შავი ზღვის დიდი რეგიონი თანამედროვე კონტექსტში: გულახდილი საუბარი

(მეორე ნაწილი)

კონკრეტული რეკომენდაციები

საუბარი მხოლოდ საუბრისთვის რომ არ გამოვიდეს, რამდენიმე პრაქტიკული მოსაზრების ჩამოყალიბებას თუ თავმოყრას შევეცდებით. სიტყვა „თავმოყრა“ შემთხვევითი როდია, ვინაიდან წინა სტატიებში ესა თუ ის მოსაზრება უკვე გამოგვითქვამს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემატიკაზე ამა თუ იმ ფორმით ესა თუ ის მოსაზრება სხვა ავტორიტეტულ ნაშრომებშიც გადმოუციათ.

ამჯერად, თემატური „ტავტოლოგიისა“ და აბსტრაჰირების თავიდან ასარიდებლად, ისე როგორც ხელჩასაჭიდი კონკრეტიკის მიზნით, მიმდინარე მოვლენების ფონზე რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას მოვნიშნავთ.

სისტემური საკონსულტაციო პლატფორმა: წარსულში რამდენჯერმე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად თვისობრივად ახალი, ურთიერთობათა სისტემაშემქმნელი ფორმატის მიზანშეწონილობაზე.

კერძოდ, ერთ-ერთ ვარიანტად მივიჩნევთ შავი ზღვის დეკლარაციის ჩარჩო დოკუმენტის ინიციატივას, რომელიც რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, მათ შორის, ახალი საკომუნიკაციო არხების დროსა და საჭიროებაზე მორგებულ თანამედროვე საკონსულტაციო-საკოორდინაციო ფორმატს მოემსახურებოდა.

ასეთი დეკლარაცია გამოკვეთს მსოფლიო და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისათვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. რიგი აქტუალური თემების გასწვრივ, დეკლარაცია: (1) ისაუბრებს რეგიონული უსაფრთხოებისათვის მხარეთა პარტნიორობაზე; (2) დააფიქსირებს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; (3) გამოკვეთს რეგიონის მავნე გავლენებისა და „განსაკუთრებული ინტერესის ზონებისაგან“ განთავისუფლების მნიშვნელობას; (4) გამოკვეთს რეგიონული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის მიზნით სახსრების მობილიზაციის აუცილებლობას, ისე როგორც რეგიონში სოციალური და ეკოლოგიურად მდგრადი პროექტების განხორციელების საჭიროებას; (5) იმსჯელებს ე.წ. ეთნიკურ კონფლიქტებზე; (5) აღნიშნავს რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე უწყვეტი თანამშრომლობის აუცილებლობას, იქნება ეს ტერორიზმი, უკანონო მიგრაცია თუ სხვა; (6) დასახავს მიმართულებებს რეგიონული მასშტაბის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებისა და ბლოკებისაკენ.

აღნიშნულის გარდა, დეკლარანტების ყურადღება რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაზე დამატებით და საგანგებოდ გამახვილდება. ერთ-ერთ კონკრეტულ ინიციატივად მოვიაზრებდით მსხვილი რეგიონული პროექტის დეკლარირებას, ვთქვათ, „შავი ზღვის კეთილდღეობის (განვითარების) სარტყლის“ ინიციირებას. პროექტის მიზნებში მოექცეოდა როგორც საფინანსო რესურსის მობილიზება რეგიონული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ისე გარკვეულ ენერგოწყაროებზე დამოკიდებულების შემცირება, სოციალური ხასიათისა და გარემოსდაცვითი მიზნობრივი პროგრამების რეალიზება და ა.შ.

დავძენთ, რომ ფორმატის ეფექტიანობის მიზნით, საჭირო გახდებოდა მაღალი რანგის რეგულარული სამიტების გამართვა დეკლარაციის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების, სტრატეგიულ პარტნიორთა და მოკავშირეთა მაღალი რანგის წარმომადგენლების დონეზე. რეგულარული სამიტების მთავარი დანიშნულება იქნებოდა რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დეკლარაციით გათვალისწინებული სხვა პრიორიტეტების რეალიზება.

უსაფრთხოების „საკომპენსაციო მოდელები“: ნატოს გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და თანაც ჯერჯერობით კვლავ დეკლარანტების დონეზე. რეალურად კი „ღია კარის“ გაცხადებული პრინციპის ასამოქმედებლად რაიმე პრაქტიკული მოძრაობა თუ პროცედურული გზამკვლევი არ იკითხება. უკრაინის ომიც, ამ მხრივ, საკმაოდ უცნაურ მოვლენად ჩამოყალიბდა: ხსენებული პრინციპის ამოქმედება ხან იკვეთება, ხან ბუნდოვანდება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით - რუსეთის „ახლო საზღვარგარეთში“ - გაფართოების განჭვრეტადი პერსპექტივა ისევე არამკაფიოა, როგორც თვით ამ ომის პოლიტიკური შედეგი. არადა, შავი ზღვის დიდ რეგიონში განვითარებული პროცესები დაყოვნებას ვერ ეგუება და საკითხის გადაჭრაზე მორგებულ პოლიტიკურ-სამართლებრივ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტას ჩვენ მიერ რამდენჯერმე წამოჭრილი რეგიონის მინილატერალური (მრავალმხრივი) თავდაცვითი ალიანსის, ერთგვარი რეგიონული „მცირე ნატო-ს“ ჩამოყალიბება იქნებოდა. ზოგადად, კონკრეტული რეგიონის საჭიროებაზე მორგებული მცირე ზომის თავდაცვითი ალიანსების ჩამოყალიბება გლობალური უსაფრთხოების ახალი ფორმატის სისტემის ნიშან-თვისებაა და შესაბამისი კარგი მაგალითების მოძიება შეიძლება როგორც ინდოეთისა და წყნარი ოკეანის, ისე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ისმის შეკითხვა: ხომ არ მომწიფდა დრო შავი ზღვის ფარგლებში ამავე რეგიონის უსაფრთხოების ინტერესებითა თუ გამოწვევებით განსაზღვრული, რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული სტრუქტურის შესაქმნელად? ეს ინიციატივა განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის (საქართველოს ჩათვლით) გახდებოდა პრაქტიკულად სასარგებლო, რომლებიც ახლა ვერ სარგებლობენ და შესაძლოა ვერც ახლო პერსპექტივაში ისარგებლონ ნატო-ს ცნობილი მე-5 მუხლის უპირატესობით.

ასევე დავძენთ, რომ თავდაცვითი ზომების ერთობლიობის გარდა, შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუციური ალიანსი თანამშრომლობის სხვა მიმართულებებსაც გააღრმავებდა, როგორებიც არის საფრთხეების სიტუაციური შეფასება, სადაზვერვო მონაცემების გაცვლა თუ სხვ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სისტემური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობდა რეგიონის თანამოაზრე ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის რეგიონულ გამოწვევებთან მიმართებით „ერთი ფლანგის, ერთი საფრთხის, ერთიანი ძალისხმევის“ პოლიტიკის დამკვიდრებას.

რეგიონული ურთიერთდაკავშირებულობა: თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკურ ურთიერთდაკავშირებაზე და ურთიერთდამოკიდებულების ფენომენზე მსჯელობა დამკვიდრებული მოცემულობაა. ამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფენომენის დეტალური განხილვა შეუძლებელია. ერთს დავძენთ მხოლოდ, რომ სხვადასხვა გარემოების გამო ასეთი კავშირების თუ დამოკიდებულებების ხარისხი ხან მატულობს, ხან იკლებს: დღესდღეობით პოსტპანდემიის, ომისა და დიდ სახელმწიფოთა კონკურენციის შედეგად, ამგვარი ეკონომიკური დაქსელვა გადაწყობის პროცესში და ახალი წონასწორობის წერტილის ძებნაშია.

თუმცა, აჯობებს ჩვენსავე რეგიონს დავუბრუნდეთ, რომლისათვისაც ეკონომიკური ურთიერთდაკავშირება და ურთიერთდამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში სამხედრო კონფლიქტების ასაცილებლად და შედარებითი სტაბილურობის მისაღწევად. ეს ფენომენი თავდაპირველად აღინიშნებოდა როგორც „მშვიდობა ვაჭრობის გზით“ და მისი არსი განსხვავებული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფორმაციის მქონე ქვეყნებს შორის ერთმანეთის საჭიროების უზრუნველყოფა იყო.

შავი ზღვის დიდ რეგიონში ასეთი „საჭიროება“ დღეს ისეთი აქტუალურია, როგორიც არასდროს ყოფილა. აუცილებელია ზუსტად რომ რეგიონული ურთიერთდაკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულების ამ „საჭიროების“ კონკრეტულ მაგალითებად მივიჩნიოთ ორი მსხვილი პროექტი: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგური. ამავე მიდგომის გაგრძელება იქნება აგრეთვე შუა დერეფნის პროექტის წარმატებული რეალიზება, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისათვის შესატყვისი პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდებით.

გარდა პირდაპირი ეფექტისა, ამ და სხვა რეგიონული დაკავშირებულობის პროექტების განხორციელება რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული მოქმედების საუკეთესო პასუხია. საქმე ხომ ისაა, რომ რუსული დესტრუქცივიზმი მარტოოდენ სამხედრო აგრესიაში არ ვლინდება. იგი ასევე მიმართულია შავი ზღვის რეგიონის ისეთი ზეწოლის ქვეშ მოქცევისაკენ, რომელიც გარე ინვესტიციებს რეგიონში შემოსვლის ყოველგვარ სტიმულს დაუკარგავს. რეგიონის საინვესტიციო რადარიდან გაქრობა კი მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას არ დაემუქრება; ეს რეგიონს ამოაგდებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჯანსაღი ეკონომიკური სტრუქტურიდან, ხოლო ლოგისტიკურ მარშრუტებს რევიზიონისტული რეჟიმების ზემოქმედებას დაუქვემდებარებს. და ბოლოს: შავი ზღვის დიდი რეგიონის ინფრასტრუქტურაში მსხვილი და ამბიციური ინვესტიციები ზუსტად უპასუხებს თანამედროვე გაგებით უსაფრთხოებას, რომელიც წარმოუდგენელია ეკონომიკური თვითკმარობისა და მედეგობის გარეშე.

შავი ზღვის დიდი რეგიონი და ჩვენ

შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების ახლად ფორმირებადი სისტემა საქართველომ არათუ უნდა მოირგოს, არამედ თავად უნდა გადაიქცეს ამ სისტემის შეუცვლელ მდგენელად. ასეთი ფორმულირება შესაძლოა ვინმეს თამამი მოეჩვენოს. ჩვენც დავეთანხმებით, რომ დიახ, თამამია. თუმცა ამ განაცხადს თავისი გამართლება და ახსნა აქვს: (1) გამართლება მდგომარეობს არგუმენტირებულ ამბიციაში, რომელიც კონკურენტუნარიანობისათვის მცირე ქვეყანას ესოდენ მოეთხოვება, ხოლო (2) ახსნა კი ისტორიულ ფუნქციონალშია, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული კომპონენტი ჰქვია და ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ გაათმაგებული ძალისხმევა ევალება.

ცხადია, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ საკუთარ რესურსზე დაყრდნობით (ამგვარი რესურსის სიმწირის გამო) აღნიშნული ამოცანის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, საკუთარი რესურსის პარტნიორთა და მოკავშირეთა ხარჯზე გამრავლების რამდენიმე პრინციპული ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, კერძოდ, ის, რომ საქართველო: (ა) არის პრო-ევროპული ქვეყანა; (ბ) არის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსის მქონე და მოქმედებს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის ფარგლებში; (3) აკავშირებს (და მომავალში უფრო მეტად დააკავშირებს) დასავლეთსა და აღმოსავლეთს თავის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომუნიკაციების მეშვეობით; (4) დასავლეთთან კავშირების შემდგომი განმტკიცებით ქმნის დასავლური ინტერესების რეგიონში უკეთ პროეცირების საშუალებას, რაც ქვეყნისა და მისი მოკავშირეების რაციონალურად თანმხვედრი და შემხვედრი ინტერესების საგანია.

ვფიქრობთ, რომ ქართულ სახელმწიფოს მხოლოდ სისტემური მიდგომითა და მასშტაბური აზროვნებით შეუძლია ჰქონდეს რეალური პრეტენზია შავი ზღვის რეგიონში მისთვის სასურველ ურთიერთობათა ფორმატში ადგილის დასამკვიდრებლად. საამისო ძალისხმევა კი, თანაბარწილად, ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესის სიმრთელეზე და სიჯანსაღეზე გადის. დროა მკაფიოდ ვუჩვენოთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარე სამყაროს - ჩვენ მორალური უფლებაც გვაქვს და პრაქტიკული შესაძლებლობაც, რომ საკუთარი, უნიკალური წვლილით შევიდეთ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. ამას კი, როგორც არასდროს, სჭირდება საერთო-ეროვნული კონსენსუსი, ჯანსაღ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალთა ერთობა და ქართული პოლიტიკის „საქმოსნურად კეთებიდან“ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების პრაქტიკულ დღის წესრიგზე გადასვლა. რაც მალე, მით უკეთესი.

იხილეთ „შავი ზღვის დიდი რეგიონი თანამედროვე კონტექსტში: გულახდილი საუბარი“ (პირველი ნაწილი) შავი ზღვის დიდი რეგიონი თანამედროვე კონტექსტში: გულახდილი საუბარი | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

ვიქტორ ყიფიანი

ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო