მეორე დარტყმა მოსკოვზე ბოლო სამ დღეში - გადადის თუ არა ომი რუსეთის ტერიტორიაზე
მოსკოვი 31 ივლისის მოვლენებზე პასუხს ამზადებს - „ალბათ უფრო რაღაც სიმბოლურ გადაწყვეტილებას მიიღებენ"
***
მეორე დარტყმა მოსკოვზე ბოლო სამ დღეში - გადადის თუ არა ომი რუსეთის ტერიტორიაზე
“მოსკოვის საქმიან ცენტრში მაღალსართულიან შენობას, რომელშიც სამი სამინისტროა განთავსებული, ბოლო სამ დღეში უკვე მეორედ შეეჯახა უკრაინული სამხედრო დრონი. რუსეთში ამას „უკრაინის ტერორისტული თავდასხმის მცდელობას" უწოდებენ. ქართველ სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით კი, ასეთი საჰაერო შეტევები რუსეთის ტერიტორიაზე ახლო მომავალში უფრო ხშირი და მასშტაბური გახდება. ამ მხრივ განსაკუთრებულ მოვლენებს კი 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უნდა ველოდოთ”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მეორე დარტყმა მოსკოვზე ბოლო სამ დღეში - გადადის თუ არა ომი რუსეთის ტერიტორიაზე
„1-ლი აგვისტოს საჰაერო დარტყმის შედეგად დაზიანებულ შენობაში რუსეთის სამი სამთავრობო უწყებაა განთავსებული: ეკონომიკის განვითარების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის; და ციფრული სამინისტროები. „როიტერის" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს შენობის შუშის ფასადის ნაწილი, რომელიც დარტყმის შედეგად დაზიანებულია. აღსანიშნავია, რომ ამავე შენობაზე უკრაინული დრონების შეტევა 30 ივლისსაც მოხდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ომი თანდათან რუსეთის ტერიტორიაზე გადავა. „უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი 1-ლი აგვისტოს თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ მოსკოვი „უფრო მეტ ომს" უნდა ელოდეს“, - აღნიშნავს გამოცემა.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე რეალურად უკვე დიდი ხანია გადასულია. ხოლო რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდა, როგორსაც მოელოდნენ. „დავიწყოთ იქიდან, რომ თავად რუსეთის ტერიტორიაზე ომი უკვე გადასულია, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „რუსეთის თავისუფალების ლეგიონმა" დაიწყო მოქმედებები ჯერ ბრიანსკის და შემდეგ ბელოროდის ოლქში, ეს ნიშნავდა ომის გახსნას რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე პერიოდულად ვხედავთ ხოლმე რუსეთის ტერიტორიის დაბომბვებს. „გარდა ამისა, 1-ლი აგვისტოს ფაქტი მიანიშნებს, რომ რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ბოლომდე ეფექტური არ არის. ამ მხრივ რუსეთის ბაქი-ბუქი ტყუილი აღმოჩნდა. „სანამ დრონების ეს ეპოპეა დაიწყებოდა, მანამდე ჩვენ ვხედავდით რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე განთავსებულ დანაყოფებს, რაღაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, ვხედავდით რიგ სამხედრო თუ პოლიტიკურ შენობებზე განთავსებულ სპეციალურ ამრეკლებს და მანიშნებლებს. იყო წინასწარი განცხადებები და ცარიელი სიტყვები, რაც დასრულდა იმით, რომ რამდენჯერმე განხორციელდა მოსკოვის მიმართულებით დრონებით მუშაობა, თან ისე, რომ უკრაინელებს არ უთქვამთ - აი, ჩვენ გავაკეთეთ ეს ყველაფერიო. „საბოლოო ჯამში ესეც ძალიან საინტერესო ამბავია, რომ უკრაინელები საკუთარ თავზე ამ ყველაფერს არ იღებენ. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ შიში დათესეს ამ მიმართულებით უკრაინელებმა - პრაქტიკულად, მოსკოვზე შეიძლება ნებისმიერ დროს განხორციელდეს შეტევა ჰაერიდან ისე, რომ ამის უკან ოფიციალურად არავინ არც იდგეს. ეს უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე ის, რომ ომის მდგომარეობაში იმყოფები და მეომარი მხარე გესვრის. „საბოლოო ჯამში მივიღებთ, რომ რუსეთის პოზიციები სუსტდება და რუსეთში არსებული განწყობები ომთან დაკავშირებით დაზარალდება. ანუ, რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული აზრი, რომ „ომი მე არ მეხება", დამთავრდა ჯერ იმით, რომ ჯერ დაიწყო მობილიზაცია და შემდეგ ვიხილეთ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადასული საბრძოლო მოქმედებები. „უკვე ნიშნავს იმას, რომ თავად რუსეთის მოსახლეობაში განწყობები ომის გახანგრძლივებასთან და უსასრულობასთან დაკავშირებით სულ ვერ გაგრძელდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც ისიცაა, რომ თავად ეკონომიკური მოლოდინებიც საკმაოდ ცუდია ამ ფონზე, იმიტომ, რომ როდესაც ომი მიმდინარეობს და შენი დედაქალაქის ცენტრალურ სავაჭრო რაიონებში აფეთქებები ხდება, ეს აშკარად არ არის სასურველი ეკონომიკური აქტივობისთვის. „ფსიქოლოგიურად რუსეთში ის განწყობები - რომ ომს ვიგებთ, ჩვენ არ შეგვეხება და ა.შ. - აღარ არსებობს და შეიძლება ამის გამოყენება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იმით, რომ, ვთქვათ, გამოაცხადოს ოფიციალურად უკვე საყოველთაო მობილიზაცია. ეს არ შეცვლის არსებულ ვითარებას, იმიტომ, რომ ისედაც დე-ფაქტოდ საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული, მაგრამ შეუძლია განწყობის დონეზე მოახდინოს საზოგადოების მობილიზაცია ომის მხარდასაჭერად, რომ აგერ ჩვენ სამამულო ომში ვიბრძვით. შეიძლება ეს რიტორიკაც წარმართოს რუსეთის ხელისუფლებამ. მაგრამ, თვისებრივად რომ ავიღოთ, ძალიან დიდი მორალური დარტყმაა - სამ დღეში მოსაგები ომი საბოლოო ჯამში მოსკოვზე დრონების დარტყმით გრძელდება", - განაცხადა „რეზონანსთან" გიორგი კობერიძემ“, - განაგრძობს გამოცემა.
„სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდათ. მათ წარმატებით აითვისეს 5 სხვადასხვა ტიპის სამხედრო დრონის წარმოება და ეს ახლო მომავალშ კიდევ უფრო მეტად აისახება ომის მიმდინარეობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო მოვლენები კი შეიძლება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოხდეს. „ომი უკვე დიდი ხანია გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე - ეს ერთი. როგორც მე ვიცი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, აანონსებს მასირებულ საჰაერო თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებს გაუჩნდათ დრონების ახალი შესაძლებლობა. მათ გაუკეთეს მოდერნიზაცია და საკუთარი ეროვნული სამხედრო წარმოების კუთხით შექმნეს საკმაოდ კარგი სამხედრო დრონები, ტაქტიკური, ოპერატიულ-ტაქტიკური და ოპერატიულ-სტრატეგიული დონის დრონები, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ მტრის ტერიტორია. „ერთ-ერთი ასეთი დრონი არის „ბობერი", რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი მანევრების საშუალება, შეუძლია ათასი კილომეტრის მანძილზე იმოქმედოს. კიდევ სხვა დრონებიც გააჩნიათ უკრაინელებს, ხუთი სახის დრონების წარმოება აითვისეს უკვე. „ისინი ასევე იყენებენ იმ დრონებს, რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოები აწვდიან. შესაბამისად, უკრაინელებს გაუჩნდათ საკმაოდ კარგი სადაზვერვო საშუალებები რუსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც ახორციელებენ კოორდინაციას, ასეთი დარტყმების შესასრულებლად. „საჰაერო დრონები რა თქმა უნდა საჰაერო ძლიერების კომპონენტია და მე ვიტყოდი, რომ ასევე შეიცავენ ფსიქოლოგიური ომის კომპონენტებს, გარდა იმისა, რომ ისინი ახორციელებენ საპასუხო შურისძიების დარტყმებს იმის გამო, რომ რუსებმა გააქტიურეს უკრაინული ქალაქების დაბომბვა. მაგალითად, ორშაბათს საშინლად დაიბომბა ხერსონი, ხარკოვი, კიევი და სხვა ქალაქები. დაიღუპნენ პატარა გოგონები. ეს არის ერთგვარი შურისძიების აქტი, რომელსაც უკრაინა ახორციელებს. „შედეგები რა იქნება? ამან უკვე მიიღო სრულმასშტაბიანი კონვენციური ომის სახე და მე ვიტყოდი, რომ ომის მასშტაბები იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ორივე მხარე თანაბრად იყენებს თავის სამხედრო პოტენციალს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ“, - წერს სტატიის ავტორი.
მოსკოვი 31 ივლისის მოვლენებზე პასუხს ამზადებს - „ალბათ უფრო რაღაც სიმბოლურ გადაწყვეტილებას მიიღებენ"
„რუსეთს ამზადებს საპასუხო ზომებს 31 ივლისს მოწყობილ „პროვოკაციულ პროტესტზე" საქართველოში რუსული საკრუიზო გემის ჩასვლის გამო. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალეკსეი ჩეპამ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რას განიხილავენ მოსკოვში. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ, სხვადასხვა გარემოებების გამო, ამჟამად რუსეთისგან რაიმე სერიოზული აკრძალვები და სანქციები მოსალოდნელი არ არის“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მოსკოვი 31 ივლისის მოვლენებზე პასუხს ამზადებს - „ალბათ უფრო რაღაც სიმბოლურ გადაწყვეტილებას მიიღებენ"
„როგორც ჩეპამ თქვა, ასეთი პროტესტის უკან დგანან გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ გაანადგურონ განვითარებადი კონტაქტები და ურთიერთობები რუსეთთან. მას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი რუსეთის გარშემო აჟიოტაჟის შესაქმნელად და რუსეთის მიმართ უკმაყოფილების დემონსტრირების მიზნით ხდება. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა უპასუხოს მსგავს პროვოკაციებს, რომლებიც აშკარად მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას და დაძაბულობის შექმნას. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა პასუხს გასცემს მოსკოვი საპროტესტო აქციებს საქართველოში. შეგახსენებთ, რომ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუს ტურისტებთან ერთად საკრუიზო გემი Astoria Grande საქართველოში, ბათუმში ჩავიდა. პორტში ადგილობრივი ოპოზიციონერები და აქტივისტები შეიკრიბნენ, რათა გამოეხატათ პროტესტი ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იმყოფებოდნენ. პროტესტის მონაწილეებმა მათ ლაინერს კვერცხები და პლასტმასის ბოთლები ესროლეს. ინციდენტის შედეგად საქართველო საკრუიზო გემის მარშრუტიდან ამიუღეს“, - აღნიშნავს გამოცემა.
„რა რეაქცია ექნება რუსეთს - ხომ არ გააუქმებენ პირდაპირ ავიამიმოსვლას საქართველოსთან და უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისათვის; ხომ არ აკრძალავენ ქართული პროდუქციის, მაგალითად ქართული ღვინის, ცირტუსის და ა.შ. შეტანას რუსეთში? ანალიტიკოსებს მკაფიო მოსაზრება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით - რუსეთი ახლა, ამ ეტაპზე და ასეთ მდგომარეობაში რაიმე რადიკალურ, ხისტ და მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან", აღნიშნავს რომ რუსეთს არ ექნება მკაცრი რეაგირება, რადგან იმყოფება იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში. „არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული იყოს მოსალოდნელი, ალბათ რაღაც სიმბოლურ ნაბიჯებს გადადგამენ. თავად რუსეთს არ აწყობს ახლა, მაგალითად, ფრენების აკრძალვა, რადგან თვითონ არის საერთაშორისო იზოლაციაში. ასე რომ, პირიქით, საქართველო ეხმარება მათ ამ იზოლაციიდან გამოსვლაში და აქედან გამომდინარე, ამას მძაფრი რეაციები არ მოჰყვება. „ალბათ უფრო რაღაც სიმბოლურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს შეიძლება იყოს რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი. უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა რამე სერიოზულ გადაწყვეტილებაზე არ მგონია წავიდნენ. „შეიძლება განცხადება გააკეთონ, გაგვაფრთხილონ და დაგვემუქრონ, რომ თუ ასეთი რამ კიდევ იქნება, მერე რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. წესით ეს მათ ახლა არ აწყობთ მთლიანობაში და ამიტომ მგონია, რომ რაიმე სერიოზული ნაბიჯები არ იქნება განხორციელებული", -განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ“, - განაგრძობს გამოცემა.
„ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის ვარაუდით კი, რუსეთის საგარეო უწყება შესაძლოა მხოლოდ საპასუხო საპროტესტო განცხადებით შემოიფარგლოს. „არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოჰყვება რუსეთის მხრიდან. მემგონი რაღაც განცხადების დონეზე შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი. „არ მგონია რომ ამას სერიოზული განხილვა მოჰყვეს და საქმე მივიდეს რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებამდე. შეიძლება იყოს გარკვეული პროტესტი რუსეთის მხრიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა გააკეთოს განცხადება, თურ არც ამაში ვარ დარწმუნებული, რომ გააკეთებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.