საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს, რომ „გლობალური ომის ძალები“ ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას. აქამდე ჩვენი ხელისუფლება არ აკონკრეტებდა ვინ მოიაზრებოდა „გლობალური ომის“ ძალებად. ამას წინათ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ მას და ჩვენ ხელისუფლებას მხედველობაში ჰყავდათ უკრაინა.
უკრაინის თემაზე მან ასევე თქვა - „უკრაინა იყო დაინტერესებული რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა.“
თქვენ რამდენად დამაჯერებლად აღიქვით პრემიერის მტკიცება, რომ „გლობალურო ომის ძალებს“ უკრაინა წარმოადგენს და რომ უკრაინა იყო დაინტერესებული რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო?
- რასაც პრემიერი საუბრობს არის ის პროპაგანდისტული მატრიცა, რაც რუსეთში ძალიან კარგადაა აპრობირებული. სახელისუფლებო სპიკერები პრაქტიკულად სრულად იმეორებენ იმ პროპაგანდისტულ რიტორიკას, რაც რუსეთის სახელმწიფო არხებიდან გვესმის. თუ რუსულ არხებზე გადართავთ, ნახავთ, რომ ჩვენი ხელისუფლებისა და რუსეთის პროპაგანდისტული არხების პროპაგანდა ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
თურმე, ომის პარტია ყოფილა უკრაინა, ანუ რუსეთი კი არ არის აგრესორი. თურმე, უკრაინას უნდოდა რუსეთთან ომი და არა რუსეთი ცდილობდა უკრაინისთვის ტერიტორიების ძალით წართმევას. ამ თემაზე ჩვენი ხელისუფლება წარმოუდგენლად არაზუსტ განცხადებებს აკეთებს.
თურმე, ომის პარტია ყოფილა უკრაინა, ანუ რუსეთი კი არ არის აგრესორი. თურმე, უკრაინას უნდოდა რუსეთთან ომი და არა რუსეთი ცდილობდა უკრაინისთვის ტერიტორიების ძალით წართმევას. ამ თემაზე ჩვენი ხელისუფლება წარმოუდგენლად არაზუსტ განცხადებებს აკეთებს
რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ უკრაინა ახდენდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის ტორპედირებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამგვარი რამის მტკიცება აბსურდულად გამოიყურება. რატომ? იმიტომ რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი უკრაინის ომამდე არც იდგა. სწორედ უკრაინის დამსახურებაა, რომ დღის წესრიგში დადგა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი.
მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ აქტუალური გახდა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი. საქართველოს ხელისუფლება ამბობდა, რომ ამ საკითხის დაყენებას 2024 წლისთვის გეგმავდა. ამდენად, უკრაინის დამსახურებაა რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება საერთოდ რომ განიხილება.
როცა უკრაინა აღმოჩნდა ევროპაში ჩვენ სვლის დაჩქარების ლოკომოტივი, ჩვენი ხელისუფლების მტკიცება რომ უკრაინა იყო დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო, ამაში რაიმე ლოგიკა არსებობს?
ხელისუფლების მტკიცება, რომ უკრაინა იყო დაინტერესებული საქართველოს სტატუსი არ მიეღო, არა თუ არადამაჯერებელია, პროვოკაციულია და, სამწუხაროდ, აზიანებს იმ ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს, რომლის პრემიერ-მინისტრიც ირაკლი ღარიბაშვილია
უკრაინის ხელისუფლებას აქვს პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე ცხადია, რომ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს აქვს პრეტენზიები უკრაინის ხელისუფლებასთან. ევროპული არჩევანი ფასეულობითი არჩევანია და არა გეოგრაფიული, არც თვითმიზანია, როგორც ამას ბევრი ამბობს. ევროპა ჩვენი ფასეულობითი არჩევანია იმის გამო, რომ გვინდა ქვეყანაში გვქონდეს თავისუფლება, კეთილდღეობა და სამართლიანობა.
ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჩვენში არსებობს და პრაქტიკულად არც არაფრის გაკეთება არაა საჭირო. ევროპა გვეუბნება - ჩემთან სახლში სიგარეტს არ ეწევიან. ჩვენ ვეუბნებით - შენ ვინ გეკითხება მე სახლში სიგარეტს მოვწევ თუ არა. ჩვენი ასეთი ქცევა ნორმალურია?
ხელისუფლების მტკიცება, რომ უკრაინა იყო დაინტერესებული საქართველოს სტატუსი არ მიეღო, არა თუ არადამაჯერებელია, პროვოკაციულია და, სამწუხაროდ, აზიანებს იმ ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს, რომლის პრემიერ-მინისტრიც ირაკლი ღარიბაშვილია.
- ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა - „ ვიხილეთ ევროპული პოლიტიკური ელიტის ყველაზე მახინჯი სახე, რომელთანაც არ გვინდა ევროპა გავაიგივოთ“. გასაგებია, რომ საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციებზე საქართველოსთან დაკავშირებით.
როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება თბილისში, ქვეყანაში, რომელიც წლის ბოლოს ევროკომისიისგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდება, რა უნდა იფიქრონ ჩვენზე ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში, ანაც ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში?
- თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას უნდა სტატუსის მიღება, მაშინ ჩვენთვის ისიც უნდა იყოს ცხადი, რომ ხელისუფლება სუიციდითაა დაკავებული. ასეთი განცხადებებით მიზანს კი არ აახლოებენ ქვეყანას, არამედ პირიქით, აშორებენ.
ჩემი აზრით, ხელისუფლება ასეთ განცხადებებს შიდა მოხმარებისთვის აკეთებს. არც მალავენ, რომ ეს განცხადებები უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილის ლობისტები აქტიურობენ და ამაზე აგებენ შიდაპოლიტიკურ რიტორიკას. იმაზე არ ფიქრობენ, ამ რიტორიკას რა შეიძლება მოჰყვეს.
თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას უნდა სტატუსის მიღება, მაშინ ჩვენთვის ისიც უნდა იყოს ცხადი, რომ ხელისუფლება სუიციდითაა დაკავებული
რაც შეეხება სააკაშვილის ლობისტების აქტიურობას, არც მე მსიამოვნებს, როდესაც ასეთი რამ ხდება, მაგრამ იმის ილუზიაც არა მაქვს, რომ ლობისტებმა ფული გადაუხადეს ევროპარლამენტის 600 დეპუტატებს. 600 პარლამენტარის მოსყიდვა ხომ თავის თავად აბსურდია.
ლობისტური საქმიანობა დასავლეთის ქვეყნებში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ისე წარმოდგენა, რომ დასავლეთში აღებ-მიცემობით ხდება ყველაფერი, ასე არაა. არადა ასეთი სურათის დახატვა უნდა ხელისუფლებას. ასეთ განცხადებებს რომ წაიკითხავენ ევროპარლამენტარები, რომლებსაც არანაირი ფული არ აუღიათ, ბუნებრივია, ისინი ჩვენდამი ანტაგონისტურად განეწყობიან.
ისე წარმოდგენა, რომ დასავლეთში ყველაფერი აღებ-მიცემობით ხდება, ასე არაა. არადა ასეთი სურათის დახატვა უნდა ხელისუფლებას. ასეთ განცხადებებს რომ წაიკითხავენ ევროპარლამენტარები, რომლებსაც არანაირი ფული არ აუღიათ, ბუნებრივია, ისინი ჩვენდამი ანტაგონისტურად განეწყობიან
- ჩვენი განათლების მინისტრი გახლდათ ვიზიტით უნგრეთში. ამაზე სიუჟეტი ვნახე, სადაც ბოლოს ითქვა, რომ თბილისს საპასუხო ვიზიტით ესტუმრება უნგრეთის პრემიერი ორბანი.
თუ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება გვინდა, გაუგებარია უნგრეთის იმ პრემიერთან ჩვენი მეგობრობა, რომელიც ბრიუსელში და ევროპულ სტრუქტურებში დიდი სიმპათიებით არ სარგებლობს. პირიქით, იგი მათთვის, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემური ლიდერია.
ხელისუფლება ვერ ხვდება რომ ორბანთან ჩვენი დაახლოება ჩვენსავე ევროპულ გზას ვნებს, თუ რასთან გვაქვს საქმე?
- ხელისუფლების რიტორიკა რომ უნდათ მიიღონ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, აბსოლუტურ შეუსაბამობაშია მათივე ქმედებებთან. ორბანი ჩვენი ხელისუფლებისთვის ევროკავშირში არის ერთადერთი ხელმოსაჭიდი ლიდერი, რომელთანაც თანამშრომლობით უნდათ გაამართლონ თავისი ქმედებები. ორბანმა ასე თქვა, ორბანმა ისე თქვა, ემსახურება იმას, თითქოს იგი ევროპელ ლიდერებში ყველაზე მისაბაძი პოლიტიკოსია.
მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ულტრა-კონსერვატორების ყრილობაში. რბილად რომ ვთქვათ, ევროპაში ასეთ ულტრაკონსერვატიულ აქტივობებს არ მიესალმებიან. ევროპა თავისუფალი სამყაროა, არავინ არავის არაფერს უკრძალავს, მაგრამ იმ ტიპის ულტრაკონსერვატზმი, რომლის ფორუმის მუშაობაში ჩვენმა პრემიერმა მიიღო მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური სისტემისთვის დამახასიათებელი არაა, იგი უფრო მარგინალურია და სინქრონულია იმ ნარატივის, რასაც რუსეთში კრემლი ამკვიდრებს.
იმ ტიპის ულტრაკონსერვატზმი, რომლის ფორუმის მუშაობაში ჩვენმა პრემიერმა მიიღო მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური სისტემისთვის დამახასიათებელი არაა, იგი უფრო მარგინალურია და სინქრონულია იმ ნარატივის, რასაც რუსეთში კრემლი ამკვიდრებს
რეალურად კი ევროპაში არანაირ ფასეულობებს საფრთხე არ ემუქრება. არც ოჯახის ინსტიტუტს. ევროპაში ისეთი ტრადიციული ოჯახებია, როგორც საჭიროა. ვერ გავიგე, აბა რუსული ოჯახია ოჯახი? აღარ გავაგრძელებ.
- ამ თემაზე ასე თანმიმდევრულად ყურადღების გამახვილების მიზანი რაა? ან რატომ ხდება?
- ვიღაც სპეციალურად აკეთებს, ვიღაც ამაზე ბიზნესს აკეთებს, ვიღაცა სიბრიყვით აკეთებს, მართლა ჰგონია, რომ ქართულ ტრადიციებს რამე ემუქრება ევროპიდან, ზოგი ასეთი ჰიპნოზის ქვეშაა. ჩვენ ხომ საკმაოდ ჭრელი საზოგადოება გვაქვს ბევრი თვალსაზრისით.
- საშინაო პოლიტიკაში ბოლო დროს სულ იმაზეა საუბარი, 2024 წლის არჩევნებზე ვინ ვისთან იქნება. რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, აშკარად შორსაა იმისგან რასაც პოლიტიკური პროცესი ჰქვია.
„ნაციონალებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებაზე იმდენი ისაუბრეს, თითქოს მოულოდნელი რამ მოხდა. ყველა საუბრობს „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულაზე, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პროცესს რაღაც აშკარად აკლია.
ოპოზიციურ სპექტრში ახლა რა პროცესსაც ვადევნებთ თვალს, თქვენ როგორ შეაფასებდით?
- მოძრაობებს ბევრს ვხედავ, მაგრამ, ჯერჯერობით რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მოძრაობები ჯერ მხოლოდ მოძრაობებისთვისაა.
სოციალურ ქსელში დაიდო ძალიან მრავლისმეტყველი რგოლი. ხაბეიშვილი ტრენაჟორის სარბენ ბილიკზე ერთ ადგილზე როგორ დარბის. ეს რგოლი სიმბოლურიც კია. ოპოზიცია მოძრაობებს აკეთებს, მაგრამ რეალურად ადგილზე დგანან. ვერ ავითარებენ პროცესს და ერთ ადგილზე დარბიან ამაყი სახით. უცნაური ისაა, რომ ისინი ამას ეძახიან განვითარებას.
ტრენაჟორის სარბენ ბილიკზე ხაბეიშვილის ადგილზე სირბილი არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება ზოგადად ქართულ პოლიტიკის ოპოზიციურ სპექტრში. ბევრი არც არაფერი ხდება და ჯერჯერობით მხოლოდ აქტიურობის, ან მოძრაობის იმიტაციებს ვადევნებთ თვალს.
ტრენაჟორის სარბენ ბილიკზე ხაბეიშვილის ადგილზე სირბილი არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება ზოგადად ქართულ პოლიტიკის ოპოზიციურ სპექტრში. ბევრი არც არაფერი ხდება და ჯერჯერობით მხოლოდ აქტიურობის, ან მოძრაობის იმიტაციებს ვადევნებთ თვალს
- ამის ფონზე მსოფლიოში საკმაოდ დიდი ამბები ხდება და რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მხოლოდ შორიდან ვადევნებთ თვალს.
სად შეიძლება მიგვიყვანოს ჩვენი პოლიტიკური პროცესების იმ დინამიკამ, რაც ახლა გვაქვს?
- ფაქტობრივად, ჩვენ თამაშ გარე მდგომარეობაში ვართ დარჩენილი და ეს ჩვენ ჩვენი ხელით გავაკეთეთ. პირიქით, პარტნიორები გვეუბნებიან მეგობრები და პარტნიორები ვართ, ერთად ვიყოთ და - შემოდით თამაშში!
ჩვენ კი ვეუბნებით - იცით რაა? კი ხართ კარგი ბიჭები და ჩვენი მეგობრები, მაგრამ თქვენ ახლა პრობლემები გაქვთ, ჩვენ ჩვენი ოჯახები გვყავს მისახედი. აი თქვენ რომ კარგად იქნებით, მერე ვილაპარაკოთ მეგობრობაზე. ასე იქცევა საქართველო. ასეთ სუბიექტად ჩამოვყალიბდით.
ახლა მსოფლიოში ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება. ყველა თავის ადგილს ეძებს, ჩვენ კი ნებაყოფლობით გავედით თამაშიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო გლობალური სამყაროს მტრის, ანუ რუსეთის ლუკმა ხდება.
ამ სატყუარათი ხდება ტვინების გამორეცხვა და იმის ილუზიის შექმნა, რომ ჩვენ დამოუკიდებელ პოლიტიკას ვაწარმოებთ და საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკა არც ერთ ხელისუფლება არ გაუტარებია
ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, ფრონტის ან ერთ მხარეს უნდა ვიყოთ, ან მეორე მხარეს. ილუზიაა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც დააბალანსებს დასავლეთს და რუსეთს.
ამ სატყუარათი ხდება ტვინების გამორეცხვა და იმის ილუზიის შექმნა, რომ ჩვენ დამოუკიდებელ პოლიტიკას ვაწარმოებთ და საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკა არც ერთ ხელისუფლება არ გაუტარებია.
დიდი ბოდიში, მაგრამ გიჟი ყველაზე თავისუფალია, მაგრამ პერსპექტივა როგორი აქვს? არც არანაირი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი