ვახტანგ ძაბირაძე - შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს და გარკვეული შუამდგომლობით გამოდის, რომ შეიქმნას მესამე, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ცენტრი

შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს და გარკვეული შუამდგომლობით გამოდის, რომ შეიქმნას მესამე, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროინტეგრაციის საკითხს უკავშირდება 2024 წლის არჩევნები და ისიც, საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დასრულდება თუ არა.

„პრეზიდენტის ბოლო ვიზიტიდან გამომდინარე, რომლის გამოც მან სრულიად უსაფუძვლოდ და უადგილოდ იმპიჩმენტი დაიმსახურა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მიმართ ნდობა ჩვენს პარტნიორებში გაცილებით მაღალია, ვიდრე მთავრობის და ღარიბაშვილს მიმართ. პრეზიდენტი ჯერჯერობით ოპოზიციის ნაწილს შეხვდა და არა მთლიან ოპოზიციას. არ ვიცი „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეხვდა თუ არა ვინმეს, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ჩვენთან დღეს პრობლემა უდგას ოპოზიციის მესამე ჯგუფს. „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემები არჩევნებზე არ აქვთ, რადგან ისინი 5%-იან ბარიერს დაძლევენ. რაც შეეხება სხვა პარტიებს მათ ნამდვილად აქვთ პრობლემა, რადგან გარანტირებული არ აქვთ დაძლევენ თუ არა 5%-იან ბარიერს. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს და გარკვეული შუამდგომლობით გამოდის, რომ შეიქმნას მესამე, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ცენტრი. რამდენად აქვს გააზრებული პრეზიდენტს ამ ჯგუფის კონფიგურაცია, ეს არ ვიცით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ევროინტეგრაციის თემებზე მიდის საუბარი, მაგრამ ევროინტეგრაციის თემებს აუცილებლად უკავშირდება 2024 წლის არჩევნები და უკავშირდება ისიც, საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დასრულდება თუ არა. მგონია, რომ ამ თემებზე მიდის საუბარი და ოპტიმალური კონფიგურაციის ძებნა. პრეზიდენტს თავისი დამოკიდებულება ჩვენი ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით არც გასაყოფი აქვს ვინმესთან და არც შესათანხმებელი, ყოველ შემთხვევაში სიტყვიერად მთელი ოპოზიცია არამარტო პროდასავლურია, არამედ ერთადერთ პრობლემად „ქართულ ოცნებას“ იმას უთვლის, რომ მან გარკვეულწილად მინიმუმ შეაჩერა ევროპისკენ და დასავლეთისკენ სვლა და მაქსიმუმ არიან პრორუსული პარტია და ახლა უკვე პროჩინურიც კი. მგონია, რომ ეს არის საკითხთა ის წრე, რომელიც პრეზიდენტსაც აინტერესებს, ოპოზიციასაც და ჩვენს პარტნიორებსაც.

თუ იმაზეა საუბარი როგორი კონფიგურაცია უნდა შეიქმნას - პრეზიდენტს მხოლოდ შუამავლის ფუნქცია შეუძლია შეასრულოს. მოკავშირე არასწორი სიტყვა და გაგებაა პოლიტიკური ურთიერთობების. დავუშვათ პრეზიდენტი არის ოპოზიციის მოკავშირე და რას ნიშნავს ეს მოკავშირეობა, რაში გამოიხატება მოკავშირეობა? მათ აქვთ ერთნაირი ხედვა დასავლეთთან გაერთიანებაზე და იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად. აქ რა არის პრობლემა ვერ ვხვდები. იცით რაშია საქმე? „ქართული ოცნება“ მოკავშირეობას უკავშირებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან მარტივი სქემა აქვს „ქართულ ოცნებას“ ბოლო 12 წელია, რომ მუდმივად ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობით“ დააშინოს შუა ამომრჩეველი, რომელიც დაფანტულია. საჭიროა ამ ამომრჩევლის კონსოლიდაცია და ეს არც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება და არც „ნაციონალურ მოძრაობას", ეს ქვეყანას სჭირდება და თუ ამას აკეთებს პრეზიდენტი, ძალიან კარგი და სწორია. „ქართული ოცნება“ ცდილობს ეს მიაკეროს „ნაციონალურ მოძრაობს“ ერთ ქვაბში მოხარშოს და შუა დატოვოს გაკრეფილი. შუა არ უნდა გაიკრიფოს, ეს არის დღეს საზოგადოების ამოცანა, რომელსაც უკეთესი ქვეყანა უნდა. შუას არ გაკრეფა ნიშნავს, რომ ერთპარტიული მმართველობა დასრულდება. კომუნისტებიდან მოყოლებული - დღემდე ერთპარტიულ მმართველობაში ვცხოვრობთ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები: ანა ბუჩუკური და ნათია მეზვრიშვილი, ასევე, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო