გია ხუხაშვილი - “მესმის, რომ ვაშაძეს ბავშვობიდან უნდა პრემიერობა, მაგრამ...”
ყოფილების ალიანსი და მათი პოლიტიკური პერსპექტივა - მოახერხებენ თუ არა გაერთიანებას “ოცნების” ყოფილი წევრები
მამუკა არეშიძე - “რა თამაში დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში?!”
“პოლონეთის ტერიტორიაზე შესაძლოა “ვაგნერის” დივერსიული ჯგუფები შევიდნენ”, - ლუკაშენკოს “ხუმრობა” და ახალი საფრთხე ბელარუსიდან
რას ნიშნავს რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება
* * *
გია ხუხაშვილი - “მესმის, რომ ვაშაძეს ბავშვობიდან უნდა პრემიერობა, მაგრამ...”
“ვფიქრობ, ეს ყველაფერი სერიოზულს არაფერს ნიშნავს, რადგან ელექტორალური სურათი არ იცვლება -“ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩეველი არ ემატება. უბრალოდ, მათ პიარის საშუალება მიეცათ, რომ რაღაც გაერთიანებას აკეთებენ, რომ მარტო არ არიან. ცხადია, ეს მათთვის დივიდენდია, მაგრამ არცთუ ისე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, შესაძლოა ვაშაძემ და კიდევ რამდენიმემ კონკრეტული სარგებელი მიიღონ, რადგან “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” ბარიერის გადალახვა პრობლემატურია და ამ კოალიციაში შესვლით 2-3 კაცი მაინც იხეირებს. საერთო ლანდშაფტში, პოლიტიკურ მოზაიკაში ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” ელექტორალური ზრდის, განვითარების პოტენციალი არა აქვს, ერთგვარი ჩაკეტილი სისტემაა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეს ისეთი სერიოზული რამ არის, რაც პოლიტიკურ ბაზარზე ძვრებს მოახდენს. ვაშაძეც ძალიან ამბიციურია და “ნაცმოძრაობაც”, მაგრამ დღემდე მათგან რაღაც პოზიტიური არ გვიხილავს”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მესმის, რომ ვაშაძეს ბავშვობიდან უნდა პრემიერობა, მაგრამ...”
“ისინი მუდმივად ქმნიან რაღაც სუპერიმედს, რაც მუდმივად იმედგაცრუებით მთავრდება. ახლაც იმის საფუძველი, რომ მათი ეს ულტრაოპტიმიზმი გამართლდება, ნამდვილად არა გვაქვს. კი ბატონო, ვაშაძე პარფლამენტში თვითონაც შევა და შესაძლოა 2-3 კაციც შეიყვანოს. ეს მოხდება, მეტი არაფერი. როდესაც შენ მიდიხარ ისეთ პარტიასთან, რომელიც შენზე განუზომლად ძლიერია და მისი მიზიდულობის არეალში ხვდები, ბუნებრივია, იდენტობას კარგავ და ამის შემდეგ შენი პარტია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ასე რომ, არაფერი კარგი ამაში არ არის. რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” ინტერესს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობის დემონსტრირებაა. “ნაციონალური მოძრაობის”, ისევე როგორც “ქართული ოცნების” ინტერესში, ორპოლუსიანობის შენარჩუნებაა. ორივე ამისგან იღებს სარგებელს, მათ ეს აერთიანებთ. ეს არის “ნაციონალების” დივიდენდი, მეტი არაფერი. იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა შეინარჩუნონ, ოპოზიციის მხარეს არ უნდა იყოს სხვა ძალა და “ნაცმოძრაობა” მზად არის, საკუთარი მანდატებიც კი მისცეს სხვა პარტიის ლიდერებს პარლამენტში მოსახვედრად, რათა სხვა არ გაძლიერდეს, რამე არ გააკეთოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ დიდ ბაზარზე გასვლას, რასაც ჰქვია ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა არც წარსული, “ნაცმოძრაობის” სახით, და არც აწმყო, “ოცნების” სახით. ასეთი ძალიან ბევრია. “ნაციონალებთან” გაერთიანებაზე უარი ნამდვილად სწორი პოლიტიკაა და არც უნდა გაერთიანდნენ. ამით ვერაფერს იხეირებენ. ამიტომ პარტიულმა სპექტრმა შესაბამისი შეთავაზება უნდა გააკეთოს, რათა დაარწმუნოს ეს ხალხი, რომ აზრი აქვს მათზე არჩევანის გაკეთებას. მათ საკუთარი იდენტობა აქვთ საპოვნელი, პოზიტიური დღის წესრიგი სჭირდებათ. ხალხს მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, რომ ხელისუფლება ცუდია. გავიგე, რომ ცუდია, და შენ რომ კარგი ხარ, ახლა ამაში დამარწმუნე - ანუ ნეგატივს უნდა დაამატო პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული და უპასუხებს ხალხის პრობლემებს. გარდა იმისა, ხელისუფლება პრორუსია თუ არა, ხალხს აწუხებს ბევრი სხვა რამეც, სოციალური, ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. ასე რომ, ეს დღის წესრიგი უნდა შექმნან, ხალხს ეს ყოველივე აუხსნან. ტელევიზორებიდან კი არ უნდა დამოძღვრონ, არამედ ელაპარაკონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“გახარიას სერიოზული გუნდი ჰყავს, მათ “ქოცებს” ვერ დავუძახებთ, რადგან ესენი უფრო ფუნქციონერები იყვნენ. სახელმწიფო სამსახური თავისთავად პარტიულობას არ გულისხმობს. ამიტომ ვამბობ, რომ სერიოზული გუნდია, მაგრამ რამდენად მოახერხებს იმ ქრონიკული პრობლემების გადაწყვეტას, რაც გახარიას გადმოჰყვა თავისი წინა სტატუსიდან გამომდინარე და რაც ოპოზიციური ამომრჩევლის თვალში სერიოზულ ხარვეზად ითვლება, ეს მოგვიანებით გამოჩნდება... გახარიამ შეიძლება შექმნას მესამე ცენტრი. როდესაც ჩვენ ალტერნატიულ ცენტრებზე ვლაპარაკობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ეგრევე ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ. ის ე.წ. მიზიდულობის ცენტრები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში და გახარიასთვის ამ ამოცანის გადაწყვეტა საკმაოდ რეალისტურია. რა თქმა უნდა, თუ ის სწორ გზას იპოვის ამ კამპანიის დროს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ლელოსაც” აქვს კოზირები, რადგან რესურსები პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. “ლელო” კი, ბევრი სხვა პარტიისგან განსხვავებით, ამ რესურსებით უზრუნველყოფილია. აქედან გამომდინარე, “ლელოს” აქვს ამის შანსი, მაგრამ შანსს გამოყენება სჭირდება. ასე რომ, ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის... პარტიების გაერთიანება პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან საბოლოოდ ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს და, თუკი კომუნიკაცია არ დაიწყეს ხალხთან, პოლიტიკური ელიტა რაც არ უნდა გადაჯგუფდეს და გადმოჯგუფდეს, რა მნიშვნელობა აქვს? როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ პარტიები, მთავარია, რკინის ქალამნები ჩაიცვან, ხალხში გავიდნენ და დაარწმუნონ, რომ მათ ხმა მისცენ. ეს არის ფორმულა. ჩვენს პოლიტიკურ ელიტას აქვს ილუზია, რომ თუ იპოვიან, ასე ვთქვათ, ერთად დასხდომის ფორმულას, პრობლემას გადაწყვეტენ, მაგრამ ძალიან ცდებიან, არ არის ასე. 1%-იანი პარტიები რაც არ უნდა გაერთიანდნენ, ხალხთან გასასვლელი თუ ვერ იპოვეს, შედეგი რა იქნება? არაფერი. უნდა ჩავიდნენ რეგიონებში და ხალხს ელაპარაკონ”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“ვაშაძეს პრემიერობის კანდიდატად არ დაასახელებენ, ეს აბსურდია. მესმის, რომ ვაშაძეს ძალიან უნდა პრემიერობა და მხოლოდ დღეს კი არა, მგონი, ბავშვობიდან, მაგრამ ეს მხოლოდ მისი სურვილია. როდესაც პატარა პარტია დიდს უერთდება, დიდმა ამ პატარა პარტიის თავმჯდომარე ან ვინმე იქიდან, რატომ უნდა დაასახელოს? პოლიტიკაში ასეთი რაღაცები არ ხდება, მაგრამ უნდა ამ კაცს და რა ქნას”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამ გაერთიანებამდე გვარამია გამოჩნდა “ნაცმოძრაობის” ლიდერობის ყველაზე პოტენციურ კანდიდატად. ვაშაძის გაერთიანება ხომ არ იყო გვარამიას წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი?” - პასუხობს:
“მეც ასე მგონია. ამ ყველაფერში გვარამია შემაკავებელი ფაქტორი ნამდვილად არის, რადგან თვითონ “ნაცმოძრაობის” ინტერესებში, რა თქმა უნდა, იყო, რომ გვარამია გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე. რატომ? იმიტომ, რომ გვარამიაა ერთადერთი ფიგურა, რომელსაც შეუძლია ამ ორად გაყოფილ პარტიაში კონსოლიდაციის ელემენტი დააბრუნოს. კი ბატონო, შესაძლოა სწორედ გვარამიაზე ეჭვიანობა იყო ამ პროცესების ფორსირების მიზეზი. შესაძლოა არც იყო, რადგან ზუსტად არ ვიცით. მე უბრალოდ იმას ვამბობ, ლოგიკურად რა ეჭვებიც ჩნდება”.
“ახლა ვინც შეიკრიბა, ხაბეიშვილი იქნება თუ ის ხალხი, ვინც მის გუნდს განეკუთვნება, სააკაშვილზე პარაზიტირებაა, მათ ხომ თავისი პოლიტიკური კაპიტალი არა აქვთ და პარაზიტირებენ სააკაშვილზე, ისევე როგორც მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა პარაზიტირებს ბიძინა ივანიშვილზე. ერთგვარი პოლიტიკური პარაზიტების კასკადი შეიქმნა ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. რეალურად ამ ორ პოლუსზე ხომ ორი კაცია - მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. სხვა არავინ არ არის და არც არავის უშვებენ. აი, ნიკა გვარამია რომ გამოჩენილიყო, ის თავისთავად თვითმყოფადია, რაღაც წონაც აქვს და შეცვლიდა რეალობას. ზუსტად ამიტომ არ უშვებენ, ის არავის უნდა. მიშასაც კი. რად უნდა მეტ-ნაკლებად თანაზომადი პოლიტიკური ფიგურა გაჩნდეს მის პარტიაში? არ უნდა, ეჭვიანობს და ურჩევნია, ხაბეიშვილი ჰყავდეს, რომელიც ტრენაჟორზე დარბის, ნაცვლად იმისა, რომ წინ იაროს”, - თვლის ანალიტიკოსი.
“რაც შეეხება თავად სააკაშვილს, აღარ იცის, რა ქნას. მისთვის მთავარია ციხიდან გაუშვან. ვის უნდა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, მით უმეტეს სააკაშვილს, რომელიც დღეში, მგონი, ას კილომეტრს გადიოდა ფეხით. მისთვის ძალიან რთულია ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა და ამიტომ ხან ასე მოსინჯავს, ხან ისე და ამ ამბავშია. მას არ აინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულება. მან იცის, რომ ჰყავს თავისი მრევლი, რომელიც მისგან ყველაფერს აიტანს და ყველაფერზე ტაშს დაუკრავს... პოლონელი ექიმის სკანდალი ძალიან უცნაური ამბავია, ასეთი რაღაცები, როგორც წესი, არ ხდება. ცხადია, ამ ჩანაწერის გამოქვეყნება ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედების ცდა იყო. ცხადია, “ოცნებას” შეეძლო ყველაფერი ეთქვა, რაც ილაპარაკეს კიდეც, მაგრამ ჩანაწერის გამოქვეყნება არაეთიკური იყო. შესაძლოა ის ექიმი მართლა ძალიან ცუდად მოიქცა, მაგრამ როდესაც შენს მეგობარ ქვეყანასთან გაქვს საქმე, რომლის კეთილგანწყობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ასეთი ფორმით პასუხი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია. რაში სჭირდებოდათ გამოქვეყნება, ეთქვათ და ეგ იქნებოდა! თუ ამ ხელისუფლებას თავის თავში იმდენად ეპარება ეჭვი, რომ იფიქრა, არ დავიჯერებდით?” - დასძენს ხუხაშვილი.
ყოფილების ალიანსი და მათი პოლიტიკური პერსპექტივა - მოახერხებენ თუ არა გაერთიანებას “ოცნების” ყოფილი წევრები
“პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან. თვითონ ბესელია პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიასთან აპირებს დაახლოებას, თუმცა საპირისპირო განცხადებას ავრცელებს თავად ყოფილი პრემიერ მინისტრი, ის არც ერთ სხვა პარტიასთან ალიანსში შესვლას არ გეგმავს. ანალიტიკოსებს “რეზონანსთან” სკეპტიკური პროგნოზები აქვთ თავად ეკა ბესელიას პოლიტიკური მომავლის შესახებ. მათი შეფასებით, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების პოლიტიკური ალიანსი ვერ იქნება ისეთი მაღალი ელექტორატის მქონე პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ეკა ბესელიას თქმით, მას გაერთიანებასთან დაკავშრებით კონსულტაციები აქვს “ქართული ოცნების” ყოფილ წევრებთან, მათ შორის, გიორგი გახარიასთან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ყოფილების ალიანსი და მათი პოლიტიკური პერსპექტივა - მოახერხებენ თუ არა გაერთიანებას “ოცნების” ყოფილი წევრები.
“არ უნდა იყოს ორი არჩევანი - “ოცნება” და “ნაცმოძრაობა”. სწორია ოპოზიციის ნაწილის მცდელობა, იფიქრონ გამსხვილებაზე. ვფიქრობ, უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა, როგორიც არის, მაგალითად, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები ან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ გვაქვს კავშირი წარსულში “ნაცმოძრაობასთან”. ბევრი ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც, მე მახსოვს, იყო “ოცნების” იდეასთან და ყველა, ვისაც ჰქონდა პრინციპები და საკუთარი შეხედულებები, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს არ მოგვწონს, თითქმის ყველა წამოვიდა “ოცნებიდან”. შეიძლება ვიფიქროთ რაიმე ტიპის ალტერნატივაზე - “ოცნების” ყოფილი წევრები, რომლებმაც დატოვეს ეს პარტია იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ამ საკითხზე მაქვს კონსულტაცია ყველასთან. ჯერ გვაქვს მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს და შესაძლებლობებს. ვნახოთ, რა გამოვა. მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი, იდეის დონეზე და ვნახოთ, როგორი ტიპის მოცემულობა შეიქმნება, რა გამოვა აქედან”, - განაცხადა ბესელიამ, რომლის თქმით, მას “ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ასევე გიორგი გახარიასთან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გახარიას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას”, - თქვა ბესელიამ. თუმცა, პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება - ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. “ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!”- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბრისას არაფერს გამორიცხავს, თუმცა იქიდან გამომდინარე, როომ ბესელიას და გახარიას პარტიის განცხადებები ერთმანეთტან თანხვედრაში არ არის, ასეთი გაერთიანების პერსპექტივაზე საუბარი უჭირს” - განაგრძობს გამოცემა.
“საკმაოდ რთული შეკითხვაა - ეკა ბესელია მარტო თავისი სახელით ლაპარაკობს, თუ მის უკან ვინმე არის, უცნობია. ჯერ ერთი, როდესაც ასე ჰქონდა გადაწყვეტილი, საჯაროდ კი არ უნდა განეცხადებინა, არამედ პირველ რიგში უნდა დაკავშირებოდა გახარიას და ნიადაგი მოესინჯა. იმიტომ, რომ ახლა ყველა რაღაცას ლაპარაკობს, ყველას რაღაც იდეა აქვს პოლიტიკაში დაბრუნების თუ შესვლის. „ვერ გეტყვით რამდენად მოსალოდნელია ასეთი გაერთიანება. გახარია ერთს ლაპარაკობს, ბესელია კი - მეორეს. პარტიულად უერთდება თუ პიროვნულად აინტერესებს გახარია, ზუსტად არავინ არაფერი იცის. ყოფილი “ქოცების” გაერთიანების შექმნა? არარეალური ზოგადად არაფერი არ არის, მაგრამ გახარია ამბობს, რომ პარტიულად არავისთან იქნება. მაგრამ, თქვენი აზრით, ერთს ამბობს და სხვას ფიქრობს? არ ვიცი ამაზე რა კომენტარი გავაკეთო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“გახარია ამბობს, რომ ჩვენ არ ვერთიანდებით არავისთან. ბესელია ამბობს, რომ შეიძლება გაერთიანდნენ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები. ესეც არ ვიცით, პარტიას გულისხმობს თუ ცალკეულ პიროვნებებს. არაფერი არ დაუკონკრეტებია. და საფუძველი რა აქვს ამ განცხადებას, ესეც არ ვიცი. ფაქტი არ არის, მხოლოდ განცხადებებია და თან ეს განცხადებები ერთმანეთთან არანაირ თანხვედრაში არ არის”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე. პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე კი თვლის, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერ ეკა ბესელიასთან ალიანსი, სავარუდოდ, არ უნდა აწყობდეს” - დასძენს გამოცემა.
“ამაზე ალბათ რთულია ახლა საუბარი. არჩევნებამდე საკმაო დრო არის დარჩენილი და ეს გადაწყდება მას შემდეგ, რაც არჩევნები მოახლოვდება, ახალი გამოკითხვები ჩატარდება, პარტიები გაზომავენ თავიანთი ელექტორატის მხარდაჭერას და იმის მიხედვით მიიღებენ ალბათ გადაწყვეტილებას - უღირთ თუ არა ცალკე, დამოუკიდებლად გამოსვლა, ან ვიღაცასთან გაერთიანება. თავად ბესელიას რაც შეეხება, მის პარტიას ნულოვანი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. თვითონ ბესელია საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებაში მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს. აქედან გამომდინარე გაუგებარია, რაში უნდა აწყობდეს გახარიას პარტიას მასთან ალიანსი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ყოფილი „ქოცების" გაერთიანება? საერთოდ ჩვენთან ყველა ეძებს სხვადასხვა საშუალებებს იმისათვის, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს. განსაკუთრებით ისინი, ვინც პოლიტიკიდან წასვლის მერე საკუთარი თავი ვერ იპოვა, შეიძლება ასე ითქვას, და ახლა შეეცდებიან, რომ სადღაც რომელიღაც მომგებიან ალიანსებში შეყონ თავი. მე ვინც ახლა ვიცი მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეები ყოფილ “ქოცებში”, დიდ მიმზიდველობას პოლიტიკური კუთხით მათში ვერ ვხედავ. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა და ვფიქრობ, არც გამოკითხვები აჩვენებენ მსგავს შედეგებს რომ რომელიმე მათგანი “ქართული ოცნებიდან” წასული დიდი გავლენით სარგებლობდეს. ვის აწყობს ყოფილი “ქოცების” გაერთიანება და ვის არა ამ ეტაპზე პასუხი მე არა მაქვს. მაგრამ შეიძლება აწყობდეს “ოცნებას”, თუ, ვთქვათ, ისინი გარკვეულ ოპოზიციურ ელექტორატს წაიღებენ თავისკენ”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.
მამუკა არეშიძე - “რა თამაში დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში?!”
“დღეს მოსკოვში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ, რომ მათი პოლიტიკა საქართველოში იყო არაპროდუქტიული და დამღუპველი, რომ ქართველებთან მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკამ არ გაამართლა. რუსი კონსერვატორული პარტიის წევრების თქმით, საქართველოსთან არასწორი მიდგომების, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკავების გამო დაკარგეს პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში და თურქეთს რეგიონში აქტიურად დაბრუნების საშუალება მისცეს. რუსებს ძალიან აშფოთებთ სამხრეთ კავკასიასა და საერთოდ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში თურქეთის ჰიპერაქტიურობა. თურქეთი ისეთს არაფერს აკეთებს, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ. დასავლეთი, რუსეთი თუ ჩინეთი, ყველა ცდილობს ეკონომიკურ ექსპანსიას. დასავლეთი ამას ეფექტურად აკეთებს, ჩინეთიც ამ გზას დაადგა, რუსეთიც ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, ფულის გაცემა არ უყვარს, მხოლოდ თუ მოჰპარავ. ამ საუკუნეში ექსპანსია მაინცდამაინც სამხედრო ინტერვენცია ხომ არაა? დიდი ქვეყნების მსგავსად, თურქეთიც ცდილობს ინტერესების გატარებას კავკასიაში და მათ შორის აფხაზეთშიც. სხვათა შორის, ერდოღანი ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს”, - აცხადებს უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა თამაში დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში?!”
“რაც შეეხება აფხაზეთში განვითარებულ ამბებს, იგეგმება კანონპროექტის მიღება, რომელიც აფხაზეთში 10 წლის განმავლობაში 30 000 ბინის აშენებას და უცხოელებზე მიყიდვას ითვალისწინებს. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ბიჭვინთის 180 ჰექტარი ტყის მასივიდან 120 უკვე წაიღეს რუსებმა და პროტესტის მიუხედავად აფხაზები ვერაფერს გახდნენ, ახალი პროექტები აფხაზი მოსახლეობის უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია ამ ამბავს ასე ხსნის, აფხაზეთი დიდი ხანია ჩამოკიდებულია რუსულ ტრანშებზე, ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოსკოვიდან ივსება. ამიტომ ეს პროექტი ეკონომიკის განვითარებისთვის უალტერნატივო შესაძლებლობააო. აი, ამას ამბობენ ბჟანია და ე.წ. ხელისუფლების სხვა წევრები საჯაროდ, კულუარებში კი ამბობენ, რომ მოსკოვს ისინი ხელოვნურად ჰყავს ტრანშებზე ჩამოკიდებული და ეკონომიკის განვითარებაში მიზანმიმართულად არ დებს ფულს (ასეც არის). მათ ისიც იციან, რომ მათი ეკონომიკის განვითარება გამორიცხულია, რადგან რუსების გარდა, ფულს არავინ მისცემს, რუსეთი კი ფულს აძლევს, მაგრამ იმდენს არა, რომ ეკონომიკა განავითარონ და დამოუკიდებლად არსებობა შეძლონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ამიტომ ამ პროექტს აფხაზები უყურებენ როგორც შემოსავლის წყაროს. აი, სწორედ აქ ჩნდება ძალიან საინტერესო დეტალი - ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო ძალიან გააქტიურდა და ბჟანიას ოპოზიციაში ჩაუდგა. ამ საბჭოს წევრები ძალიან საინტერესო საკითხებზე ლაპარაკობენ. სხვათა შორის, იქ სამი თუ ოთხი კაცია და ყველა მათგანს მეგრული გვარი აქვს, ოღონდ ბევრ აფხაზზე უფრო აფხაზები არიან. მათ შორის ერთმა, ილია გუნიამ, საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ მოსკოველი ქართველები ვიღაცის დავალებით (ოღონდ ვისი, არ ამბობს) აპირებენ შეიძინონ ეს აპარტამენტები, აფხაზური მიწა და ამ ფორმით დაბრუნდნენ აფხაზეთშიო. რთული სათქმელია, სცენარი რეალურია თუ არა, მაგრამ ლოგიკას ნამდვილად ვხედავ. 2017-2018 წლებში ქართულ პრესაში, სახელდობრ რამდენჯერმე დაიბეჭდა სტატია, რომლებშიც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაფანტული მდიდარი ქართველები, განსაკუთრებით ისინი, ვინც აფხაზეთიდან არიან, სიამოვნებით მიიღებდნენ მსგავს აქტივობაში მონაწილეობას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ეს კიდევ არ არის მთავარი, ბჟანია, რომელსაც ამ საკითხის გამო საკუთარ გუნდშიც კი გააფთრებული წინააღმდეგობა ხვდება, თავგამოდებით იცავს ამ პროექტის რეალიზების იდეას. აქტიურობს ინალ არძინბაც, რომელსაც, როგორც ჩანს, მოსკოვიდან აქვს დავალებული, რომ ეს პროექტი გაიტანოს. ჩნდება კითხვა, რა დროს ასეთი პროექტებია, როდესაც რუსეთი ერთ მილიარდ დოლარს ვერ შოულობს სამხედრო საჭიროებისთვის? მოსკოვში ახლა მართლა სერიოზულად დგას ეს პრობლემა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ აქ რაღაც დიდი თამაში მიმდინარეობდეს. რუსეთმა აქტიურად დაიწყო საუბარი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე. ქართული მხარე ამის კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ საჯაროდ ჯერ არაფერს ამბობენ. ძალიან მნიშვნელოვან ამბავს გეტყვით - ჩემი ინფორმაციით, რუსი არაოფიციალური, მაგრამ ძალიან გავლენიანი პირებისგან არის წინადადებები, რომლებიც ქართული მხარისგან ჯერაც პასუხგაუცემელია. ეს მოცემულობა შეიძლება ვაჭრობადაც შეფასდეს, ვაჭრობა კი პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია”, - ამბობს ექსპერტი.
“უნდა ითქვას, რომ საქართველოს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, თუ რაიმე დათმობაზე წავა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე, - რკინიგზის აღდგენა იქნება თუ გზის გახსნა - ისე, რომ საქართველომ დივიდენდები არ მიიღოს. ჩანს, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში ეს საკითხი კარგად ესმით და ლავირებენ. რუსეთის ასეთი აქტიურობა მოწმობს, რომ ამჟამად საქართველოში “თაფლაკვერის” პოლიტიკას უფრო აქტიურად იყენებენ, ვიდრე “მათრახის” პოლიტიკას. ამ თემაზე საუბრები ნამდვილად არის, თუმცა ისიც შეიძლება ეს საუბრები საუბრებად დარჩეს, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისეთ ჩარჩოებშია მოქცეული, რომ ახლებურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. რუსები საერთოდ არ არიან მზად იმისათვის, რომ აფხაზეთს გაუშვან ხელი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ. ისინი ახლა ბჭობენ, ფიქრობენ, ვერსიებს განიხილავენ. ხომ გითხარით, რუსული პოლიტიკური ელიტის ერთმა ჯგუფმა აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკა მცდარია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ასე ფიქრობდეს. ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ამ კონდიციამდე სხვადასხვა ხერხით. რეგიონშიც უნდა ვიმუშაოთ და რეგიონს მიღმაც”, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.
“პოლიტიკურ ვაჭრობაში ყველა არგუმენტი უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის თურქეთის გაზრდილი ინტერესები რეგიონში. მერე უნდა დავაკვირდეთ, იქნება თუ არა მზად რუსეთი იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ რეალურად შეცვალოს დამოკიდებულება. თუმცა ამ საკითხის განხილვისას ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ - რუსებს, მათ შორის კონსერვატიულ ძალებსაც, ძალიან ეშინიათ, რომ საქართველოს შესახებ პოლიტიკას შეცვლიან, რომ ჩრდილოკავკასიელები ამას მათ სისუსტედ არ შეაფასებენ. ე.ი. იქაც სამუშაოა. ასე მარტივად არ არის საქმე, თქვენ აფხაზეთიდან გადით და ჩვენ დაგვიბრუნეთო, არ გამოვა. ძალიან ბევრი სამუშაოა რუსებთანაც, ჩრდილოეთ კავკასიაშიც, საზოგადოდ, რეგიონში”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “აფხაზი ხალხის განწყობა როგორია?” - პასუხობს:
“ჯერ ლაპარაკს ვერ ბედავენ, მაგრამ აფხაზ საზოგადოებაში ქართველებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. უკვე გაჩნდა მთავარი კითხვა, თუ უფროსი ძმა ჩვენი ეთნოსის გადაგვარებაზეა გადასული, მაშინ ქართველებს რას ვერჩოდითო... სათათბიროს სხდომებზე აფხაზები მთავარ მტრებად ისევ ქართველებს მიიჩნევენ. დღემდე ამბობენ, რომ ქართველებმა აფხაზებს გვარები გადაუკეთეს. მაგალითად, დავით ფილია ამბობს, რომ ათას სამასი გალელის განცხადება აქვთ, რომლებიც აფხაზური გვარების დაბრუნებას ითხოვენ და ა.შ. არაერთხელ მითქვამს, რომ აფხაზეთში დექართველიზაცია მიმდინარეობს, ჯერ ქართული ენის მოსპობა უნდათ და მერე გვარების. რაც ყველაზე ცუდია, ამაზე ქართულ მხარეს რეაქცია არა აქვს... დიახ, ასეთი რამეები ხდება პოლიტიკურ არენაზე და კამერების წინ, მაგრამ საზოგადოებაში უკვე მნიშვნელოვნად შეცვლილია განწყობა”.
“ზოგიერთ აფხაზს უკვე გაახსენდა, რომ ენგურს გამოღმა ბიძაშვილი ჰყავს, ზოგს მეგობარი და სხვა მოკეთე და არის გაუთავებელი რეკვა. ერთმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ (მის გვარს ვერ გავასაჯაროებ) თბილისში ნათესავი ჩამოიყვანა სამკურნალოდ, ოღონდ მერე აქედან აღარ წავიდა. არადა, სეპარატისტული პარლამენტის წარმომადგენელია. უშიშროებამ რომ იცის, ზუსტად ვიცი... რა თქმა უნდა, ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რამდენიმე ვარიანტი უნდა განვიხილოთ: თუ უკრაინამ გაიმარჯვა, მაშინ ყველა მიმართულებით გვაქვს ხელი გახსნილი. თუ რუსეთმა გაიმარჯვა, ამ შემთხვევაში სტატუს-კვო შენარჩუნდება და მოსკოვურ ელიტაში ისევე იქნება დაპირისპირების საგანი რუსული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. თუ ომი დიდხანს გაგრძელდება, მაშინ ჩვენ მანევრირების მეტი საშუალება გვექნება. სამწუხაროდ, პოლიტიკაში ასეა - შეიძლება სხვისი უბედურება საკუთარი ინტერესებისთვის კარგად გამოიყენო”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.
“პოლონეთის ტერიტორიაზე შესაძლოა “ვაგნერის” დივერსიული ჯგუფები შევიდნენ”, - ლუკაშენკოს “ხუმრობა” და ახალი საფრთხე ბელარუსიდან
“ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფი კერძო რუსული სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მებრძოლებს პოლონეთში სურთ “ექსკურსიაზე წასვლა” - ამის შესახებ ნახევრად ხუმრობით განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სანკტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს არის მინიშნება, რომ რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ აქტიური მოქმედების დაწყებისთვის ემზადება და ამისთვის სწორედ “ვაგნერელებს” გამოიყენებს. ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრის მთავარი თემა სწორედ „ვაგნერის" გეგმები და მინსკისთვის ტაქტიკური ბირთული იარაღის პირველი პარტიის მიწოდება იყო. როგორც პუტინმა თქვა, “რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა მოსალოდნელზე უკეთესი ტემპით ხორციელდება”. ევგენი პრიგოჟინმა პუტინის წინააღმდეგ არშემდგარი ამბოხების შემდეგ, “ვაგნერის” 5 ათასიანი დაჯგუფება ბელარუსში გადაიყვანა და როგორც შეხვედრაზე ლუკაშნკომ განაცხადა, “ვაგნერელებს” დასავლეთის ქვეყნებში ექსკურსია სურთ, განსაკუთრებით პოლონეთში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პოლონეთის ტერიტორიაზე შესაძლოა “ვაგნერის” დივერსიული ჯგუფები შევიდნენ”, - ლუკაშენკოს “ხუმრობა” და ახალი საფრთხე ბელარუსიდან.
“როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, ლუკაშენკოს თითქოს ხუმრობით ნათქვამი, პირდაპირი მუქარაა და საფრთხე ბელარუსიდან რეალურია, როგორც ნატოს ქვეყნებში “ვაგნერის” დივერსიული ჯგუფების შესვლის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმის თვალსაზრისით. ამასთან, მაისაია აცხადებს, რომ “ვაგნერს” უკვე კიბერ დაჯგუფებაც ჰყავს და არაა გამორიცხული, რომ კიბერ თავდასხმებსაც ველოდოთ... როგორც ლუკაშენკომ თქვა, “მინსკს არ სურს, რომ “ვაგნერელები” ვარშავაში და ჟეშოვოში ექსკურსიაზე წავიდნენ, რადგან ისინი ცუდ ხასიათზე არიან”. ამ შეხვედრამდე, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტიის მიწოდების შესახებ სიმართლეს შეესაბამება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირთვული ქობინის მქონე რაკეტები ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგდა. მაისაიას თქმით, სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრა გეგმიური იყო და ორ მთავარ საკითხს მოიცავდა. ბელარუსიდან კი საფრთხეები უფრო რეალური გახდა, ვიდრე აქამდე ჩანდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შეხვედრა გეგმიური იყო და ორ მთავარ თემას უკავშირდებოდა. ერთი საკითხი “ვაგნერის” ჯგუფის გადაადგილებაა - ბელარუსის ტერიტორიაზე 3-დან 5 ათასამდე “ვაგნერელი” გადავიდა, მათ ფაქტიურად ოფიციალური სტატუსი მიენიჭათ და ეს რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებული სწრაფი რეაგირების რეგიონული სამხედრო დაჯგუფება იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ პრიგოჟინმა ბელარუსში იურიდიული კომპანიაც გახსნა. შეხვედრაზე ძალიან საიტერესო რამ თითქოს ხუმრობით ითქვა, მაგრამ ასეთ შეხვედრაზე არ ხუმრობენ ხოლმე - ლუკაშნკომ “იხუმრა”, რომ „ვაგნერელებს" სურთ დასავლეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, განსაკუთრებით პოლონეთში (ვარშავა-ჟეშუვი), რადგან ხელები ექავებათ, რომ დასავლეთს სეირი უჩვენონო. ეს ფაქტიურად პირდაპირი მუქარაა და არაა გამორიცხული, რომ “ვაგნერი” გამოყენებულ იქნას და პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფები შეუშვან. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ის იყო, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური იარაღის პირველი პარტიის განთავსება დასრულდა და მხარეებს სამხედრო-ტექნიკური საკითხები უნდა შეეთანხმებინათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ბელარუსიდან საფრთხე რეალურია და იმის ალბათობაც მაღალია, რომ თუ რუსეთს დასჭირდა, “ვაგნერი” უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს და ეს მოხდეს ბელარუსის ტერიტორიიდან. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ აქვთ, რადგან ფრონტზე სიტუაცია თანასწორია. თუმცა, თუ დასჭირდათ, უკან არ დაიხევენ. “ვაგნერს” კიბერ-დაჯგუფებაც ჰყავს და არაა გამორიცხული, რომ ლიეტუვასა და პოლონეთზე ზეწოლისთვის გამოიყენონ, მათ შორის ტერორისტული ჯგუფების ამპლუაში, ალბათ ნატოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ეს საფრთხე რეალურია და ამაზე ლუკაშენკომაც გააკეთა მინიშნება. ლუკაშენკომ პუტინს რუკა აჩვენა და უთხრა, რომ ბელარუსის საზღვრიდან 40 კმ-ში პოლონეთის სპაციალიზირებული ბრიგადაა განთავსებული, 100 კმ-ში კი პოლონურ-ამერიკული ძალები. პოლონეთმა ბელარუსიდან მოსალოდნელი საფრთხის პრევენციისთვის ორი საარმიო კორპუსი შექმნა. აშშ-ს საჰაერო ელიტარული სადესანტო 82-ე დივიზიის ნაწილები პოლონეთში უკვე გადასროლილია და პოლონელებთან უკვე ერთობლივ წვრთებს გადიან, გეოპოლიტიკურ კონტექტსში თამასა კიდევ უფრო იწევა”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.
რას ნიშნავს რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება
“რუსეთმა ჩინეთთან ერთად იაპონიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლება ჩაატარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სწავლების მიზანია სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის განმტკიცება ორ ქვეყანას შორის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. ივნისში ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩაატარეს იაპონიის და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების თავზე, რის გამოც სამხრეთ კორეამ გაფრთხილების მიზნით იქ თავისი გამანადგურებლები გაგზავნა. უკრაინასთან ომის დროს ამ წვრთნების ჩატარება, სამხედრო კომპონენტზე აქცენტირება რას ცვლის თუნდაც ჩინეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი ბილანიშვილს ვესაუბრეთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება.
“ერთობლივი წვრთნები რუსეთსა და ჩინეთს ადრეც ჩაუტარებიათ სამხრეთ ჩინეთისა და ბალტიის ზღვებშიც რუსეთის ინიციატივით, სადაც ჩინეთიც მონაწილეობდა - ანუ ერთობლივ წვრთნებს ყოველთვის ისეთ ადგილებში ატარებენ, რომლებიც სადავოა, კონფრონტაციაშია დასავლეთთან და ამით ხაზს უსვამენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. ეს ქვეყნები დიდი ხანია მჭიდრო პარტნიორები არიან, ისინი ერთობლივად მოქმედებენ და ხშირად დასავლეთთან წინააღმდეგობის კონტექსტში. ეს დღის წესრიგი არ იცვლება, მიუხედავად უკრაინაში რუსეთის ინტერვენციისა. რეგიონულ დონეზე რუსეთს და ჩინეთს განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ისინი დასავლეთს თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ, თვლიან, რომ დასავლეთის დასუსტება ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია. რუსეთსა და ჩინეთს რაც არ უნდა განსხვავებული ინტერესები ჰქონდეთ, ორივე თვლის, რომ მათი მთავარი საფრთხე დასავლეთის ლიბერალური წესრიგია. დასავლეთის დასუსტება ავტომატურად რუსეთის გაძლიერებას ხომ არ ნიშნავს? როდესაც დასავლეთის დასუსტებაზე ვსაუბრობთ, ეს მის გაქრობას არ ნიშნავს საერთაშორისო არენიდან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ბილანიშვილი.
“უკრაინასთან ომში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის განუზომლად გაძლიერებას ჩინეთი მთავარ საფრთხედ არ აღიქვამს, რადგან თვლის, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას მოახერხებს. თურქეთი და ირანიც ასე ფიქრობენ, რომ ჩინეთი და რუსეთი, ირანი და რუსეთი, თურქეთი და რუსეთი მოახერხებენ შეთანხმებას და ერთმანეთს უმთავრეს საფრთხედ არ აღიქვამენ. რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკას როდესაც გეგმავს, ის მოკლე და საშუალოვადიან გათვლებს აკეთებს და ამ გათვლებში ის მთავარ მოწინააღმდეგედ დასავლეთს თვლის. ამიტომ არჩევს პარტნიორობას სხვა ქვეყნებთან, ჩინეთი იქნება, ირანი თუ სხვა, რომლებიც მას დასავლეთთან ბრძოლაში სჭირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩინეთს ჰქონდა პრეტენზია, რომ ევროპას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ამერიკა ევროპას არ აძლევს ამის საშუალებას. როდესაც ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს, ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩინეთი თავად უწყობს ხელს ევროპამ მასზე წნეხი გააძლიეროს?” - პასუხობს:
“რა თქმა უნდა, ამიტომაც არის, რომ აქტიურად არ ერევა ამ ომში. არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ჩინეთმა რუსეთს მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწია. მიუხედავად იდეოლოგიური დაპირისპირებისა ჩინეთსა და დასავლეთს შორის, აშკარა კონფრონტაცია არც ერთ მხარეს არ აწყობს. ამის დამადასტურებელია ბოლო პერიოდში ამერიკასა და ჩინეთს შორის გააქტიურებული დიპლომატიური ურთიერთობები. ეს იმისკენ არის მიმართული, რომ საერთო ენა გამოინახოს და ის პრობლემები, რაც მათ ურთიერთობებში წარმოიშვა, როგორმე გადაილახოს. ჩინეთი რუსეთს რაღაც დოზით არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სამხედრო დახმარებასაც უწევს, თუმცა, არ აწვდის ისეთ შეიარაღებას, რაც რუსეთისთვის ამ ომში განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნებოდა, ირანისგან განსხვავებით”...