გია ხუხაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ახლა პოლიტიკურ შოკოლადშია

სალომე ზურაბიშვილი ახლა პოლიტიკურ შოკოლადშია, მას იმპიჩმენტს გამოუცხადებენ თუ ვერ გამოუცხადებენ, ყველა შემთხვევაში მოგებულია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, მას ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნება.

„პოლიტიკურად მოგებულია იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში ის იწერს პოლიტიკურ ქულებს ოპოზიციურ ელექტორატში. თუ ვერ გამოუცხადებენ იმპიჩმენტს, მას ეწერება დამსახურებად, თუ ცუდად წავიდა საქმე, მასზე პასუხისმგებლობა არ არის, რადგან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტატუსი მიგვეღო. იქნება გარკვეულწილად ძალის დემონსტრირება, რომ მან ხელისუფლება დაამარცხა იმპიჩმენტისთვის ბრძოლაში. თუ იმპიჩმენტი გამოუცხადეს, მას ექნება ერთგვარი უსამართლოდ დაზარალებულის მანტია

ეს ადამიანი უბრალოდ მთლიანად შეიცვალა ბოლო 2 წლის განმავლობაში. მისი პრეზიდენტობის პირველი წლები, გამომდინარე მორალური ვალდებულებებიდან ხელისუფალთან, იყო სულ სხვა, მაგრამ როგორც კი მან რუბიკონი გადალახა და გახდა ნამდვილად პრეზიდენტი, ამის შემდეგ მან აჩვენა პოლიტიკური კლასი და დღემდე აჩვენებს. რაც მთავარია სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის მუშაობს და არ ეპუება ხელისუფლების ისტერიკას ამასთან დაკავშირებით. ეს მოსწონთ ადამიანებს და თუ გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, მე ვფიქრობ, რომ მას ექნება ყველაზე მაღალი რეიტინგი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ პოლიტიკური პროცესების ანალიზისას 2024 წლის არჩევნებისთვის პარტიების „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ პოტენციალზეც ისაუბრა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანება იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ „ლელოს“ ექნება დაახლოებით იგივე შედეგი, რაც გახარიას. დღეის მდგომარეობით გახარიას დიდი, რადიკალური ზრდის პოტენციალი არ აქვს იმიტომ, რომ აქვს სისტემური ხარვეზები, 20 ივნისი და ა.შ. ამის გამო ოპოზიციური ელექტორატის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მას არასოდეს არ გაჰყვება და არ ენდობა „ლელოსგან“ განსხვავებით. ლელოსადმიცაა პრეტენზიები, მაგრამ ეს არის წმინდად მოგონილი თემები. სახელისუფლებო პროპაგანდამ შექმნა ნარატივი, რომ არის მევახშე. კონკრეტული დასაბუთებული კომპრომატი არ არსებობს. იდეალურ ვარიანტში გახარია და „ლელო“ ერთად იქნებოდა სინერგიის შემცველი ვარიანტი. მათი რეიტინგი რაც ცალ-ცალკე აქვთ იმის ჯამი კი არ იქნებოდა, კიდევ ორზე უნდა გაგვემრავლებინა იმდენი იქნებოდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებიდან და ფიცის დადებიდან მალევე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მოთხოვნა, რომ მარგველაშვილს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.

გია ხუხაშვილის თქმით, გადადგომის ინიციატორი თავად გიორგი მარგველაშვილი იყო და ბიძინა ივანიშვილი მას დაეთანხმა.

„როდესაც გაპრეზიდენტდა მარგველაშვილი, ბიძინამ პირველივე დღიდან დაამთავრა მასთან მეგობრობა და პრაქტიკულად პირდაპირ გამოუცხადა, რომ მორჩა ყველაფერი, შენ ხარ ახლა ვერტიკალში, მე ვარ ბოსი, შენ მართლა არ იფიქრო, რომ რამეს წარმოადგენ, მე მყავს ფოსტალიონი, მოგცემს დავალებას და შენ უნდა შეასრულო. ბიძინამ მას განუსაზღვრა თამაშის წესები, რომ დამოუკიდებელი კი არ უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო მისი დავალებების შემსრულებელი. ეს აგრძნობინა ყველანაირად. აბსურდული რაღაცები ხდებოდა: რამდენი კამერაა ახალ სასახლეში, წადი და ეს ამოწმეო, „პრარაბის" საქმე შეასრულეო. წინა დღეს მეგობრობდნენ, მეგობრისგან ძნელი ასატანია ასეთი დამოკიდებულება. გიორგი ამაზე არ დათანხმდა, გიორგი შეეკამათა ბიძინას. უთხრა, რომ მესმის, ვალდებულებები მაქვს შენთან, არ მაქვს ილუზია, რომ თვითონ ამირჩია ხალხმა, მაგრამ შენ თუ მიწესებ თამაშის წესებს, რომ მე შენ უნდა გემსახურო და შენი დავალებები უნდა ვასრულო, მე მირჩევნია, რომ გადავდგე. გადადგომის ინიციატივა ბიძინასგან კი არ მოდიოდა, გიორგისგან მოდიოდა. გიორგიმ უთხრა, რომ მე ან შევასრულებ ჩემ კონსტიტუციურ მოვალეობას, ან თუ შენ მზღუდავ და არ მაძლევ ამის უფლებას, მე გადავდგები. ბიძინამ უთხრა გადადექიო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც გია ხუხაშვილი იხსენებს, დავით უსუფაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც აღნიშნულ პროცესში პოზიტიური წვლილი შეიტანა და მარგველაშვილს გადადგომა გადააფიქრებინა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია