გიგი წერეთელი - შეიძლება პრეზიდენტი  თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ ფორმით: „მოდით, ვანახოთ, რომ დაპირისპირება გვაქვს და სინამდვილეში ერთმანეთს მივეხმაროთ“ ან შეიძლება თავისი თამაში აქვს - მისი ჩანაფიქრის გამოცნობა ძნელია

პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ რაღაც როლი ითამაშოს ქვეყანაში, უფრო მკაფიო უნდა იყოს როგორც თავის გადაწყვეტილებებსა და განცხადებებში, ასევე ქმედებებში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, რა აქვს პრეზიდენტს ჩაფიქრებული, ამის გამოცნობა ძნელია.

„პრეზიდენტს ახასიათებს კონტრვერსიული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და გადაწყვეტილებები და აქ რაღაც მოულოდნელი არაფერი არ არის. რა თამაშს თამაშობს, ვერ გეტყვით. მას რა აქვს ჩაფიქრებული, ამის გამოცნობა ძნელია. ერთი რამ არის, რომ სალომე ზურაბიშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილს ძალიან დამზოგავ რეჟიმში ამყოფებს. მე არ ვიცი მისი დამოკიდებულება რა არის კონკრეტულ ადამიანთან, ამ შემთხვევაში ფარცხალაძესთან, მაგრამ ის, რომ ერთს აცხადებ და მეორეს აკეთებ, შეიძლება ფორმალურად კანონი იძლევა რაღაცის უფლებას, რომ დროის გაწელილ მონაკვეთში იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ არაადეკვატური იყო მისი დაპირება და მოლოდინის შექმნა. ამ შემთხვევაში მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ელოდა არავინ. შეიძლება ის თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ იმ ფორმით, რომ - „მოდით ვანახოთ, რომ დაპირისპირება გვაქვს და სინამდვილეში ერთმანეთს მივეხმაროთ“, ან შეიძლება მას თავისი თამაში აქვს და თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს“, - განაცხადა წერეთელმა.

გიგი წერეთელი ასევე, პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში ბევრი რამ იყო განსხვავებული, იმ რეალობისგან, რაც ქვეყანაშია.

„მე არ ვიცი, მან „რუსეთი“ ახსენა თუ არა. მან ახსენა მტერი, მაგრამ არ დააკონკრეტა, ეს მტერი ვინ არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიცაა, რადგან ამ მთავრობის პოლიტიკა არის ამგვარი. ისინი არც ამბობენ სხვა რამეს და ამას თვლიან გონიერებად, რომ ჩვენ რუსეთს არ ვაღიზიანებთ და შესაბამისად, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა და თვლიან, რომ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. რა თქმა უნდა, მშვიდობა არის მიღწევა, მაგრამ შენ საგარეო მტერთან არ ხარ ადეკვატური, მაგრამ შიგნით ომს აჩაღებ“, - განაცხადა წერეთელმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024