ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობისას  გადადგომა მოსთხოვა, ბიძინა ივანიშვილის სახელით შუამავლის როლს კი დავით უსუფაშვილი ასრულებდა

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა მოსთხოვა, ბიძინა ივანიშვილის სახელით შუამავლის როლს კი დავით უსუფაშვილი ასრულებდა. აღნიშნულის შესახებ მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.

როგორც მაჭავარიანი იხსენებს, გზავნილი იყო ცალსახა, რომლის მიზეზიც მთავრობისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკას შორის სხვაობა გახდა.

მაჭავარიანის მტკიცებით მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე იყო დაბლოკილი ვიზიტები, ასევე წერილებისა და მოწვევების დამალვის შემთხვევები.

„საწყის ეტაპზე დაგვიბლოკეს ყველა ვიზიტი. ფაქტობრივად, მე გადადგომა მომიწია, რადგან სერიოზული ზეწოლა წამოვიდა.

პირველ ეტაპზე გარისკა, შემდეგ მთავრობა ჩადგა სასაცილო მდგომარეობაში. მიხვდნენ, რომ ვიზიტები შესრულდებოდა და ამიტომ რაღაც ფორმა მისცეს. მაშინ არ იყო ასეთი ღია დაპირისპირება დასავლეთთან, ევროპასთან, უკრაინის ომი არ იყო. ახლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა დაბლოკოს ნებისმიერი ევროპული კავშირები. იგივე პრობლემები იყო წერილების დამალვა, მოწვევების დამალვა.

ყველაფერი მეორდება. ყოველთვის არის ე.წ. კეთილმოსურვე, რომელიც შუამავლობს, რომ, რადგან შენი პოლიტიკა არ ემთხვევა იმ ადამიანების პოლიტიკას და ხალხს, რომელმაც შენ აგირჩია, ხომ არ ჯობია გადადგე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, ვინ იყო მარგველაშვილის შემთხვევაში „შუამავალი“ , მაჭავარიანი პასუხობს, რომ ეს იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ვინც გიორგი მარგველაშვილს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელით დაელაპარაკა.

„ამ სფეროში ერთ-ერთი აქტიური, ახლა ოპოზიციონერია. პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იყო მოსული. საუბარი იყო, რომ მარგველაშვილის, მთავრობის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა განსხვავდება და ხომ არ იფიქრებდა მარგველაშვილი... მაშინ ბიძინას სახელით გველაპარაკებოდა. უსუფაშვილი, შეიძლება მშვიდობის მტრედს თამაშობდა, მაგრამ გზავნილი იყო ცალსახა. ამ შეხვედრის შემდეგ კარგად მახსოვს მარგველაშვილის რეაქცია.

იგივე გაუკეთეს ნინო გვენეტაძეს - როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, ურჩიეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა რამ მოეფიქრებინა, რომ გადამდგარიყო. ეს ქალბატონი გადადგა, იმიტომ რომ დაინახა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანის თქმით, დღეს უკვე სალომე ზურაბიშვილს უწევს ნებართვის გარეშე დასავლეთში ვიზიტების განხორციელება.

„ქართული ოცნების წინააღმდეგობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი წავიდა ევროპულ ტურნეზე, რომელსაც მისი თანამდებობრივი პოზიცია ავალდებულებს. როგორც სახელმწიფო მეთაურს აქვს უფლებამოსილება, მაგრამ თუ მთავრობა ამის უფლებას არ აძლევს, პოზიციის დაფიქსირების საშუალება მაინც აქვს.

წარმოუდგენელია გერმანიის, საფრანგეთის და ბრიუსელის შემთხვევაში მოწვევა არ ყოფილიყო, უბრალოდ ვერავის დაადგები თავზე. ის, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს საშუალება ისაუბროს სახელმწიფო მეთაურის და ხალხის სახელით, კარგად ესმით ევროპულ დემოკრატიებში.

არ მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ პრეზიდენტი დადის და ადვოკატირებას აკეთებს, იმის რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის არ მიიღოს.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 12-პუნქტიანი პრიორიტეტი არ შეასრულოს. დღესაც ჯოზეფ ბორელმაც ისაუბრა, რომ არის პირობები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. კანდიდატის სტატუსი არ არის საჩუქარი.

კონკრეტული ბალკანეთის ქვეყნის შემთხვევაში, მთავრობა პირობებს არ ასრულებდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში ჩაიწერა, რომ სტატუსს აძლევენ ბოსნიელ ხალხს და არა მთავრობას. ეს არ უნდა „ქართულ ოცნებას“. არ უნდა, რომ კანდიდატის სტატუსი მიეწეროს სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს. უნდათ, რომ ან არ მივიღოთ სტატუსი, ან ჩაწერონ რომ კანდიდატის სტატუს აძლევენ საქართველოს ხელისუფლებას.

სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, მას არ ჭირდება მთავრობის ნებართვა. სალომე ზურაბიშვილმა ნახა 7-8 მარტს ხალხის მხარდაჭერა“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება