ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023

ვახტანგ ძაბირაძე - “მთავარია ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ, კოალიციური ხელისუფლების პირობებში პოზიტიური ცვლილების შესაძლებლობები გაჩნდება”

ბრიტანული სამხედრო ბაზა უკრაინაში და შემოდგომის კონტრშტევა - გასცდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი ორი ქვეყნის ფარგლებს

ირაკლი მელაშვილი - “ახლა ხელის კვრა, როცა წკიპზეა სიტუაცია, საქართველოსთვის სტატუსის არმიცემა რუსეთის გამარჯვება იქნება”

რა გზავნილია “ედისონ რისერჩის” კვლევები ოპოზიციისთვის და რა როლი შეიძლება დაეკისროს გახარიას 2024 წლის არჩევნებში

კორნელი კაკაჩია - მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და რა შესაძლო პირობებით?

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “მთავარია ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ, კოალიციური ხელისუფლების პირობებში პოზიტიური ცვლილების შესაძლებლობები გაჩნდება”

“ვფიქრობ, საზოგადოებრივი განწყობების ტენდენცია ზუსტად არის ასახული ამ კვლევაში. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ პოლიტიკურ რეიტინგში პირველ ადგილზე ნამდვილად “ქართული ოცნებაა”, მეორეზე - “ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი - გახარიას “საქართველოსთვის”, რაც წინა არჩევნებმაც დაადასტურა. პროცენტები რამდენად რეალურია, რთული სათქმელია, მაგრამ არა მგონია, ძალიანაც დიდი აცდენა იყოს. ვფიქრობ, ალოკაციის გარეშე პროცენტები უფრო საინტერესოა. გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ბარიერის გადალახვის უნარი მხოლოდ 3 პარტიას აქვს, მაგრამ წვრილ ოპოზიციურ პარტიებში პროცესები ახლა იწყება, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ოპოზიციის ფლანგზე გადაადგილებები მოსალოდნელია. ალოკაციის გარეშე მონაცემები იმიტომ არის საინტერესო, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა თითქმის 32%-ია - ანუ ეს არის ხალხი, ვინც არ იცის, ვის აძლევს ხმას, ან არ აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს საკმაოდ მაღალი პროცენტია იმისთვის, რომ ამ კვლევით ნაჩვენები ვითარება შეიცვალოს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შეიქმნება თუ არა გახარია-სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ალიანსი?!

“არჩევნებამდე კიდევ ერთი წელიწადია, ეს დრო საქართველოსთვის და საზოგადოდ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის, საკმაოდ დიდია. ჩემი აზრით, არის იმის რესურსი, რომ ბარიერი ოთხმა და უფრო მეტმა პოლიტიკურმა ძალამაც გადალახოს. ამასთანავე, ჯერ არ ვიცით, რა პროცესები განვითარდება “ნაციონალურ მოძრაობაში” - რას იზამს ნიკა მელია. მან დააანონსა, რომ 7 ოქტომბერს გასაჯაროვდება მისი გადაწყვეტილება, გავიგებთ წავა თუ არა პარტიიდან. თუ მან ცალკე პარტია შექმნა, ვფიქრობ, ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. ველი, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებიც 5-%-იან ბარიერს გადალახავენ. ისე კი, ჩემი აზრით, 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოს. მთავარია, ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ. თუ კოალიციური ხელისუფლება შედგება, რისი რეალური შანსიც არის, ქვეყანაში ბევრი რამის პოზიტიურად შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გახარია წარმატებული და საინტერესო კარიერის პოლიტიკოსი აღმოჩნდა, როგორც შს მინისტრობის, ასევე პრემიერ-მინისტრობის პერიოდის გათვალისწინებით. ის წინააღმდეგობრივი ფიგურაა, მისი ქმედებები კი ორდინარული. იშვიათად მახსენდება იმგვარი ნაბიჯი, რაც მან გადადგა - გადადგომას ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, სწორი იყო თუ არა მაშინ ნიკა მელიას დაპატიმრება, გახარიას გადადგომა ძალიან მოულოდნელი და საინტერესო ნაბიჯი იყო, რაც, ჩემი აზრით, ელექტორატზე დღემდე მუშაობს. გარდა ამისა, გიორგი გახარია არის სახელისუფლებო პარტიის ანასხლეტი. მისი მხარდამჭერების ნაწილი დღემდე სახელმწიფო სტრუქტურებში თუ რეგიონულ მმართველობაშია. მას ამითაც აქვს გავლენა. გახარია ჯერჯერობით არ უშვებს შეცდომებს, სატელევიზიო ეთერებში ყოველდღიურად არ ყელყელაობს, შესაბამისად, მუდმივად რჩება ინტერესი, თუ სად არის და რას გეგმავს. იშვიათად აკეთებს განცხადებებს, თუმცა საკმაოდ ორდინარულს. მიმართვის ფორმაც განსხვავებული აქვს. მოკლედ, მას ბევრი პლუსი აქვს, რაც საბოლოოდ ამ რეიტინგში გარდაიქმნება. მან ასევე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ეკრანი მისი გუნდის წევრებს დაუთმო. ხალხი, რომელიც მმართველ უმრავლესობაში არაფრით გამორჩეული დეპუტატები იყვნენ, დღეს მეტ-ნაკლებად ყველამ გაიცნო, ისინი პარტიულ სახეებად იქცნენ. ამ ხალხისგან შექმნა გახარიამ პოლიტიკური გუნდი, რომელიც სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არაფრით ჩამოუვარდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ჩემი აზრით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში უკვე არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რას და როგორ აკეთებს “ქართული ოცნება”. საკმაოდ სარისკო ნაბიჯები გადადგა, როდესაც ჯერ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, შემდეგ ამ თავისი ევროპული ვოიაჟით შექმნა მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, ახლახან კი ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიიღო ის ცნობილი გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ. რა სწორია და რა არასწორი, მე ვამბობ, რომ პრეზიდენტი ნელ-ნელა გამოვიდა “ქართული ოცნების” ჩრდილიდან და იქცა დამოუკიდებელ მოთამაშედ. ის ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ხელისუფლებაში ოპოზიციურ შტოდ. გარდა ამისა, ვფიქრობ, “ქართული ოცნების” მიერ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება პოლიტიკურად ძალიან არასწორი ნაბიჯია, მე არ ვეხები ამჟამად სამართლებრივ მხარეს. თავდაპირველად, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ იმპიჩმენტის თემით სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაზრდილ რეიტინგს ისევ დააგდებდნენ, მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ...” - მიიჩნევს ექსპერტი.

“დარწმუნებული ვარ, დღეს ზურაბიშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმპიჩმენტის თემის გააქტიურებამდე რაც მთავარია, სალომე ზურაბიშვილს დღეს აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. ჯამურად ამ ყველაფერმა მოგვცა მოცემულობა, რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც საშინაო, ის საგარეო პოლიტიკაში გახდა ფაქტორი. წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდა როგორც კერძო პირი (მას არ ჰქონდა მთავრობისგან რწმუნება) და დიდი პატივით ხვდებოდნენ ევროსაბჭოს, გერმანიის, საფრანგეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები. ეს კი ნიშნავს, რომ მას აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გახარიასა და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც - ალბათ, “ნაციონალური მოძრაობის” გამოკლებით სურდეთ მისი მხარდაჭერის მოპოვება საარჩევნოდ”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“მეც მათ რიცხვში ვარ, ვინც ფიქრობს, რომ არასწორი იყო უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მიცემა, საქართველოსთვის კი - არა. ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორებიც მიხვდნენ, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. სტატუსი უნდა მიეღო საქართველოსაც, არა იმიტომ, რომ ამას ხელისუფლება იმსახურებს. საქმე ისაა, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში უკრაინის ომმა დააყენა. ეს ფაქტორი რომ არა, ამ ეტაპზე ამ საკითხს არავინ განიხილავდა და ეს ქვეყნებიც არ იყვნენ მზად ამისთვის, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით პროცესები სხვაგვარად წარიმართა და გადაწყვეტილება მიიღეს არა იმის მიხედვით, მიცემული დავალებებიდან ვის რა ჰქონდა შესრულებული, არამედ პოლიტიკურად. ამიტომაც ამ პროცესში საქართველო არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, მით უფრო, რომ წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ მოლდოვასა და უკრაინას კიდევაც ვუსწრებდით. დღეს “ქართული ოცნება” ცდილობს თავისი ამომრჩეველი და საერთოდ, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ თუ სტატუსი მოგვცეს, ეს მათი დამსახურება იქნება, ხოლო თუ არ მოგვცეს, ოპოზიციის ბრალი იქნება, რადგან თურმე ის ცდილობს არეულობას. მოკლედ, თავს იზღვევს მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისგან. აგერ ვიღაც სერბები დაიბარეს სუს-ში...”, - ამბობს რესპონდენტი.

“მოკლედ, ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ თუ სტატუსი არ მოგვცეს, დიდი საპროტესტო გამოსვლები იქნება, თუმცა, ვფიქრობ, აქციები იქნება, მაგრამ არა ისეთი და იმ მასშტაბის, რაც უკრაინაში მაიდნის მოვლენებისას იყო. თუ სტატუსი მოგვცეს უპირობოდ, ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი კარგად გააკეთა და საკითხიც ამოიწურება, მაგრამ თუ მოგვცეს ახალი პირობებით, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პარტნიორების კეთილი ნება. ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება? - ვერც ვერაფერს. ხომ არ იტყვიან, რატომ მოგვეცით და უკან წაიღეთ სტატუსიო? შეიძლება თქვან, ამ ახალი პირობების საკითხებიც მოგვარებული გვაქვსო, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ პიარის ნაწილი, თუნდაც უკრაინის მეტი მხარდაჭერაც მოსთხოვონ. რაც შეეხება"ევრომაიდნისთვის" მზადების სუს-ისცენარს, არა მგონია, ამ ყველაფერს სერიოზულად აღიქვამდეს და იჯერებდეს ვინმე საქართველოში. გადატრიალების სცენარებზე ლაპარაკი პირველად ხომ არ იწყება, ბევრჯერ მოგვისმენია მსგავსი რამ ხელისუფლებისგან. სუს-ის განცხადების შემდეგ სჭირდებათ რაღაც ილუზიის შექმნა და ორგანიზაცია "კანვასის" ხალხიც იმიტომ დაიბარეს”, - განმარტავს ექსპერტი.

“მერწმუნეთ, ვერც ერთი ჯგუფი ქვეყანაში ვერაფერს გააკეთებს, თუ ამისთვის საზოგადოება მზად არ არის. რევოლუციებისა და გადატრიალების ექსპორტი არ გამოდის, თუ თავად ქვეყანაში არ არის ამისთვის მზაობა. ოპოზიციის მთავარი შეცდომაც ისაა, რომ მუდმივად ჰგონიათ, რაღაც მოხდება, დაიწყება აქციები, ეს გადაიქცევა მასშტაბურ პროტესტად და ხელისუფლებაც შეიცვლება. ამგვარი საპროტესტო განწყობა დღეს საქართველოში არ არის! არ ვიცი, რა იქნება ხვალ-ზეგ, მაგრამ ხელისუფლებით უკმაყოფილება და უარყოფითი მუხტი აშკარად მატულობს. მის საყრდენს ახლა ძირითადად სახელმწიფო ადმინისტრაცია და ძალოვანი უწყებები წარმოადგენენ. ამის მიუხედავად, მოსახლეობა არ არის დღეს მზად ქუჩაში გასასვლელად და პერმანენტული აქციების დასაწყებად. ეს უნდა გაიაზროს ოპოზიციამაც. ნებისმიერი პროტესტი, რომელიც იწყება და მისი მართვა ვერ ხერხდება, არათუ მიზანს ვერ აღწევს, არამედ ოპოზიციას აზარალებს, მის სისუსტეს აჩვენებს. ოპოზიციურმა სპექტრმაც უნდა შეაფასოს საზოგადოებაში არსებული განწყობები და შესაბამისად იმოქმედოს”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ოცნების" ინიციატივით განსახილველად მზადაა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს”, - პასუხობს:

“ავტორიტარული რეჟიმი დიდხანს ვერ ძლებს, ის ან უნდა გადავიდეს დიქტატურაში, ან იწყება სისტემის რღვევა. დიქტატურაში რომ გადავიდეს, ამას დიდი რესურსი სჭირდება. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ამიტომაც დიქტატურისთვის საჭირო რესურსი აქ არ არის, ამიტომაც მიდის სისტემის რღვევა. 2011 წლის 26 მაისს მიტინგი რომ დაარბიეს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დიქტატურაში გადასვლის მცდელობა. ეს არ ყოფილა აქციის დაშლა, იქ საშინელებები მოხდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან სისტემა უკვე აღარ მუშაობდა”.

“მოყოლებული ეროვნული მოძრაობიდან საზოგადოებრივი პროტესტის შეზღუდვის ცდები სულ იყო, ხან რუსთაველზე შეკრებას გვიკრძალავდნენ, ხან გვეუბნებოდნენ, ადგილს გამოგიყოფთ ცალკეო, ხან სასამართლოს და ადმინისტრაციულ შენობებთან მიახლოება აკრძალეს, ხან რა და ხან რა, მაგრამ როცა სისტემა იწყებს რღვევას, რაც არ უნდა გაამკაცრო კანონი, სულაც რომ აკრძალო გამოსვლები, აღარ იმუშავებს. ამას ვერ ხედავს ხელისუფლება, ავიწყდება, მისმა წინამორბედებმა რა გააკეთეს. თუ რეჟიმზე ვლაპარაკობთ, სააკაშვილის რეჟიმი ივანიშვილისაზე გაცილებით მონოლითური იყო, მაგრამ როდესაც მოსახლეობის 2/3 შენთვის დაკარგულია, იქ უკვე დიდი პრობლემები იწყება. სისტემის რღვევის ნიშანი რა არის? - თუნდაც იმ სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა ეროვნული ბანკიდან. გარდა ამისა, გახსოვთ, ალბათ, მარტის აქციებში სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ეს უკვე ნიშნავს, რომ სისტემაში ბზარებია გაჩენილი. დარწმუნებული ვარ, ის ბიზნესმენები, ვინც ბოლო წლებში ემსახურებიან ხელისუფლებას, უკვე ეძებენ სხვა პოლიტიკურ ძალებში ადგილს. ალბათ, მართლაც აკრძალავენ კარვების გაშლას, მაგრამ ერთხელაც გამოვა ხალხი ისე, რომ გადაუვლის ამ აკრძალვებს. ასე ხდება, ეს არის ამგვარი პროცესების განვითარების ლოგიკა. როცა სისტემა აღარ მუშაობს, აკრძალვები აღარ უშველის...” - თვლის ვახტანგ ძაბირაძე.

ბრიტანული სამხედრო ბაზა უკრაინაში და შემოდგომის კონტრშტევა - გასცდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი ორი ქვეყნის ფარგლებს

“დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს, სადაც უკრაინელ სამხედროებს მოამზადებენ. ამასთან ლონდონი კიევს შავ ზღვის აკვატორიის დაცვის გაძლიერებაში დაეხმარება, რათა ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი არ შეფერხდეს. ამის პარალელურად ფრონტი საბრძოლო მოქმედებები ფაქტიურად გაყინულია და საუბარია იმაზე, რომ უკრაინა ახალი კონტრშეტევას ამზადებს. სხვადასხვა რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, იგეგმება ახალი მძლავრი დარტყმა ზაპოროჟიეს მიმართულებით და მდინარე დნეპრის ფორსირება ხერსონის მიდამოებში. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დიდი ბრიტანეთის გეგმები ჯერ კიდევ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, თუმცა, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, უკრაინაში ბაზით პირდაპირ არ შევა, შესაძლოა ბრიტანელებმა სამხედრო ცენტრი მართლაც შექმნან, მაგრამ დე ფაქტოდ გააკონტროლებენ. მათი თქმით, ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვოში უკრაინელებს სამხედრო ბაზა აქვთ, სადაც ბრიტანელები საზღვაო ძალებს ამზადებენ და შესაძლოა ეს ცენტრი გააძლიერონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბრიტანული სამხედრო ბაზა უკრაინაში და შემოდგომის კონტრშტევა - გასცდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი ორი ქვეყნის ფარგლებს.

“როგორც “ტელეგრაფი” წერს, დიდი ბრიტანეთი უკრაინაში თავის ჯარს პირველად განათავსებს, ბრიტანელები კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოამზადებენ. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა გააკეთა. მან კიევში ვიზიტის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობასთან უკვე მიდის მოლაპარაკებები საწვრთნელი პროგრამის უკრაინის ტერიტორიაზე გადატანის შესაძლებლობის შესახებ. ფრონტზე კი რამდენიმე დღეა სიტუაცია არ იცვლება და მხარეები მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ფრონტის აქტიურობა ბახმუტსა და ზაპოროჟიესკენ მეტ-ნაკლებად მაინც შენარჩუნებულია და თუ კიევის გეგმებში შემოდგომის კონტრშეტევა მართლაც არის, დარჩენილი 2-3 კვირა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ამინდების გაუარესებამდე. ამ სამკვირიან პერიოდში კი ხერსონთან დნეპრის ფორსირება ისე, რომ უკრაინელებმა მდინარის მარცხენა სანაპირო სრულად გააკონტროლონ, ფაქტიურად შეუძლებელია და ეს უფრო მომავალი წლის გეგმას ჰგავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სექტემბრის მიწურულს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ბრიტანელი სამხედრო მეთაურებთან განხილული გეგმების ფარგლებში, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამა გაძლიერდება. განიხილება უკრაინაში საწვრთნელი ცენტრის მოწყობა და ბრიტანელი ჯარის გაგზავნა. მისი თქმით, ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებს უკრაინაშივე მოამზადებს. განხილვის კიდევ ერთი საკითხია შავ ზღვაში ბრიტანული სამხედრო ხომალდების შემოყვანა, რომლებიც უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შაპსი ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს სამხედრო ლიდერებთან უკრაინაში ბრიტანეთის ჯარების გაგზავნის შესახებ, რათა უკრაინელებმა ოფიციალურად ჩაატარონ წვრთნები “საკუთარ მიწაზე”. სხვა ნატოელი მოკავშირეები ამ ნაბიჯს მოერიდნენ, რათა მათი სამხედრო ნაწილები რუსული არმიის ცეცხლის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ, რაც კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევდა. გარდა ამისა, შაპსმა ბრიტანულ თავდაცვის სფეროს მეწარმეებს უკრაინაში ახალი ქარხნების გახსნისკენ მოუწოდა. ამასთანავე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია ამ საკითხზებზე რა დასკვნამდე მივიდა ორივე მხარე”, - განაგრძობს გამოცემა.

“გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ეს საკითხები ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთი ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც სიტუაციის ესკალაციის მიზეზი გახდება. “ჯერ ეს დადასტურებული არაა. უკრაინაში არის საწვრთნელი ბაზა, სადაც ბრიტანელი ინსტრუქტორები არიან, თუმცა ის უკრაინულია. არ მგონია, რომ მსგავსი ბრიტანული ბაზა გაიხსნას, რადგან ბაზის გახსნა და ჯარის შეყვანა სხვა თემაა და ინსტრუქტორები და უკრაინელების მომზადება - სხვა. მე უფრო მგონია, რომ ეს სამხედროების მომზადების საკითხი იქნება და ბრიტანელების მიერ უკრაინელების სამხედრო გაწვრთნა რამდენად ეფექტიანია, ეს იმითაც ჩანს, თუ რას უშვრებიან უკრაინელები რუსების შავი ზღვის ფლოტს. დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთი უკრაინაში ასე პირდაპირ, ბაზით არ შევა”, - მიიჩნევს კაპანაძე. ამასვე ფიქრობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, ბრიტანეთი თავს აარიდებს სიტუაციის დაძაბვას და თუ სამხედრო ბაზის გახნა ან არსებულის გაძლიერება სურს, ამას დე ფაქტოდ გააკეთებს”, - დასძენს გამოცემა.

“უკრაინელებს ოჩაკოვოში აქვთ სამხედრო ბაზა, სადაც ბრიტანელები საზღვაო დივერსანტებს ამზადებენ. ეს უფრო ბრიტანული ბაზაა, ყველაფერი მათ ხელშია. ამ ბაზას დე ფაქტოდ აკონტროლებენ, უკრაინელების უფრო ფორმალურადაა და შეიძლება ეს გააძლიეროს. ასე ოფიციალურად ბრიტანული ბაზისა და ჯარის შემოყვანას შესაძლოა რუსეთის საპასუხო დარტმები მოჰყვეს, ეს კი ნიშნავს, რომ ის ომში უნდა ჩაერთოს და ამის თავიდან ასარიდებლად ვფიქრობ, რომ ბაზის მართვა ისევ დე ფაქტოდ იქნება, ოღონდ გააძლიერებს. ჰიბრიდული ჩარევის ბევრი მეთოდებია და ყველა ვარიანტში თავს აარიდებს პირდაპირ ჩართვას”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ხერსონში უკრაინას დნეპრის ფორსირება ისედაც დაწყებული აქვს, თუმცა დარჩენილი “მშრალი პერიოდი” მათ არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ეს ბოლომდე მიიყვანონ. ზაპოროჟიეში კი უკრაინელები ისევ ვერბოვეს უტევენ და, კაპანაძის შეფასებით, არც რუსული თავდაცვის გარღვევისთვის არ ეყოფათ შემოდგომის ხელსაყრელი პერიოდი. “ხერსონში უკრაინას დნეპრის ფორსირება დაწყებული აქვს. მდინარის მარცხენა ნაპირთან კუნძულია “კაზაკთა ბანაკი”, სადაც უკრაინელები უკვე შესულები არიან, მაგრამ ფართომასშტაბიანი ფორსირება, მდინარის გადმოლახვა რასაც ჰქვია, ეს ძალიან რთული ოპერაციაა, რადგან მეორე მხარე რუსებს აქვთ დაკავებული. დნეპრი პატარა მდინარე არაა და ამას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება. ვიცი, რომ ხერსონში უკრაინელების დაჯგუფებაა შექმნილი, მაგრამ ამას რამდენად განახორციელებენ, ეს სხვა თემაა”, - აცხადებს კაპანაძე, რომლის აზრით, ეს “ძალიან მძიმე ოპერაცია იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“რაც შეეხება ზაპოროჟიეს, აქაც დიდ პერსოექტივას ვერ ვხედავ, რადგან ჯერჯერობით უკრაინელები 8 კმ-ზე არიან შესული და ჯერ კიდევ ვერბოვეს უტევენ, ჯერ ვერ აუღიათ და არა მგონია, რომ შემოდგომაზე რაღაც დიდი ცვლილებები იყოს. ახლა უბრალოდ ორივე მხარე ეცდება, რომ პოზიციები გაიუმჯობესოს ზამთრის კამპანიისთვის. ამინდი 2 კვირაში გაუარესდება და ეს დრო არ ეყოფათ. პატარა სოფელს რაბოტინოს თვენახევარი იღებდნენ და ამ ტემპით და იმ რუსული გაჯერებული თავდაცვის ფონზე, რომელიც მოწყობილი აქვს, შეტევა რთული იქნება”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი გვეუბნება, რომ თუ უკრაინელები ზაპოროჟიეში დაიწყებენ აქტიურ შეტევას, შესაძლოა რუსეთის თავდაცვის რამდენიმე შრეც გაარღვიონ. “უკრაინელები ამ კონტრშეტევას ახლა თუ მოასწრებენ, სანამ მზიანი დღეებია, თორემ მერე, წვიმები რომ წავა, უკვე გაუჭირდებათ. ორი, მაქსიმუმ სამი კვირა აქვთ, რომ ეს მოასწრონ. თუმცაღა ვფიქრობ, დნეპრის ფორსირება რთულია და ამ დროში ვერ მოესწრება. თუმცა ზაპოროჟიეში შეიძლება რამე მოასწრონ, ძალები შეიყვანონ და რუსების გარკვეული თავდაცვის ხაზი გაარღვიონ. დნეპრის ფორსირება, სამხედრო ხელოვნების კუთხით, იოლი საქმე არაა. ამას საბჭოთა არმიაც ვერ ახერხებდა. ამის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს”, - ამტკიცებს მაისაია, რომლის თთქმით, “ორივე მხარე ემზადება, რომ 2025 წლამდე იბრძოლოს და აქედან გამომდინარე, ჯერ სიტუაცია ბუნდოვანია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ირაკლი მელაშვილი - “ახლა ხელის კვრა, როცა წკიპზეა სიტუაცია, საქართველოსთვის სტატუსის არმიცემა რუსეთის გამარჯვება იქნება”

“2014 წლიდან სულ მესმის, რომ ყველა არჩევნებს “ნაციონალები” იგებენ, თან დიდი უპირატესობით და დამარცხებულია “ქართული ოცნება”. მერე დგება არჩევნები, აგებენ და იწყება ლაპარაკი, რომ არჩევნები გაყალბდა, მერე ამას ვერ ამტკიცებენ და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. “ედისონ რისერჩის” კვლევებმა აჩვენა, რომ ოპოზიციას კარგი რეიტინგი არა აქვს. თუ ივნისის კვლევაში ხელისუფლება 1%-ით უსწრებდა მათ ჯამურ მაჩვენებელს, ვინც ამ კვლევის მიხედვით გადალახავდა ბარიერს, დღეს უკვე 5%-ით უსწრებს. მაშინდელი კვლევით, ბარიერს “ნაცების” გარდა, გახარია და ლეიბორისტები გადალახავდნენ და ოპოზიციას ჯამში 73-74 მანდატი ექნებოდა, “ოცნებას” კი - 76-77. დღევანდელი კვლევის მიხედვით კი, “ოცნების”გარდა, მხოლოდ “ნაციონალები” და გახარიას პარტია გადადიან და “ოცნებას” უკვე 80-82 მანდატი აქვს - ანუ ტრენდი უარყოფითია, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ამ ოთხი თვის განმავლობაში კარგი არაფერი გაუკეთებია. ამ კვლევაში არსებითი ის არის, რომ ბარიერის გადამლახავი ოპოზიციური პარტიების რიცხვმა იკლო და ეს, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ბუნებრივია”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა ხელის კვრა, როცა წკიპზეა სიტუაცია, საქართველოსთვის სტატუსის არმიცემა რუსეთის გამარჯვება იქნება”.

“კვლევებს თუ მივყვებით, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ შემთხვევას ბოლო წლებში, რომ ოპოზიციას მოსახლეობისთვის 5 მთავარ პრობლემაზე რაიმე არსებითი ეთქვას და პრობლემების გადაჭრის რამე გზა შეეთავაზებინა. ყველა საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს, ოპოზიციის ყურადღების მიღმა რჩება. ახლა ტრენდია “ფრი მიშა”, “ვინც “ოცნებაშია”, ყველა “ბიძინას ზებრაა” და “მინდა ევროკავშირი” - მხოლოდ ეს სამი რაღაც გვესმის და ბუნებრივია, ადამიანები საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივას ამ პოლიტიკოსებს ვერ უკავშირებენ. ხელისუფლება იცვლება მაშინ, როცა საზოგადოებას იმედი აქვს, რომ ვიღაც უკეთესს გააკეთებს, მაგრამ უკეთესს არავინ გვთავაზობს. ლაპარაკი იმაზე კი არ არის, დაიჯერონ თუ არა, უბრალოდ, არავინ არაფერს სთავაზობს ხალხს. ასეთ ვითარებაში კი, არის რაღაც ჭერი, რომელსაც ოპოზიცია ვერასოდეს ვერ ასცდება, ეს ჭერი კი 2016 წლის შემდეგ სადღაც 35-40%-ია, რასაც ოპოზიცია ჯამში იღებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

სალომე ზურაბიშვილთან დამოკიდებულებაში ოპოზიციისა და უპირველესად “ნაცმოძრაობის” ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ის მიშას არ იწყალებს. სინამდვილეში კი “ნაცმოძრაობის” მთელი პოლიტიკა იმაზე იყო აგებული, რომ მათი პარტია ყოფილიყო ერთპიროვნული, გამოკვეთილი ლიდერი, ოპოზიციაში არ ჰყოლოდა სერიოზული კონკურენტი და მერე სხვებისთვის შეეთავაზებინა, ყველა ჩემთან იყავითო. 0.1%-იანი პარტია თუ ლიდერი 35%-იან პარტიასთან რომ მოვა, ცხადია, ვერც თამაშის წესებს უკარნახებს და მუდმივად დავალებული იქნება. სწორედ ასე მოხდა 2020 წელსაც. სალომე ზურაბიშვილის გამოჩენამ კი თითქოს გააჩინა იმის საფრთხე, რომ შესაძლოა ასეთი ძალა შეიქმნას, ეს კი “ნაცმოძრაობას” არ აწყობს, რადგან ყოველთვის შავ-თეთრ პარადიგმაში მოქმედებს. მუდმივად იმას ამბობენ, მე ვარ თეთრი, “ოცნება” შავია, ვინც ჩემთან არ არის, “ოცნების” კაცია, მე ნუ მაკრიტიკებთ, ყველამ ერთად ვაკრიტიკოთ “ოცნებაო” და ა.შ. ხელისუფლების გაკრიტიკება გასაგებია, მაგრამ შენ რომ სისულელეებს აკეთებ, რა ვქნა?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“მოკლედ რომ ვთქვათ, ზურაბიშვილთან მათ დამოკიდებულებაში ეს ორი მომენტი დომინირებს, არ სურთ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები წაიღოს. არა მგონია, ზურაბიშვილმა რამე პლატფორმა შექმნას, ხმები “ნაცმოძრაობას” წაართვას, მაგრამ წაიღებს მესამე ფლანგის ხმებს და ეს არ უნდათ. ამასობაში ზურაბიშვილთან ბრძოლაში ახალი კონკურენტიც გამოუჩნდათ, გახარიას რეიტინგი 10%-ზე ავიდა - ჩვენი პოლიტიკოსები ისეთ სიგიჟეებს ლაპარაკობენ, რომ ვინც უფრო ჩუმად არის, ის უფრო მეტ სიმპათიას იმსახურებს. იქამდე მივედით, კარგი რამე თქვას კი არა, მთავარია, დიდი სისულელე არ წამოროშოს. ეს ხალხი ერთმანეთს ისევ ძველი მეთოდებით ხოცავს, გახარია კი ცოტა განზეა და ხანდახან ხალხს ეუბნება, ამათ შეხედეთო. ეს პოზიცია, როგორც ჩანს, შედეგიანია. ალბათ, ეს არის, თორემ მასაც არაფერი შეუთავაზებია”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“რაც შეეხება ზურაბიშვილთან დაპირისპირებას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ხელისუფლებაში რა ხალხია, რომ მათთვის მთავარი პიროვნული წარმოჩენაა. ეს ის ხალხია, რომლის, ალბათ, 90% სხვადასხვა ორგანიზაციაში კლერკად ან საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა, არასდროს ყოფილან გადაწყვეტილებების მიმღებები, იყვნენ აბსოლუტურად მორჩილი და ვერ იტანდნენ და დღესაც ვერ იტანენ მათ, ვინც ურჩობს, რაღაცაზე პრინციპული პოზიცია აქვს. ეს ხალხი ფიქრობს, ამდენი წელი მე მორჩილი ვიყავი, ყველაფერს ვასრულებდი, ახლა მე მოვედი სათავეში და იმის მაგივრად, დამემორჩილონ და ისე მოიქცნენ, როგორც მანამდე მე ვიქცეოდი, მეურჩებიან, სალომე ზურაბიშვილიც ხომ მე გავხადე პრეზიდენტიო. ამასთან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ეურჩებიან, როგორიც ევროინტეგრაციაა. მაგრამ პრეზიდენტს მათგან განსხვავებით ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობის კაპიტალი აქვს, მათ ენაზე ლაპარაკობს, მაშინ, როცა ”ოცნების”ყველაზე სუსტი წერტილი საერთაშორისო ლეგიტიმაციაა და ყველაზე მეტი პრობლემა საერთაშორისო ფრონტზე აქვს”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

“როდესაც პრეზიდენტის ასეთ უპირატესობას ხედავენ და თან მის ასეთ ურჩობას აწყდებიან, ეს აბრაზებთ. ეს ყველაფერი იმ ადამიანების ფსიქოლოგიური კომპლექსია, რომლებიც არც არასდროს ყოფილან გადაწყვეტილების მიმღები და რაც მთავარია, ამისთვის არც არასოდეს ემზადებოდნენ. ესენი ხომ შემთხვევით მოხვდნენ ამ ადგილებზე და არანაირი იდეოლოგია და პრინციპები არ აერთიანებთ. ვინმემ იცის ზარქუას იდეოლოგიური პრინციპი რა არის? ძალიან მეპარება ეჭვი. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებით ზურაბიშვილმა, ჩემი აზრით, ბურთის გადაგდება “ოცნების” მხარეზე სცადა, მე არ მოვუხსნი მოქალაქეობას და მიდით და დაიჭირეთო. არ მისცა `ოცნებას” საშუალება, რომ ამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო. პოლიტიკურად ეს ნაბიჯი გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება ამ პინგ-პონგს კანონმდებლობა ეწირებოდეს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“კანონში წერია, რომ ვინც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მან უნდა დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. ამიტომაც პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართული არ არის და მინდა ვუთხრა იმ ექსპერტებს თუ პოლიტიკოსებს, ვინც ახლა მას ამ გადაწყვეტილებისთვის აქებენ, რომ ეს დათვური სამსახურია, რადგან ამას შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს... როდესაც პრეზიდენტი ვიზიტს ითხოვს და უარს ეუბნები, ხომ უნდა დაასაბუთო მაინც. იმის თქმა, ზურაბიშვილი ევროპაში დადიოდა იმის სათქმელად, საქართველო ევროკავშირში არ მიიღოთო, ძალიან არასერიოზულია, რადგან ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ამიტომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით, თავის მხრივ, მთავრობის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხი შეიძლება დადგეს. მაგრამ ვფიქრობ, სასამართლო გადაწყვეტილებას ზურაბიშვილის სასარგებლოდ არ გამოიტანს. პრეზიდენტის ადგილას ამ საკითხს შევატრიალებდი, რომ მთავრობამ უფლებამოსილებას გადაამეტა”, - თვლის ანალიტიკოსი.

“ჩვენმა ხელისუფლებამ ერთ იმ საოცრებას მიაღწია, რომ სტატუსის მიღება-არმიღება მაინცდამაინც მათ ქმედებაზე არ არის დამოკიდებული. მათზე ყველამ ხელი ჩაიქნია ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც. ევროპა დღეს უყურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი და მათ შორის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზეც. გაჩნდა პერსპექტივა, რომ რეგიონში მხოლოდ საქართველო არ იყოს დასავლური ორიენტაციის და, თუკი სომხეთი გაუძლებს იმას, რაც დაემართა ყარაბაღში და შეინარჩუნა პროდასავლური ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, სომხეთი დაიწყებს დასავლეთისკენ სვლას. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად, სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ მოგვცემენ მკაცრი დათქმებით”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.

“ახლა ხელის კვრა, როცა წკიპზეა სიტუაცია, საქართველოსთვის სტატუსის არმიცემა რუსეთის გამარჯვება იქნება. ჩემი აზრით, ასეთი პოზიცია აქვს ევროკავშირს და ვფიქრობ, ამას ხედავს “ოცნებაც” და სურს ნაკლები ვალდებულებებით გაძვრეს ამ სიტუაციაში, თავისი შიდა პრობლემები მოაგვაროს ისე, რომ ნახევრად ავტორიტარული სისტემა შეინარჩუნოს. ისიც არის, რომ ჩვენ სულ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ ამ სტატუსის მიღების საკითხზე საუბრისას, მაგრამ ხშირად ოპოზიციის ქმედებებიც მიმართული იყო იმისკენ, რომ სტატუსის მიღებისთვის ხელი შეეშალათ და მერე შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოეყენებინათ. ხშირ შემთხვევაში შეეძლო ოპოზიციას საერთო სურათის საჩვენებლად ერთიანობა ეჩვენებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ეს კი არა, ოპოზიციის ნაწილი უკვე იმასაც ამბობს, რომ იქნებ ჯობს სტატუსი არ მივიღოთ, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამით ხელისუფლებას შევცვლითო”, - დასძენს მელაშვილი.

რა გზავნილია “ედისონ რისერჩის” კვლევები ოპოზიციისთვის და რა როლი შეიძლება დაეკისროს გახარიას 2024 წლის არჩევნებში

“რა გზავნილია „ედისონ რისერჩის“ კვლევები ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის და განსაკუთრებით ოპოზიციისთვის. როგორც ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ფიქრობენ, თუ ამ კვლევებს დავეყრდნობით, მაშინ “ოცნება” უმრავლესობის შექმნას მაინც შეძლებს, რადგან 2024 წლამდე ენმ-ში სიტუაცია ისე ვითარდება, რომ მას რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაუვარდება. თუკი პარტია ორად გაიყოფა, მაშინ 17%-ანი შედეგი გამორიცხული იქნება. ამ ფონზე ანალიტიკოსებისთვის საინტერესო მოთამაშე გიორგი გახარიაა, სადაც კვლევის მიხედვით ის 5%-იან ბარიერს ლახავს და არ არის გამორიცხული, კოალიციური მთავრობის შექმნის პირობებში, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. თუმცა ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აქ უფრო “საზოგადოების რაღაცისთვის მომზადებას” ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ამ კვლევაში გახარია მიზანმიმართულად არის შემოყვანილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გზავნილია “ედისონ რისერჩის” კვლევები ოპოზიციისთვის და რა როლი შეიძლება დაეკისროს გახარიას 2024 წლის არჩევნებში.

“ედისონ რისერჩის” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ალოკაციით, შეწონვის მეთოდით პასუხები ასე ნაწილდება: ქართული ოცნება - 37%, გამარჯვების პლატფორმა - 22%, საქართველოსთვის - 10%, გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%, ლეიბორისტული პარტია - 4%, ლელო - 4%, ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%, გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%, კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%, მოქალაქეები - 2%, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%, პატრიოტთა ალიანსი - 1%, სხვა - <1%. კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ალოკაციის გარეშე პასუხები ასე ნაწილდება: ქართული ოცნება - 25%, გამარჯვების პლატფორმა - 15% , საქართველოსთვის - 6,8%, გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 3%, ლეიბორისტული პარტია - 2,9%, ლელო - 3,9%, ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 2,9%, გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2,6%, კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 2%, ხალხის ძალა - 1,9%, მოქალაქეები - 1,2%, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 0,9%, პატრიოტთა ალიანსი - 0,8%, სხვა - 0,4%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 31,8%. პოლიტიკური საკითხების მკვლევარი სერგი კაპანაძე “ფეისბუქში” ამ კვლევების მიხედვით წერს სავარაუდო მონაცემებს, რომელიც შესაძლოა 2024 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა აიღოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ არჩევნები სრულდება ამ შედეგით, როგორც ედისონის 2023 წლის ივლისის სლაიდზეა, ეს ნიშნავს, იმის გამო, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავს მხოლოდ 73%, საბოლოოდ მანდატები განაწილდება ამგვარად: ქართული ოცნება - 76 (+1), ენმ-სტრატეგია - 52, გახარია - 11, ლეიბორისტები - 10, ლელოც და გირჩი/დროა თუ ლახავენ (დავუშვათ, რომ ენმ-ს/ოპოზიციის ხარჯზე), მაშინ მანდატები განაწილდება ასე:, ქართული ოცნება - 66 (+1), ენმ-სტრატეგია - 45, გახარია - 11, ლეიბორისტები - 9, ლელო - 9, გირჩი/დროა - 9”, - წერს კაპანაძე. ამასთან, მისი გათვლებით, 2023 წლის სექტემბრის კვლევაში შედეგებით თუ დაჯდა რიცხვები, მაშინ მანდატები ასე განაწილდება: ოცნება - 81, ენმ/სტრატეგია - 48, გახარია - 21. “ანუ, აქედან არის ერთი მთავარი გაკვეთილი. რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გადალახოს ბარიერი და ეს უნდა გააკეთოს ან: 1. იმის ჩვენებით, რას სთავაზობენ ხალხს და მარტომ გადალახონ, ან 2. გამსხვილდნენ, ან 3. ორივე”, - წერს კაპანაძე სოციალურ ქსელში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” ფიქრობს, რომ მოცემული კვლევები ბოლომდე რეალობას არ ასახავს, თუმცა აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. გახარიას რეიტინგი და საუბარი იმაზე, რომ ის 5%-იან ბარიერს გადალახავს, საზოგადოების გარკვეული აზრის მომზადებას უფორ ჰგავს, რადგან წარმოუდგენელია, პოლიტიკოსი არსად ჩანდეს და ამხელა რეიტინგი ჰქონდეს. “საერთოდ ასეთი გამოთქმა არსებობს, მუსიკას ვინც უკვეთავს, ის ცეკვავსო. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ კვლევების შემხედვარეს. საქმე კი იმაშია, რომ ამ კვლევით ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ნათქვამი. პირველ რიგში ის, რომ ენმ-ის რეიტინგი ამხელა ვერ იქნება, რადგან პარტია ფაქტობრივად დაშლის პირას იმყოფება და ის კომიკური ფიგურები, რომლებიც პარტიას სათავეში ჩაუდგნენ, თავად ამ პარტიის ელექტორატსაც კი არ ადარდებს”, - თვლის საყვარელიძე, რომლის თქმით, `რაც შეეხება სააკაშვილს, მის მიმართაც ვხედავთ უკვე რა განწყობაც არსებობს, ამიტომ ეს 17%, რომელიც ენმ-ს დაუწერეს, ტყუილია”, - დასძენს გამოცემა.

“რაც შეეეხება „ოცნების“ რეიტინგს, აქაც ბოლომდე ეტყობა ტყუილი ვერ იკადრეს და პირველ ადგილას ლოგიკურია, რომ ის არის გასული. კვლევები ხომ ამით უფრო დამაჯერებელი იქნება. ასევე აქ მნიშვნელოვანია გიორგი გახარიას ფაქტორი, რომელსაც 6%-ი დაუწერეს და ამით გაზარდეს იმის ალბათობა, რომ შესაძლოა “ოცნებამ” უმრავლესობა ვერ აიღოს და კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. გახარია ვიცით, რომ ძირითადად “ოცნების” ხმების წამღებია. ამიტომ ესეც გამიზნულად არის გაკეთებული, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება აქვთ და არც ნაციონალები უნდათ, ხმა გახარიას მისცენ. ეს არის ერთგვარი დაზღვევა ოპოზიციისთვის, რომ გახარიამ შემდეგ კოალიცია შეუქმნას. საბოოო ჯამში კი ოპოზიცია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე კვლევაშია მოცეული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რამაზ საყვარელიძის თქმით, გახარიამ და მისმა გუნდმა ბევრი პოლიტიკური ტაიმი გამოტოვეს, ამიტომ კულისებში გადასულ ექსპრემიერს ამხელა მხარდაჭერა ვერ ექნება. მისი აზრით, ეს გარკვეული სცენარისთვის მზადებაა, სადაც გახარიას უკვე თავისი როლი აქვს. თუმცა საყვარელიძე გახარიას მიმართ ოპოზიციას ასეთ ნდობას არ ურჩევს. მისი აზრით, ის საკმაოდ უცნაური პოლიტიკოსია, რომლის სვლების განსაზღვრა ძალიან რთულია. ამიტომ არც ის არის გამორიცხული, თუკი მან 5%-იანი ბარიერი ნამდვილად გადალახა, კოალიცია “ოცნებას” შეუქმნას და ისევ პრემიერობაზე ჰქონდეს პრეტენზია”, -წერს სტატიის ავტორი.

კორნელი კაკაჩია - მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და რა შესაძლო პირობებით?

“დრო ძალიან ცოტა გვაქვს. სხვათა შორის, თუ მიაქციეთ ყურადღება, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და შეახსენეს ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, რომელშიც უფრო ხელისუფლება იგულისხმებოდა, გამოიყენოს დარჩენილი დრო. ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ საქართველოს საკითხზე ხელჩასაჭიდი დაიტოვონ. თუ გადავხედავთ ბოლოდროინდელ მოვლენებს, ერთი გადაწყვეტილება მიიღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ, თუმცა არავის უნახავს, რა წერია შიგ და ამიტომაც ძნელია თქმა, რომ რაღაც გაკეთდა, თუნდაც იმ შუალედური დასკვნის შემდეგ. იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რას მოახერხებენ, არ ვიცი. არის საკითხები, ვიცოდით, რომ რთული შესასრულებელი იქნებოდა, მაგალითად, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მაგრამ რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, მედიის საკითხს, სასამართლოს რეფორმას თავისუფლად შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება”, - აცხადებს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი, ექსპერტი კორნელი კაკაჩია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და რა შესაძლო პირობებით?

“რაც მთავარია, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც არ ჩანს და ამაზე მიუთითებენ კიდეც. ყველაზე ცუდი ის არის, რაც ჩვენს პარტნიორებსაც ძალიან აღიზიანებთ, რომ ხშირად, როდესაც ევროკავშირის მაღალჩინოსნები ჩამოდიან, კრიტიკის მიღების ნაცვლად, პირიქით, იქით ეკინკლავებიან და არ უსმენენ. როგორც სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის ბოლოს იყო და აღარაფერი ესმოდა, ისეა ახლაც. აშკარად ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია ხდება. ეს ჩანს საერთაშორისო პარტნიორებთან დამოკიდებულებაშიც. ამიტომ არ ვიცი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე და თან ასე ცოტა დროში მოახერხებენ Yთუ არა, რომ ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს. ევროკავშირშიც არა აქვთ ერთიანი პოზიცია - არიან სახელმწიფოები, რომლებიც კრიტიკულად უდგებიან “ქართული ოცნების” გატარებულ რეფორმებს, მაგრამ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე შეიძლება მისცენ საქართველოს ეს სტატუსი, მაგრამ კიდევ დავამატოთ ამ 12 პირობას დამატებითი პირობებიო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“შუალედური ვარიანტებიც არსებობს - მაგალითად, შეიძლება მოგვცენ დროებით, არჩევნებს დაელოდონ და თუკი დემოკრატიულად ჩატარდება, საბოლოოდ გაფორმდეს და პირიქით. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ამ რამდენიმე კვირაზე. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ევროკომისიიდან მივიღოთ დადებითი პასუხი, მაგრამ მთავარი იქნება დეკემბერში წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება. ჯერ არ არის ნათელი, რომელი დაგვიჭერს მხარს და რომელი არა. სამწუხაროდ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკით ტრადიციულად ჩვენი მხარდამჭერი ვიშეგრადის ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, საქართველოს მიმართ დღეს სკეპტიკურად არიან განწყობილ... ერთ-ერთი პირობა აუცილებლად იქნება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თავსებადობა. ეს ბორელის ვიზიტის დროსაც ჩანდა. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ზუსტად არავინ იცის, რა პირობას განგვისაზღვრავენ რუსეთზე, მაგრამ ჩინეთზე ევროკავშირი, სავარაუდოდ, არაფერს იტყვის”, - მიიჩნევს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი.

“რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან საზღვრების გახსნა, ფრენების აღდგენა მაშინ, როცა ევროკავშირი ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი უკრაინაში ომის გამო, ალბათ, აუცილებლად იქნება განცხადებაში. რაც შეეხება სანქციების დაწესების მოთხოვნას, ეს საეჭვოა, რადგან მათაც ესმით, რომ ამ მხრივ საქართველო მძიმე მდგომარეობაშია. საბოლოოდ ეს მოლაპარაკების საგანია, რადგან იმ სკეპტიკოსმა სახელმწიფოებმა, ვინც მხარს არ გვიჭერს, შესაძლოა სწორედ ეს მოითხოვონ. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება განწყობებზე... ჩემი აზრით, ხელისუფლება ორივე სცენარისთვის არის მზად. თუ მივიღეთ სტატუსი, იტყვიან, კი გვეძახიან პრორუსებს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, სტატუსი რომ მიგვეღოო. თუ არ გამოვიდა, იტყვიან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ დაგვჩაგრესო, და დაიწყებენ ლაპარაკს იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, მაგალითად მოიყვანენ თურქეთს და ა.შ. მათი პროპაგანდიდან ჩანს, რომ ორივე სცენარი აქვთ დამუშავებული და ორივეს სათავისოდ გამოიყენებენ”, - დაასკვნის კორნელი კაკაჩია.

“სწორედ ულტიმატუმებით ლაპარაკი აღიზიანებთ ჩვენს პარტნიორებს. გვეკუთვნის და უნდა მოგვცეთო აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, ამას არავინ ამბობს, მეომარი უკრაინაც კი. ეს აღიზიანებს ევროკავშირსა და ბევრ ჩვენს პარტნიორს, როდესაც საქართველოს საკითხი დგება... ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რაზეც “ქართული ოცნება” შეშინებულია, არის ე.წ. ბოსნიის ვარიანტი. მაშინ ჩაიწერა, რომ სტატუსი მისცეს ბოსნიელ ხალხს. მმართველი პარტიის განცხადებებს თუ შევხედავთ, სწორედ ამ სცენარის ალბათობით არიან შეშინებული, ამის ალბათობა კი საკმაოდ მაღალია. ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის ამომრჩევლებზე... “ოცნება” ხანდახან კანდიდატის სტატუსის მოცემაში ხელშეწყობის ნაცვლად, ძაბავს ვითარებას. საამისოდ ყოველთვის პოულობს საბაბს. მაგალითად, თავის დროზე გვარამია დაიჭირეს იმ დროს, როდესაც ბრიუსელში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მისაღები, ახლა იმპიჩმენტს უპირებენ პრეზიდენტს”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე -“ეს ხდება შეუგნებლობით თუ მიზანმიმართულად?” - პასუხობს:

“ეს არის საკითხი, რომელზეც მსჯელობენ ევროკავშირში. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეგნებულად აკეთებენ, ვიღაცები კი თვლიან, რომ ეს შეუგნებლობის ბრალია. ჩემი აზრით, მიზეზი მაინც შიდაპოლიტიკურია, რადგან “ქართულ ოცნებას” ძალიან ეშინია, რა მოხდება, ეს არჩევნები რომ წააგოს. თუ გადავხედავთ 30-წლიან ისტორიას, როგორ ექცევიან წინა ხელისუფლების წევრებს, ოპტიმისტური სურათი ნამდვილად არ იკვეთება. ისინი იბრძვიან არა მარტო საკუთარი რეჟიმის, არამედ ფიზიკური გადარჩენისთვისაც, რადგან ფიქრობენ, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ შესაძლოა მათაც იგივე ბედი ეწიოთ. 12 რეკომენდაციის შესრულებაც ამ შიშთან არის დაკავშირებული - ეშინიათ, რომ შეასრულონ, უფრო სწრაფად არ დაკარგონ ხელისუფლება. თუ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება, მმართველი პარტიის ზეგავლენა მოისპობა, დიდი შანსია, არჩევნებში ვერ გაიმარჯვონ... სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზეა, რადგან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება - იმედი ჩნდება, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცას გააკეთებს, მაგრამ უცბად ისეთ რაღაცას იზამს, ყველაფერს ხაზს გადაუსვამს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ იგრძნობა ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში რაღაცის შეცვლა სურთ. ეს არის დამაფიქრებელი.”

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში