UNDP-ის რეგიონალური ბიუროს დირექტორი - საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მოლოდინი გავამართლოთ

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, გაერო-ს განვითარების პროგრამის UNDP-ის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა ივანა ჟივკოვიჩმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ივანა ჟივკოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს მათი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს.

„პატივი მაქვს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს სიტყვით მოგმართოთ. მოხარული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ახალგაზრდებთან, ჩვენი უკეთესი მომავლის მთავარ შემოქმედებთან ერთად აღინიშნება და ამისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას. მინდა ხაზი გავუსვა გაერო-ს განვითარების პროგრამის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადო. მას შემდეგ, რაც 1981 წელს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ეს დღე დაარსდა, მთელი მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღეს 21 სექტემბერს აღნიშნავს. ამ დღის მიზანია მშვიდობის იდეალების განმტკიცება, რაც ამჟამად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე იყო.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, „დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობა. ომი და კონფლიქტი გზას უხსნის ნგრევას, სიღარიბესა და შიმშილს, ხოლო ათობით მილიონ ადამიანს იძულებულს ხდის, საკუთარი სახლები მიატოვონ“. 2023 წელი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების შუაგზაა. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა გვაახლოებს საზოგადოებასთან, რომელიც არა მხოლოდ მშვიდობიანი და სამართლიანია, არამედ ინკლუზიურიც, რომელშიც ადგილი არ აქვს შიშსა და ძალადობას. ასეთი საზოგადოების შექმნა შეუძლებელია ჩვენი ერთიანი ძალისხმევისა და განსაკუთრებით, მსოფლიოს 1.2 მილიარდი ახალგაზრდას აქტიური ჩართულობის გარეშე.

2023 წლის დეკემბერში, ჩვენ აღვნიშნავთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის მიღების მერვე წლისთავს. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ხაზს უსვამს ახალგაზრდების როლს მშვიდობისა და უსაფრთხოების მშენებლობის საქმეში. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ჩვენი ახალგაზრდობა, აქტიურად უნდა ჩაერთოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში და საკუთარი სიტყვა თქვას სამართლიანობისა და შერიგების მიღწევაში. უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს გააძლიერონ ახალგაზრდების ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყონ მათი მონაწილეობა სამშვიდობო პროცესის ყველა დონეზე.

საქართველოს ჰყავს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს მათი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, გავამართლოთ ეს მოლოდინი. ერთად უნდა შევქმნათ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის სივრცე, რათა მათ აქტიური წვლილი შეიტანონ სამშვიდობო პროცესებში, შემოგვთავაზონ ახალი ხედვები, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების სფეროში და მოახმარონ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები მშვიდობიანი და წარმატებული საზოგადოების მშენებლობას.

გაერო-ს განვითარების პროგრამა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებთან თანამშრომლობას, როგორც მთლიანად ჩვენს რეგიონში, ისე, რა თქმა უნდა, საქართველოში. ეს თანამშრომლობა ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება: განათლება და ჩართულობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების ინფორმირებასა და განათლებას, რაც მნიშვნელოვანია მათი აქტიური მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენს ეროვნულ პარტნიორებთან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაერო-ს განვითარების პროგრამა აწყობს საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ფორუმებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის შესახებ.

ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ახალგაზრდა ამომრჩეველთა განათლებაში, რათა მომავალი თაობა სრულად იყოს მზად გადაწყვეტილების მისაღებად მათი ქვეყნის მომავლის შესახებ. მეორეს მხრივ, გაერო-ს განვითარების პროგრამა ეხმარება ახალგაზრდებს ბიძგი მისცენ დადებით ცვლილებას, განსაკუთრებით სამშვიდობო პროცესებისა და კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

სიამაყით აღვნიშნავ, რომ ბევრი ჩვენი ინიციატივა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ხორციელდება, სწორედ ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციების ჩართულობას ეყრდნობა. ეს ორგანიზაციები ხელს უწყობენ თაობათა შორის დიალოგს, მხარს უჭერენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და ეხმარებიან ადამიანებსა და თემებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ინოვაციური გზების გამონახვას. გასულ წელს, მშვიდობის საერთაშორისო დღე საქართველოს აფხაზეთის რეგიონის სიახლოვეს, სოფელ რუხში აღვნიშნეთ, სადაც სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანები მშვიდობისთვის გაერთიანდნენ.

წელს, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა შიდა ქართლში გაიმართება, სამხრეთ ოსეთის /ცხინვალის რეგიონის (საქართველო) სიახლოვეს, სადაც ადამიანებსა და თემებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე ვისაუბრებთ. გაერო-ს განვითარების პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს. გასული სამი-ოთხი წლის მანძილზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან 800-მდე საპროექტო იდეა მივიღეთ, რის საფუძველზეც დავაფინანსეთ 100-მდე საგრანტო პროექტი, რომელთა მიზანია მშვიდობის მშენებლობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

„ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ ის მიდგომაა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობისას. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გააძლიეროს, ჩართოს, დაიცვას და მხარი დაუჭიროს ქალებსა და გოგოებს მდგრადი მშვიდობის შექმნის საქმეში. ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ მშვიდობისმყოფელ ქალებთან სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ასევე, რეგიონის დონეზე, ჩვენი ინიციატივით, შეიქმნა ახალგაზრდებისადმი მიძღვნილი ქსელი, რომელიც ხელს უწყობს UNDP-ის ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების კოორდინირებას. გარდა ამისა, გაერო-ს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას ჩვენი რეგიონული პოლიტიკის ფორმირებაში.

ჩემი გამოსვლის დასასრულს, მინდა შეგახსენოთ, რომ მშვიდობა და კონფლიქტის არარსებობა ერთი და იგივე არაა. მშვიდობა გულისხმობს სამართლიანობასა და ჰარმონიულ თანაარსებობას. მშვიდობის საერთაშორისო დღეს, უნდა გვახსოვდეს, რომ დაუღალავად უნდა ვიშრომოთ მომავლისთვის, სადაც ახალგაზრდების მისწრაფებები არა მხოლოდ აღიარებულია, არამედ სრულად ხორციელდება, სადაც მშვიდობა არ მხოლოდ იდეალია, არამედ ცხოვრების წესი“, - განაცხადა ივანა ჟივკოვიჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო