სანდრო თვალჭრელიძე - “საქართველო აღმოჩნდა პროვინციელი ადამიანების ხელში და ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ისევ უშედეგოდ დაიკარგება”
ვის როგორ ესმის საქართველოს-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა - თანამშრომლობის შესაძლო სფეროები და მოსალოდნელი შედეგები
ბადრი ჯაფარიძე - “გარწმუნებთ, არც წინასაარჩევნო გარემო იქნება ორპოლუსიანი და არც პარლამენტი ერთპარტიული”
ვახტანგ მაისაია - “თუ მოსკოვი ბომბავს კიევს, რა, უკრაინას არ შეუძლია დაბომბოს მოსკოვი?!”
კახაბერ ქემოკლიძე - „რა გარანტია აქვთ, რომ რუსეთის მოქალაქეების თავხედობა ვიღაცას ყელში არ ამოუვა და საკადრის პასუხს არ გასცემს?!“
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “საქართველო აღმოჩნდა პროვინციელი ადამიანების ხელში და ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ისევ უშედეგოდ დაიკარგება”
“უკრაინაში ომამდე მსოფლიოში განიხილებოდა ორი ძირითადი ძალა - აშშ და რუსეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გააჩაღა, ეს ქვეყანა პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, შესაბამისად, მისი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე გათავისუფლდა, რომლის დაკავებაც ჩინეთმა მოისურვა, მით უფრო, რომ საამისო ამბიცია, პოლიტიკური და ეკონომიკური წინა პირობები კარგა ხანია აქვს. ჩინეთი ამ ყველაფერს აკეთებს არა რუსეთის მსგავსად, ნაჯახივით, არამედ ლატენტურად, ნელ-ნელა, ძირითადად, ეკონომიკური ექსპანსიით. ეს ქვეყანა ამ ეტაპზე არაერთი გეგმის რეალიზებას ცდილობს, მათ შორის მიწოდების ინფრასტრუქტურული ქსელების შეცვლას. მას აღარ სურს რუსეთი გამოიყენოს როგორც ძირითადი ჰაბი და ეძებს სხვა გზებს. ამ მხრივ ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზა შუა აზია-აზერბაიჯანი-საქართველო, რათა გავიდეს ხმელთაშუა ზღვის ოფშორულ ზონაში” - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით რა გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!
“ჩინეთი სარგებლობს იმით, რომ შუა აზია პოლიტიკურად ძალიან ეკლექტური კონგლომერატია. შედარებით ანგარიშგასაწევი მოთამაშეები არიან ყაზახეთი და უზბეკეთი, დანარჩენები XVIII საუკუნეში ჩარჩენილი ქვეყნებია. თურქმენეთს ვერაფერს უზამს, ის გაზით პირდაპირ რუსეთთან არის გადაჯაჭვული, მაგრამ ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებად შეიძლება იქცნენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უზბეკეთი ოქროს ძირითადი მწარმოებელია, ხოლო ყაზახეთი, გარდა თუთიისა, სპილენძისა და სხვა იშვიათი ლითონებისა, მსოფლიოში ურანის უდიდესი მომპოვებელია. ურანის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც იქ ოპერირებენ, რუსეთთან არ არიან გადაჯაჭვული, “როსატომს” აქვს 2 ერთობლივი საწარმო ყაზახეთში, რომლებშიც ის არ წარმოადგენს მთავარ აქციონერს, ხოლო ძირითადი მწარმოებელი კომპანიები არიან ყაზახურ-დასავლური (ძირითადად, კანადური და ფრანგული) საწარმოები. ისინი იყენებენ თანამედროვე უხიფათო ტექნოლოგიებს. ჩინეთს ამიტომაც სურს და ცდილობს კიდეც გამოიყენოს ამ ქვეყნების პოტენციალი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ჩინეთი, როგორც უკვე აღვნიშნე, შუა დერეფანსა და მასში საქართველოს როლს უკვე დიდი ხანია აკვირდება და საკუთარ ინტერესებსაც ნელ-ნელა აჩენს და ხორცს ასხამს. ვინ აშენებს დღეს რიკოთზე გვირაბებსა და ხიდებს? - ჩინური კომპანიები, რაც პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. საქართველოში იყო არაჩვეულებრივი კომპანიები “გვირაბმშენი” და “ხიდმშენი”, რომელთა აშენებულ გვირაბებს თუ ხიდებს პრობლემები არასდროს შეჰქმნია, თუმცა ეს ყველაფერი მოისპო. სამაგიეროდ, ვხედავ, რა ხდება ჩინელების მშენებლობებზე, დღე ერთია და ათასი ექსცესი ხდება. გულწრფელად ძალიან მაწუხებს და მაშფოთებს, რა ხარისხის გზებს, გვირაბებსა და ხიდებს მივიღებთ რიკოთის ისედაც ძალიან რთულ რელიეფზე. მოკლედ, ეს თანამშრომლობა ჩინელებისთვის სასარგებლოა, ჩვენთვის კი დამაზიანებელი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩინეთთან ერთობლივ პროექტებში საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში, რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე დასავლეთისთვის. ჩვენს ქვეყანას შეუძლია იქცეს ერთგვარ ბუფერად, ანუ როცა საჭირო იქნება გააძლიეროს ჩინეთიდან ტვირთნაკადი ევროპისკენ, და როცა საჭირო იქნება, შეანელოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ევროპასთან დაშორებას, მაგრამ ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრე, სჭირდება გამჭრიახი პოლიტიკა, ძალიან აწონილი და პროფესიული ქმედებები, რასაც ჩვენს მთავრობაში ვერ ვხედავ”, - ამბობს ექსპერტი.
“ანაკლიის პორტზე არაერთხელ გვისაუბრია და ამას აღარ დავუბრუნდები, მაგრამ გავიხსენებ, რომ როგორც კი აშშ-მა უკმაყოფილება გამოთქვა ჩინური ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობაზე, იმწუთას დასრულდა საქართველოში ამაზე ლაპარაკი. როგორც წესი, ჩვენი ხელისუფლება კი აკეთებს ხოლმე ხმაურიან განცხადებებს, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ბეჯითი თქვა, რომ `პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა~. ამ ფრაზას, რომელსაც ხშირად იმეორებენ, მაგრამ ბისმარკის ნათქვამს სიღრმისეულად არავინ აანალიზებს. ეს ნათქვამი ნიშნავს, რომ სტრატეგია კარგად ჩამოყალიბებული უნდა გქონდეს, მაგრამ ტაქტიკურად შენი პოლიტიკა ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს და ძალიან მოქნილი იყოს. ქართულ პოლიტიკაში ვერც ამას ვხედავთ. ამის ნაცვლად ვისმენთ არაადეკვატურ, სულელურ განცხადებებს, რომელთაც არანაირი მოქმედება არ მოჰყვება. ეს არ არის პოლიტიკა, ეს პოლიტიკის თამაშია, რომელიც ქვეყანას მხოლოდ აზიანებს”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.
“ერთი შეხედვით ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადება შანტაჟსაც ჰგავს, ანუ ევროპასა და აშშ-ს ეუბნებიან, მიგვიღეთ ევროკავშირში, თორემ აგერ ჩინეთი აქვეა და ჩემს უსაფრთხოებას სხვა გზით დავიცავო. თუმცა, ვიმეორებ, მთავარი განცხადებები არ არის, მთავარია ქმედებები... მთავარი კითხვა ასეთია, არის თუ არა ჩინეთთან ამ პარტნიორობის გამოცხადება ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან შეთანხმებული? - ეჭვი არ მეპარება, ამაზე ლაპარაკი აუცილებლად იქნებოდა... უკვე ვთქვი, რომ თავად ევროპაც შეიძლება განიხილავდეს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობაში ერთგვარ ბუფერად. სიმართლე გითხრათ, მე არ მომისმენია ამის თაობაზე არც ამერიკული მხარის განცხადებებ. ჩემი აზრით, ამ ვიზიტის პოლიტიკური შედეგები ეკონომიკურზე ბევრად ადრე გამოჩნდება. ჩვენ ჯერ ვხედავთ აისბერგის პატარ-პატარა დეტალებს და სინამდვილეში, რა ხდება, არ ჩანს. ამ ვიზიტში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, აშშ-ში ბრიყვები უნდა იყვნენ, რომ საქართველოს გარკვეულწილად მარეგულირებლის როლი ჩინეთთან ურთიერთობაში არ გამოიყენონ - ისინი ჩვენი პოლიტიკოსების მსგავსად ბეცები არ არიან და ამ ყველაფერს გაცილებით ღრმად აანალიზებენ. დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან ეფექტიანად და რაციონალურად გამოიყენებენ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“მოვისმინე ასეთი შეფასებაც, რომ საქართველო ვითომ რომელიღაც რუსულ-ჩინური ალიანსის მონაწილე ხდება. არ არსებობს ასეთი ალიანსი, ეს ყველაფერი ტყუილია. კი ჩავიდა პუტინი ჩინეთში, კარგად მიიღეს, ისევე, როგორც ღარიბაშვილი, მაგრამ ამას რეალური არაფერი მოჰყოლია, ჩინეთმა რუსეთს იარაღი არ მისცა. მე თუ მკითხავთ, ახლა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სწორედ რუსეთსა და ჩინეთს შორის არის. უკვე გითხარით, რომ ჩინეთი რუსეთში გეოპოლიტიკური პოზიციის დაკავებას აპირებს და ამას აკეთებს მრავალი მეთოდით. მაგალითად, ციმბირში უკვე ცხოვრობს დაახლოებით 20 მილიონი ჩინელი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვს უტოლდება. ეს, ფაქტობრივად, ჩინური მეხუთე კოლონაა და შეადგენს მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, რასაც ციმბირის ჩინურ დასახლებად გადაქცევა ჰქვია”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “... ბათუმის პორტში ქართველების სამართლიან პროტესტს ირაკლი კობახიძემ “ქაჯობა” უწოდა,” - პასუხობს:
“სამწუხაროდ, ხშირად გვესმის ჩვენი პოლიტიკოსებისგან აბსოლუტურად ტლუ განცხადებები... ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტი არ უნდა გაჩერდეს და როგორც პირველი გემი მიაბრძანეს ბათუმიდან, დანარჩენი რეისებისაც ასევე უნდა მივაბრძანოთ. არ მინდა დავიჯერო, რომ “ოკუპაციის შესახებ” კანონის დამრღვევებს უშვებენ ქვეყანაში, წინა ინტერვიუში გითხარით, რომ საშინელება ხდება ბათუმში - გადავსებულია იქაურობა რუსებით, რომელთა უმეტესობა ძალიან თავხედურად იქცევა. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ტლუ და წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგი. მე რომ ამ ხელისუფლების ადგილას ვიყო, ამგვარ საკრუიზო გემებს არ მივცემდი ბათუმში შემოსვლის უფლებას. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს, აღმოჩნდა პროვინციელი ხალხის ხელში, და ის შესაძლებლობები, რომლებიც ახალი გეოპოლიტიკური რეალობით მოგვეცა, საქართველოსთვის ისევ უშედეგოდ დაიკარგება”.
“რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეცდომაა, რომ ძველ, ტლუ პოლიტიკოსებს უჭერენ მხარს. საჭიროა ახალი სახეების მოძებნა. მოდი, გადავხედოთ საქართველოს უახლეს ისტორიას: გაჩნდა სააკაშვილი, როგორც ახალი პოლიტიკური ფიგურა, ხალხი გაჰყვა მას და შეიცვალა ხელისუფლება. ასევე მოხდა ივანიშვილის შემთხვევაშიც. რატომ არ ვსწავლობთ ქართველი ხალხის მენტალიტეტს, მის ფსიქოლოგიურ გენოტიპს? ჩვენ გვიყვარს ყველაფერი ახალი და გვგონია, რომ ეს ახალი გადაგვარჩენს. “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” უკვე ჩამოწერილი კარტებია, ისინი წაგებულ თამაშს თამაშობენ და მხოლოდ იმის გამო იგებენ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. წინა საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორატის 50%-ზე ნაკლები მივიდა. თუ ასე გაგრძელდა, მომავალ წელს, ალბათ, 30%-ზე ნაკლები მივა. ხალხს იმედი გადაეწურა - ის ახალი სახეების გამოჩენას ელის. უკვე დროა, ვიღაც გამოჩნდეს, ა.წ. ოქტომბრის დასაწყისი იქნება ამის ბოლო ვადა”, - დასძენს თვალჭრელიძე.
ვის როგორ ესმის საქართველოს-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა
“ისტორიული ვიზიტი - ასე უწოდებს ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობას. საქართველოს პრემიერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს პირველად შეხვდა, რის შემდეგაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონზე გამყარდება. თუმცა, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა, ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან თავად ამ ტერმინის გამოყენებაც ძალიან ყურადსაღებია. მათივე აზრით, საქართველოს პრემიერის ამ დონის ვიზიტი თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა რეაქცია ექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ დასავლეთს და კონკრეტულად აშშ-ს. მთავარი კი ისაა, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ჩინეთის და საქართველოს ახალი ურთიერთობის ფურცელი, რადგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი აშშ და ევროპაა. ამიტომ კონკრეტულად უნდა ითქვას, რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს ახლა ჩინეთს საქართველოსთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის როგორ ესმის საქართველოს-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა - თანამშრომლობის შესაძლო სფეროები და მოსალოდნელი შედეგები.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრას აქტიურად აშუქებს ჩინური მედია. ადგილობრივი გამოცემები და ტელევიზიები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფაზა დაიწყო, რომელიც პოლიტიკური თანამშრომლობის დინამიურ განვითარებასთან ერთად, ქვეყნებს სარგებელს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებითაც მოუტანს. “აბრეშუმის სავაჭრო გზა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას აძლევს ხელსაყრელ შანსს, გახდეს ერთგვარი ხიდი აღმოსავლეთსა და ჩინეთს შორის - როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს...” - ვკითხულობთ განცახდებაში. ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელის საშუალებითაც. მთავრობის მეთაურმა საკუთარ „ფეისბუკ“ პოსტში დაწერა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ჩინეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტისა და იქ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, კითხვები უფრო ბევრი გაჩნდა, ვიდრე პასუხებია. მისივე აზრით, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელზეც ჩინეთმა ისაუბრა, არ შეიძლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება იყოს და აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული დოკუმენტი, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით არაფერი ჩანს. “თუ ჩვენ შეხვედავთ იმ პრესრელიზს, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ვებგვერდზე გავრცელდა, იქ არის შეხვედრის მიმოხილვა და ფრაზა, რომ „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მხარეები შესაბამის დოკუმენტს მიიღებენ”, - თვლის ფხალაძე, რომლის აზრით, “ალბათ მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ზუსტად ვისაუბროთ, რა იგულისხმება საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაში”, - განაგრძობს გამოცემა.
“დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს სფეროები, სადაც ორი ქვეყანას მიაჩნია, რომ თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე უნდა ავიდეს. ჩინეთთან ჩვენ ძალიან მოცულობითი საერთაშორისო დონის ბაზა გვაქვს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობაც. ამიტომ რაღაც ათვლის წერტილი უკვე არსებობს და თუ ამის იქით სტრატეგიულ ურთიერთობას ვიწყებთ, მაშინ რაღაც სხვა, ახალზეა საუბარი. ასეთ შემთხვევაში უკვე უნდა განისაზღვროს რა იგულისხმება ამ თანამშრომლობაში, რა სფეროებზეა საუბარი. როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, გვაქვს ასოცირებსი ხელშეკრულება, აშშ-სთან თანამშრომლობის ქარტია. გვაქვს დოკუმენტი უკრაინასთან, რომლის თანაავტორიც გახლავართ და იქ გაწერილია ორი ქვეყნის თანამშრომლობის პუნქტები. ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ამ ეტაპზე ჩინეთთან მხოლოდ აი, ასეთი განცხადება გვაქვს. ამიტომ კითხვები უპირველეს ყოვლისა იმაზეა, თუ რას გულისხმობენ სტარტეგიულ პარტნიორობაში - რა არის ის სფერო, საკითხი, რაშიც ჩინეთი ჩვენში სტრატეგულ პარტნიორს ხედავს და რაში ვხედავთ ასევე ჩვენ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“მაგალითისთვის დავსვამ კითხვას - თუ არის ეს ეკონომიკური პროექტები, რა პროექტებზეა საუბარი? თუ არის ეს ინფრასტრუქტურული - რა პროექტებია? თუ სხვა, ანუ საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში გადავდივართ, მაშინ უპირველესი კითხვა, რაც მიჩნდება - როგორი იქნება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის კონფლიქტების მოგვარებაზე?“ - ამბობს ფხალაძე. მისივე თქმით, ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მხარს გვიჭერს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენაში. თუმცა, ამავდროულად ცდილობს ბალანსის დაცვას რუსეთთან. მაგალითისთვის ფხალაძეს ის ფაქტი მოჰყავს, რომ გაეროში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლტოლვილთა ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებით რეზოლუციების მიღებისას ჩინური დელეგაცია კენჭისყრას არ ესწრება. ამიტომ ანალიტიკოსი ამბობს, რომ მკაფიო უნდა გახდეს რაზე ვთანამშრომლობთ მათთან”, - დასძენს გამოცემა.
“კონფლიქტოლოგი და საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი ზურაბ ბენდიანიშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბარი შინაარსობრივად ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი განცხადებაა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ჩინეთს საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული მიზნები ამოძრავებს. „ამ შეხვედრის შემდეგ აშკარაა, რომ ჩინეთი საქართველოსთან იმაზე მასშტაბურ და უფრო მნიშვნელოვან ურთიერთობას აპირებს, ვიდრე ეს აბრეშუმის გზა და ეკონომიკური ურთიერთობაა. არ არის გამორიცხული ინტერესი ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც იყოს. ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, რომ მის მშენებლობაზე თავად იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს დროში ძალიან გაიწელა. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ დახურულ კარს მიღმა სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ყოფილიყო საუბარი”, - ამბობს ბენდიანიშვილი, რომლის თქმით, “საქმე ისაა, რომ შესაძლოა საქართველო ამ თამაშმა ძალიან საშიშ სიტუაციამდე მიიყვანოს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ჩვენ ვიცით აშშ-ის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ. ამიტომ ეს ლავირება ვშიშობ ამერიკისთვის არ იქნება სასურველი და ჩვენი ისტორიული სტრატეგიული პარტნიორები, ვგულისხმობ დასავლეთს და აშშ-ს, ამას როგორ მიიღებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთით სტრატეგიული პარტნიორის ძებნა და კურსის ცვლილება ჩვენი კონსტიტუციითაც კი იკრძალება, რადგან დასავლური კურსი და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კანონის დონეზე აქვს გაწერილი. ამიტომ ეს ყველაფერი ცოტა საფრთხილოა და ზუსტად უნდა გავიგოთ რა უნდა ჩვენგან ჩინეთს. კი, ბატონო, გასაგებია, რომ მათთან ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას წაადგება, მაგრამ ამის ფასს რას გადავიხდით - ეს არის გასაანალიზებელი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა, რომლის მთავარი კონტრიბუტორები ჩინელები არიან, ძალიან მნიშვნელოვანი წრე იკვრება. ჩინეთი საქართველოში ამერიკულ და დასავლური პროექტების დაბალანსებას ეცდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.
“აქ საუბარი შესაძლოა იყოს ისევ და ისევ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინელების მონაწილეობაზე. კი, ბატონო, აქ თუ ეკონომკურ თანამშრომლობაზეა საუბარი, გასაგებია, მაგრამ თუკი ჩინეთი პოლიტიკურ თანამშრომლობასაც აპირებს, მაშინ აქ კიდევ სხვა ინტერესები შეიძლება იკვეთებოდეს. ჩვენი და ჩინეთის სახელმწიფო მოწყობა განსხვავდება. საქართველოში მმართველობის სტილი და პოლიტიკური ინსტიტუტები დასავლურ მოდელზეა აგებული და დაფუძნებული. დასავლეთმა საქართველოს განვითარებისთვის ძალიან დიდი რესურსი ჩადო. ამიტომ თუკი აქ ჩინეთი ინტერესები წავა შორს და ეს იქნება უკვე პოლიტიკური მოკავშირეობა, მაშინ ეს იქნება რუსეთისთვის მისაღები და არც გამოვრიცხავ, რომ ერთად მოქმედებდნენ და აშშ-ს ამაზე ექნება საკმაოდ მწვავე რეაქცია, რაც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხობისთვის დამაზიანებელი იყოს”, - დაასკვნის თამაზ ბენდიანიშვილი.
ბადრი ჯაფარიძე - “გარწმუნებთ, არც წინასაარჩევნო გარემო იქნება ორპოლუსიანი და არც პარლამენტი ერთპარტიული”
“საქართველოს სამშვიდობოზე გასაყვანად, კეთილდღეობისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მოპოვებისთვის ერთადერთი გზა გვაქვს დარჩენილი - ეს არის 2024 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება და დემოკრატიული, კოალიციური მთავრობის შექმნა. სავარაუდოდ, ვითარება უფრო გართულდება. მმართველი გუნდი ხედავს, რომ ხალხი აღარ ენდობა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო ხშირად გადადგამს ქვეყნის დამაზიანებელ ნაბიჯებს. ჩვენ ცოტა ხნის წინაც მოვისმინეთ ხელისუფლებაში მყოფი პირების აბსოლუტურად გაუაზრებელი და უაზრო განცხადებები”, - აცხადებს პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შემაშფოთებელია ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე საუბარი” / “როგორ არის ერთმანეთთან თავსებადი, იყო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორიც და ჩინეთისაც”.
“უნდა დაგველოდოთ - “ლელოს” პლატფორმაზე საუბარს მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდში ვაპირებთ. ამომრჩეველს ის უფრო აინტერესებს, თუ როგორ შეცვლის “ლელო” ქვეყანაში არსებულ ვითარებას “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ. თუ დაგვაკვირდებით, ნახავთ, რომ ვაქტიურობთ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით... გარწმუნებთ, არც წინასაარჩევნო გარემო იქნება ორპოლუსიანი და არც პარლამენტი ერთპარტიული. დაველოდოთ, ყველაფერი შესაბამის დროს გაცხადდება. ძალიან მნიშვნელოვანი რამ შემიძლია გითხრათ - `ლელოს~ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. ახლა სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ, ვხვდებით და ვუსმენთ ამომრჩეველს, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები ზუსტად მოერგოს მათ ინტერესებსა და მოლოდინს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.
“ოპოზიციამ ის უნდა გააკეთოს, რაც ევალება და რასაც აკეთებს კიდეც - ეს არის ხელისუფლების მხილება და ალტერნატიული მოცემულობის შეთავაზება. სხვა რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ისეთი ავტოკრატიული ხელისუფლების პირობებში, როგორიც “ქართული ოცნებაა”. ეს არის ძალა, რომელიც სრულად უგულებელყოფს განსხვავებულ აზრს, არ თანამშრომლობს არც ერთ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან და არჩეული აქვს რუსული სტილის მმართველობა. “ლელო” ვერ შეცვლის არსებულ ვითარებას, სანამ ხელისუფლებაში არ მოვა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მე არ ვფიქრობ, რომ ხალხი ოპოზიციას არ ენდობა. ხალხი ახლა ფიქრის, გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. 2024 წლის არჩევნებში გამოჩნდება, გვენდობა თუ არა სინამდვილეში ხალხი... ერთი ინტერვიუ ნამდვილად არ ეყოფა ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე საუბარს. თუმცა მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ `ლელო~ ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას, დემოკრატიას და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრირებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს უსაფრთხოებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას. მმართველი პოლიტიკური ძალა მუდმივად ბეწვის ხიდზე დაატარებს ქვეყანას. რაც უფრო სწრაფად იქნება ეს საფრთხე განეიტრალებული, მით უკეთესი”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი შესაძლებლობები მიეცა ჩინეთთან ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შედეგად. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?” - პასუხობს:
“სავაჭრო ურთიერთობების განვითარება უმნიშვნელოვანეს გლობალურ მოთამაშესთან ძალიან კარგია, მაგრამ შემაშფოთებელია ამ ქვეყანასთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე საუბარი. გასაგები, მისაღები და ძალიან კარგი იქნებოდა, ღარიბაშვილს ჩვენთან ელაპარაკა პარტნიორულ ურთიერთობაზე. ჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ არის ერთმანეთთან თავსებადი, იყო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორიც და ჩინეთისაც? ამ მთავრობამ ისე არ უნდა ქნას, რომ საქართველოს საგარეო კურსის საკითხი აღმოჩნდეს დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე”.
ვახტანგ მაისაია - “თუ მოსკოვი ბომბავს კიევს, რა, უკრაინას არ შეუძლია დაბომბოს მოსკოვი?!”
“უკრაინელებმა 30 ივლისის ღამეს რიგით მესამე საჰაერო დარტყმა განახორციელეს მოსკოვზე. მასში სამი დრონი მონაწილეობდა და ორი მათგანი მოსკოვის ცენტრში აფეთქდა. პარალელურად 25-მა უკრაინულმა დრონმა ოკუპირებულ ყირიმსაც შეუტია. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ასეთი დარტყმები მომავალში სავარაუდოდ გახშირდება და ამას სამხედროსთან ერთად ფსიქოლოგიური ეფექტიც ექნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მესამე დარტყმა მოსკოვზე - ამჯერად უკრაინული დრონები “მასკვა-სიტის” მიწვდნენ.
“რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ “მასკვა-სიტიში” მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა და დაშავდა ერთი ადამიანი. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა. ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდარის გამო დროებით იყო დახურული ვნუკოვოს აეროპორტი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინელები უკვე მესამედ მიწვდნენ მოსკოვს. პირველად მსგავსი რამ მაისის დასაწყისში მოხდა, მეორედ - 24 ივნისს და მესამედ კი - გასული შაბათის ღამეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მოსკოვთან ერთად დაიბომბა ყირიმიც, ყირიმსაც 25 დრონით შეუტია უკრაინამ. ამ ყველაფერს ორგვარი დატვირთვა აქვს. პირველი, უფრო სამხედრო მნიშვნელობის, ყირიმთან დაკავშირებით და ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური, ალბათ, მოსკოვთან დაკავშირებით. ეს არის უბრალოდ უკრაინელების მხრიდან განხორციელებული კომპლექსური დარტყმები, როგორც ჩანს, უკრაინელები გადავიდნენ ახალ ტაქტიკაზე - მოსკოვს და ყირიმს დაარტყან ერთდროულად. უკრაინელების ეს მოქმედება საერთაშორისო სამართლის პრინციპებში აბსოლუტურად ჯდება - თუ მოსკოვი ბომბავს კიევს, რა, უკრაინას არ შეუძლია დაბომბოს მოსკოვი?!” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
კახაბერ ქემოკლიძე - „რა გარანტია აქვთ, რომ რუსეთის მოქალაქეების თავხედობა ვიღაცას ყელში არ ამოუვა და საკადრის პასუხს არ გასცემს?!“
“დღითი დღე მოსკოვისა და “ქართული ოცნების” გზავნილები ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს. იმ ქვეყანაში, სადაც ორი “საელჩო” აქვს გახსნილი შენს უშუალო მტერს, სადაც სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული შენს (მაგრამ მათ მიერ დროებით ოკუპირებულ) ტერიტორიებზე, სადაც მოქალაქეებს გიჭერენ, აწამებენ, გიკლავენ, ცხედრებს გიმალავენ, მავთულხლართებით სოციალურ კავშირებს გიხერგავენ, სახელმწიფოდ არ გაღიარებენ და ამ დროს შენ (“ქართული ოცნება”) მაინც მათ ცრუნარატივზე ჯდები, სხვა რა არის, თუ არა შენივე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების ღალატი?!” - აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „რა გარანტია აქვთ, რომ რუსეთის მოქალაქეების თავხედობა ვიღაცას ყელში არ ამოუვა და საკადრის პასუხს არ გასცემს?!“
“როდესაც გვეკითხებიან, ომი გინდათო?! უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ უკვე ვიომეთ, თანაც არაერთხელ, ხან აფხაზეთში, ხან ცხინვალში. უკვე არაერთი სიცოცხლე გავიღეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ იმისთვის, რომ რუსული გავლენისგან თავი დაგვეღწია და ახლა არავითარ შემთხვევაში აღარ დავუბრუნდებით საწყის წერტილს, აღარ დავბრუნდებით რუსეთის წიაღში. ჩვენ გაღებული სისხლისა და მსხვერპლის შედეგად ვიმსახურებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ნებისმიერი, ვინც გვეტყვის ამ მიმართულებით სიარულს აზრი არ აქვსო, მოღალატეა. წარმოუდგენელია ის, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდანტთან საუბრისას კახაბერ ქემოკლიძე.
“ბათუმში სოჭიდან ჩვეულებრივი ლაინერი ხომ არ ჩამოვიდა? გემი ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან, იმ ქვეყნიდან, რომლისგანაც ამდენი “სიკეთე” გვახსოვს. მთელი ცივილიზებული სამყარო ერთსულოვნად შეთანხმდა, ისე შეზღუდონ ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი ბრაზითა და რისხვით გავლენა მოახდინონ რუსულ პოლიტიკაზე. შესაბამისად, ჩვენ რუსულ გემებს კი არ უნდა ვიღებდეთ და რუს ტურისტებს ფეხქვეშ კი არ ვეგებოდეთ, კრემლის პოლიტიკის გამო უნდა ვამუნათებდეთ, უხერხულ მდგომარეობაში უნდა ვაყენებდეთ. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მაგრამ სამი თუ ოთხი თვის შემდეგ ისევ მოხსნეს, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, 2007 წელს დაწყებული მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამოც. მაშინ ჩვენ, ქართველები, მთელ ცივილიზებულ სამყაროზე ვბრაზობდით მიკერძოებული გადაწყვეტილების გამო. რა გამოდის? ახლა, როდესაც დასავლური პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და ზუსტად იმ პოზიციაზე დადგა, რომელიც ჩვენთვის არის ხელსაყრელი, უაზროდ გავჯიუტდით და პოზაში ჩავდექით?! რა ლოგიკაში ჯდება ასეთი მიდგომა, რა ტიპის პოლიტიკაა ეს?!” - განაგრძობს რესპონდენტი.
“ხელისუფლებას უკონტროლოდ არ უნდა შემოეშვა რუსეთის მოქალაქეები და კანონი “ოკუპაციის შესახებ” უნდა აემოქმედებინა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ იმ ლაინერზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს კანონი “ოკუპაციის შესახებ” დარღვეული ჰქონდათ. ჩვენ მოვისმინეთ ლაინერის მგზავრის ინტერვიუ, რომელიც აფხაზეთში ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი პოლიტიკით “ქართული ოცნება” ქვეყნის უსაფრთხოებას უდიდეს რისკს უქმნის. რა გარანტია აქვთ, რომ რუსეთის მოქალაქეების თავხედობა ვიღაცას ყელში არ ამოუვა და საკადრის პასუხს არ გასცემს?! 112 000 რუსეთის მოქალაქე შემოუშვეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ქსოვილში. რა განსაკუთრებული ჭკუა-გონება უნდოდა იმის გათვლას, რომ ამ ადამიანებს ამბიციები გაუჩნდებოდათ?! თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის მოქალაქეები, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა ფსიქოემოციური ხასიათის მატარებლები არიან და ინსტიტუციებიც მოშლილია, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ტიპის პროცესები შეიძლება განვითარდეს”, - ამბობს კახაბერ ქემოკლიძე.
“არ დაგავიწყდეთ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებმა ისე ლანძღეს დასავლელი პოლიტიკოსები, ერთ დღეს ან ღამეს რუსეთი საკუთარი მოქალაქეების “დასაცავად” თავს რომ დაგვესხას, მთელ დასავლეთში ერთი ნორმალური პარტნიორიც კი აღარ დაგვრჩა... რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელსაც ჩინეთთანაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ევროკავშირთანაც. შესაბამისად, ქართულ-ჩინური სავაჭრო ურთიერთობა ნამდვილად იძლევა ახალ შესაძლებლობებს. ეს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობის ფანჯრებს აოთხმაგებს, მაგრამ საკითხავი სხვა რამეა - ღარიბაშვილმა სტრატეგიული პარტნიორობა ახსენა. საინტერესოა, რას ითვალისწინებს სტრატეგიული თანამშრომლობა კომუნისტურ ჩინეთთან? ჩემი აზრით, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ჩინეთისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გადაცემა ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკოა”, - დასძენს პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი და შეკითხვაზე - “რას გულისხმობთ?" - პასუხობს:
“იმას, რომ არ შეიძლება კრიტიკული ინფრასტრუქტურის გადაცემა, მაგალითად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ინტერნეტკაბელის. ჩინეთის სტრატეგიული ინტერესია აბრეშუმის გზის სარტყელის გაკეთება. ჩინეთის სტრატეგიული დოქტრინა გასაგებია, მაგრამ ჩინეთის დოქტრინული ინტერესი ერთია და მეორე - სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი”.