თუ ხელისუფლებამ მოახერხა და ორპოლუსიანი არჩევნები ჩაატარა, ხელისუფლებაში გარანტირებულად დღევანდელი პოლიტიკური მმართველობა დარჩება, ამიტომ რამდენად გაძლიერდება მიხეილ სააკაშვილის პარტია, ეს ნაკლებად საინტერესოა, საინტერესოა ის, თუ რამდენად გაძლიერდება ის პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელმაც „არც მიშა და არც ბიძინას“ კონტექსტში შეიძლება მოახერხოს და რაღაც კრიტიკული ტიპის მასა შექმნას ქვეყანაში, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ახალი პოლიტიკური სახეები საქართველოში მარსიდან არ ჩამოფრინდებიან და დღევანდელმა პოლიტიკურმა ფიგურებმა უნდა იფიქრონ, რომ თავიანთ ქმედებაში რაღაც შეცვალონ“.
„ასეთი გაშეშებული პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც ბოლო ერთი წელია საქართველოში, არ მახსოვს. ეს გასაკვირია, რადგან არჩევნები მოკლე ხანში მოვა. ახლა უკვე გამალებული კამპანია უნდა მიმდინარეობდეს. მითუმეტეს, ამას უნდა აკეთებდნენ ის პარტიები, რომელთაც არჩევნებში ახალი სისტემით მონაწილეობის მიღება და საარჩევნო 5%-იანი ბარიერის გადალახვა სურთ. 2024 წლის არჩევნები აუცილებლად დაძაბული იქნება. 2 მლნ კაცის მოსვლა არჩევნებზე ნიშნავს იმას, რომ 100 ათასი მხარდამჭერი უნდა გყავდეს, რომ ბარიერი გადალახო. ეს ცოტა არ არის. ამისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო, თან იმ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომელიც დღესაა. ამ წუთის მდგომარეობით ალბათ, ორ პარტიას არ აქვს ბარიერის პრობლემა, ესენია სახელისუფლებო და სააკაშვილის პარტია“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთიანებებს, მათ შორის „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობას, ძიძიგური ფიქრობს, რომ „ამ ტიპის შეჯგუფებებს შეუძლიათ, ბარიერის პრობლემა მოაგვარონ“, მაგრამ ამბობს, რომ ეს არ შექმნის „კრიტიკულ მასას, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის“. როგორც ძიძიგური ოპოზიციასთან მიმართებით ამბობს, „ამ წუთის მდგომარეობით პოლიტიკურ სივრცეში რაიმე დამაიმედებელი არ ჩანს“ და იმის გამო, რომ „მმართველ ძალაზე ამბობ, რომ ცუდია, ხმას არავინ მოგცემს“.
„ხელისუფლება დღეს ძალიან ძლიერია, მიუხედავად იმისა, რამდენად დაბალია მისი რეიტინგი, ყველაფერი ხომ ფარდობითია. ხელისუფლებას აქვს თავისი წარმოდგენა, როგორ უნდა ჩაატაროს 2024 წლის არჩევნები. გაცილებით ადვილად, თავის ჭკუაზე ჩაატარებს 2024 წლის არჩევნებს, თუ ევროპული სტრუქტურების მხრიდან მონიტორინგი არ იქნება. ამიტომ, როდესაც საუბარია, რატომ უშლის „ქართული ოცნება“ ხელს ევროპულ მომავალს თავისი ერთი შეხედვით უაზრო გამოხტომებით, ეს ემსახურება იმას, რომ 2024 წლის არჩევნები ხელისუფლებამ თავის ჭკუაზე, თავის გემოზე ჩაატაროს - ისევ უშიშროების მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, მოსყიდვებით, მოსმენებით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით. ხელისუფლებას „ფორა“დაახლოებით 15%-იანი აქვს, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გადალახონ და ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მათი შედეგის დადება, სხვაგვარად ხელისუფლებაში ისევ დღევანდელი მმართველი პარტია იქნება“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
გარდა ამისა, ზვიად ძიძიგურმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობაა. ძიძიგური ფიქრობს, რომ ბორელის ტონი იქნება ისეთი, როგორც ეს ევროპულ დიპლომატიას ახასიათებს.
„მიმაჩნია, რომ საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად. როდესაც ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია დავიწყეთ, ძალიან აქტიური მუშაობა მიდიოდა ამ მიმართულებით და უამრავი წინ გადადგმული ნაბიჯი აქვს საქართველოს, მათ შორის მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტი აქვს გაკეთებული. უბრალოდ, რის გამოც სტატუსი დაიბლოკა საქართველოსთვის, ეს იყო რიტორიკა, რომელსაც ხელისუფლება სრულიად შეგნებულად ახორციელებდა, რაც მაფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, ვიდრე 2024 წლის არჩევნები არ ჩატარდება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.