მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ნებისმიერი განზრახვა, რომ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრციდან გასვლის შანსი დაუკარგოს, განწირული იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, მან და პრეზიდენტმა, შეხვედრისას, „ყველა საკითხზე“ ისაუბრეს და ყველაზე ნაკლები დრო, თავად სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს დაეთმო.
მისივე თქმით, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება მოხდება, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უკუშედეგს მიიღებს და დასავლეთს ხელს ვერ ააღებინებს, რომ ქართველი ხალხი მარტო მიატოვოს“.
„გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რაც შეიძლება აწუხებდეს ამ ქვეყნის ყველა პატრიოტ მოქალაქეს. რაც შეეხება კარს მომდგარ სხდომას, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეხება, მე პირადად მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ნებისმიერი განზრახვა, რომ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრციდან გასვლის შანსი დაუკარგოს, განწირული იქნება.
მე რა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არა. შესაძლებელია, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სჯერა, რომ აქ შეხვედრები იმიტომ იმართება, თითქოს, გარანტირებულად არ მოხდეს ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი და ხმები არ ეყოს, [მაგრამ] ყველაზე ნაკლებად ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ამ საკითხთან მიმართებაში აბსოლუტურად მშვიდი იყო. მე პირადად მგონია, რომ თუ ეს მოხდება, პირიქით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უკუშედეგს მიიღებს და დასავლეთს ხელს ვერ ააღებინებს, რომ ქართველი ხალხი მიატოვოს მარტო,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.