ახალი ალიანსები და განსხვავებული პლატფორმები - წინასაარჩევნო ტენდენციები უკვე იკვეთება
ევროვიზიტების მოლოდინი კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2023 წლის სექტემბრის N3 (287) ნომრის მიმოხილვა
* * *
ახალი ალიანსები და განსხვავებული პლატფორმები - წინასაარჩევნო ტენდენციები უკვე იკვეთება
“ოპოზიციამ წინასაარჩევნო აქტივობები დაიწყო - “გირჩი-მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” უკვე ოფიციალურად შექმნეს გაერთიანება, მანამდე ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტა” ჩამოაყალიბა - პლატფორმა პოლიტიკურ მოძრაობად გადაქცევას არ აპირებს, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან პოლიტიკის კარი ღიაა, ლომჯარიას დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და შესაძლოა არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. არჩევნებისთვის ემზადება და აქტიურობს “ქართული ოცნებაც”, ცოტა ხნის წინ, ენმ-მა და “სტრატეგია აღმაშენებელმა” “გამარჯვების პლატფორმა” შექმნეს და ალიანსის წევრები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან და ინიციატივებს აცნობენ, ანალოგიურად გააქტიურებას სხვა ოპოზიციური გაერთიანებებიც აპირებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი ალიანსები და განსხვავებული პლატფორმები - წინასაარჩევნო ტენდენციები უკვე იკვეთება.
“ანალიტიკოსები არ გამორიცხავდნენ იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნოდ ენმ-ს არჩევნებში მონაწილეობა ორ ფლანგად მიეღო და ყოფილი თავჯდომარე ნიკა მელია ცალკე ჯგუფად გასულიყო, თუმცა, ამჯერად ექსპერტები ფიქრობენ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების მერე, რომ პარტიას გაყოფა კარგს არაფერს მოუტანდა, შესაძლოა “ნაცმოძრაობის” მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარემ სააკაშვილის პოზიცია გაიზიარონ. ამასთან, მიაღწევს თუ არა ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებზე წარმატებებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ საბოლოოდ რა გაერთიანებები ჩამოყალიბდება და რა დამაჯერებელ პროგრამებს წარუდგენენ მოსახლეოებას. “გირჩი - მეტი თავისუფლება” და “დროა” საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. როგორც “დროას” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე პარტიას აერთიანებს რამდენიმე იდეა, მათ შორის მომავლის მკაფიო ხედვა. “ჩვენ გვაერთიანებს ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ნინო ლომჯარია ახალ მოძრაობას ქმნის. “საქართველოს ევროპული ორბიტა” - ასე ერქმევა იმ ახალ სამოქალაქო პლატფორმას, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ჩამოაყალიბებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსია იქნება. აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან. “ეს არის სამოქალაქო პლატფორმა და გვინდა, რომ ასე პოზიციონირებდეს, თუმცა ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგვიძლია ჩვენი ხედვები გავუზიაროთ. იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მივესალმებით, თუ ამ განწყობებს გაიზიარებენ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ, რომლის თქმით “საქართველოს ევროპული ორბიტა” სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმაა და არ აპირებს ის პოლიტიკურ მოძრაობად ან გაერთიანებად გადაიქცეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს ფეისბუქის საშუალებით მიმართა, წერს, რომ “ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება”. “მინდა, მივმართო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს! ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე. ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. ამავე დროს, მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია. სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია!” - წერს სააკაშვილი... ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს. რომ პოლიტიკის კარი ღიაა და არაა გამორიცხული, რომ ნინო ლომჯარია მოწინავეთა რიგებში ვიხილოთ”, - დასძენს გამოცემა.
“კარი ღიაა და პოლიტიკაში შესვლა არავის არ ეზღუდება, მით უფრო ისეთი დიდი პოლიტიკური სტაჟის მქონე ადამიანს, როგორიც ნინო ლომჯარიაა. გასაკვირიც კი იქნება, რომ მან პოლიტიკაზე უარი განაცხადოს, ამიტომაც მგონია, რომ მოწინავეთა რიგებში ვიხილავთ. საარჩევნო სეზონი რომ დაიწყო, ეს მკაფიოდაა გაცხადებული, როცა ენმ ხელისუფლებაში იყო, მისი ლიდერები ამბობდნენ, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანიას მაშინ ვიწყებთ, როგორც კი ვიმარჯვებთო, ანუ მოქმედების და მუშაობის ყველა პერიოდი საარჩევნო კამპანიას უნდა ემსახურებოდეს, ეს კამპანია კი დიდი ხნის დაწყებულია. რაც შეეხება სააკაშვილს, რადგან მან ასე ისურვა, დიდი შანსია, რომ მისი პოზიცია მისივე კოლეგებმა გაითვალისწინონ. თუმცაღა, სააკაშვილი ანალოგიურად ბევრ რამეს იძახდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს, ხაბეიშვილიც და მელიაც ენმ-ს სათავეში ფაქტიურად მისი ნების გარეშე აღმოჩნდნენ. აქედან გამომდინარე იმის ცალსახად თქმა მიჭირს, რომ მის განცხადებას აუცილებლად გაითვალისწინებენ, სიტუაციას გააჩნია, როგორ დალაგდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “ერთი წელი არის თუ არა საკმარისი დრო, რომ ენმ-სთვის ოპოზიციურ ველზე სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალოს?” - პასუხობს:
“ენმ-ს მთლიანობაში ოპოზიციაში ყოფნის ლამის 12 წლიანი ვადა გამოსდის, ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, რომ წარმატებას ვერ მიაღწია, ვერ ვხედავ იმის მიზეზს თუ ახლა რატომ შეიძლება მოხდეს ეს, ანუ “ნაცმოძრაობას” რაიმე უფრო ქმედითი და ახალი არ გაუკეთებია. პირიქით, მან თავის წიაღში ძველი სახეები წამოსწია და დააბრუნა, ეს კი ის სახეებია, რომელთა გამოც ენმ-ს ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა. იმის მოლოდინი, რომ რაღაც მოხდება ისეთი, რამაც შესაძლოა ენმ-ზე ამომრჩეველს გული შეუბრუნოს, მე ვერ ვხედავ”.
“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ არჩევნებისთვის ემზადება როგორც ოპოზიცია ისე ხელისუფლება. “ოპოზიციამ მუშაობა უკვე დაიწყო, ენმ-სა და “სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენლები რეგიონებში უკვე გადიან , ისინი თავიანთ ინიციატივებს მოსახლეობას სთავაზობენ, პლიუს პროდასავლური გაერთიანებები იქმნება, რაც მომზადების მთავარი საფუძველია. არჩევნებისთვის ოპოზიციაც ემზადება და ხელისუფლებაც”, - ამბობს ჩიტაძე, რომლის აზრით, “თუნდაც იგივე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის კი არა ოპოზიციის წინააღმდეგაცაა მიმართული რათა დაადანაშაულონ, რომ ისინი პრეზიდენტს მხარს უჭერენ, რომელიც კონსტიტუციას არღვევს და შესაბამისად ოპოზიციასაც კონსტიტუციის დამრღვევის მხარდამჭერად წარმოაჩენს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ენმ-ს რაც შეეხება, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად პარტიაში უთანხმოებისა, არჩევნებისთვის მათი ერთ გუნდად ყოფნა მათი მთავარი პრიორიტეტია, სააკაშვილს სურს, რომ პარტია არ დაიშალოს. რაც შეეხება “დროას” და “გირჩი-მეტი თავისუფლებას”, თუ მათი მიზანია, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ, “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან” მოლაპარაკება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ალიანსი ბევრი ინტელექტუალითაა წარმოდგენილი, ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, არაა გამორიცხული, რომ არჩევნებამდე პოლიტიკაში მოვიდეს, ამას მხოლოდ მივესალმები”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
ევროვიზიტების მოლოდინი კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე
“ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებენ - 7 სექტემბერს კი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ეწვევა და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საბოლოო პასუხამდე მსგავსი ვიზიტები სხვა ლიდერების მხრიდან კვლავ ვიხილოთ, თუმცა, დასძენენ, რომ გააჩნია ბორელი რა გზავნილს ჩამოიტანს. საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ ვიზიტი ბორელს ამჟამინდელი უფლებამოსილებებით საშუალებას მისცემს განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროვიზიტების მოლოდინი კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე.
“უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მისივე თქმით, საქართველომ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. 11-12 ოქტომბერს კი, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის მონაწილეობით თბილისში ერთობლივი სამიტი გაიმართება, სადაც სხვა თემებთან ერთად, საუბარი კანდიდატის სტატუსზეც იქნება. “... ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს”, - განაცხადა პიტერ სიიარტომ. საქართველოში ჟოზეფ ბორელის პირველი ვიზიტი კი ორდღიანი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ის ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსაც. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში თბილისს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აქტიურად სტუმრობდნენ, 16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია, 24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, 26-28 აპრილს კი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ”, - განაგრძობს გამოცემა.
“აღნიშნული ვიზიტებისას მინისტრებმა შეხვედრები გამართეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ისე პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. შეხვედრების მთავარი თემები იყო ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარება. “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ არაა გამორიცხული საბოლოო პასუხამდე მსგავსი ვიზიტები სხვა ევროპელი ლიდერების თუ ექსპერტების მხრიდან კიდევ ვიხილოთ, თუმცა, გააჩნია ჟოზეფ ბორელი რა გზავნილს ჩამოიტანს ევროპიდან. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი აღნიშნავს, რომ ბორელის 7-8 სექტემბრის ვიზიტი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს”, - დასძენს გამოცემა.
“ბორელი უშუალოდ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებას კურირებს და ალბათ კონკრეტული პასუხით ჩამოვა თუ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორედ ევროპული საბჭოა ევროკავშირის მთავარი პოლიტიკური ორგანო. რისთვის ჩამოდის ბორელი, ამაზე ორი სცენარია მოსალოდნელი - პირველი ვარიანტის მიხედვით, შესაძლოა კანდიდატის სტატუსის საკითხმა კიდევ გადაიწიოს, სავარაუდოდ გაზაფხულამდე, ან შემოდგომამდე (არჩევნებამდე). მეორე ვარიანტის მიხედვით, 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სამი სრულად შეასრულა და სავარაუდოდ დარჩენილი პუნქტების შესრულების კუთხით დაგვაკვალიანებს. იმპიჩმენტის საკითხი დაიძრა და არც ისაა გამორიცხული, რომ ბორელის ვიზიტი ამასთანაც იყოს დაკავშირებული, რადგან იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, დეპოლარიზაცია კი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ამასთან, თუ სტატუსის თემა შემოდგომამდე გადაიწია, არჩევნები იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი თუ როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“თუ ბორელი ჩამოვიდა იმ გზვანილით, რომ სტატუსის საკითხი გადაიწევს, არა მგონია, რომ ევროკავშირის ლიდერებისგან კიდევ ვინმე ჩამოვიდეს, უბრალოდ შორიდან დააკვირდებიან რას როგორ გავაკეთბთ. თუ პოზიტიური გზავნილით ჩამოვიდა, შესაძლოა საბოლოო პასუხამდე ევროკომიის წარმომადგენლები, ან ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ქართულ მხარესთან იმუშავებენ თუ როგორ მოხდენს დარჩენილი პუნქტების შესრულება, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა 12 პუნქტის შესრულება დინამიური იყოს. როცა საკვანძო სიტუაცია დგება, რომ ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება უნდა მოხდეს, მაშინ საქარველოში ექსტრავაგანტული პოლიტიკური ხელოვნური გამოწვევები იქმნება ხოლმე და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში, იმპიჩმენტის გამოცხადება სწორად არ მიმაჩნია, რადგან ეს კარგად არ აისახება საბოლოო პასუხზე. თან იმპიჩმენტის პროცესის დაწყებამდე, ბორელის ვიზიტი ცნობილი არ იყო და ჩემთვის მაგალითად ეს ორი ვარიანტი უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
“ზუსტად არავინ იცის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო პასუხამდე ევროკავშირის ლიდერები კვლავ გვესტუმრებიან თუ არა, მაგრამ ფაქტი ის, რომ ბორელი ჩამოდის, ეს ოპტიმიზმის საფუძველია. მას შეეძლო, რომ არ ჩამოსულიყო, რაც საქართველოსთვის ძალიან ცუდი სიგნალი იქნებოდა. ჩემი აზრით, ეს არის გარკვეულწილად შესაძლებლობა, რომ მან კიდევ ერთხელ ნახოს თუ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ქართული მხრიდან რა გაკეთდა და ასევე გარკვეული გზავნილები ჩამოიტანოს თუ ბოლო თვეებში ევროკავშირის მხრიდან რა შეიძლება გაკეთდეს, რომელი საკითხებია მნიშვნელოვანი, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. ამ ვიზიტის დროს ეს მისი ძირითადი მისია იქნება”,- მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
ჟურნალ „არსენალის“ სექტემბრის N3 (287) ნომრის მიმოხილვა
რა ტაქტიკით ცდილობს უკრაინის არმია რუსული თავდაცვითი ზღუდეების გადალახვას... / სტიქიის შედეგებს სამხედროები ებრძვიან / მეხანძრე-მაშველის თვალით დანახული ტრაგედია / საზღვაო ომი ახალი სტრატეგიით / „დელტას“ ახალი პროდუქცია ქართული ჯარის სამსახურში / რუსული “ინვესტიციები” ქართულ პოლიტიკაში / F-16 Fighting Falcon “მებრძოლი შევარდენი” ნახევარსაუკუნოვანი სტაჟით / ბრძოლა ჯარისკაცის ხვედრია / მუზეუმი, სადაც ქართველი და აფხაზი მეომრების ფოტოები გვერდიგვერდ კიდია... / 1993 წლის 27 სექტემბერი / საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ დასრულდა
“რუსეთ-უკრაინის ომი იმითაცაა რთული, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულ რამდენიმე სამხედრო მოქმედების თეატრზე ვითარდება ანუ ბრძოლის ტაქტიკა ლუგანსკის ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კრემენოესთან, რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ხდება ზაპოროჟიეს ფრონტის სამხრეთ ნაწილში - თუკი კრემენოესთან უხვადაა ტყე, ორეხოვოსთან გაშლილი სტეპებია, რაც უკრაინული კონტრშეტევების ტაქტიკას ზღუდავს. დიდი ხნის წინ დაანონსებული უკრაინელთა მთავარი კონტრშეტევა თავიდანვე იყო განწირული სირთულეებისთვის, რადგან ყველა ხვდებოდა, უფრო საით იქნებოდა მიმართული. მართალია, უკრაინა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დეოკუპაციასაც ცდილობს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური მაინც სამხრეთის მიმართულებაა - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილების გათავისუფლება, რაც კონტრშეტევაზე გადასულ უკრაინის არმიას უმოკლესი გზით გაიყვანს აზოვის ზღვის სანაპიროზე, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის რუსი ოკუპანტებისგან “გაწმენდისა” და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რუსეთის როსტოვის ოლქიდან ამ ოკუპირებულ მიწებზე ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნის ჩაკეტვის ჩათვლით” - წერს კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ 2023 წლის სექტემბრის N3 (287) ნომერში, სათაურით რა ტაქტიკით ცდილობს უკრაინის არმია რუსული თავდაცვითი ზღუდეების გადალახვას...
„შესაბამისად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ძალღონე არ დაიშურეს რამდენიმეშრიანი თავდაცვის ზღუდეების ასაგებად უკრაინული კონტრშეტევების ყველაზე პროგნოზირებად მიმართულებებზე, რისთვისაც მათ საკმაოზე მეტი დრო მიეცათ, სანამ დასავლეთი ორჭოფობდა, თუ რამდენი ტანკი და ჰაუბიცა გაემეტებინა კონტრშეტევების სამზადისში მყოფი უკრაინის არმიისთვის. მაგრამ შეტევითი საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვისა და შედეგიანად ჩატარებისთვის ტანკების რაოდენობაზე არანაკლები (თუ მეტი არა) მნიშვნელობა შეტევის ტაქტიკას ენიჭება. სამხედრო მოქმედებების თეატრი ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ ნაწილში კი იმითაა გამორჩეული, რომ ასეულობით კილომეტრზე გადაშლილი სტეპია, სადაც შეტევაზე გადასული ჯავშანტექნიკა ხელისგულზე მოჩანს და ერთადერთი თავშესაფარი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაშენებული ქარსაცავი ტყის ზოლებია, რომლებიც სამანქანო გზებს ორივე მხრიდან მიუყვება. უკრაინაში ომს შეიძლება „ქარსაცავი ტყის ზოლების ომიც“ კი ეწოდოს, რადგან საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმები სწორედ მათზე მოდის, რადგან ორივე დაპირისპირებული მხარე გაზაფხულიდან შემოდგომამდე სწორედ იქ მალავს თავის საბრძოლო ტექნიკას, თხრის სანგრებსა და მიწურებს დაბომბვების დროს პირადი შემადგენლობის თავშესაფრად”, - აღნიშნავს გამოცემა.
„4 ივნისს, როდესაც უკრაინელების კონტრშეტევა დაიწყო ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე ორეხოვოდან და ნოვოსილკიდან სამხრეთის მიმართულებით, გამოიყენეს მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი ჯავშანსატანკო ჯგუფები, თუმცა ამ ტაქტიკამ დიდად ვერ გაამართლა, რადგან რუსი ოკუპანტების პირველ თავდაცვის ზღუდეებამდე მიღწევაც კი ძალიან გაჭირდა, რადგან ჯავშანჯგუფები „უხვად“ დანაღმულ ველებზე მოხვდნენ, რასაც დაემატა რუსული არტილერიისა და ავიაციის მასირებული დაბომბვები, კამიკაძე-დრონების თავდასხმები და უკრაინელებმა ჯავშანტექნიკის, მათ შორის დასავლური „ბრედლებისა“ და „ლეოპარდების“, დიდი დანაკარგი განიცადეს. ახალი ტაქტიკის თანახმად, უკრაინელების მოიერიშე ჯგუფები რუსების თავდაცვის პირველ ხაზამდე კი მიჰყავთ ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს, მაგრამ შემდეგ ისინი ჩამოქვეითდებიან და აგრძელებენ გადაადგილებას გამნაღმველების დახმარებით. ამით უკრაინის გენშტაბი თავიდან იცილებს ჯავშანტექნიკის დიდ დანაკარგს, მაგრამ იზრდება დაჭრილი და დაღუპული ქვეითების რაოდენობა. შეტევის ახალი ტაქტიკით უკრაინის არმიამ ბოლო დღეებში მიაღწია მცირე წარმატებას და ორეხოვოს მიმართულებაზე დაიკავა სოფელი რაბოტინე“... - განაგრძობს გამოცემა.
“3 აგვისტოს კურორტ შოვში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგებთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. სტიქიის ზონაში მიმდინარე ძებნა-შველის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალებიდან მონაწილეობენ - მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტები. სამხედროები კოტეჯების ტერიტორიაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში არიან გაშლილი. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ძებნა-შველის სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკისა და საშუალებების გამოყენებით აწარმოებენ. მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონმა ასაწყობი საფეხმავლო ხიდები გამართა. აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურეებსა და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს”, - წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით სტიქიის შედეგებს სამხედროები ებრძვიან.
„ძებნა-შველის სამუშაოებიდან გამომდინარე, რამდენიმე შემთხვევაში საფეხმავლო ხიდების ლოკაციების შეცვლა გახდა საჭირო. სამძებრო პროცესში სამხედროები მეტალოდეტექტორებს იყენებენ, რაც მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ძებნას უწყობს ხელს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტების სამუშაო ადგილებს დაემატა კალცის წყლების მიმდებარე ტერიტორია, სადაც იწმინდება გზა. ბატალიონის შემადგენლობაში მყოფი რეზერვისტები დავალებებს პასუხისმგებლობითა და პროფესიულ დონეზე ასრულებენ, რაშიც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გავლილ სპეციალური მომზადების კურსზე მიღებული ცოდნა ეხმარებათ. 102-ეტერიტორიული თავდაცვის ბატალიონს სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლის გამოცდილება არ აკლია. გასულ წელს ბატალიონის რეზერვისტები ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ. დამეწყრილ რაიონში საძიებო არეალი გაფართოვდა და სამხედროები, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები და მაშველები ახლა შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებს ამოწმებენ, რამაც დაკარგულთა ძებნის ღონისძიებებში შედეგი უნდა მოიტანოს“, - აღნიშნავს გამოცემა.
„თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და რეზერვისტები შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ჩართული არიან სამაშველო სამუშაოებში. ძებნის არეალი გავაფართოეთ და იმედია, სამძებრო სამუშაოები მეტ ეფექტს მოგვცემს. მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგისა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში მონაწილე რეზერვისტებს მდინარის ფორსირებისა და სამძებრო სამუშაოთა წარმოების სპეციალური კურსი აქვთ გავლილი, რაც დასმული ამოცანების შესრულებაში ეხმარება. სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი ფართოვდება და მისი ეფექტიანობის ასამაღლებლად ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის რადიუსში გაშლილ ტერიტორიაზე მუშაობს. თითო ჯგუფი 4 კაცისგან შედგება და მდინარეების კალაპოტებს სამკილომეტრიან მონაკვეთებზე ამოწმებს“... - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის კაპიტანი ჯონი ხურციძე.
„შოვის ტრაგედიის შესახებ ინტერნეტით გავიგე თუ არა, მაშინვე წავედი... ტრაგედიაც კი მსუბუქი სიტყვაა იმის გადმოსაცემად, რაც იქ დამხვდა. თითქმის ხუთი წელი ვიმუშავე სამაშველო სამსახურში და მძიმე მორიგეობაც მქონია, გადაბმულიც, ბორჯომის ხანძრების ქრობაშიც ვმონაწილეობდით და რამდენიმე დღე-ღამე არ მძინებია, მაგრამ ამ ტრაგედიასთან, ტონობით მიწის მასაში ჩამარხული ადამიანებისა და ცხოველების ნახვასთან რას მოვა. საშინელი სურათი დამხვდა, აუტანელი სუნი იდგა. ამ ყველაფრის ერთხელ ნახვის მერე არა მგონია, მათგან ვინმეს, ვინც იქ მუშაობს, მშვიდად დაეძინოს, მით უმეტეს, ყოველდღიურად პოულობენ ადამიანის სხეულის ნაწილებს. როდესაც ტრაგედია მოხდა, ჭიათურაში ვიყავი. ჯერ როგორც სხვებს, მეც მეგონა, რომ იმ 16 კაცის გამოყვანით დასრულდა ყველაფერი და ჩვენი დახმარება საჭირო აღარ იქნებოდა“... - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საჩხერის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დავით ჭიტაძე ჟურნალ „არსენალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მეხანძრე-მაშველის თვალით დანახული ტრაგედია.
„დანარჩენი ამბები ვიდრე გავრცელდა, დაღამდა და მეორე დღეს თადარიგს შევუდექი. დილითვე ჩემს ყოფილ სამსახურში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამაშველოში ჩავედი, რომ ბიჭებისგან გამეგო, რას გეგმავდნენ, მეუბნებოდნენ, რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება და დამხმარე ძალა საჭირო არ არისო, მაგრამ ვერ ვისვენებდი. ამასობაში სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მოხალისეები წასვლას აპირებდნენ - ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდითო. ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო შალვა დავლაშერიძე იყო. მის მეგობარს, ასევე ყოფილ სამხედროს ზურა მელიქიძეს, სამეგობროსთან ერთად ფული აუგროვებიათ, საჭირო რაღაცები უყიდიათ პირველადი დახმარების ნივთები, წყალი, მაშველებისთვის ფარნები და დანები. გამთენიის 6 საათიდან მაშველებს შევუერთდით. იმ ღამეს მხოლოდ სპეცტექნიკა მუშაობდა. ხეობაში რომ შევედით, მაშინვე მივხვდი, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, დამოუკიდებლად, ტექნიკის გარეშე, ვერაფერს გავხდებოდით. მიწის უზარმაზარ მასას იქაურობა რამდენიმე მეტრზე, ზოგან სამ ან მეტ სიმაღლეზე, მთლიანად დაფარული ჰქონდა. იყო ადგილები, სადაც ლაფის სიმაღლე ათ მეტრსაც აღწევდა და ფეხს როგორც კი დაადგამდი, მთლიანად ეფლობოდი. ეს ყველაფერი თვალუწვდენელ ტერიტორიაზე, 10-15 სტადიონის ფართობზე ხდებოდა“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიტაძე.
„მოკლედ, იქ ჩვენ მარტო ვერ შევიდოდით. შემდეგ დავუკავშირდით ალპინისტებს, რომელთა შორის პროფესიონალი კასკადიორებიც იყვნენ. ამის მიუხედავად, დამოუკიდებლად, სპეცტექნიკის გარეშე მუშაობა თვითმკვლელობას უდრიდა. ვნახე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის ბიჭები, რომლებიც მხრებამდე ტალახში დადიოდნენ დაკარგულების საპოვნელად. ფოტოებშიც ჩანს, მანქანის ქვეშ რომ არიან შემძვრალი. მაშველების ერთ გუნდთან მივედი და ავუხსენი, რომ სამაშველო სამსახურში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება მაქვს, მე და შალვამ საგანგებო სიტუაციების უფროსთან შევათანხმეთ ყველაფერი და დავალებას დაველოდეთ. ცალკე ტრაგედია იყო, რომ დაკარგულების ახლობლები სასწაულის იმედად, დაჩოქილი ელოდებოდნენ დაკარგულ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ასი წელი რომ ვიცოცხლო, მათი თვალები არასდროს დამავიწყდება. ასეთი უმწეობის განცდა არასდროს მქონია... ვნახე კაცი, რომელიც ცოლსა და სამ შვილს ეძებდა. ყველა ასვლა-ჩამოსვლისას ყველაზე პირველი გვეგებებოდა, რამე ხომ არ გაირკვაო. მისი ტრაგედიის შემყურეს, მრცხვენოდა, რომ ცოცხალი ვიყავი“... - განაგრძობს რესპონდენტი.
„რუსეთმა უკრაინის პორტების ბლოკირებით შავ ზღვაში ვითარება უფრო გაამწვავა და ზღვაზე ომმა სრულიად განსხვავებული ფორმა მიიღო. მოსკოვის მიერ 2022 წლის 22 ივლისს თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს მონაწილეობით ხელმოწერილი „ხორბლის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, 20 ივლისიდან უკრაინის პორტებისკენ ნებისმიერი ქვეყნის დროშით მცურავი სამოქალაქო გემი „სამხედრო ტვირთების პოტენციურ გადამზიდავად“ და კონფლიქტის მონაწილე მხარედ ითვლება. დროებით დაიხურა და ნაოსნობისთვის სახიფათოდ გამოცხადდა შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთისა (ესაზღვრება დუნაისპირა პორტებსა და ოდესას) და სამხრეთ-აღმოსავლეთ (ესაზღვრება მიკოლაევსა და ხერსონს) ნაწილებში ზოგიერთი რაიონი. შავი ზღვის ფლოტს სამოქალაქო გემების შეჩერება-გაჩხრეკისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იარაღის გამოყენების უფლება აქვს“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით საზღვაო ომი ახალი სტრატეგიით.
„რუსეთს საზღვაო ბლოკადის დიდი გამოცდილება აქვს. ბოლო საზღვაო ბლოკადა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა, როცა 2008 წლის 9 აგვისტოდან აფხაზეთის სანაპირო და მიმდებარე წყლებში მყოფ შავი ზღვის ფლოტის ხომალდების გარშემო 50 კმ-იანი „უსაფრთხოების ზონები“ შექმნა, თანაც დაიმუქრა, რომ ზონაში შესულ ნებისმიერ ხომალდსა თუ გემს აგრესორად ჩათვლიდა მის წინააღმდეგ სათანადო ზომებს მიიღებდა. იმ დღეებში რუსულმა დაბომბვებმა და საზღვაო ბლოკადამ ფოთის პორტში მუშაობა და ტრანზიტული ტვირთების გადამუშავება მნიშვნელოვნად შეაფერხა. უკრაინისთვის გამოცხადებული ბლოკადა ბევრად მასშტაბურია და ქვეყნის პორტების სრული პარალიზების მცდელობაა. იმავდროულად, იბომბება საპორტო ინფრასტრუქტურა და ხორბლის საცავები. ამჟამად უკრაინის შავიზღვისპირა პორტებისკენ სავაჭრო გემების ნაოსნობა პრაქტიკულად შეწყვეტილია და საჰაერო თავდასხმებია დუნაისპირა პორტებზეც. შავი ზღვის ფლოტმა უკვე ჩაატარა სწავლება ნაოსნობისთვის დახურული რაიონების იზოლაციასა და რაიონში შესული გემის დასაკავებელ ღონისძიებებზე. სწავლებაში მონაწილეობდა ავიაცია, სანაპირო სარაკეტო კომპლექსები და ორი სარაკეტო კატარღა, ხოლო მისი მთავარი „შედეგი“ რაკეტებით ძველი უკრაინული კორვეტ „ტერნოპოლის“ ჩაძირვა გახდა“, - აღნიშნავს გამოცემა.
„ამით მოსკოვი მსოფლიო თანამეგობრობას აფრთხილებს - ბრძანებას არ დაემორჩილები, მაშინ „ტერნოპოლის“ მსგავსი რამ შეგემთხვევაო. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსებმა უკრაინული პორტების მისასვლელებთან დამატებით ნაღმები დააყენეს. შავ ზღვას ისედაც არ აკლდა ნაღმები, რომლებსაც ომის დასაწყისში ორივე მხარე იყენებდა. აკრძალული რაიონებისკენ მოცურავე გემების შეჩერების ან ცეცხლის გახსნის ფაქტები ბლოკადის გამოცხადებიდან 23 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, 13 აგვისტოს გამთენიისას კი რუსულმა საპატრულო ხომალდმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პირველად გამოიყენა გამაფრთხილებელი ცეცხლი პალაუს დროშით მცურავ თურქულ მშრალტვირთმზიდ Sukru Okan-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც შეჩერების ბრძანებას გემი არ დაემორჩილა. შემოწმების შემდეგ Sukru Okan -მა ცურვა იზმაილისკენ გააგრძელა. თურქული გემის დაკავების კადრები - Sukru Okan -ს ამწის კოჭთან შვეულმფრენის სახიფათო მანევრირება, ავტომატების ქვეშ გემბანზე გამოყვანილი ეკიპაჟი რუსული სამხედრო ძალისა და ხისტი მოქმედებების საილუსტრაციო პროპაგანდისტულ კადრებად შეიძლება შეფასდეს“... - განაგრძობს გამოცემა.
„უკვე მრავალი წელია, რაც ქართული ჯარი ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქციით მარაგდება. სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანები, ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები - ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ თავდაცვის სამინისტროს აწვდის. წლების განმავლობაში დანერგილი ტრადიციით ფართო საზოგადოებისთვის ახალი პროდუქციის ჩვენებას „დელტა“ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო და უნდა ითქვას, რომ გამორჩეული ახალი პროდუქციის სიმრავლით: 338 კალიბრის სნაიპერული შაშხანები, მაყუჩები, ჯარისკაცის დაცვისა და განტვირთვის უნივერსალური სისტემა, რომელიც ჯავშანჟილეტსა და ტაქტიკურ ქამარს აერთიანებს და რაც მთავარია, ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ახალი სამეთაურო-საშტაბო მოდიფიკაცია“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „დელტას“ ახალი პროდუქცია ქართული ჯარის სამსახურში.
„უპირველესად გვინდა ყურადღება ინდივიდუალურ დაცვაზე გავამახვილოთ. თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებში მაღალი ხარისხის ინდივიდუალური ეკიპირების ელემენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ბოლო წლებში „დელტაში“ სპეციალისტები ჯავშანჟილეტების, ჩაფხუტებისა და განტვირთვის სისტემების შემუშავება-დახვეწაზე მუშაობენ. 26 მაისს თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი ქვედანაყოფები „დელტას“ უახლესი ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის უნივერსალური, მოდულური სისტემებით იყვნენ ეკიპირებულნი. ფაქტობრივად, ის საჯავშნე ელემენტებისა და განტვირთვის სისტემების ჰიბრიდული, მრავალფუნქციური კომპლექსია. მოდულური სისტემის გამოყენება სხვადასხვა სახეობისა და გვარეობის ქვედანაყოფებს საშუალებას აძლევს ეკიპირების კონფიგურაცია თავიანთ მოთხოვნებსა და საჭიროებას მოარგონ. ამის საშუალებას სწორედ მოდულური გაუმჯობესებული და ფუნქციონალური დიზაინი იძლევა“, - აღნიშნავს გამოცემა.
„სისტემა ბრძოლის ველზე უზრუნველყოფს მებრძოლის მაღალ დაცულობას, კლასიკური კონფიგურაციის ჯავშანჟილეტებთან შედარებით ბევრად მაღალ ერგონომიკულობასა და მობილურობას. სისტემა ორი ნაწილისგან შედგება: ფილის მატარებელი პლატფორმისა (MK-7 mod1) და სამხრე-საქამრე სისტემისგან (WB MK2). ფილის მატარებელი და თავად ქამარიც (მეტი მოხერხებულობისთვის მას აჭიმები აქვს) ისეა დაპროექტებული, რომ ჯარისკაცის დაცვასთან ერთად, განტვირთვის ჟილეტის ფუნქციასაც ასრულებს. “დელტასთვის”, რომელიც “დიდგორის” სერიის ჯავშანმანქანებზე უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს, ეს მეათე მოდიფიკაციაა. მანამდე იყო საბრძოლო, კავშირგაბმულობის, სამედიცინო (მედევაკი), საარტილერიო (“დიდგორი მეომარი~ 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნით) და სადაზვერვო მოდიფიკაციები. 26 მაისს თავისუფლების მოედანზე ახალი “დიდგორის”, რომელიც თავდაცვის უწყების დაკვეთით არის შექმნილი, ერთდროულად ორი ნიმუში იყო წარმოდგენილი”... - განაგრძობს გამოცემა.
“უკანასკნელ ხანს საქართველოში მომძლავრებული აშკარა თუ ფარული პრორუსული ძალები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. კრემლის სიით გასული ქართველი პარლამენტარების ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში რეალური საფრთხეა ქვეყნის მომავლისთვის, ამ რეალობაზე თვალის დახუჭვა კი ღალატის ტოლფასია. საქართველოს პოლიტიკური სისტემის ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც ცხრაკლიტულშია ჩაკეტილი და “ცხრათავიანი დევი” დარაჯობს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხია. სამწუხაროდ, დღემდე ჩვენს საზოგადოებას წართმეული აქვს უფლება იცოდეს, სინამდვილეში თუ ვისი ფულით და რა ოდენობის თანხებით ფინანსდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. უნდა ვაღიაროთ, რომ 1990-იანი წლებიდან პოლიტიკური მოღვაწეობისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ხელოვნურად დაბინდული და სპეციალურად გაუმჭვირვალე პროცესი ახასიათებს როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პარტიებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსული “ინვესტიციები” ქართულ პოლიტიკაში.
„ფულს სუნი არა აქვს“, განსაკუთრებით, პოლიტიკაში, მით უფრო არჩევნებისწინა პერიოდში. სავსებით შესაძლებელია საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამის ამგვარი პერიფრაზირება მოვახდინოთ - „მითხარი, ვინ გაფინანსებს და გეტყვი, ვის ინტერესებს ემსახურები“. ერთი კია, არავინ თავი არ მოიტყუოს: ამ დროს ნებისმიერი ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე წუხს. რუსული ანდაზა „ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთსო“, ყველაზე კარგად გვიჩვენებს რეალურ სურათს. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამ პროცესს სპეცსამსახურები კურირებენ. დღეს საქართველოში „პოლიტიკური კიკუები“ მომრავლდნენ -ვინც არ დაგიდევთ, ფული საიდან მოდის, მთავარია, იყოს. განსაკუთრებით „ექსპერტი კიკუები“, რომლებსაც მესიჯბოქსით მიღებული გასაპიარებელი თემის ტექსტის შეცვლაც ეზარებათ და ისე დებენ საკუთარ პოსტებს „ფბ“-ზე. ზოგი ამერიკისკენ, ზოგიც ფარულად რუსეთისკენ იმზირება. ეს თემა ყოველთვის დაფარული იყო და ამიტომაც დიდ ინტერესს იწვევდა. ვინ ვის აფინანსებს? რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან რომელიმე კონკრეტული პარტიის უკან?“ - აღნიშნავს გამოცემა.
„საქართველოში ესკიმოსების ეროვნული ინტერესები და მათი სპეცსამსახურების ფარული მოქმედებები ჯერ არ შეგვიმჩნევია. ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ორი ძირითადი მოთამაშეა: აშშ და რუსეთი. მათი ინტერესებიც კარგადაა ცნობილი. ისინი ცდილობენ იმ პოლიტიკურ ძალებს დაუჭირონ მხარი, რომლებიც მათი ინტერესების რეალიზაციას შეუწყობენ ხელს. თუ ამერიკელები და ევროპელები დაუფარავად ამბობენ სათქმელს და ჩვენთვის სიკეთე უნდათ, რუსეთი ცდილობს თავის საუკუნოვან საწადელს, საქართველოზე გავლენის გაძლიერებას, ფარული გზებითა და „ბიზანტიური“ პოლიტიკით მიაღწიოს. რუსეთის სპეცსამსახურები განსაკუთრებით გააქტიურდნენ გასული საუკუნის ბოლოს, მას შემდეგ, რაც „მუდამ ფხიზელი“ ელცინის ოჯახმა და ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის ტანდემმა გადაწყვიტა რუსეთის ახალ პრეზიდენტად ეფ-ეს-ბეს დირექტორის, ვლადიმირ პუტინის დანიშვნა. 1999 წლის 9 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა თავის მემკვიდრედ პუტინი დაასახელა, რომელიც იმავე წლის 31 დეკემბრიდან შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. თუმცა რეალურად პუტინი 1999 წლის აგვისტოდან იყო რუსეთის „პირველი კაცი“და სწორედ მაშინ დაიწყო „ახალი ენერგიით“ საქართველოს საშინაო და საგარეო საქმეებში ჩარევა“... - განაგრძობს გამოცემა.
„არსებობენ საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებსაც არც განსაკუთრებული წარდგენა და არც რეკლამა არ სჭირდებათ. ამერიკული F-16 უდავოდ ამ კატეგორიის წარმომადგენელია. ის მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ცის სადარაჯოზე დგას და იმდენად პოპულარულია, რომ ავიაციისგან შორს მყოფი ადამიანისთვისაც კი ნაცნობია. კომპანია General Dynamics-ის მიერ 1970-იან წლებში შემუშავებული ეს გამანადგურებელი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მე-4 თაობის საბრძოლო თვითმფრინავია. სერიულ წარმოებაში, რომელიც დღესაც გრძელდება, საავიაციო ქარხნები 4 600-ზე მეტმა F-16-მა დატოვა. ამ ერთობ უნიკალური და გამორჩეული თვითმფრინავის ისტორია 1960-იან წლებში იწყება. მაშინდელი გადმოსახედიდან სამხედროებს სჯეროდათ, რომ საჰაერო ორთაბრძოლების სპეციფიკა მომავალში განსხვავებული იქნებოდა - ყველა საკითხს შორ მანძილზე მოქმედი “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტები “მოაგვარებდნენ” (სხვათა შორის, იმხანად ამ კონცეფციას ბევრი მომხრე სსრკ-შიც ჰყავდა). იმავდროულად, უკვე მაშინ დღის წესრიგში უნიფიკაციის საკითხი დადგა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით F-16 Fighting Falcon “მებრძოლი შევარდენი” ნახევარსაუკუნოვანი სტაჟით.
„ასობით სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავის შენახვა წლიდან წლამდე აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტსაც კი უჭირდა. თანხების დაზოგვისთვის პენტაგონმა უნიფიცირებული, შეიარაღებული ძალების ყველა გვარეობაზე მორგებული სამხედრო თვითმფრინავის შექმნის წინადადება წამოაყენა. სწორედ ასეთი მიდგომა დაედო საფუძვლად F-111-ს. მართალია, ის თვითმფრინავი იმ დროისთვის რევოლუციური და ნოვატორული იყო აბსოლუტურად ყველა საბრძოლო პარამეტრის მიხედვით, მაგრამ პენტაგონის უნიფიკაციის დანერგვის პირველი ცდა ჩავარდა - ფლოტმა თვითმფრინავი დაიწუნა და შეიარაღებაში საკუთარ მოთხოვნებზე უფრო მორგებული F-14 მიიღო. სანამ სამხედროები და სპეციალისტები მომავალი F-16-ის ფორმასა თუ გამოყენების კონცეფციაზე მსჯელობდნენ, ამასობაში საჰაერო ბრძოლების სპეციფიკა შეიცვალა და ვიეტნამის ომი ამის ნათელი მაგალითი იყო. პროგნოზების მიუხედავად, იმ ომში საჰაერო ბრძოლების უმეტესობა ახლო მანძილებზე იმართებოდა და მკაფიოდ გამოკვეთილ მანევრული ხასიათის იყო“, - აღნშნავს გამოცემა.
„ხანგრძლივი დებატების შემდეგ, 1972 წელს, პენტაგონმა პროექტი LWF (Lightweighs Fighter) და მისთვის წაყენებული მოთხოვნები წარმოადგინა. ჩანაფიქრით, სამხედრო-საჰაერო ძალებს ერთდროულად ორი მე-4 თაობის გამანადგურებელი ეყოლებოდა - მძიმე ორძრავიანი F-15 და შედარებით მსუბუქი, მეტად მანევრული და რაც მთავარია, უფრო ბიუჯეტური მომავალი F-16. ტენდერს ხუთი კომპანია გამოეხმაურა: General Dynamics-ი, Northrop-ი, Boeing-ი, Lockheed-ი და Vought-ი. ბოლო სამი კონკურსს მალევე ჩამოშორდა და შედარებითი გამოცდისთვის პროტოტიპების General Dynamics -ს YF-16-ისა და Northrop -ს YF-17-ის აგების უფლება მისცეს. თვითმფრინავების საფრენოსნო გამოცდის პარალელურად, გაცილებით მწვავე დაპირისპირება საავიაციო მრეწველობასა და კონგრესში მიმდინარეობდა. ორივე თვითმფრინავს ლობისტთა საკუთარი გუნდი ჰყავდა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა მოწინააღმდეგის გზიდან ჩამოშორებას. საფრენოსნო გამოცდაში YF-16-მა შედარებით უკეთესი სამანევრო შესაძლებლობები გამოავლინა. ის აშკარა უპირატესობით გამოირჩეოდა სწრაფადმავლობასა და ვირაჟების შესრულებისთვის საჭირო დროში. LWF პროექტის ხორცშესხმაში დიდი როლი ევროპამაც ითამაშა”... - განაგრძობს გამოცემა.
“ქართველმა არტილერისტებმა აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც თავი ისახელეს, მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ და მიუხედავად იმისა, ბრძოლა დიდ ძალასთან უხდებოდათ, უკან არასოდეს დაუხევიათ. სწორედ არტილერისტების თავდადებული ბრძოლით მოვიგერიეთ სოხუმზე შეტევა 1993 წლის მარტში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კი არტილერისტების სიმამაცემ დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის შეიარაღებული ძალების იმ ნაწილებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონში შემოიჭრნენ და ბრძოლა გაგვიჩაღეს, და არც პოზიციებს დათმობდნენ, რომ არა კონფლიქტის ზონიდან გამოსვლის ბრძანება. ჩვენს მკითხველს კიდევ ერთ არტილერისტზე უნდა მოვუთხროთ. თადარიგის კაპიტანი ბესიკ მაისურაძე თავდაცვის ძალებში აღარ ირიცხება, მაგრამ დღესაც სამხედრო ფორმით დადის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამშობლოს დასაცავად მუდამ მზადაა. დაჯილდოებულია მედლით “საბრძოლო დამსახურებისთვის”, “საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის”, ასევე, საპატიო სიგელით... ფორმა 17 წლისამ ჩაიცვა. ბიძა და ძმისშვილი, ომარ გაბაშვილი და ბესიკ მაისურაძე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდნენ. მათ მხოლოდ 500 მეტრი აშორებდათ, თუმცა ომის ქარცეცხლში ეს არ იცოდნენ, ომი რომ დამთავრდა, მერე შეიტყვეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით ბრძოლა ჯარისკაცის ხვედრია.
„ბესო სამი შვილის მამაა. ჰყავს მეუღლე, სოფიკო კოპალიანი, და შვილები - ლუკა, ლიკა და გიორგი. ბესო ომის დროს პირველ შვილს ელოდებოდა. გორში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ომი რომ დაიწყო, ორსული ცოლი იქ დატოვა, რადგან გამოყვანას ვეღარ ასწრებდა. ამბობს, ვერ ვიფიქრებდი, თუ მშვიდობიან მოსახლეობას დაბომბავდნენო. ბესომ იცოდა, იმ სახლის წინა მხარე, სადაც ცხოვრობდნენ, დანგრეული იყო, მაგრამ მის საბრძოლო სულისკვეთებაზე ოჯახზე ფიქრს არ უმოქმედია, პირიქით, თავგანწირვით იბრძოდა. გამოსვლის ბრძანების მიღებისას, 2008 წლის 11 აგვისტოს, თავის ჯარისკაცებთან ერთად მასაც გადმოსცვივდა სიმწრის ცრემლი, რადგანაც გამარჯვების სურვილი კლავდა. ჯარისკაცის პირველი ნაბიჯები ქართულ ჯარში, მისი საბრძოლო ნათლობა, განცდა და ფიქრი, რაც, ბუნებრივია, თან სდევს ომში მიმავალ მეომარს, მხედრული ვალი და ადამიანური მხარეები ამ ვალის შესრულებისას - ეს ის მახასიათებლებია, რითაც შევეცადეთ საზოგადოებისთვის მებრძოლი არტილერისტი გაგვეცნო“, აღნიშნავს გამოცემა.
„ბიძაჩემი მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, ომარ გაბაშვილი, წოდებით პოლკოვნიკი. ბიძასთან ხშირად დავდიოდი სამსახურში. ადრიდანვე გამიჩნდა სურვილი, რომ მეც ფორმა ჩამეცვა და ჩავაბარე სამხედრო აკადემიაში, 2002 წელს კურსანტთა რიგებში ჩავირიცხე. სწორედ მაშინ იყო პირველად, კურსი ნატოს სტანდარტებით რომ ჩამოყალიბდა. ქართველებთან ერთად სწავლებას თურქი ინსტრუქტორებიც გვიტარებდნენ, სამი წლის განმავლობაში ვისწავლე, შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა, გაუქმდა კურსები. ვინც წინა კურსზე სწავლობდა, ისინი ჯარებში გადაანაწილეს, ჩვენ კი ერთწლიან საოფისე კურსს შეგვაერთეს. აკადემია 2006 წელს დავამთავრე და მას შემდეგ ოფიცრის რანგში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმსახურობდი. დავინიშნე 1-ლი ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში, სადაც 2012 წლამდე ვიმსახურე, ვიყავი ოცეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე, ვასრულებდი ასეულის მეთაურის მოვალეობასაც. სადაც ქვეყანას უჭირდა, ყველგან გვიწევდა გასვლა, რადგან ერთ-ერთი კარგად მომზადებული ქვედანაყოფი ვიყავით. აგვისტოს ომის დროს პირველ ბრიგადაში ვმსახურობდი. მაშინ ბრიგადა ერაყში იყო და დარჩენილი ვიყავით საარტილერიო, სატანკო და კიდევ ერთი ბატალიონი. ჩვენ მოგვიწია პირველადი რეაგირება და პირველი დარტყმის მიღება ამ ომში“... - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბესიკ მაისურაძე.
„1990-იანი წლების აფხაზეთის ომმა, ტერიტორიული პრობლემების გარდა, ადამიანური რესურსის უდიდესი დანაკარგი დაგვიტოვა, როგორც სამხედროების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის. დღემდე ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ათასობით ადამიანი ითვლება. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს დიდი მნიშვნელობის პატარა მუზეუმი, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგული როგორც ქართველი, ისე აფხაზი მეომრების ფოტოებს ნახავთ. ნინელი ანდრიაძე მათ „შეცდენილ შვილებს“ უწოდებს... ფონდის შენობის ეზოში საძმო სასაფლაოცაა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაცემული ბიჭები განისვენებენ... სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, იმიტომაც, რომ მაშინ ჩამოყალიბებული სახელმწიფო არ გვქონდა, მათი მოძიება მხოლოდ საზოგადოებრივი ინიციატივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე ხდებოდა. სანამ სამხედრო ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სპეციალური კომისია შეიქმნებოდა, მათ იდენტიფიცირებაზე წლების განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაცია მუშაობდა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით მუზეუმი, სადაც ქართველი და აფხაზი მეომრების ფოტოები გვერდიგვერდ კიდია...
„თავდაპირველად, საკუთარი ძალებით ცდილობდნენ შვილების, ძმებისა და მეუღლეების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ისინი კონფლიქტის ზონაში გადადიოდნენ და იმ აფხაზებს ხვდებოდნენ, ვინც იმ ომში მათსავით ოჯახის წევრები დაკარგეს. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდ „მოლოდინის“ ყოფილ ხელმძღვანელს ნინელი ანდრიაძეს, რომელიც ახლახან გარდაიცვალა, თავად ჰყავდა შვილი ომში დაკარგული, მან და მისმა ოჯახმა, მეუღლემ, უამრავი ადამიანი, მათ შორის, ცოცხალი, დაუბრუნეს ოჯახებს. მისივე ინიციატივით შეიქმნა მუზეუმი, სადაც იმ ომში დაცემული ქართველებისა და აფხაზების ფოტოები და მოძიების დოკუმენტებია გამოფენილი. ეს არის მსოფლიოს კონფლიქტების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ორივე მხარეს დაღუპულთა ფოტომასალა ერთ სივრცეშია გამოფენილი როგორც ისტორიის ნაწილი, საერთო შეცდომა, რომელსაც არასდროს აქვს კარგი დასასრული“, - აღნიშნავს გამოცემა.
„მუზეუმის შექმნის ინიციატორი, ნინელი ანდრიაძე, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალს“ უყვებოდა, თუ როგორ დაიბადა მუზეუმის შექმნის იდეა: „უამრავი დედა ეძებდა დაკარგულ შვილს. არ იცოდნენ, სად ეტირათ და გული სად მოეოხებინათ. ძალიან ბევრი ვიწვალეთ და მაშინდელი დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ იოსელიანის დახმარებით ძმათა სასაფლაოსთვის ტერიტორია გამოგვიყვეს. შემდეგ ნაკუწ-ნაკუწ მოვაგროვეთ ყველაფერი, მეომრების ფოტომასალა, ისტორიები, ნივთები და მუზეუმში მოვუყარეთ თავი. გაცრეცილი მასალებიდან ვიღებდით ფოტოებს და ფოტოშოპით ვამუშავებდით. ძალიან დაგვეხმარა აწ გარდაცვლილი გივი მიზანდარი, რომელიც თავადაც იყო ომში და დიდი ფოტომასალაც ჰქონდა. მეომრების ნივთებთან ერთად, მათი ლექსები და ჩანაწერებიც მოვაგროვეთ. მათი ოჯახების წევრებმა მოგვაწოდეს და ბროშურებად გამოვეცით. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, მთელი საქართველო შემოვიარეთ და ასე შევადგინეთ უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭების ანკეტები“, – ამბობდა ის“... - განაგრძობს გამოცემა.
„ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში რუსეთმა საქართველოს არაერთგზის უმუხთლა. რუსეთის იმპერიული ზრახვების შედეგი იყო 1992-1993 წლების აფხაზეთის ომი და მისი ტრაგიკული ფინალი - ომის ქარცეცხლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დასახსნელად ჩატარებული ოპერაციები. 1993 წლის 27 ივლისს სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი კოზირევის შუამავლობით ხელი მოეწერა „შეთანხმებას აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტასა და მისი შენარჩუნების კონტროლის მექანიზმის შესახებ“. დოკუმენტის მე-6 პუნქტი კონფლიქტის ზონის ეტაპობრივ დემილიტარიზაციას მოითხოვდა ანუ აფხაზეთს 10-15 დღეში დატოვებდნენ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები და აფხაზ სეპარატისტთა მხარეს მებრძოლი ჯგუფები. შეთანხმების გასაკონტროლებლად შექმნილ ქართულ-აფხაზურ-რუსულ დროებით საკონტროლო კომისიაში რუსეთს წარმოადგენდა სერგეი შოიგუ, რომელსაც მაშინ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. სამმხრივი კომისიის სხდომებზე რატომღაც ყველაზე მეტი მოთხოვნა ქართულ მხარესთან ჰქონდათ, რასაც შოიგუს მკაცრი შეფასებები და მუქარა ახლდა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით 1993 წლის 27 სექტემბერი.
„ქართული ფორმირებების აფხაზეთიდან გაყვანა-დაშლას სოხუმის 23-ე ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორ გენო ადამია დიდ წინააღმდეგობას უწევდა. ბრიგადის დაშლა პირადი შემადგენლობის დემობილიზაციასა და საბრძოლო ტექნიკის ფოთში გაგზავნას ანუ ქალაქის დაუცველად დატოვებას ნიშნავდა. ამ დროს სეპარატისტთა ფორმირებები თავიანთ პოზიციებს ინარჩუნებდნენ და გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადებოდნენ. რუსებისთვის ეს კარგად იყო ცნობილი და აფხაზებს სოხუმის აღების გეგმის შემუშავებაში ეხმარებოდნენ. დაიწყო დაპირისპირებულ მხარეთა ე. წ. დაშორიშორება, ხოლო კოდორში, ახალდაბაში, ტამიშში, ოჩამჩირესა და გალში |“სამშვიდობო მისიით“ რუსეთის არმიის 345-ე სადესანტო-საპარაშუტო პოლკის მედესანტეები განლაგდნენ. ქართველმა მენაღმეებმა ქვედა ეშერის ხიდი ნაღმებისგან გაასუფთავეს, სოხუმში ქუჩების ნანგრევებისგან გაწმენდა დაიწყო, მუშაობა განაახლა საქალაქო ტრანსპორტმა, გახიზნული მოსახლეობა ნელ-ნელა მშობლიურ ადგილებს უბრუნდებოდა, სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის მზადებას შეუდგნენ და ა. შ. სოხუმი თანდათან მშვიდობიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა“, - აღნიშნავს გამოცემა.
„რუსი სამხედროების ზურგს ამოფარებულმა სეპარატისტებმა 1993 წლის 15-16 სექტემბერს ოჩამჩირის ფრონტზე „სამშვიდობო პოსტები“ შეუფერხებლად გაიარეს და კოდორის ხიდთან სოხუმი-ოჩამჩირის გზატკეცილი გადაკეტეს. 17 სექტემბერს აფხაზებმა განიარაღებულ სოხუმს ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან შეუტიეს. ქალაქი ბლოკადაში მოექცა, ხოლო დახმარებას ართულებდა ის გარემოება, რომ აფხაზეთთან დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზსა და გზებს მდინარე ენგურზე ლოთი ქობალიას ფორმირებები აკონტროლებდნენ. კანონიერი ხელისუფლების აღდგენის ლოზუნგით ლოთი ქობალია არცთუ იშვიათად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და სეპარატისტთა სასარგებლოდ მოქმედებდა. კრიტიკულ მდგომარეობაში სოხუმისთვის სწრაფი დახმარება და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია საჰაერო გზით იყო შესაძლებელი. სეპარატისტებმა ეს იცოდნენ და კატარღებიდან ბაბუშერის აეროპორტს საავიაციო უმართავი რაკეტებით ბომბავდნენ, ხოლო თვითმფრინავებს ხელის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით ებრძოდნენ. ზღვაზე მოპოვებული უპირატესობით სეპარატისტებმა ბაბუშერის აეროპორტის იზოლირება მოახერხეს - ორი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რამდენიმე დააზიანეს და აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა“... - განაგრძობს გამოცემა.
„გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია „ჯარის ბანაკის“ უკვე მეხუთე ნაკადს მასპინძლობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსწავლეების დღის განრიგი ასეთი იყო: დღის განმავლობაში ჯერ თეორიული მეცადინეობა, შემდეგ კი პრაქტიკაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახმელეთო ნავიგაცია, თვითგადარჩენა, საცეცხლე, სამთო და საინჟინრო მომზადება, ასევე გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაცია - ეს ის დისციპლინებია, რომლებიც „ჯარის ბანაკში“ ერთი კვირის განმავლობაში ისწავლება. საღამოობით კი „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ და ბავშვებთან საინტერესო შეხვედრებს მართავდნენ. მათ ასევე შეხვდნენ სამხედრო ისტორიკოსი გიორგი ბერიძე და ქართული იარაღების მუზეუმის დამაარსებელი დავით ნასარიძე, რომლებიც სამხედრო ისტორიის შესახებ ესაუბრნენ და უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები გააცნეს. საღამოობით მოზარდები კოცონის გარშემო იკრიბებოდნენ და სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთად მუსიკალურ საღამოებს მართავდნენ“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ დასრულდა / „ჯარის ბანაკი“ - თავგადასავლები და საგანმანათლებლო პროექტი უფროსკლასელებისთვის.
„თავგადასავლებით სავსე „ჯარის ბანაკი“ საქართველოს მასშტაბით ყველა იმ სკოლის უფროსკლასელებს უხსნის კარს, სადაც საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ ისწავლება. „ჯარის ბანაკში“ თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახალგაზრდა თაობას პატრიოტულ სულისკვეთებას უძლიერებს, ცხოვრების ჯანსაღი წესით სარგებლობასა და ქართული ჯარის ისტორიას ასწავლის. საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და ის წელს პირველად ხორციელდება. „ჯარის ბანაკი“ კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაშია. ბანაკი მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს - გოგონებსა და ბიჭებს უმასპინძლებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პრიორიტეტი მიენიჭა მაღალმთიანი რეგიონების 41 სკოლას. ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებიდან 800-მდე ბავშვს უმასპინძლა. მოზარდებისთვის კომფორტული, უსაფრთხო და სრულყოფილი გარემოს შესაქმნელად თავდაცვის უწყება სრული ძალისხმევით იყო ჩართული“, - აღნიშნავს გამოცემა.
„ეს არის ჩვენი საპილოტე პროგრამა, რომელიც 25 ივნისს დაიწყო და 18 აგვისტოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს დავასრულეთ. სულ ექვს-ექვსდღიანი რვა ნაკადი გვყავდა, თითოეულში დაახლოებით 100 მოსწავლე იყო. ბავშვები იმ სკოლებიდან იყვნენ შერჩეული, სადაც ორი საპილოტე საგანი "თავდაცვა და უსაფრთხოება" და "სამხედრო საქმე" ისწავლება. ისინი ჩვენთან კვირა დღეს მოჰყავდათ. მათ ჩავიბარებდით, თავიანთ ადგილებში განვათავსებდით და შემდეგ ვიწყებდით ღონისძიებებს. მოსწავლეები, ძირითადად, კოჯორში იმყოფებოდნენ. მხოლოდ პარასკევს მიგვყავდა მე-4 ქვეით ბრიგადაში, სადაც სამხედრო ტექნიკასა და იარაღს ეცნობოდნენ, ხოლო სიმულაციისთვის M43 სისტემის შაშხანებს ისროდნენ. იმავე ბრიგადაში სადილობდნენ, რის შემდეგაც თავიანთ რესურსცენტრში ბრუნდებოდნენ. არმიის მენიუსგან განსხვავებული მხოლოდ ის იყო, რომ ხუთშაბათობით, თუ ამინდი საშუალებას მოგვცემდა, ღია ცის ქვეშ, თუ არადა, სასადილოში, ბარბექიუს ვაწყობდით. შევეცადეთ განსაკუთრებული მენიუ არ გვქონოდა, კონსულტაცია გავიარეთ კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან, თუ რა საკვები ჰქონდათ თავიანთი მოსწავლეებისთვის და მას შემდეგ, რაც გვითხრეს, რომ განსხვავებული კვება არ ჰქონდათ, სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ შევთავაზეთ“... - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ოდილავაძე.