თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილი დისტანციურადაც არ ერთვება.
კოლეგიის თავმჯდომარემ, ნინო ელიეშვილმა პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი სტაციონარული მკურნალობის კურსს გადის კლინიკა "ვივამედში", მას პროცესზე დასწრება, ასევე დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც ოქმის მიხედვით, სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასწრებაზე და სხდომის მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებენ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთ-ერთ მოსამართლეს სამოსამართლეო ვადა ამოეწურა და კოლეგიას ახალი მოსამართლე - ლაშა კლდიაშვილი შეემატა. შესაბამისად, ადვოკატები მოითხოვენ, აღნიშნულმა მოსამართლემ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევაში მიიღოს მონაწილეობა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.