გიორგი კობერიძე - “იმპიჩმენტის ჩავარდნა 100%-ით გარანტირებული არ არის”
რა მტკიცებულებები აქვს “ოცნებას” პრეზიდენტის წინააღმდეგ - შარლ მიშელის მინიშნება და კონსტიტუციონალისტის შეფასებები
გიორგი გობრონიძე - “პუტინი, რომელიც სტალინის მიბაძვას ცდილობს, სინამდვილეში მისი ჩინური ვერსიაა”
“დასწრებაზეა საქმე - რომელი მოასწრებს, რომ სტრატეგიულ სიღრმეზე გავიდეს” - სამხრეთში უკრაინელები უტევენ და ჩრდილოეთში რუსები
მამუკა არეშიძე - “რა გავლენა ექნებათ არჩევნებზე საქართველოში მომუშავე სპეცსამსახურებს?!”
* * *
გიორგი კობერიძე - “იმპიჩმენტის ჩავარდნა 100%-ით გარანტირებული არ არის”
“დავიწყოთ იმით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის პირველი წარმდგენი პრეზიდენტია. მართალია, ამას ცერემონიული ხასიათი აქვს, მაგრამ მისი მთავარი ფუნქცია მსოფლიო პოლიტიკაში სახელმწიფოს წარდგენაა. საზოგადოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა საგარეო პოლიტიკური კურსის დამხმარე რგოლად ყოფნა. ის არ არის მთავარი წარმმართველი, მაგრამ აქვს საშუალება და უფლება დაამყაროს და გააღრმაოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს მოკავშირე ქვეყნებთან. როდესაც ლაპარაკია პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ რიგ პოლიტიკურ კამპანიაზე, უნდა ვთქვათ, რომ ეს უპირველესად სახელმწიფოს აზარალებს. რაც ახლა ხდება, მოულოდნელი ნაკლებად იყო, რადგან ამ ყველაფერს თავისი საფუძველი აქვს - “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ნელ-ნელა ზეწოლას ახდენდა პრეზიდენტზე ჯერ შიდაპოლიტიკური საკითხების გამო, შემდგომ კი ევროკავშირთან დაახლოებისა და უკრაინის თემებზე მიდგა საქმე და როცა პრეზიდენტმა უფრო ღია პროევროპული და პროუკრაინული კურსი აირჩია, მმართველი ძალა მას უკვე აშკარად დაუპირისპირდა”, - აცხადებს ჯიპას პროფესორი, პოლიტოლოგი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “იმპიჩმენტის ჩავარდნა 100%-ით გარანტირებული არ არის”.
“ქართული ოცნებისთვის~ ბოლო წვეთი აღმოჩნდა ნიკა გვარამიას შეწყალება, რამაც საბოლოოდ ჩატეხა ხიდი ზურაბიშვილსა და “ქართულ ოცნებას” შორის. ამან სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ ძალას შორის არა უბრალოდ წინააღმდეგობა შექმნა, არამედ “ქართული ოცნება” შეეცადა სალომე ზურაბიშვილი სრულად გამოეთიშა ქვეყანაში თუ გარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან და შეეყვანა ქვეყანა ბევრად დიდ ჩიხში, ვიდრე მანამდე იყო. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვიდრე აქამდე მოვიდოდით და სალომე ზურაბიშვილი დაიწყებდა ევროპულ ტურნეს, პრეზიდენტის ინსტიტუტი იმდენად იყო სახელისუფლებო წნეხში მოქცეული, დისფუნქცია ინსტიტუციად იქცა, რომელსაც წარმომადგენლობით-ცერემონიული ფუნქცია სრულად შეუზღუდეს, რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის დარღვევად. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, ეს ის პრეზიდენტია, რომლის ასარჩევადაც ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც კიდევ უფრო კომიკურს ხდის ამ ვითარებას. საქართველოს პრეზიდენტს აბრალებენ, რომ თურმე ხელს უშლის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, რაც არა მარტო არასერიოზული განცხადებაა, არამედ მიუთითებს იმ პოლიტიკურ უმწიფრობაზე, რითაც “ოცნების” ხელისუფლება გამოირჩევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“სალომე ზურაბიშვილი მართლაც რომ უშლიდეს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს, ამ ყველაფრის საჯაროდ ლაპარაკი პოლიტიკურად ყოვლად დაუშვებელია. ამგვარი პოლიტიკური პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ხოლმე, რადგან მის უკან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დგას და ხელისუფლებამ უპირველესად ამაზე უნდა იფიქროს. ჯერ ერთი, არავის სჯერა, რომ პრეზიდენტია ევროინტეგრაციის ხელშემშლელი, მაგრამ ვიმეორებ, ასეც რომ იყოს, მთავრობა ვალდებულია ამგვარი პრობლემები კარს მიღმა მოაგვაროს, მოახერხოს შეთანხმება, რათა ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც სწორედ კონსტიტუციით არის გარანტირებული, ხელი არ შეეშალოს. ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც არც მთავრობა აკეთებს რამეს ევროატლანტიკური კურსის ხელშესაწყობად და სხვასაც უშლის ხელს ამაში, რაც ორმაგად აზარალებს ამ პროცესს... ისე ჩანს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების გარდა, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს პრეზიდენტი დაეხმაროს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში. საბოლოოდ კი, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, შეეცდებიან ამაში ევროკავშირი იქით დაადანაშაულონ, რაღაც სულელური გეოგრაფიული ტერმინები მოგვაყარონ - ჩვენს მდებარეობას დააბრალონ და ეძებონ წარუმატებელ პროცესში განტევების ვაცები. წინასწარ ცდილობენ ოპოზიციას გადააბრალონ, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” იყოს ამჟამად ხელისუფლებაში და ასევე შეეცდებიან გადააბრალონ პრეზიდენტსაც”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“საბოლოოდ ეს ყველაფერი აზარალებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. ერთსაც დავამატებ - “ქართულ ოცნებას” ძალიან აწუხებს, რომ მათი წევრები, იგივე პრემიერი, პარლამენტის თუ პარტიის თავმჯდომარე, არ არიან ისეთი ავტორიტეტული ფიგურები მსოფლიოში, როგორიც სალომე ზურაბიშვილია. ზურაბიშვილმა მოახერხა და დღეს რეპუტაციულად უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. მან, ფაქტობრივად, ჩააჩოჩა, მმართველი პარტია საგარეო ასპარეზზე, რაც ძალიან აღიზიანებს “ქართულ ოცნებას”. რისი მოწმენიც ახლა ვართ, სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალიც არ არის. ტრაგედიაა, როდესაც “ქართული ოცნება” პირადი ანგარიშსწორების გამო უკვე კარგა ხანია ზეწოლას ახდენს ზურაბიშვილზე, რაც საბოლოოდ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და ხალხის არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფს. გარეშე თვალისათვის ეს არის სახელმწიფოში შექმნილი სრულიად არასერიოზული, გაუგებარი და სასაცილო რეალობა”, - განმარტავს ჯიპას პროფესორი.
“საპრეზიდენტო არჩევნებისას “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად მაინც დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო. ამით თვითონ დაუდო სარჩული იმას, რომ ზურაბიშვილი თუ გადაწყვეტდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს, ამის უფლება ჰქონოდა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი არავის წინაშე ვალდებული არ არის. ის არის ინსტიტუციურად ვალდებული სახელმწიფოს მიმართ, რადგან ქვეყნის პრეზიდენტია, მაგრამ მას პარტიული კუთვნილება და პოლიტიკური ვალდებულებები არ გააჩნია. ვიმეორებ, ამისთვის საფუძველი თვითონ “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. რომც ეჭვიანობდნენ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ამგვარ პოლიტიკურ ეჭვიანობას აქვს თავისი პოლიტიკური სივრცე და ამის გამო არ უნდა უკრძალავდნენ ვიზიტებს ან უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტურნეს დროს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის არ უნდა იწყებდნენ. ეს არ არის პოლიტიკური ქცევა, ეს მავნებლობაა, რაც სახელმწიფო ინტერესებს ფეხქვეშ თელავს”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.
“მე იურისტი არა ვარ, მაგრამ გეტყვით ჩემს მოსაზრებას - კი ბატონო, ვიზიტები მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ თუ მთავრობა ბლოკავს, აქ უკვე ისმის კითხვა, თუ რამდენად კონსტიტუციურია იმ პროცესის დაბლოკვა, რომელიც საქართველოს წაადგება? საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დისფუნქციური გამხდარიყო. არ დაგვავიწყდეს, რომ მას ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფო პირია. აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი პირდაპირი წესით არავის აურჩევია. პრაქტიკულად, პოლიტიკურმა დაძაბულობამ გადაინაცვლა ინსტიტუციების დაპირისპირებაში, ზურაბიშვილთან პრობლემა თუ აქვს ”ქართულ ოცნებას”, არ შეიძლება ეს იქცეს ინსტიტუტებს შორის დაპირისპირებად. ცხადია, რაც ახლა ხდება საერთაშორისო სივრცეში ეს ჩანს ძალზე ინფანტილურ და არასერიოზულ საქციელად. სინამდვილეში, ეს ყველაფერი იმის დემონსტრირებაა, რომ ქვეყანა, რომელიც ითხოვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რაოდენ არასერიოზულად უდგება საკუთარ საგარეო პოლიტიკას”, - ამბობს რესპონდენტი.
“უპირველესად ვიტყვი, რომ იმპიჩმენტის ჩავარდნა 100%-ით გარანტირებული არ არის. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც “ქართულ ოცნებას” მშვენივრად ეთანამშრომლა ოპოზიცია. შეიძლება ხმები მოაგროვონ კიდეც, მაგრამ საინტერესო სხვა რამაა, რამდენად აწყობს “ქართულ ოცნებას” დღეს სალომე ზურაბიშვილის გადაყენება?.. ეს არც ისე მარტივი საქმეა - თუ პრეზიდენტს გადააყენებენ, პირდაპირი წესით მოგვიწევს ახალი პრეზიდენტის არჩევა, პირდაპირი წესით არჩევა კი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. მოგეხსენებათ, იმ ათასი ხმოსნით პრეზიდენტის არჩევის პროცესი 2024 წლიდან უნდა ამუშავდეს, დღეს კი ეს შეუძლებელია. გამოდის, პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში პირდაპირი წესით არჩევისას სალომე ზურაბიშვილსაც და ნებისმიერ სხვასაც ძალიან დიდი შანსი შეიძლება ჰქონდეს. მოკლედ, ეს რთული პროცესია, რომელიც კაცმა არ იცის, როგორ დასრულდება”, - მიიჩნევს ჯიპას პროფესორი.
“რაც შეეხება იმას, თუ შედეგი და პრეზიდენტის გადაყენება არ აინტერესებს, რატომ წამოიწყო `ქართულმა ოცნებამ~ იმპიჩმენტის პროცესი, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზეწოლის გაძლიერება პრეზიდენტზე. ამასთანავე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რადგან “ქართული ოცნება” არ თუ ვერ ახერხებს სტატუსის მოპოვებას, სურს ეს ვერც პრეზიდენტმა შეძლოს და მას ხელს ამ ფორმითაც უშლიან. თუმცა პოლიტიკური ტაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, ეს სალომე ზურაბიშვილის სტატუსს იმაზე მეტად ამყარებს, ვიდრე აქამდე იყო. რომ ვთქვათ, სტატუსის მოპოვებისთვის პრეზიდენტის ევროპული ტურნე რამეს გადაწყვეტს, ტყუილი იქნება, მაგრამ რაც მეტი მსჯელობა იქნება ევროპულ სახელმწიფოებში საქართველოზე, რაც მეტს ილაპარაკებენ პრეზიდენტის დონეზე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში მიღებაზე, ეს ჩვენთვის უკეთესია”, - დასძენს გიორგი კობერიძე და შეკითხვაზე - “ზოგის აზრით, სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ შეიძლება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს...” - პასუხობს:
“როგორც ვიცი, სააკაშვილის შეწყალება მხოლოდ პოლიტიკური აქტი შეიძლება იყოს, რადგან მის წინააღმდეგ კვლავ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და განაჩენები გამოტანილი არ არის. შესაბამისად, ზურაბიშვილი მას ვერ შეიწყალებს იმ საქმეებზე, რაზეც მისჯილი ჯერ არა აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე მისჯილი სასჯელისგან შეუძლია გაათავისუფლოს. ჩემი აზრით, ზურაბიშვილმა ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით, როგორც კონტრნაბიჯი და არა იმიტომ, რომ ახლა მის წინააღმდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” რაღაც ბერკეტი აქვს. რაღა დაგიმალოთ და, შეიძლება “ნაციონალურ მოძრაობასაც” აწყობდეს კიდეც პრეზიდენტის იმპიჩმენტი და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, რომელიც ისევ პირდაპირი წესით გაიმართება. ამან პოლიტიკურად შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს ქვეყანაში...”
რა მტკიცებულებები აქვს “ოცნებას” პრეზიდენტის წინააღმდეგ - შარლ მიშელის მინიშნება და კონსტიტუციონალისტის შეფასებები
“რას მტკიცებულებებს წარადგენს “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ? იკვეთება თუ არა პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა და სალომე ზურაბიშვილის გადაყენების შემთხვევაში გაიმართება თუ არა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ, მისი აზრით, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, ის მხოლოდ საკუთარი სახელი მოქმდებს და არა როგორც სახელმწიფოს მეთაური. ამასთან, მისი პოზიცია არ ეწინაარმდეგება მთავრობის საერთო ინტერესს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეეცდება ევროპელი ლიდერები დაარწმუნოს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. მთავრობასას და მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამით პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და ამის გამო მისი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მტკიცებულებები აქვს “ოცნებას” პრეზიდენტის წინააღმდეგ - შარლ მიშელის მინიშნება და კონსტიტუციონალისტის შეფასებები.
“ტურნეს ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ საგულისხმო იყო შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც მან განაცხადა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის “პირად დამოკიდებულებას” ევროკავშირში საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით. მისივე აზრით, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის გადაყენება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც “ქართულ ოცნებას” პარლამენტში ამისათვის საჭირო 100 ხმა არ აქვს. თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ ახალ პრეზიდენტს 300-კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. “რაც შეეხება მტკიცებულებების წარდგენას, თვითონ უნდა წარადგინონ, მოიფიქრონ და უნდა დაასაბუთონ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. ჯერჯერობით, რაც მოსმენილი გვაქვს, საუბარი ექნებათ საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში. ამაზე იქნება საუბარი, რადგან მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა პრეზიდენტს და ამიტომ უფლება არ ჰქონდა ეს ვიზიტი განეხორციელებინაო”, - ამბობს ხმალაძე, რომლის თქმით `ალბათ ეს იქნება მათი არგუმენტი და აქ მტკიცებულება არ იქნება საჭირო~, - აღნიშნავს გამოცემა.
“ახლა აქ სასამართლომ უნდა შეაფასოს პრეზიდენტის ეს მოქმედება, ანუ ეს ვიზიტი მართლაც არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა. ამასთან, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, ძირითადად მედიაში ან სოციალურ ქსელებში რაც იწერება, ამის მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ კონსტიტუციონალისტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია. მათ შორის მეც ვთვლი, რომ არ დაურღვევია კონსტიტუცია. იმიტომ, რომ პრეზიდენტს ორი ვიზიტი ჰქონდა ჯერჯერობით, ორი შეხვედრა და ამ ვიზიტების დროს პრეზიდენტი მოქმედებდა თავისი პირადი სახელით და არა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. ანუ ის ამ შემთხვევაში გამოხატავდა არა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების პოზიციას, არამედ თავის პირად დამოკიდებულებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს იყო მისი პირადი პოზიცია, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ოფიციალურად გამოცხადებული მთავრობის პოზიციაც არ განსხვავდება ამისაგან, ვინაიდან, ოფიციალურად მთავრობასაც გამოცხადებული აქვს, რომ მათ სურთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
“აქ ისიც უნდა დავამატოთ, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუტს, და ამ ინსტიტუტებში შედის პრეზიდენტიც, ავალდებულებს, მიიღონ ყველა ზომა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისათვის. ესეც გასათვალისწინებელია. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ჯერ სარჩელის წარდგინებას. საკმარისია თუ არა მთავრობის უარი სარჩელისთვის? მთავრობის პოზიციაა, რომ რადგან ოფიციალური უარი ეთქვა პრეზიდენტს ამ ვიზიტების განსახორციელებლად, ამიტომ პრეზიდენტმა დაარღვიაო. როგორც გერმანიის პრეზიდენტმა, ასევე შარლ მიშელმა გამოაქვეყნეს ამ შეხვედრების ანგარიში. შარლ მიშელმა პირდაპირ მიუთითა, რომ ის აფასებს პრეზიდენტის პირად დამოკიდებულებას, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - პრეზიდენტის პირად დამოკიდებულებას - ევროკავშირში საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით. აი, ეს პირადი დამოკიდებულება მიუთითებს იმაზე, რომ აქ პრეზიდენტის პირად პოზიციაზეა საუბარი და არა მისი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პოზიციაზე”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ამდენად, ჩემი აზრით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ახორციელებდა არა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, საუბრობდა არა სახელმწიფოსა და ხელისუფლების სახელით, არამედ საუბრობდა თავისი პირადი სახელით. პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალ პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შედის პარლამენტის ყველა წევრი, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი, ხოლო დარჩენილ ადგილებს 300-მდე შეავსებენ საკრებულოდან არჩეული წარმომადგენლები. 2024 წელს საპარლამენტო არჩევენების შემდეგ გაიმართება ეს არჩევნები. ხოლო თუ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” და პრეზიდენტი გადააყენა თანამდებობიდან, მაშინ გაიმართება რიგგარეშე არჩევნები და იქაც ეს არ იქნება პირდაპირი გზით არჩევნები, ეს იქნება ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ ჩატარებული. მე მგონია რიგგარეშე არჩევნების ალბათობა უაღრესად მცირეა. თუნდაც შეეცადოს “ქართული ოცნება” თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენებას, ის ვერ მოახერხებს პარლამენტში 100 ხმის მოგროვებას. მაგრამ თუ მაინც მოახერხეს პრეზიდენტის თანამდებობიდნ გადაყენება, რიგგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს პრეზიდენტის გადაყენებიდან 45 დღის ვადაში”, - დაასკვნის ვახტანგ ხმალაძე.
გიორგი გობრონიძე - “პუტინი, რომელიც სტალინის მიბაძვას ცდილობს, სინამდვილეში მისი ჩინური ვერსიაა”
“რუსეთსა და უკრაინას, ორივეს აქვს სისუსტეების მთელი კასკადი - ერთ მხარეს არის რუსეთი, რომელმაც ვერ მიაღწია ვერც ერთ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ მიზანს, დაწყებული ნატოს გაფართოების შეჩერებით, დამთავრებული უკრაინაში გარკვეული პოზიციების შექმნით (თუ არ ჩავთვლით დონბასსა და ყირიმს, რომელსაც ისედაც აკონტროლებდა), მეორე მხარეს არის უკრაინა, რომელმაც ვერ გაამართლა დასავლეთის იმედი და კონტრშეტევა სწრაფად ვერ წარმართა. მე თუ მკითხავთ, დასავლეთს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა, რაც არ უნდა მოძველებული იარაღი ჰქონდეს რუსეთს, იმის რესურსი მაინც აქვს, რომ თავდაცვითი პოზიციები კარგად ჰქონდეს გამაგრებული. ნახეთ, რა საინტერესო მოცემულობაა - ჩვენ რუსეთს შემტევ ძალად მივიჩნევდით, დღეს კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთს თავის დაცვა შეუძლია. ასეთი დიდი ჩავარდნის შემდეგ პუტინი სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინი, რომელიც სტალინის მიბაძვას ცდილობს, სინამდვილეში მისი ჩინური ვერსიაა.”
“შიდაპოლიტიკურ და სამხედრო ძალებს შორის უკვე იყო დაპირისპირება და მომავალში უფრო გამწვავდება. რუსული ელიტა საკუთარი თავისა და კაპიტალის გადასარჩენად ეძებს ჯგუფს ან პირს, რომელსაც ხელს შეაწმენდს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან უკრაინაში ვითარების შემობრუნების საკითხი, ჯერ კიდევ არის თეორიული შანსი იმისა, რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს.შეგახსენებთ, რომ რუსეთს აქვს გრძელვადიან, დამანგრეველ ომებში გამარჯვების გამოცდილება. სხვათა შორის, ორივე ქვეყანას საბჭოთა წარსული აერთიანებს. შესაბამისად, რუსები ელიან, რომ ომს მოიგებენ, ის ფაქტორი ამშვიდებთ, რომ ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე არ არის. ამასთან, დასავლეთის პასიურობასაც ხედავენ და ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანაში შეინარჩუნებენ ერთიანობას, დასავლეთს ნერვების ომს მოუგებენ... უკრაინიდან ემიგრანტების დიდი ნაკადი გაედინება დასავლეთში და ამით ყველა არ არის კმაყოფილი. დასავლეთში, სადაც ხალხი მიჩვეულია კომფორტულ ცხოვრებას, დევნილთა ნებისმიერი ნაკადი აღქმულია პრობლემებთან, ცხოვრების წესის ცვლილებასთან. შესაბამისად, იბადება კითხვები, როდემდე უნდა დავეხმაროთ უკრაინას? ან რატომ უნდა დავეხმაროთო? მსგავსი განცხადებები ისმის პოლიტიკური ტრიბუნიდანაც ამერიკასა თუ ევროპაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“დასავლეთში არის ხალხი, ვისაც არა აქვს იმის განცდა, რომ რუსეთი თავისი იმპერიალისტური ბუნებით ცივილიზებულ სამყაროს საფრთხეს უქმნის და რუსულ პოლიტიკურ ელიტასაც ასეთ ხალხზე აქვს გათვლა... რუსული ეკონომიკა მართლა შეუვალი კი არ არის დასავლური სანქციების მიმართ, აქ სხვა პრობლემაა, რასაც, ალბათ, ამერიკელებიც აცნობიერებენ - რუსეთისა და დასავლეთის უკრაინაში დაპირისპირებამ ჩინეთს გაუხსნა ხელ-ფეხი გლობალური ჰეგემონიისკენ. მოდი, დავარქვათ რუსეთ-უკრაინის ომს პროქსიომი. ამერიკამ 142 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა უკრაინის კამპანიაზე. ამას დავამატოთ ევროკავშირის ფული და სხვა რესურსები. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი, დასავლეთი ფინანსურად მონაწილეობს ამ ომში. ამ მოცემულობით მოგებული რჩება ჩინეთი, რადგან რუსეთთან დაპირისპირებით დაკავებული დასავლეთი ვეღარ იცლის გლობალურ კონკურენციაში ჩაერთოს. სი ძინპინმა თქვა კიდეც, რომ მალე სამყარო ორპოლუსიანი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ძალის ერთი პოლუსი იქნება ვაშინგტონი, ხოლო მეორე - ბეიჯინგი (პეკინი)”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამიერიდან როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, რუსეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, გადადის საერთაშორისო პოლიტიკის პერიფერიაზე დაქვემდებარებული პარტნიორის როლში. ერთი ამერიკას დაექვემდებარება, მეორე ჩინეთს და ამით დასრულდება ეს ამბავი. თუ უკრაინა ომს მოიგებს, რუსეთი მეტად იქნება ჩინეთზე დამოკიდებული, თუ უკრაინა დამარცხდება, მაშინ ნაკლებად, მაგრამ მას დამოუკიდებლად არსებობის რესურსი უკვე დაკარგული აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი იქნება რეგიონული, მაგრამ ანგარიშგასაწევი ძალა. რუსეთმა ამ ომში იმხელა ძალისხმევა გასწია, რომ მას ფიზიკურად აღარ ექნება ჩინეთისთვის წინააღმდეგობისა და კონკურენციის გაწევის უნარი. აი, ამის წინასწარ განსაჭვრეტად რუსეთის პოლიტიკურ ელიტას მდოგვის მარცვლისოდენა შორსმჭვრეტელობაც არ აღმოაჩნდა. უკრაინის კრიზისით მთლიანად იცვლება საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგი. მოსკოვში პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე ცუდი სცენარი აირჩიეს. თითქოს ნატო ძალიან გაფართოვდა და რუსეთს საფრთხე შეუქმნა! რა მიიღეს ამ ომით?! მიიღეს ფინეთით და შვედეთით გაფართოებული ნატო!” - მიიჩნევს ექსპერტი.
“ძალიან დიდი ალბათობით ამერიკას რესურსი აქვს ჩადებული იმაში, რომ რუსეთი შიგნიდან შეიცვალოს. მე მახსოვს, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ინტერვენციის შემდეგ, ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება, რუსეთი ძალიან დიდია იმისთვის, რომ იყოს მშვიდობიანი და კეთილი აქტორი საერთაშორისო ურთიერთობებშიო. მხოლოდ ბაიდენი კი არა, ამერიკელები აღიქვამენ რუსეთს ზედმეტად დიდად. სხვათა შორის, ამერიკელებსა და ჩინელებს ამ მიმართულებით ერთნაირი პოზიცია აქვთ. პეკინი მიიჩნევს, რომ რუსეთი ზედმეტად დიდია და მისი ნაწილი ჩინეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, ან დამოუკიდებელი იყოს და ჩინეთს ექვემდებარებოდეს. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის ამერიკული პროექტი კი არა, რუსული პროდუქტია. ნახეთ, როგორი პოლიტიკური სისტემაა რუსეთში. რუსი მკვლევარი ინოზემცევი რუსული მმართველობის სისტემას დეფექტურად მიიჩნევს. მისი თქმით, თუ სხვა ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი დანაშაულია, რუსეთში ეს პოლიტიკის კეთების საშუალებაა. რუსული პოლიტიკა სრულიად გახრწნილია და თავის წიაღში ბუნებრივად წარმოშობს ისეთ სუბიექტებს, როგორიც პრიგოჟინია”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.
“მაქს ვებერის თეორიის მიხედვით, სახელმწიფო არის ძალის ერთადერთი მონოპოლისტი, მხოლოდ მას უნდა ემორჩილებოდეს ჯარი, პოლიცია, საგადასახადო სისტემა და ა.შ., რუსეთში კი ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკონტროლოდ მოქმედი არმია, რომელსაც სადაზვერვო სამსახურის მიერ ჰქონდა მწვანე შუქი ანთებული და საზოგადოების ყველაზე საშიში ფენის რეკრუტირებას ახდენდა არმიაში. პრიგოჟინის გასამხედროებულ დაჯგუფებას ათასი სისაძაგლე აქვს ჩადენილი სირიაში, აფრიკაში... ის, რაც პრიგოჟინისგან მიიღო პუტინმა, სრულიად ლოგიკურია. ჩეხოვს დავესესხები, “თუ სპექტაკლის დროს, სცენაზე იარაღია დაკიდებული, იცოდეთ, რომ ის აუცილებლად გაისვრის”. ჰოდა, ერთ დღეს პრიგოჟინმაც გაისროლა. დასავლეთის ჩარევის გარეშე რუსეთმა საკუთარი სურვილით პრიგოჟინის მსგავსი არაერთი მონსტრი შექმნა და ისინი სხვადასხვა ეტაპზე აუცილებლად იჩენენ თავს... პრიგოჟინმა მართლაც წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა. ის არ იყო პოლიტიკოსი, პუტინსაც ზედმეტად ენდობოდა. ამასთან, მას არ სჭირდებოდა პოლიტიკური ძალაუფლება, იმ ფულისა და ქონების დაბრუნება სურდა, რომელიც მისგან რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ამოიღეს. ეს ყველაფერი მიიღო და წავიდა ბედნიერად. პოსტფაქტუმ კი პატარა, ღვარძლიანმა კაცმა შურისძიება დაგეგმა - სულ ეს იყო”, - განმარტავს რესპონდენტი.
“პუტინის ბედი პირდაპირ კავშირშია რუსეთ-უკრაინის ომთან. რუსებს ესმით, რომ ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული, თუ რა ფორმით გააგრძელებს რუსეთი არსებობას. ამიტომ პუტინს მარცხს არ აპატიებენ, მით უფრო, რომ მან სისუსტე გამოიჩინა. პუტინი, რომელიც სტალინს ადარებს თავს, პრიგოჟინს დაემალა, მოსკოვიდან გაიქცა, სტალინმა კი მოსკოვი მაშინაც კი არ დატოვა, როდესაც ჰიტლერი მიდიოდა მოსკოვზე. არ იფიქროთ, რომ სტალინს ვაქებ, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ პუტინი, რომელიც სტალინის მიბაძვას ცდილობს, სინამდვილეში მისი ჩინური ვერსიაა. ამ ჩინურმა ვერსიამ კი მიიღო უკრაინაში შეჭრის აბსოლუტურად გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ისტორიაში ყველაზე უაზრო გადაწყვეტილების სახელით შევა და ამ ქვეყნის დიდებასაც დაასამარებს. შეიძლება ითქვას, პუტინმა რუსეთი ჩინეთს ლანგრით მიართვა”, - დაასკვნის ექსპერტი.
“მედვედევის მუქარა, რომ ჩინეთი და ინდოეთი მალე აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას ცნობენ ისეთივე უაზრო განცხადებაა, როგორიც რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო. როგორც ჩანს, მედვედევს ახალი არხი აქვს გონებაში გახსნილი და აღარ იცის, რა სისულელე თქვას. ალბათ, ბოლოდროინდელი ქართულ-ჩინური ურთიერთობების გამო ეჭვიანობს. სი ძინპინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე ადის. სხვათა შორის, თუ ჩვენ ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობას ისეთ დონეზე განვავითარებთ, როგორიც ამერიკასა და ევროპასთან გვაქვს, ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან განსხვავებით, პეკინს არ გაუჭირდება საქართველოს სასარგებლოდ რუსეთზე ზეწოლა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება, რომ პეკინი რუსეთის ამ ქმედებაში საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას ხედავს, რასაც ჩინეთში საფრთხედ აღიქვამენ. ვისაც დიპლომატიის ანაბანა გაეგება, იცის, რომ ჩინეთისთვის ნებისმიერი რუსული ექსპანსია მიუღებელია”, - დასძენს გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე - “საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან ალაგებს ურთიერთობას, რომ საჭირო მომენტში შეცვალოს რუსეთთან დათმობის პოლიტიკა?” - პასუხობს:
“რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ელოდება ომის დამთავრებას, მანამდე კი ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებას, მანევრირებას ცდილობს. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურად იყენებს. საერთო ჯამში, “ქართულ ოცნებას” ბევრად ეფექტურად შეუძლია დღეს არსებული საგარეო ფაქტორების გამოყენება. მე არ ვგულისხმობ რუსებისთვის საზღვრის ჩაკეტვას და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რა დინამიკურად იცვლება უსაფრთხოების გარემო. აი, ეს უნდა გაითვალისწინონ და უფრო გონივრული სვლები გააკეთონ. ძალიან პოზიტიურად ვუყურებ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის გაღრმავებას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე”.
“დასწრებაზეა საქმე - რომელი მოასწრებს, რომ სტრატეგიულ სიღრმეზე გავიდეს” - სამხრეთში უკრაინელები უტევენ და ჩრდილოეთში რუსები
“ფრონტზე საომარი მოქმედებები არ შენელებულა - სამხრეთით უპირატესობა უკრაინას აქვს, მეტიც, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ზაპოროჟიესთან რუსული ე.წ სუროვიკინის თავდაცვის პირველი ხაზი სრულიად გადალახეს და მეორეს მიადგნენ. რუსები, თავის მხრივ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ხარკოვისკენ შეტევაზე არიან გადასული. ამით კი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ფრონტზე გარკვეული ბალანსია. უკრაინელი გენერლის, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, მათ ზაპოროჟიესთან მოწინააღმდეგის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც, მისივე ინფორმაციით, პირველ ხაზთან შედარებით გაცილებით სუსტია. მაგრამ სამხედრო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თავდაცვის მეორე და მესამე შრე არც ისეთი ადვილი გადასალახია, როგორც ამას უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები წარმოაჩნენენ. დაცვის ხაზის სრულიად გარღვევისთვის კი გარკვეული დრო მაინც დასჭირდება უკრაინის არმიას და შესაძლოა ეს ამინდების გაუარესებამდე ვერც მოესწროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დასწრებაზეა საქმე - რომელი მოასწრებს, რომ სტრატეგიულ სიღრმეზე გავიდეს” - სამხრეთში უკრაინელები უტევენ და ჩრდილოეთში რუსები.
“თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ სამხრეთში უკრაინა წინ გაიჭრა, ეს ომში მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება, რადგან ამის მერე უკრაინელები ძალიან მალე მელიტოპოლსა და მარიუპოლზე გავლენ, ოპერატიულ სივრცეზე გასვლით ყირიმს მიადგებიან და ნახევარკუნძულის ბლოკირებას შეძლებენ. ასევე იქმნება ხერსონის ოლქის მთლიანად გათავისუფლების შანსი. აქვე აღსანიშნავია, რომ სამხრეთში რუსების თავდაცვით პოზიციები სამი ხაზისგან შედგება, თითოეული მათგანი კი თავის მხრივ კიდევ სამშრიანია - სასანგრე პოზიციები, ე.წ. დრაკონის კბილები (ბეტონის სამკუთხედი წინაღობები) და თხრილები. ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა პირველი ხაზის სამი კომპონენტის მინიმუმ ორი მაინც გაიარეს, 3 სექტემბერს კი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან ცნობილი ხდება, რომ მათ მესამე შრის გადალახვაც შეძლეს და ახლა მეორე ხაზთან არიან. ეს დაახლოებით დასახლებულ პუნქტ რაბოტინოს მიმდებარედაა. ამის პარალელურად ორივე მხარე აგრძელებს საჰაერო დარტყმებს... პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სამხრეთის გარდა უკრაინაში ცხელი წერტილი ბახმუტია და ასევე მოქმედებებია ხერსონის ოლქში და არაა გამორიცხული, რომ დნეპრის ფორსირების თვალსაზრისით უკრაინელებმა იმის პირობაც შექმნან, რომ გარკვეული ძალები აქეთკენ გადაისროლონ, თუმცა არა ახლა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კარგა ხანია სამხრეთის მიმართულება უკრაინის პრიორიტეტად განისაზღვრა და მთელი ძალისხმევა აქეთკენ მიდის, რომ ეს მიმართულება ათვისებული იქნას. ბრძოლა ასევე ბახმუტის გარშემოა. ნელ-ნელა მნიშვნელობას იძენს მდინარე დნეპრის ფორსირება და გარკვეული რეიდის განხოციელება სამხრეთში. უკრაინამ “ნეპტუნის” ტიპის რაკეტების სახმელეთო ვერსია გადააკეთა. წარმადობა რამდენი აქვს, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სრულიად საფუძვლიანად უნდა ვიფიქროთ, რომ უკრაინა შემდეგ დიდ დარტყმას ოკუპირებული ყირიმის სიღრმეში და რუსეთის იმ დიდ ქალაქებზე განახორციელებს, რომელთა დაშორებაც ფრონტის ხაზიდან 700 კილომეტრამდეა. ბახმუტს რაც შეეხება, ამ ქალაქს ახლა ის მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორც ჰქონდა. მის გარშემო მაღალი ინტენსივების ბრძოლებია, მაგრამ არ ველოდები, რომ აქ რაიმე დიდი განვითარება იქნება. დნეპრის ფორსირება კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ უკრაინელებმა ძალების გადაყვანა შეძლონ. თუმცა ალბათ ამის პირობეც შეიქმნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ სამხრეთით უპირატესობა უკრაინას აქვს, ხოლო ხარკოვისკენ რუსები არიან შეტევაზე და ამით ფრონტზე გარკვეული ბალანსია. “ბახმუტისა და ლუგანსკის მონაკვეთებზე აბსოლუტურად თანაბარი პოზიციებია და სიახლე არაა. თუ სამხრეთით უპირატესობა უკრაინას აქვს, ხარკოვის მიმართულებით რუსებს ტაქტიკური ინიციატივა აქვთ, ისინი კუპიანსკს უახლოვდებიან და შეუძლიათ, რომ ოპერატიულ სივრცეზე გავიდნენ. თუ რუსებმა ხარკოვის ხაზი გაარღვიეს და კუპიანსკი-ლიმანი-იზიუმის მიმართულებაზე გავიდნენ, მაშინ სამხრეთით სლავიანსკს და კრამატორსკს დაარტყამენ და ჩრდილოეთით პირდაპირ ხარკოვს ებჯინებიან. ამჟამად ფრონტზე გარკვეული ბალანსია. ორი ძირითადი მიმართულებაა - სამხრეთის ზაპოროჟიე და ჩრდილოეთით ხარკოვი. უკრაინელებმა აქცენტი სამხრეთით გააკეთეს და დანარჩენ მიმართულებებზე თავდაცვაში არიან. უკვე დასწრებაზეა საქმე - რომელი მოასწრებს, რომ სტრატეგიულ სიღრმეზე გავიდეს. თუმცა, ამინდების გაუარესებამდე გარდატეხას არ ველოდები, ვადა დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებამდე აქვთ”, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია, რომლის აზრით “ მშრალი ამინდები ძალიან გვიან დაიწყო და გარკვეულწილად ამანაც შეუშალა ხელი უკრაინის არმიას”, - განაგრძობს გამოცემა.
“ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, სამხრეთში უკრაინის არმიამ რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია და ახლა უკრაინის არმია პირველ და მეორე ხაზებს შორის იმყოფება, მისივე ცნობით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის. “თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20-20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით”, - განაცხადა ტარნავსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა. ლაშა ბერიძეს უჭირს იმაზე საუბარი, რუსების დაცვის მეორე და მესამე ხაზი იქნება თუ არა პირველთან შედარებით ადვილად გადასალახი, თუმცა ამბობს, რომ სამხრეთში უკრაინა აშკარად წინ მიიწევს. ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ რუსების დაცვის ხაზის მეორე და მესამე ეშელონი არანაკლებ რთული გადასალახი იქნება და სავარაუდოდ ეს ამინდის გაუარესებამდე ვერ მოესწრება”, - დასძენს გამოცემა.
“ზუსტად ვერ იტყვი რუსული თვდაცვის პირველი ხაზი მეორე და მესამესთან შედარებით რამდენად ძლიერი იყო. ზოგადად ტერმინს „ხაზის გარღვევა" არ ვიყენებ. დასავლურ მედიაში გიჟური კამპანია შეიქმნა, რომ უკრაინა შეტევას ჩამორჩება და სათანადო ტემით ვერ ახორციელებს და ა.შ. თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ეს მხოლოდ მედიაკამპანიაა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს საშუალება აქვს დასავლურ მედიაზე გავლენა იქონიოს. შეტევა მიდის ისე. როგორც უნდა მიდიოდეს. აშკარაა, რომ ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელები წინ მიდიან, არ ჩერდებიან. ძნელი სათქმელია ახლა რა წერტილში არიან. თუ რუსების თვადაცვის ხაზი სრულიად გაარღვიეს, მერე უკვე მარიუპოლის გათვისუფლება, აზოვის ზღვაზე გასვლა და რუსეთის ყირიმთან დამაკავშირებელი სახმლეთო გზის გაწყვეტა დადგება დღის წესრიგში. თუმცა, ჩემი აზრით, აქამდე კიდევ დრო უნდა, ძალიან ძნელი სათქმელია ზუსტად რამდენი ხანი მოუნდება”, - თვლის ლაშა ბერიძე.
“სხვადასხვა ინფორმაციაა. რუსებს, რომ ჰკითხო, პირიქით, ზაპორპოჟიეში კონტრშეტევაზე ისინი გადავიდნენ. საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ომში რთულია სიმართლე გაიგო. თუ უკრაინელების ინფორმაცია სიმართლეა, ძალიან კარგია, რომ პირველი ხაზი გადალახეს, მაგრამ მეორე-მესამეს გადალახვა ასეთი მარტივი არაა, რადგან ისინი უფრო გამაგრებულია, ველები დანაღმულია და სპეციალური კბილანებია ჩალაგებული, რომელიც სამხედრო მოქმედებების განვითარებისათვის დიდი პრობლემაა. სჯობდა უკრაინას ეს ყველაფერი მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში გაეკეთებინა. ახლა, როცა უკვე კლიმატური პირობები გართულდება, ეს ოპერაციების განხორციელებას შეაფერხებს. ეს კარგი შედეგია, მაგრამ დარჩენილი ორი ბარიერის გადალახვა საკმაოდ რთული იქნება”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
“უკრაინელები, სავარაუდოდ, რაბოტინოსთან და პიატიხატკასთან არიან, ანუ ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების საზღვარზე. ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზის გარღვევა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამის მერე უკრაინელები ძალიან მალე მელიტოპოლზე და მარიუპოლზე გავლენ. ოპერატიულ სივრცეზე გასვლით ყირიმს მიადგებიან და ნახევარკუნძულის ბლოკირებას შეძლებენ, ასევე იქმნება საშუალება, რომ ხერსონი მთლიანად გათავისუფლდეს. უკრაინის სამხრეთის ინიციატივა შესაძლოა ოპერატიულ-სტრატეგიულ ინიციატივაში გადაიზარდოს. ეს თუ შეძლეს ომში მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ახლა ამინდების გაუარესებამდე ვერ მოხერხდება, ამასთან უკრაიელებს შეიარაღების თვალსაზრისითაც უკვე პრობლემები აქვთ და სავარაუდოა, რომ ეს პერსპექტივა იქით გაზაფხულისკენ გადაიწევს”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.
მამუკა არეშიძე - “რა გავლენა ექნებათ არჩევნებზე საქართველოში მომუშავე სპეცსამსახურებს?!”
“არჩევნები ამა თუ იმ პოლიტიკური მოთამაშის პოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცების, ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის, საკუთარი ინტერესების გატარების საშუალებაა. საქართველო ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეშია, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საქართველოში კონკრეტული მოთამაშის გავლენის გაძლიერება ჩვეულებრივი ფორმულაა - ისტორიულად სულ ასე ხდებოდა. ხანდახან გვიკვირს, რატომ მოიწევდნენ დიდი ძალები საქართველოს დასაპყრობად სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან, სწორედ იმიტომ, რომ განლაგება აქვს მომგებიანი - ერთბაშად აკონტროლებ შავი და კასპიის ზღვის აუზებს... არჩევნები დასკვნითი ეტაპია და გავლენის სივრცეების მომზადება წლების განმავლობაში მიდის”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა გავლენა ექნებათ არჩევნებზე საქართველოში მომუშავე სპეცსამსახურებს?!
“არსებობს სხვადასხვა ტიპის - სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ როგორც ამომრჩევლები და მათთან მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია. პოლიტიკური მოთამაშეები მუშაობე, მაგალითად, მეხუთე კოლონის მსგავსად - მუშაობენ ინტერესის, გავლენის ჯგუფების მეშვეობით ღიად თუ ფარულად, ფულით და იდეოლოგიით. საქართველოში ეს ყველაფერი გამოიყენება, პლუს ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საქართველო მსოფლიოში ბევრისთვის სუსტი სახელმწიფოა, მას არა აქვს დემარკირებულ-დელიმიტირებული საზღვრები და აქვს დაკარგული ტერიტორიების პრობლემა. ყველა მოთამაშე დაინტერესებულია კავკასიაში პოლიტიკური ამინდის შექმნით. შემიძლია ჩამოვთვალო ეს მოთამაშეები: ყველა ჩვენი მეზობელი (ნაკლებად სომხეთი, მას თავისი პრობლემები აქვს, თუმცა მისი გავლენა მაინც იგრძნობა, განსაკუთრებით ოკუპირებულ აფხაზეთში), განსაკუთრებით აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, შორეული მეზობელი ევროკავშირი, ამერიკა, უფრო შორეული ქვეყანა, ჩინეთი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ყველაზე მსხვილი მოთამაშე და უხეში ამ ჯგუფში რუსეთია. სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ყველაზე მეტი საფრთხე მისგან მოდის. რუსეთის პოლიტიკა დაფუძნებულია ძალის დემონსტრირებაზე, რისი მაგალითიც უკვე გვაქვს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტიც - თავის დროზე რუსეთმა დიდი ძალისხმევა დახარჯა, რათა შეემცირებინა შავი და კასპიის ზღვის აუზებში სამხრეთელი მეზობლების, პირველ რიგში, მაშინდელი სპარსეთისა და თურქეთის გავლენა. 1920 წელს თავისი დიპლომატიისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების უმძიმესი შეცდომების გამო 100-წლიანი პაუზის შემდეგ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში თურქეთი დააბრუნეს, სადაც ის ზეაქტიური მოთამაშე გახდა და ახლა მისი აქედან გაყვანა ძალზე პრობლემატურია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს ეფლირტავებიან, რუსული პოლიტიკა, ისევე როგორც თურქული, რეგიონიდან ერთმანეთის განდევნაზეა ორიენტირებული და არა მარტო რეგიონიდან, უპირველესად შავი ზღვის აუზიდან”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რუსეთს აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები და უპირატესობა სხვებთან შედარებით - ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და სიტუაციის მართვის ცდები. ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებულია რუსეთის ძალიან სერიოზული სადაზვერვო სისტემა, მათ შორის ელექტრონული დაზვერვის უახლესი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთისთვის ძალიან მარტივია საკომუნიკაციო სისტემების გაკონტროლება. მაგალითად, კონკრეტული პირების სატელეფონო საუბრებისაც. ცხინვალში არის ცენტრი, რომელიც აანალიზებს საქართველოს ყველა მსხვილი ტელევიზიის პოლიტიკურ გადაცემებს, კითხულობს ქართულ პრესას და სწავლობს საზოგადოებრივ აზრს სოცქსელების მეშვეობით. ძალზე სერიოზული ინსტიტუტებია არა მარტო სამხრეთ, არამედ ჩრდილო ოსეთშიც, ასევე აფხაზეთშიც. რასაკვირველია, რუსეთს, აქ ჰყავს სხვადასხვა ტიპის “მეხუთე კოლონა”, რბილ ძალასაც ამუშავებს, ოღონდ რუსული რბილი ძალა დაბალეფექტურია იმის გამო, რაც გაუკეთა მან საქართველოს - საზოგადოების დიდ ნაწილში რუსეთით გაღიზიანებაა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფცია”, - განმარტავს ექსპერტი.
“მაგალითს მოვიყვან: საქართველოში ფუნქციონირებს კულტურული ხასიათის რუსული ცენტრი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყანაში რუსული ენისა და კულტურის გავლენის აღდგენაზე. ეს ორგანიზაცია ფინანსდება “რუსსკი მირის” მეშვეობით - ეს არის რუსული იდეოლოგიის გამტარებელი ქსელი მსოფლიოში. კიდევ არის ასეთივე ორგანიზაციები. მათი ამოცანაა რუსული იდეოლოგიის ტირაჟირება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ეს ორგანიზაცია, რომელიც საქართველოშია, ახლა სკანდალშია გახვეული - აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან მიღებული ფულით ანტირუსულ ღონისძიებებს აფინანსებს. ეს იმიტომ, რომ კორუფციული სისტემა ეფექტურად მუშაობს. როგორც სკანდალიდან ჩანს, ამ ორგანიზაციის წევრები შეკრული არიან იმ ჩინოვნიკებთან, მათ შორის რუსულ წარმომადგენლობასთან საქართველოში, რომლის ხელშიც გადის ფული. პრაქტიკულად, ეს ორგანიზაცია კი მუშაობს და იღებს ფულს მოსკოვიდან, მაგრამ მისი საქმიანობა რუსეთის ინტერესების გატარებისთვის დაბალეფექტურია. მოსკოვში ეს იციან და ამიტომ არის, რომ ყურადღებას უფრო სამხედრო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უთმობენ და გავლენის აგენტებს ეყრდნობიან. გავლენის აგენტები ყველა დონეზეა საქართველოში - საზოგადოებაში, პოლიტიკურ ელიტაში”- ამტკიცებს მამუკა არეშიძე.
“რასაკვირველია, საქართველოში შემოსულ ათიათასობით რუსეთის მოქალაქეს შორის არიან სპეცსამსახურების თანამშრომლები. ეკონომიკური აქტივობები, რასაც რუსული მხარე იჩენს საქართველოში, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ჯერჯერობით, ის რუსი საზოგადოება, რომელიც საქართველოშია, ისე არ არის ჩამჯდარი საერთო სტრუქტურაში, რომელსაც, ხვალ რომ არჩევნები იყოს, შეუძლია გავლენა იქონიოს მასზე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ შეიძლება სურათი შეიცვალოს. ობიექტურობისთვის ვიტყვი, ჩემი ვარაუდით, ჩამოსულების 60% წინააღმდეგია კრემლის დღევანდელი კურსის, კონკრეტულად პუტინის... რაც მეტ შეცდომას დაუშვებენ ამერიკელები და ევროპელები, მით უფრო ეფექტური იქნება რუსების მუშაობა”, მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ყალბი ინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა სოცქსელებში, ეთნიკური შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაცია, პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაცია რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერაა. როგორ დავიცვათ საზოგადოება რუსული პროპაგანდისგან?” - პასუხობს:
“ჩვენ ეს ყველაფერი საქართველოს სპეცსამსახურების იმედზე გვაქვს მიტოვებული, ეს კი საფუძველშივე წაგებული თამაშია. საზოგადოება ნიჰილისტურად არის განწყობილი. ზოგადი საუბრები საქართველოს ხვალინდელ დღეზე მხოლოდ საუბრებად და სოცქსელში აქტიურობად რჩება. ნიჰილიზმს იწვევს დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობაც. როდესაც რბილ ძალაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ სხვის ძალას ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებულს და თვითონ არ ვქმნით ამ რბილი ძალის სისტემას, თუნდაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამეზობლოში, ან ჩვენს ქვეყანაში. საკუთარ ქვეყანაში რბილი ძალის მუშაობის ტექნოლოგია ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებაა. სამშობლო მარტო კი არ უნდა გიყვარდეს, არსებობს მოვალეობაც ქვეყნის წინაშე. სახელმწიფომ და პოლიტელიტამ ამაში ხელი თუ არ შეგიწყო, არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოება ამ იდეოლოგიისგან დაიცალოს”.
“როცა ქვეყანა დაცლილია ეროვნული მუხტისაგან, მაშინ ხდება ადამიანების დაშორიშორება. ჭაბუა ამირეჯიბს აქვს გადასარევად ნათქვამი, ფუნქციადაკარგული, გათითოკაცებული ერიო. ზუსტად ეს ვართ დღეს, ვერაფრით ჩამოვაყალიბეთ ქვეყნის განვითარების მთავარი იდეა. ხშირად გვსმენია, კავკასიის ეკონომიკური ცენტრი უნდა გავხდეთო, და სხვა იდეოლოგიური ნარატივები, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან პოლიტელიტის დიდი ნაწილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაა მთავარი. დღეს ქვეყანაში გულით ქართველობის დეფიციტია, სიტყვით და ენით - ბევრია. ვიდრე არ იქნება ეროვნული საქმის კეთების სურვილი, სულ ასე ვიქნებით - ხან ვისი და ხან ვისი გავლენის ქვეშ... თუ ასე გაგრძელდა, 2024-ში ჩემი პროგნოზი ძალიან მძიმე იქნება. არჩევნებზე არაა საუბარი, ყოფნა-არყოფნაშია საქმე. საქართველო მხოლოდ ტერიტორიებს არ ნიშნავს, საქართველო ნიშნავს სახელმწიფოს. პარადოქსულია, მაგრამ რეგიონისადმი სხვა მიდგომები აქვს ევროკავშირს და სხვა აშშ-ს... შეიძლება სიტუაციის დაძაბვამ საბოლოოდ დესტაბილიზაცია მოიტანოს. ხომ ხედავთ, როგორი ნაპრალია საზოგადოებაში, საზოგადოება ჯგუფებადაა დაყოფილი, ის ჯგუფები კი ინდივიდუალურ ადამიანებად. ამიტომაც არის ჩემი პროგნოზი მძიმე...” - დასძენს არეშიძე.