საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეზე დღეს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, დისკუსიის საგანი ერთ-ერთი მოსამართლის შეცვლის გამო მტკიცებულებების ხელახლა განხილვის საკითხი იქნება.
როგორც თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რადგან მოსამართლე, ლია ორკოდაშვილი ლაშა კლდიაშვილმა ჩაანაცვლა, ჩნდება კითხვა, ხომ არ იქნება უსამართლობა, რომ მოსამართლემ, რომელსაც არცერთი მტკიცებულება არ უნახავს და არცერთი მოწმის ჩვენება არ მოუსმენია, გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გარეშე მიიღოს.
„ეს საკითხი დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც იქნა მიღებული საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ თქვა, რომ მაშინ, როდესაც მოსამართლე იცვლება, სასამართლომ იმ მოსამართლის მონაწილეობით უნდა გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. აქაც გვაქვს მსგავსი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი ორკოდაშვილი ჩაანაცვლა ბატონმა კლდიაშვილმა, რაც ბუნებრივია, აჩენს კითხვას, ხომ არ იქნება უკანონობა და უსამართლობა, რომ მოსამართლემ, რომელსაც არცერთი მტკიცებულება არ უნახავს და არცერთი მოწმის ჩვენება არ მოუსმენია, მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ბუნებრივია, საკითხი მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შესახებ, დადგა, თუმცა ეს დადგა არა დაცვის ან ბრალდების მხარის მიერ, არამედ, პირველ რიგში სასამართლოს მიერ. სავარაუდოდ, ეს იქნება საკითხი, რაზეც დღეს დისკუსია გვექნება“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.