ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს იმპიჩმენტის თემაზე პრეზიდენტთან ულტიმატუმების ენით საუბარს და არც ვაჭრობას, თუმცა სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა, კონსტიტუციის ფარგლებში გაგრძელდება

დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირება მიმდინარეობს და ამ მიზნით ხელისუფლება იყენებს იმპიჩმენტის პროცედურასაც, პრეზიდენტის დისკრედიტაციასაც და ყველა მეთოდს - ამ თამაშებში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი შეაფასა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ფსევდოპროცესია, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ პროცედურის დასასრულებლად პარლამენტში საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს.

ბეჟაშვილის შეფასებით, იმპიჩმენტის საკითხით, ხელისუფლება ცდილობს, ყურადღება აქტუალური პრობლემებიდან გადაიტანოს და საზოგადოების კონცენტრირება „მსგავს პროცედურულ უმნიშვნელო“ საკითხებზე მოახდინოს.

„იმპიჩმენტის პროცედურა თუ დაიწყო ხელისუფლებამ, ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავად განმარტოს, კომპეტენციათაშორისი დავა როგორ გადაწყდება. ბუნებრივია, არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და შეიძლება ბევრი სკეპტიციზმი გამოვთქვათ, მაგრამ ფაქტი არის ერთი - დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირება მიმდინარეობს. ამ მიზნით ხელისუფლება იყენებს იმპიჩმენტის პროცედურასაც, პრეზიდენტის დისკრედიტაციასაც და ყველა მეთოდს, რომ ქვეყანაში არ გადაიდგას ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი საკითხი, თუ რატომაც არის იმპიჩმენტის პროცედურა ფსევდო პროცესი, არის ის, რომ რეალურად, „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს. შესაბამისად, საფუძველსმოკლებულია ამ თემის სერიოზული განხილვა და მე დარწმუნებული ვარ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის შემადგენლობა არანაირად არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ოპოზიციამ მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში საპასუხო სარჩელი შეიტანოს, ბეჟაშვილი პასუხობს, რომ „ამაზე მსჯელობა ოპოზიცია ჯერჯერობით არ ყოფილა“.

„ზოგადად, ჩვენი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ყურადღება და კონცენტრირება მოვახდინოთ მთავარ თემებზე. იმპიჩმენტი, კონსტიტუციის ფსევდო დარღვევა არ არის მთავარი თემა, მაშინ როცა ჩვენ ვიცით, რომ რეალურად, არანაირი კონსტიტუციის დარღვევა არ არის,“ - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტთან ულტიმატუმების ენით საუბარსა და ვაჭრობას არ აპირებს, თუმცა მათი მხრიდან, სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა, კონსტიტუციის ფარგლებში გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს იმპიჩმენტის თემაზე პრეზიდენტთან ულტიმატუმების ენით საუბარს და არც ვაჭრობას. აქ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი მოცემულობა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა არის განსახიერება, თუ როგორ არის დატყვევებული საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

ჩვენი აქტიურობის ერთ-ერთი სფერო ამ საშემოდგომო პოლიტიკურ პერიოდში უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და აქ პოლიტიკური ვაჭრობა კი არა, პრეზიდენტმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებამოსილებით და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მან ასევე გუშინ ჩოხატაურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისათვის“ მთავარი საფრთხეა, რის გამოც ისინი პოლიტიკურ ტერორს აგრძელებენ. მისივე თქმით, ჩოხატაურში გუშინ მომხდარი ფაქტი ამის ნათელი დადასტურებაა.

ბეჟაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ენმ-ს საკრებულოს წევრები კორუფციული გარიგების გამო, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბაღის გასხვისებას აპროტესტებდნენ. წამყვანის პასუხზე, რომ ჩოხატაურის მერის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ „ამას დასაბუთება სჭირდება და არა მუშტების ქნევა“.

„ამას სჭირდება დასაბუთება და არა მუშტების ქნევა, ზონდერების მიყვანა და ცემა-ტყეპის გამართვა ოპოზიციონერი საკრებულოს წევრების მიმართ. მაშინ როდესაც არგუმენტები არ არის ერთვება ტერორი, ერთვებიან ზონდერები. პოლიცია, ნაცვლად იმისა, რომ შესაბამისი რეაგირება მოეხდინა და დაუყოვნებლივ დაეკავებინა ეს პირები, 6 საათის განმავლობაში დაზარებული დავით მჟავანაძის დაკითხვას აწარმოებდა,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა