირო ტერიტორიებით და იმ ერთადერთზე, რაც გვაქვს, ამაზეც უარს ვამბობთ? რის სანაცვლოდ? რაც შეეხება ნატოსთვის უარის თქმას - პოლიგონი რომც შენარჩუნდეს, ნატოზე უარის თქმა მაინც შეეძლებათ, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ძალიან პაციფისტური ჩანაფიქრია. თუკი მართლა გადაწყვეტილია, რომ ეს ტერიტორია ეკონომიკური მიზნებით აითვისონ, რაც არ უნდა სასიკეთო იყოს და თქვან, ერთადერთი პოლიგონი დავტოვოთ ორფოლოშიო, იქ საკმარისი ტერიტორია არ არის. თუ ვამბობთ, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალები მოსამზადებელი გვყავს, რომ ტოტალური თავდაცვისთვის მოსამზადებელი გვყავს რეზერვი, ეს ყველაფერი ხომ სადღაც უნდა მომზადდეს? ყველას დასავლეთში ხომ ვერ წაიყვან?” - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

“ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ტურისტული პოტენციალი გაზარდოს, და ვფიქრობთ, რომ ხვალ-ზეგ უნდა გვქონდეს ჰაბის ფუნქცია, რასაკვირველია, თბილისის დღევანდელი აეროპორტი ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში “ტავ ურბანი” შემოუშვეს, ჰაბის ფუნქცია ჩაკლეს და მივიღეთ აეროპორტი, რომელიც აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია, სადაც მგზავრისთვის არანაირი კომფორტი არ არის შექმნილი, და რაც მთავარია, ჰაბის ფუნქციისთვის არ არის სატრანზიტო დერეფანი, არ შეუძლია 4-5 რეისის ერთდროულად მიღება. 2014 წელს კი, როცა “ტავს” ხელშეკრულება გაუგრძელეს, პირობად დაამატეს მეორე სამგზავრო ტერმინალი, ე.წ. ფრენის ტერმინალი, გარემონტდა ასაფრენი ბილიკიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილია”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იასე ზაუტაშვილი.

“საქართველოს სჭირდება თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო აეროპორტი. დღეს თბილისის აეროპორტში ტრანზიტული ფრენები შეუძლებელია, რადგან რეისებს შორის მგზავრების მოსაცდელი ადგილიც არ არის. ყველა ფუნქცია და ყველა სერვისი მონოპოლიზებული აქვს “ტავს”, გეუბნებიან, სანამ ჩვენ აქ ვართ, არაფრის გაკეთების უფლება არა გაქვთო. რაც მთავარია, არ შეიძლება აეროდრომის ტერიტორია და ასაფრენი ბილიკი, რომელიც სტრატეგიული ობიექტია, იყოს უვადოდ მიცემული სხვა ქვეყნისთვის. რასაკვირველია, “ტავისთვის” ხელშეკრულების გაგრძელების პირობა, ალბათ, დაკავშირებული იყო გარიგებასთან იმდროინდელი ხელისუფლების პირებსა და “ტავ ურბანის” ხელმძღვანელობას შორის. რაც შეეხება ხელშეკრულების გადახედვას, ამ ხელისუფლების ხელში ხელშეკრულების გადახედვა კი არა, მეტსაც გეტყვით­ _ სახელმწიფოს დაკვეთით ჩამოსული იყვნენ IATA-ის (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) ექსპერტები, შეისწავლეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პოტენციალი, ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები და დადეს დასკვნა, რომ ის ამოცანა, რაც წლების წინ იყო განსაზ­ღვრული, არ პასუხობდა საერთაშორისო­ სტანდარტებს”, - განაგრძობს ავიაციის ექსპერტი.

“მათ მთავრობას მისცეს 4 რეკომენდაცია, რაც მთავრობას “აიატას” კვლევაზე დაყრდნობით საშუალებას აძლევდა გაეწყვიტა “ტავთან” ხელშეკრულება ჯარიმის სანაცვლოდ. ასევე იძლეოდა საშუალებას, ხელშეკრულება 2021 წლამდე გაგვეგრძელებინა და დაგვევალდებულებინა გამოესწორებინათ ყველა პრობლემა, რაც არ გაკეთდა. მეტიც, განახლებულ ხელშეკრულებაში შევიდა პუნქტი, რომ “ტავს” უნდა დაემატებინა მეორე ტერმინალი, გაერემონტებინა ასაფრენი ბილიკი და დარჩებოდა 2027 წლამდე. 2014 წელს მთავრობამ მხარი დაუჭირა “ტავის” დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ერთ-ერთი­ საკითხი, რაზეც აპელირებდა “ქართული ოცნება”, იყო სწორედ ის, რომ მიშამ “ტავს” არასწორად მისცა აეროპორტი. რაც მთავარია, ამ ხელშეკრულებაში არის ერთი კაბალური მუხლი: სანამ საქართველოში “ტავი” არსებობს, არ შეგვიძლია 180 კილომეტრის რადიუსში ახალი აეროპორტის აშენება. ახლა, რამდენადაც ვიცი, კიდევ სურთ გაიხანგრძლივონ აქ ყოფნის ვადა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“გეტყვით, რა უპირატესობა და რა ხარვეზები აქვს ამ ახალ გეგმას. პირველი - ვაზიანის აეროდრომის ტერიტორია გაცილებით შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც არის საერთაშორისო აეროპორტისთვის მისაღები. თბილისის აეროპორტისგან განსხვავებით, ვაზიანის ამ ტერიტორიას არც ერთი მხრიდან არა აქვს ხევი. თბილისის აეროპორტთან არის ორი ხევი, რაც ლიმიტირებულ საზღვრებს გიწესებს ასაფრენი ბილიკისთვის. გარდა ამისა, ვაზიანის ტერიტორიის კარგი მოდელირების შემთხვევაში, ძალიან დიდი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ტერმინალის გაკეთება შეიძლება. შეიძლება ორი გრძელი საფრენი ზოლის გაკეთება ან ბაქოს აეროპორტის სტილის აეროპორტის აშენება. ეს არის დადებითი მხარე, მაგრამ თუკი ვამბობთ, ვაზიანის აეროპორტიც უნდა გავაკეთოთ და თბილისის აეროპორტიც დავტოვოთო, მაშინ ეს აზრს კარგავს. 15 კილომეტრის რადიუსში ორი საერთაშორისო აეროპორტის არსებობა აბსოლუტური ნონსენსია და ბიზნეს-გეგმას მიზანშეწონილობა ეკარგება. რადგან მთავრობა ამბობს, რომ 2024 წელს ამ ახალი აეროპორტის მშენებლობას იწყებს, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, თუ რა ფუნქციას შეიძენს თბილისის აეროპორტი”, - ამბობს ზაუტაშვილი.

“მაგალითად, მიეცეს სასაწყობე ფუნქცია ან კარბოტერმინალები გაკეთდეს. შეიძლება იყოს დამხმარე შენობა-ნაგებობები ვაზიანის აეროპორტებისთვის, ან შეიძლება ეს აეროპორტი მხოლოდ სატვირთო რეისებისთვის განისაზღვროს. საერთაშორისო აეროპორტის აშენების მიზანშეწონილობას ვხედავ, მაგრამ ერთი საქმის გაკეთებით სხვა არ უნდა გავაფუჭოთ. 2024 წელსაც რომ დაიწყოს მშენებლობა, რამდენიმე წელი აუცილებლად დასჭირდება. შესაძლოა 2027 წლამდეც არ მოესწროს, როდესაც “ტავთან” ხელშეკრულების ვადა ამოიწურება. თუმცა დარწმუნებული ვარ, მთავრობას “ტავთან” მოლაპარაკება მაინც მოუწევს, რადგან თუ 180 კმ რადიუსში ახალი აეროპორტის აგების შეზღუდვის პუნქტი არ ამოიღეს, მშენებლობას ვერ დაიწყებენ. მე ვაზიანის აეროპორტის გარეშეც ვიზრუნებდი ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღებაზე, რაც სამართლიანი იქნება”, - დასძენს იასე ზაუტაშვილი და შეკითხვაზე - “არსებულ აეროპორტს აქვს პოტენციალი, რომ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს?” - პასუხობს:

“თუ ახალი აეროპორტი ვერ აშენდა, მე თბილისის აეროპორტში არსებულ ტერმინალს მოვშლიდი და გავაკეთებდი 2 დიდ, თანამედროვე ტიპის ტერმინალს უფრო ბევრი გეითით. პირობითად, ერთ საათში 5 რეისის მიღება მაინც რომ იყოს შესაძლებელი. გარდა ამისა, დასამატებელია მეორე ასაფრენი ზოლი დაგრძელებულ მასშტაბში. თუ ალტერნატივა არ იქნება, ცხადია, ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ არა იმ ბაზაზე, რაც დღეს არის “ტავის” შემთხვევაში.”

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის