ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე „დიახ“-ის თქმა რთულია, მაგრამ საქართველოსთვის უბრალოდ „არა“-ს თქმა გამოსავალი არ არის

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე „დიახ“-ის თქმა რთულია, მაგრამ საქართველოსთვის უბრალოდ „არა“-ს თქმა გამოსავალი არ არის. ამიტომ, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ - შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მივცეთ საშუალება ქართველ ხალხს, პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა აირჩიონ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე განაცხადა. როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო სამსახურის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას მიმართა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე „დიახ“-ის თქმა რთულია, მაგრამ საქართველოსთვის უბრალოდ „არა“-ს თქმა გამოსავალი არაა. ამიტომ, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ - შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მივცეთ საშუალება ქართველ ხალხს აირჩიონ პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა“. მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი მხარდაჭერისთვის. ქართველი ხალხი ძალიან აფასებს ამ მხარდაჭერას. ამ შემოდგომაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების დრო დგება. მეგობრები გვეკითხებიან: რა ვქნათ? კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, მაფრედ ვებერმა გუშინ დაასახელა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო პროევროპული, პროუკრაინული, კანონის უზენაესობის მომხრე უნდა იყოს, საქართველოს მთავრობის - უფრო სწორად, ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობის ქმედებები, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თქვენ ყველამ იცით, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა პრეზიდენტ სააკაშვილის - „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლისა და ლიდერის მიმართ, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შურისძიების და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის არასათანადო გამოყენების აშკარა მაგალითი.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის მიმართაც მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ვალდებულია გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რითაც გზა გაუხსნის სტატუსზე უფრო ადვილი გადაწყვეტილების მიღებას.

ვიცი, რომ „დიახ“-ის თქმა რთულია, რადგან წევრობის გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ვიცი, რომ ერები მისი მთავრობების მეშვეობით ურთიერთობენ, რომლებიც არჩეულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. ეს არის სუვერენიტეტი - მთავარი ევროპული ღირებულება, მაგრამ საქართველოსთვის უბრალოდ „არა“-ს თქმა გამოსავალი არაა. ამიტომ, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი - შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მივცეთ საშუალება ქართველ ხალხს პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა აირჩიონ, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებს შეუერთდება და მხარს დაუჭერს უკრაინის ბრძოლას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და, შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში - თქვენი შესაბამისი ქვეყნების დედაქალაქებს ეწვევა, რათა ამ რთულ გარემოში გააგრძელოს კონსულტაციები იმ გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც ქართველი ერისა და ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებს დააკმაყოფილებს“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ქავთარაძის განცხადებით, პარტია ყველაფერს აკეთებს და ცდილობს, რომ საქართველოს, ქართველ ხალხს ევროპისკენ სვლის შანსი შეუნარჩუნდეს.

„ვიმყოფებით ევროპული სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე. სულ ცოტა ხანში გამოსვლები დაიწყება. მინდა გითხრათ, რომ ეს ის პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც ყველაზე დიდი ბიძგი მისცა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ შეხვედრები გვქონდა ადგილზე ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, საგარეო ურთიერთობათა სამსახურში. აქ საქართველოს მეგობრებს და ქართველი ხალხის მეგობრებს ვხვდებით. მათ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციისკენ ნაბიჯები გადადგას, მაგრამ აქ საკმაოდ სერიოზული წუხილები ისმის ბოლოდროინდელ მოვლენებზე და არა მარტო ბოლოდროინდელ მოვლენებზე, მთლიანად ხელისუფლების მიმართაა საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება, რადგან მთელი რიგი პოლიტიკური უკუსვლები, რაც ქვეყანაში შეინიშნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, ასევე, იმ არადემოკრატიულ რეფორმებს, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის ამ ინტეგრაციის გზაზე, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს და ვცდილობთ, რომ საქართველოს, ქართველ ხალხს ევროპისკენ სვლის შანსი შეუნარჩუნდეს“,- განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა