ღარიბაშვილი რომ დაიბარეს ბერლინში დასატუქსად, იქიდან ყურებჩამოყრილი, დასჯილი, ოროსანი ბავშვივით წამოვიდა - სალომე ზურაბიშვილი რომ ჩავიდა, ტოპ კლასის ესკორტი დაახვედრეს,- ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთსა და გერმანიაში უმაღლესი კალიბრის დახვედრა შეგნებულად მოუწყვეს.
„რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს უარი უთხრა იმ ვიზიტების განხორციელებაზე, რომელიც მას სჭირდებოდა და სჭირდება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სალომე ზურაბიშვილი ღიად ლობირებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას უმოკლეს ვადაში. მას ეს გაცხადებული აქვს როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ევროპული პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. მას ნათქვამი აქვს: „ქვეყანას მიეცით კანდიდატის სტატუსი“.
ვნახეთ, რომ ზურაბიშვილმა და მაკრონმა ერთად ჩაწერეს ვიდეო, სასახლის ეზოში, რაც სერიოზული განაცხადია. როდესაც მაკრონთან ერთად მოდიხარ ბაღში, მოსეირნობ და ვიდეოს ჩაწერ, ეს განაცხადია. ეს არის მაკრონისგან ჟესტი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის მისთვის საკმარისად ახლო. ბრიფინგის ოთახს გასცდა მისი საჯარო კომუნიკაცია, „მეგობრული“ მიმართვა ჩაწერეს, რომელშიც მტკიცე მხარდაჭერაა საქართველოსადმი. ბერლინში რომ იყო ჩასული ღარიბაშვილი, ვკითხოთ, რა პასუხებით წამოვიდა. ვიცი, რაც უთხრეს, ამიტომ არის ასეთი გაწბილებული. ამიტომ, არ უშვებდა ზურაბიშვილს ბერლინში. თვითონ რომ დაიბარეს ბერლინში დასატუქსად, იქიდან ყურებჩამოყრილი, დასჯილი, ოროსანი ბავშვივით წამოვიდა. სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და ძალიან მაღალი კლასის სახელმწიფო ესკორტი დაახვედრეს. ზურაბიშვილს, რომელიც თავისი ხარჯებით წავიდა და მატარებლით გადაადგილდებოდა, ესკორტი დაახვედრეს. [რაც შეეხება მდინარაძის განცხადებას, რომ პრეზიდენტმა უნებართვო ვიზიტებით ევროპელი ლიდერები უხერხულში ჩააყენა}, იმდენად „უხერხულ“ მდგომარეობაში იყო მაკრონი და შტაინმაიერი, რომ უმაღლესი კალიბრის დახვედრა მოუწყვეს შეგნებულად, ბევრ პრეზიდენტს არ ხვდება ხოლმე ასეთი ესკორტი. პოლიტიკა ამ დეტალებშიც არის, ზურაბიშვილს გერმანიაში ტოპ კლასის ესკორტი დაახვედრეს. მიიღეს, როგორც ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსი. მოდი, მდინარაძე ბერლინში და ვნახოთ, ვინ როგორ დახვდება, ვინმე შეხვდება, თუ არა. ეს არის ფარსი, რომელშიც „ქართული ოცნება“ იმყოფება. ზურაბიშვილი ემსახურება სწორ მიზნებს და ამისთვის სჯიან“,- აღნიშნა გეგელიამ.
გარდა ამისა, მან პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ „ლელოს“ ინიციატივაზეც ისაუბრა. კერძოდ, ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება კიდევ ერთხელ აჩვენებს ინიციატორი პოლიტიკური ჯგუფების არასერიოზულობას. გეგელიას თქმით, სერიოზულობაზე შეიძლება ისაუბროს სერიოზულმა, სოლიდურმა ადამიანმა.
„როდესაც სერიოზულობაზე საუბრობს პაპუაშვილი, რომელსაც თავისი კოლეგები იღლიაში ამოდებული ჰყავს ნათრევი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ვფიქრობ, რომ კომენტარი ზედმეტია. სერიოზულობაზე შეიძლება ისაუბროს სერიოზულმა, სოლიდურმა ადამიანმა, პაპუაშვილისგან სერიოზულობაზე გაკვეთილებს „ლელო“ ვერ მიიღებს. პაპუაშვილს და „ქართულ ოცნებას“ ეშინია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. არ ვეთანხმები სამართლიანობაზე უარის თქმას ქვეტექსტით: „ახლა რა აზრი აქვს, დავტოვოთ არაპოპულარული პრემიერი და სამართლიანობაზე უარი ვთქვათ“. შედეგამდე თუ ვერ მივდივართ, ეს იმიტომ იქნება, რომ იაგო ხვიჩია რაღაც ფილოსოფიას განავრცობს, ან ალეკო ელისაშვილი“, - აღნიშნა გეგელიამ.