თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ განუმარტა საზოგადოებას თავდაცვის ძალებისა და ზოგადად, ქვეყნისთვის „თავდაცვის კოდექსის“ მნიშვნელობა და მასში გათვალისწინებულ არსებით ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, კოდექსზე მუშაობისა და განხილვის პროცესში, გარკვეული ნიუანსების გადახედვა მოხდა, თუმცა პროექტის კრიტიკის ობიექტური მიზეზი არ არსებობდა:
„კოდექსი კანონთა კრებულს, სამართლებრივი აქტების ერთობლიობას წარმოადგენს. არ შეიძლება სამართლებრივი აქტების ერთობლიობას რაიმე წინააღმდეგობა მოყვეს, თუ ეს ობიექტური მიზეზით არ იქნება გამოწვეული. მასზე იმუშავა არა მარტო თავდაცვის სამინისტრომ, არამედ, მუშაობისას გავაფართოეთ პირთა წრე, რათა საზოგადოების მეტი ჩართულობით, კონსტიტუციური და სხვა სახის რისკები არ ყოფილიყო, მაქსიმალურად დახვეწილი კოდექსი მიგვეღო“, - დასძინა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძემ „თავდაცვის კოდექსის“ კონკრეტული უპირატესობები და მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებები დაასახელა და აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსი წვევამდელების ეროვნული სამხედრო სამსახურის გარდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით სხვა აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებსაც არეგულირებს და გარკვეულ ჩარჩოში აქცევს:
„კოდექსი გადაჭრის პრობლემურ საკითხს წვევამდელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის, დაარეგულირებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს. ჩვენი კომპლექსური ქმედებებით, რაც კოდექსის პარალელურად, აქტებში მივიღეთ მივაღწევთ მიზანს, რაც პარტნიორებთან ერთად დავისახეთ და საბოლოოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პრიორიტეტი უნდა გახდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, თავდაცვის კოდექსი რელიგიური მიმართულებით დისკრიმინაციული არ არის.
„სახელმწიფოს მიმართ „გირჩის“ პირველი პრეტენზია იყო, რომ წვევამდელებს ვანაწილებდით სხვადასხვა უწყებებში, რაც აღმოფხვრილი იქნება. თავდაცვის კოდექსი რომ იყოს დისკრიმინაციული რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და მის განხილვებამდე „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „გირჩს“ რელიგიასთან არანაირი შეხება არ აქვს.
„ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ შინაარსობრივ განხილვაში არ შევედით და ეს ლეგიტიმაცია ცალსახად მივანიჭეთ მათ. რეალურად ეს არ არის ეკლესია, ესენი არ არიან სასულიერო პირები, შესაძლოა მიმდინარეობა დააფუძნონ, მაგრამ არანაირი შეხება მათ რელიგიასთან არ აქვთ და ვერ ექნებათ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნულ საკითხებს საკმაოდ ფართო პირთა წრე, მათ შორის სამართალმცოდნეები განიხილავდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის „მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს“ შექმნის.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდის შეუქცევად პროცესზე.
„წელიწადნახევრის განმავლობაში უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება 40%-ით გავუზარდეთ და ეს ზრდა 2024 წლის დასაწყისშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, სამხედროებისათვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება.
თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ბაზაზე:
„ყაზარმები თანამედროვე და ხარისხიანი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო სასადილოები, განახლდა სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორიები, ბაზებზე დაეგო გზები“, - აღნიშნა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის თავდაცვის უწყებას აბსოლუტურად განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება.
ამასთან, მინისტრმა ისაუბრ რეზერვცზეც და აღიშნა, რომ ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი აუცილებელია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებამ, „თავდაცვის კოდექსზე“ მუშაობისას, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები განიხილა. მისი განცხადებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს ალტერნატივა, ბევრი მიზეზის გამო, არ აქვს. მან განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტრო ზრუნავს წვევამდელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.
მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ამ კონტექსტით სტრატეგია მეგობარ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა.
„ეს სტრატეგია შექმნილია პარტნიორებთან ერთად, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რიცხოვნობიდან გამომდინარე. ეს კომპლექსური და მოცულობითი საკითხია. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება ასი ათასი ადამიანი, ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი მეთოდი, იქნება წვევამდელთა სამსახური, ასევე ნებაყოფლობითი სხვა სამსახურები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრმა განმარტა, რომ „თავდაცვის კოდექსი“ არეგულირებს იმ საკითხებს, რაზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპელირებენ. მათ შორის, მან სპეციალური წოდების სამხედრო მოსამსახურეების უწყებაში მუშაობის პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით, უწყებას ახალი სპეცწოდების თანამშრომლის მიღების, ან სპეციალური წოდების მომატების უფლება აღარ ექნება.
„ჩვენ აღარ გვექნება უფლება რომ მივიღოთ ახალი სპეცწოდების თანამშრომელი ან მოვუმატოთ სპეცწოდება, რომელიც აქვს მინიჭებული პირს, რომელიც მსახურობს თავდაცვის სამინისტროში. „თავდაცვის კოდექსი“ ამ სიმახინჯეს ზღუდავს, არეგულირებს და ყველა ხარვეზს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, „თავდაცვის კოდექსით“ განსაზღვრული ღონისძიებებისა და რეგულაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით არაერთი შეხვედრა გაიმართა.
მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებისა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზეც ისაუბრა.
„ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ არ ყოფილა არცერთი წელი, ბოლო დეკადების განმავლობაში, როდესაც დაიდო ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები შეიარაღების შეძენის მიმართულებით. იცით, რომ „რაფაელის“ საზენიტო სისტემებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2021 წელს და მიმდინარე წელს მივიღებთ. ასევე, შევიძინეთ ახალი სისტემები, რომელითაც ჩვენ დავფარავთ ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს და ყველა დიდ ქალაქს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არსებული სისტემების განახლების შესახებაც.
თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე თვეში შვედეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელ ცნობილ მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან, SAAB-ის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.
„ჩვენ ასევე შევიძინეთ ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და დავდეთ ხელშეკრულებები. მე გახლდით შვედეთში, სადაც გავეცანი კომპანია SAAB-ს, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების. ჩვენ მათთანაც გვაქვს ხელშეკრულება დადებული და წელს რაც ხელშეკრულებები დაიდო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს თავდაცის სამინისტრო,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააჟღერებს.
თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.
„პრემიერის მინისტრობის დროს, დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო პოლონურ კომპანიასთან ერთად, რომელიც არის ძალიან წარმატებული კამიკაძე დრონების მწარმოებელი კომპანია. სრულად მოვაწყვეთ ინფრასტრუქტურა, დავახვედრეთ ახალი შენობა და ყველანაირად მზაობა გვაქვს, რომ დავიწყოთ მასშტაბური წარმოება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, სატესტო ეტაპი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში მასიური წარმოება დაიწყება.
თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა პარნტიორებთან ურთიერთობაზეც,
თავდაცვის მინისტრმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ის აზრი, თითქოს საქართველოს ნატოსთან დაკავშირება შეფერხებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
„შვიდი საერთაშორისო წვრთნა ჩატარდა საქართველოში. არასდროს ასეთი შედეგი ჩვენ არ გვქონია, რომ საქართველოს ემასპინძლოს ერთი წლის განმავლობაში შვიდი საერთაშორისო წვრთნისთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა საქმიანი ვიზიტების დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატოს მხრიდან საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტზე არანაირი პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქტიურად მონაწილეობს ყველა ფორმატის შეხვედრაში და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი ევროპაში.
„მე პირადად ვიყავი, ალბათ რეკორდული ციფრია, 7-ჯერ ერთი წლის განმავლობაში ნატოში, სადაც შეხვედრა გავმართე გენერალურ მდივანთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს მინისტერიალებს დავესწარი, ჩვენ ვართ რამშტაინის ჯგუფის წევრები. აბსოლუტურად რელევანტურობა დაკარგული აქვს ამ საკითხს. ჩვენ განვიხილეთ ის ფორმატები პარტნიორებთან ერთად, რაც უნდა ჩატარებულიყო ვილნიუსში. რა თქმა უნდა, შევარჩიეთ ის ფორმატი, რომელიც მეტ - ნაკლებად მისაღები იქნებოდა ჩვენთვისაც, მათთვისაც და ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული ვილნიუსში, ჩვენს ოპონენტებს სურთ ეს უარყოფითად დაანახონ ჩვენ საზოგადოებას, თუმცა, ამას პერსპექტივა არ აქვს, რადგან ერთხმად ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ამ გზის პერსპექტივის სიცხადე, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ “იმედის“ ეთერში.