სალომე სამადაშვილი  - დახმარება და მხარდაჭერა კი არ უთხოვია პრეზიდენტს - მას თავისი ხედვა აქვს, რა უნდა გააკეთოს - მსჯელობა გვქონდა იმაზე, ერთობლივად, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შანსი, კანდიდატის სტატუსი ჩააგდოს

დახმარება და მხარდაჭერა კი არ უთხოვია საქართველოს პრეზიდენტს - მას თავისი ხედვა აქვს, რა უნდა გააკეთოს - მსჯელობა გვქონდა იმაზე, ერთობლივად რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შანსი, კანდიდატის სტატუსი ჩააგდოს - არ ყოფილა საუბარი კონკრეტულ გეგმებზე, მას აინტერესებდა ჩვენი განწყობა, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, პრეზიდენტთან დღეს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ჩვენი საუბრის თემა იყო ზოგადად ის ვითარება, რაც ქვეყანაშია შექმნილი. პრეზიდენტი იმყოფებოდა მნიშვნელოვანი ვიზიტებით გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში. მიუხედავად იმისა, რომ ბორელმა ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოთხოვნები, რომელიც არ არის შესრულებული, უნდა შესრულდეს და რაღაც შანსი დატოვა, რომ დრო კიდევ რჩება, რეალობა არის ის, რომ ევროკავშირშიც ყველა ხვდება, რომ ხელისუფლებამ ევროპული დღის წესრიგი ჩააგდო, მაგრამ მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მთავარი პოზიცია ექნება სწორედ გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ პრეზიდენტი არ შეეპუა იმ ანტიკონსტიტუციურ და კანონის საწინააღმდეგო ქმედებას, როდესაც ღარიბაშვილმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ მისთვის ამ ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა და მაინც წავიდა ამ ვიზიტებზე. მან მნიშვნელოვანი გზავნილები და დაპირებები ჩამოიტანა გერმანიიდან და საფრანგეთიდან, რაც მხოლოდ მას შეეძლო რომ მიეღო, რადგან, ღარიბაშვილის და ჩვენი ხელისუფლების რეპუტაცია აბსოლუტურად განადგურებულია. ღარიბაშვილი გერმანიაში ჩავიდა და იქიდან დატუქსული და ხელცარიელი ჩამოვიდა. ამისგან განსხვავებით სალომე ზურაბიშვილმა მიიღო პოლიტიკური მხარდაჭერის კრედიტი ამ სახელმწიფოებისგან. ამიტომ, დღეს მისი და ყველა ადამიანის საწუხარი, ვისაც სურს, რომ ეს ქვეყანა ევროპული სახელმწიფო იყოს, შემდეგია: უპრეცედენტო ისტორიული შანსი გვაქვს, როდესაც დიდი პოლიტიკური მხარდაჭერაა, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და ხელისუფლება თავს მაინც უნდა აჩვენებდეს, რომ ცდილობს, რაღაც გააკეთოს, თუმცა აკეთებს რას: იწყებს იმპიჩმენტის პროცედურას იმ პრეზიდენტის მიმართ, ვინც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო იმაში, რომ მხარდაჭერა გვქონდეს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სამადაშვილმა ისაუბრა „ლელოს“ ინიციატივაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ. დეპუტატის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ისაუბრებენ.

„რა გზით წავა იმპიჩმენტი, აქ სხვადასხვა შესაძლებლობაა. ღარიბაშვილს უკვე იმდენი რაღაც აქვს დაგროვებული, შეიძლება მსჯელობა, რა გზით უნდა წავიდეს იმპიჩმენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმპიჩმენტი სწორი პოლიტიკური პასუხია, გვსურს კოლეგებთან ვისაუბროთ, როგორ ხედავენ ამ პროცესს, გავცვალოთ აზრები და თუ შესაძლებელია, მივიდეთ საერთო აზრამდე, თუ ეს შესაძლებელი არაა, თავს ზემოთ ძალა არაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში ღარიბაშვილის მსგავსი პრემიერ-მინისტრი იმპიჩმენტის პროცედურას იმსახურებს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი