თეონა აქუბარდიას განცხადებით, ის, 7 დეპუტატთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციით წესით დაბარებას გეგმავს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ის, პარლამენტის 7 დეპუტატთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში ინტერპელაციით წესით დაბარებას გეგმავს.

როგორც მან აღნიშნა, დეპუტატებს მინისტრთან კითხვები ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტთან დაკავშირებით აქვთ.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა იყო სრული სიურპრიზი პარლამენტისთვის. იმიტომ, რომ პარლამენტის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების რეზოლუციაში, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ ყოფილა განსაზღვრული. სიურპრიზი იყო როგორც პარლამენტისთვის, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებობს უამრავი კითხვა, რის ირგვლივაც, დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებას ვაპირებთ, იმისთვის, რომ აგვიხსნას რას ნიშნავს ეს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაშია ქვეყნის დეკლარირებულ საგარეო ვექტორთან. საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია, რომ ინტერპელაციით მოვიდეს და აუხსნას პარლამენტს საერთოდ რა საგარეო პოლიტიკა აქვს ქვეყანას იმ ფონზე, როცა არანაირი სტრატეგიული დოკუმენტი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების 2022 წლიდან არ განახლებულა. ასევე, რას ნიშნავს, მათ შორის მთავრობებს შორის გაფორმებული ეს ხელშეკრულება.

საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, თუმცა როცა საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე პოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილებით, სწორედ აქ არის კითხვა და არა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. პრემიერმა გვითხრა, რომ ვაზიანის აეროპორტში შესაძლებლობად ხედავს ჩინეთის ინვესტიციებს, რომელიც სამხედრო ინფრასტრუქტურას კლავს, ვაზიანის სამხედრო ბაზის კუთხით, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჰესებზეა საუბარი...

იმედი მაქვს, რომ ინტერპელაცია შედგება და საგარეო საქმეთა მინისტრი მოიცლის ამ კითხვებზე საპასუხოდ. 7 დეპუტატი აწერს ხელს ამ მოთხოვნას", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება