ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით საქართველომ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში გამართული ვიზიტი შეაფასა.

მისი განცხადებით, ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით, საქართველომ კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს მიაღწია.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ევროკომისრებთან შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა.

„ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ჩვენი ქვეყნის საბოლოო წევრობას. ეს არის რთული, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზა", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მას საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ევროკომისრებთან, მათ შორის, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან.

„შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობა.

ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის, თუ როგორ უნდა მოხდეს კომისრების კიდევ უფრო მეტად მობილიზება ჩვენი მხარდაჭერის მიმართულებით", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ბრიუსელში მის ვიზიტს წინ უძღოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითაც შეფასდა. დარჩიაშვილის თქმით, 25-26 სექტემბერს ბრიუსელში გამართული სამუშაო შეხვედრები სწორედ ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 25-26 სექტემბერს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებსა და ევროკომისრებს შეხვდა. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისართან, ილვა იოჰანსონთან, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან კადრი სიმსონთან. ბრიუსელში ვიზიტისას, ასევე შედგა ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო