„ლელო“ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციას ითხოვს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ, სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენების ფაქტზე“, ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციას ითხოვენ.

როგორც სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტია საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ საჭიროა პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. გუშინ მთავრობის წევრები და რუსული ოცნების წარმომადგენლები, მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ, თითქოს, პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ, სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. არ წარმოადგეს, იმიტომ, რომ თანხები, რომელიც ამაში დაიხარჯა არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ეს თანხები არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული, მაშინ საქმე გვაქვს პრემიერ-მინისტრის მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასთან. შესაბამისად, იმის პარალელურად, რომ დღეს ჩვენ ვამზადებთ იმპიჩმენტის შესაბამის პროცედურას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. დღეს ოფიციალურად მივმართავ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს. გვაინტერესებს ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას; გვაინტერესებს პირველად მოხდა თუ გასული 5 წლის განმავლობაში იყო სხვა შემთხვევები, როდესაც ღარიბაშვილმა ისარგებლა სახელმწიფო რესურსებით საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ და საკუთარი მიზნებისთვის; გვაინტერესებს ვინ გადაიხადა ამ სამთავრობო თვითმფრინავის ქირაობის ღირებულება ანუ ვინ არის ის პირი,რომელმაც, სავარაუდოდ, ქრთამი შესთავაზა პრემიერ-მინისტრს. ყველა ეს შეკითხვა საჭიროებს უსწრაფეს პასუხს. მგონი, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული, მექრთამე პრემიერი, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ვიცოდეთ, ვინ მონაწილეობს კორუფციის მეორე მხარეს. კორუფციას ყოველთვის ჰყავს როგორც ამღები, ასევე მიმცემი. ჩვენ. „ლელოს“ მიგვაჩნია, რომ სახეზეა სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული. ვისაც სჯერა, რომ ის პროკურატურა, რომელიც მთლიანად კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, გამოიძიებს და დაადგენს სიმართლეს ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ, ცხადია, შეუძლია მიმართოს პროკურატურას, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ - პასუხი შეკითხვებზე და კორუმპირებული პრემიერ -მინისტრი არ აგრძელებდეს საქმიანობას საკუთარ თანამდებობაზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ საჯარო ინფორმაციის წერილის შინაარსს, „ლელოს“ ინფორმაციით, ასეთია:

„მოგეხსენებათ, რომ ტელეკომპანია ,,პირველი“-ს ეთერში გასაჯაროვდა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ, 19 აგვისტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. სიუჟეტის ავტორების თქმით, პრემიერ- მინისტრი ოჯახის წევრებთან ერთად სამთავრობო ბორტით გაემგზავრა მიუნხენში, შემდეგ კი აშშ-ში სხვა რეგულარული რეისით. სიუჟეტში მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავი, რეისის განხორციელების შემდეგ, საქართველოში არ დაბრუნებულა და ერთი კვირის განმავლობაში იცდიდა მიუნხენის აეროპორტში იმ მიზნით, რომ პრემიერ - მინისტრის ოჯახი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა. რაც შეეხება სამთავრობო ბორტის ეკიპაჟის წევრებს, მოხდა მათი მიუნხენში ორჯერ ჩაყვანა და საქართველოში დაბრუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოგმართავთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

ირიცხება, თუ არა პრემიერ - მინისტრის მიერ გამოყენებული თვითმფრინავი სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბალანსზე?

იყო, თუ არა პრემიერის ვიზიტი კერძო ხასიათის. თუ კი, მოგვაწოდეთ ბოლო 5 წლის ინფორმაცია, რამდენჯერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის მომსახურების შეძენა პირადი მიზნებისთვის. ასევე, მოგვაწოდეთ თარიღები და გაწეული მომსახურების ხარჯთაღრიცხვა;

დაგვიკონკრეტეთ, შეიძინა, თუ არა პრემიერ - მინისტრმა ზემოაღნიშნული ბორტით მომსახურების სერვისი? ვის მიერ მოხდა ღირებულების ანაზღაურება (არასაბიუჯეტო, თუ კერძო პირის მიერ)?

მოგმართავთ, წარმოგვიდგინოთ პრემიერ - მინისტრის მიერ სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან“ დადებული ხელშეკრულება, თუ მსგავსი მომსახურების შესყიდვა მოხდა.

ასევე, მოგვაწოდეთ ზემოაღნიშნული რეისის დაფინანსების დოკუმენტაცია. კერძოდ, მომსახურების ღირებულება, მომსახურების შესყიდვის დამადასტურებელი საბანკო გადარიცხვის ქვითარი გადამხდელი პირის მითითებით;

ასევე, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, იმ ერთი კვირის ღირებულების შესახებ, რა დროსაც თვითმფრინავი სარგებლობდა მიუნხენის აეროპორტის სერვისით და ამასთანავე, ეკიპაჟის წევრების საქართველოდან გერმანიაში და უკან ორჯერ გამგზავრება-დაბრუნების ხარჯთაღრიცხვა“, - აღნიშნულია წერილში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო