ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით მიმდინარეობს

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია.

ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე შექმნილია უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა და ისინი გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ამასთან, განმარტა, რომ კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შესარჩევი პროცესი განსაზღვრულია კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ საქართველოს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც სრულად თანხვედრაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, მათ შორის, ევროპულ დირექტივებთან.

„2022 წელს გავწიეთ მნიშვნელოვანი სამუშაოები კვლევების გასაახლებლად, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და აქედან გამომდინარე, დაზუსტდა ბევრი მონაცემი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ყოფილიყო სანდო პოტენციური პარტნიორებისთვის. გვყავდა მოწვეული ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Maritime & Transport Bussiness Solutions (MTBS), ასევე პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის ტექნიკური კონსულტანტი - კომპანია PORT consultance Rotrerdam BV (PCR) და ასევე ძალიან ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Squire Patton Boggs). ამ სამ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ოთხი სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისგან იყო წარმოდგენილი განაცხადი, სადაც დასაზუსტებელი იყო გარკვეული ტექნიკური საკითხები, ამისთვის მათ დამატებით მიეცათ ერთი თვე და საბოლოოდ, უწყებათაშორისმა კომისიამ, საკონსულტაციო კომპანიების რჩევების გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპისთვის შეარჩია ორი პრეტენდენტი - შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

„შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომლებთანაც რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები - ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, საბოლოოდ ვინ იქნება კერძო პარტნიორი“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი საქართველოს პარლამენტში იმყოფება, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხობს.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი