ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში აქტიური მუშაობის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებს ევროსკეპტიციზმის გაღვივებისთვის - რეფორმები და გაფართოებისთვის მუშაობა ხელისუფლების მიზანი არ არის

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა ძალიან რთულია - საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში აქტიური მუშაობის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებს ქვეყნის შიგნით ევროსკეპტიციზმის გაღვივებისთვის, - ასეთია პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის პოზიცია.

დეკანოიძის თქმით, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა, მაგრამ იმავდროულად ძალიან მძიმე მოცემულობა გვაქვს.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, რეფორმები და ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მუშაობა საქართველოს ხელისუფლების მიზანი არ არის.

„შარლ მიშელის განცხადება, მანამდე ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკური ლიდერის განცხადება მოწმობს იმას, რომ შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ეს არის, პირველ რიგში, უკრაინის თავგანწირვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, რომელიც დიდი ხანია ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღას ელოდება, ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა, რაც იმას გულისხმობს, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკება უნდა დაიწყოს და გაფართოების ახალ ტალღაში მოვყვეთ, რაც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრა იქნება. დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა საქართველოს საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. ეს არის ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რაც, სამწუხაროდ, არ სრულდება და რომლის შესრულების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მოლდოვა და უკრაინა ალბათ მიიღებენ მიწვევას გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. გვაქვს ძალიან მძიმე მოცემულობა - ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე ვერ მოგვცემს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მისია შესასრულებელი გვაქვს 2024 წლისათვის - იმისთვის, რომ გაფართოების ახალ ტალღაში მოვყვეთ, აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები, ხელისუფლება არჩევნების შედეგად შეიცვალოს და ხელისუფლებაში დემოკრატიული, პროდასავლური ძალები მოვიდნენ, ვინც ყველა იმ რეფორმას გაატარებს, რაც აუცილებელია გაფართოების ტალღისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ტალღას ჩვენ ვერ დავეწევით, რადგან რეფორმები და გაფართოებისთვის მუშაობა ხელისუფლების მიზანი არ არის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის მზად უნდა იყოს.

„ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას. კრემლი თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ მეზობელს, არამედ ყველა იმ ღირებულებას, რომლისაც გვჯერა – თავისუფლებას, დემოკრატიას, კეთილდღეობასა და თანამშრომლობას. წინა წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. იგივე ელის საქართველოსაც, თუ ის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამისად, გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ" – განაცხადა შარლ მიშელმა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 28 აგვისტოს სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა