სვლა დასავლეთისკენ - ჩინეთი და სამხრეთ კავკასია

საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ხარისხობრივად ახალი ეტაპი იწყება. მიზეზი მრავალია, თუმცა რეგიონალური გეოპოლიტიკური პროცესები საკვანძო როლს ასრულებენ. ახალი სავაჭრო გზები, ომი უკრაინაში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პაექრობა პეკინს უბიძგებს, სამხრეთ კავკასიის მიმართულებაზე უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოოს.

ჩინეთის ინტერესს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება წარმოადგენს. ეს წესრიგი „აგნოსტიკური“ იქნება. ის არც მკაცრ სამხედრო ალიანსების სისტემაზე იქნება დაფუძნებული, არც რაიმე სახის პოლიტიკურ გაერთიანებებზე. ჩინეთი ნაკლებად იქნება დაინტერესებული ამა თუ იმ ქვეყნის შიდა პოლიტიკური სისტემით და უფრო ორიენტირდება ეკონომიკურ და ზოგად პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. უკვე დღეს ასეთი „აგნოსტიკური“ მიდგომა მახლობელი აღმოსავლეთის თუ აფრიკის მრავალი ქვეყნისთვის მისასალმებელია. მათმა რიცხვმა შესაძლოა უფრო იმატოს ჩინეთის მზარდ გეოპოლიტიკურ ძალასთან ერთად, რაც, თავის მხრივ, ბევრ კითხვას ბადებს აშშ-ის პოზიციასთან დაკავშირებით. იქნება ეს მახლობელ აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

როგორც ჩანს, ამ რეგიონების რიცხვს სამხრეთ კავკასიაც შეემატა. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან მიღწეული შეთანხმება საინტერესო კითხვებს ბადებს არა მარტო ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, არამედ საქართველოსადმი და ზოგადად სამხრეთ კავკასიისადმი ჩინეთის ცვალებად მიდგომასთან დაკავშირებით.

ჩინეთის დაინტერესებას საფუძვლად უდევს სამხრეთ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ჩინეთის სინძიანის პროვინციიდან ევროკავშირამდე სამხრეთ კავკასია უმოკლეს დერეფანს წარმოადგენს. დღეს, ე. წ. შუა დერეფანი, რომელიც შავი ზღვიდან კასპიამდე და შემდეგ ცენტრალურ აზიამდე გადის, ჩინეთის მზარდ ინტერესს იწვევს. პირველი ასეთი ნიშანი იყო რამდენიმე თვის წინ საქართველოში ჩინეთის ელჩის განცხადება, სადაც ის ცალსახად აღნიშნავდა შუა დერეფნის განვითარების საჭიროებას. დერეფნის საკითხს უნდა იყოს მიბმული ანაკლიის პორტის მომავალი მშენებლობლის საკითხიც, სადაც მოსალოდნელია, რომ დასავლური და ჩინური კაპიტალი ერთმანეთს შეებრძოლება.

ჩინეთის გააქტიურება სამხრეთ კავკასიით ასევე უნდა დავინახოთ შავ ზღვაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. ეს ის რეგიონია, სადაც რუსეთი ცდილობს თავისი ექსკლუზიური გეოპოლიტიკური წესრიგი დაამყაროს. თავის მხრივ, დასავლეთი მიისწრაფვის, ნატოსა და ევროკავშირის ნელი გაფართოებით თავისი გავლენა გაავრცელოს ამ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვან რეგიონზე. ჩინეთიც, შესაძლოა, ამ ლოგიკას მიყვებოდეს. ბრძოლა შავი ზღვისთვის ახალ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რაც პეკინს აიძულებს, რეგიონში უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოოს.

ჩინეთის საქართველოსთან დაახლოებას ცენტრალური აზიის პრიზმიდანაც უნდა შევხედოთ. ყაზახეთთან და უზბეკეთთან პეკინის ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ ექნება აზრი თუ მათ გაგრძელება არ ექნებათ სამხრეთ კავკასიაში. არაა შემთხვევითი, რომ საქართველოსთან ჩინეთის მიერ გაცხადებული მზაობა ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანისა ემთხვევა ევრაზიაში სავაჭრო გზების სწრაფ ცვლილებებს და ეს, პირველ რიგში, ეხება ცენტრალურ აზიას. ამ გეოგრაფიულად ჩაკეტილ რეგიონში, რომელიც ტრადიციულად რუსეთზე, ანუ სამხრეთ-ჩრდილოეთის ინფრასტრუქტურაზე იყო მიბმული, დღეს ჩინეთი ახალ დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულების გზებსა და რკინიგზებს აგებს. ჩინეთის „სვლა დასავლეთით“ ევროკავშირის ბაზრისკენ, პოლიტიკა, რომლის საუკეთესო გამოხატულება „სარტყელი და გზის ინიციატივაა“, გეოგრაფიულად არ გადის იმდენად რუსეთზე, რამდენადაც ცენტრალურ აზიაზე. როგორც აბრეშუმის სავაჭრო გზები, რომლებიც ანტიკურ პერიოდსა თუ შუა საუკუნეებში, გამოირჩეოდნენ არსებული ცვალებადი პოლიტიკური ვითარებისადმი მაღალი დონის მორგებადობით. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ „სარტყელი და გზის ინიციატივაც“ არაა სტატიკური წამოწყება, არამედ პერმანენტულად ცვალებადია და ერგება ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებს. ახალი ვითარება კი ისაა, რომ საქართველოზე გამავალი ტრანზიტული გზა დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ჩინეთის მხრიდან მზარდ დაინტერესებაზე ისიც მეტყველებს, რომ სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია, მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლებიდან ცალკე რეგიონებად განიხილებოდნენ, დღეს, სულ უფრო მეტად ერთ გეოგრაფიულ სივრცედ აღიქმებიან. სულ უფრო გამოკვეთილად ჩანს ერთი ტენდენცია: ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე და პირიქით. ამ ორი რეგიონის შერწყმა ე.წ. „კავკ-აზიას“ ქმნის, რაც ჩვენი დროის ერთ-ერთ ნიშანდობლივ გეოპოლიტიკურ პროცესს წარმოადგენს. ის ქვეყანა, რომელიც სინძიანიდან ანაკლიამდე/ბათუმამდე გზას გააკონტროლებს, გლობალურ თამაშში განსაკუთრებულ უპირატესობას მოიპოვებს.

სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის პოზიციების მოძლიერებას არ უნდა შევხედოთ ისე, თითქოს ასპარეზზე უდავო დომინანტი ქვეყანა გამოდის, რომელსაც წარმმართველი როლის შესრულება სურს. რეალურად, ჩინეთს ამის პოტენციალი არ გააჩნია. პეკინის გააქტიურება ალბათ უფრო იმ ტენდენციებში ჯდება, რაც აქამდე უკვე მრავალი წლის განმავლობაში ჩანდა. სამხრეთ კავკასიაში დასრულდა ექსკლუზიური გაბატონების მცდელობები. რუსეთის დომინირების ეპოქა დასრულდა და ის ჩანაცვლდა მრავალი ძალისგან შემდგარი წესრიგით, სადაც ერთდროულად ექვსი დიდი მოთამაშე (ევროკავშირი, აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი და ჩინეთი) იბრძვის გავლენისთვის.

მეტიც, რეგიონში ჩინეთის გააქტიურებას ზურგს არ უმაგრებს კიდევ ერთი მარტივი ფაქტი: საქართველოს და ზოგადად სამხრეთ კავკასიის მცირე ეკონომიკური მნიშვნელობა. სავაჭრო ურთიერთობებიც ამაზე მეტყველებს. ჩინეთს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ძირითადად, ბუნებრივი რესურსები გააქვს, იმპორტი ექსპორტზე ათჯერ ჭარბობს, ხოლო წლიურად ჩინური ინვესტიციები სამივე ქვეყანაში საკმაოდ მოკრძალებულია.

ამრიგად, სამხრეთ კავკასიისადმი ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში ნამდვილად ახალი პერიოდი დაიწყო. აქამდე, ჩინეთის გადმოსახედიდან, სამხრეთ კავკასია მაინც უფრო რუსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა. მკვეთრი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისგან პეკინი, როგორც წესი, თავს იკავებდა. დღეს კი არის კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ ჩინეთი ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობებს განსხვავებული პრიზმიდან შეხედოს.

ემილ ავდალიანი

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, „ჯეოქეისის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია