საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. მან პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართა.
საგარეო უწყებიდან ჯოზებ ბორელმა საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან მართავს შეხვედრას, მოგვიანებით კი, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. აუდიენციაა დაგეგმილი ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორთანაც გამართავს შეხვედრას.
გარდა ამისა, დღესვე ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნობა.
ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.